ქართველი სინოლოგი, რომელიც ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში ლექციებს ჩინურ ენაზე კითხულობს

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 22 მაისი 2020 10:03

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველი სინოლოგი მარინე ჯიბლაძე, რომელიც ასევე არის პეკინის ენების უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ჩინურ ენაზე უკითხავს ლექციებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის პეკინის ენების უნივერსიტეტში, პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტში.

ამჯერად კი, იგი მიიწვიეს სამაგისტრო ონლაინ ლექციის წასაკითხად პეკინის  მასობრივი მედიისა და კომუნიკაციის უნივერსიტეტში, რომლის კურსდამთავრებულები არიან ჩინეთის ცნობილი ჟურნალისტები, მათ შორის, ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV-ის ახალი ამბების წამყვანებიც. ლექციის თემა იყო „ჩინური ენის სწავლება და ჩინური ენის პედაგოგი“, სადაც შეეხო ჩინური ენის ფონეტიკის, გრამატიკის, ლექსიკისა და იეროგლიფიკის სწავლების სპეციფიკას, ასევე ისაუბრა სწავლების მიდგომებზე, მუდმივ კვლევებსა და ახალ აღმოჩენებზე.

ჩინეთში არაერთხელ აღინიშნა, რომ ქალბატონი მარინე საუბრობს სალიტერატურო ჩინურ ენაზე ყოველგვარი აქცენტის გარეშე, ყველა ტონის ზედმიწევნით დაცვით, რაც ჩინეთის წამყვან გაზეთ „China Daily”-შიც კი აღნიშნეს „Georgian Sinologist Marine Jibladze, who speaks Mandarin like a native Chinese TV news anchor...“ (ქართ. ქართველი სინოლოგი, მარინე ჯიბლაძე, რომელიც ჩინურ ენაზე  საუბრობს როგორც სატელევიზიო ახალი ამბების ჩინელი წამყვანი). მარინე ჯიბლაძე ასევე  მრავალჯერ მიიწვიეს ჩინეთში საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის ფინალური ტურის ჟიურის წევრად ჩინეთის ცნობილ პროფესორებთან, მსახიობებთან და წამყვანებთან ერთად. 

მარინე ჯიბლაძემ სადოქტორო ხარისხი დაიცვა ჩინეთში ლინგვისტიკისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩინური ენის სპეციალობით, რა დროსაც მან გამოაქვეყნა სტატიები ჩინეთის სამეცნიერო ჟურნალებში, მათ შორის რეფერირებად ჟურნალებში. მისი სადოქტორო ნაშრომის ნაწილი ჩინური ენის გრამატიკის შესახებ გამოქვეყნდა ცნობილ სამეცნიერო პერიოდულ ჟურნალში „ლინგვისტიკა“, რაც საკმაოდ რთული იყო არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ჩინელი მეცნიერებისთვისაც კი.

მარინე ჯიბლაძემ, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩინური ენის ექსპერტმა, მოამზადა ეროვნული სასწავლო გეგმა და საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად შეიმუშავა ჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები. იგი მუშაობს როგორც ჩინური ენის, ისე ჩინეთის ისტორისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე.

კონფუცის ინსტიტუტის ქართველი და ჩინელი დირექტორები ჩინეთის ელჩს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 22 იანვარი 2020 09:59

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ქართველი და ჩინელი დირექტორები მარინე ჯიბლაძე და სუ კუოინგი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ლი იენს შეხვდნენ.

ელჩმა დაადასტურა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ეფექტური მუშაობა და დიდი წვლილი ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოხელეებიც გამოხატავენ ჩინური ენის შესწავლის სურვილს. აღსანიშნავია, რომ ისინი ამჟამად სწავლობენ და წარმატებით ეუფლებიან ჩინურ ენას თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში. საელჩომ გამოხატა დიდი მხარდაჭერა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მიმართ.

შეხვედრის დროს მოხსენება წარადგინეს დირექტორებმა კონფუცის ინსტიტუტის მიღწევების შესახებ, განიხილეს ჩინეთის საელჩოსთან თანამშრომლობის გზები; სტიპენდიის პოლიტიკა, მასთან არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, სახელმწიფო მოხელეების ვიზიტი ჩინეთში, ჩინელი მოხალისე პედაგოგების საკითხები.

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორმა მარინე ჯიბლაძემ, როგორც განათლების სამინისტროს ექსპერტმა, შეიმუშავა სკოლებში მეორე უცხო ენის - ჩინური ენის ეროვნული სასწავლო გეგმა, ხოლო თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი განათლების სამინისტროს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, ეხმარება სამინისტროს ადგილობრივი პედაგოგების გადამზადებასა და სასკოლო სახელმძღვანელოს მომზადებაში.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩინური კუთხე და სინოლოგ მარინე ჯიბლაძის ფონდი გახსნა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 24 მარტი 2017 19:37

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს ჩინური კუთხე და სინოლოგ მარინე ჯიბლაძის ფონდი გაიხსნა. ღონისძიება ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნა.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, იმიტომ რომ გაიხსნა ჩინური ლიტერატურის კუთხე. „ვფიქრობ ამ ტიპის კულტურის და ამ მასშტაბის ტრადიციების მქონე ქვეყნის ლიტერატურის კუთხე აუცილებლად უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომელსაც ასევე აქვს სერიოზული პრეტენზია კულტურაზე“, - აღნიშნა კეკელიძემ.

მისივე თქმით, ამ ღონისძიების საპასუხოდ მიღწეულია შეთანხმება, რომ შესაბამისად ქართული ლიტერატურის კუთხე გაიხსნება პეკინში - ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  ჩინური კუთხის გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ჩინეთის ელჩმა საქართველოში ძი იენჩიმ. “დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია ჩინეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობებში, მე ვიმედოვნებ, რომ ჩინური ლიტერატურის კუთხე კიდევ გაფართოვდება. ამ ორ ქვეყანას ხომ უძველესი ენები და კულტურა გააჩნია და მათი შერწყმით დიდი სინათლე წარმოიქმნება”, - მიმართა მან შეკრებილებს.

მისივე განცხადებით, საქართველო ჩინეთთან შედარებით პატარა ქვეყანაა, მაგრამ „მისი უძველესი ისტორიითა და კულტურით ჩინეთი და საქართველო თანაბარი ქვეყნებია”, - დასძინა ჩინელმა დიპლომატმა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩინეთის, ჩინურ ენის და კულტურის შესახებ დაცული მასალა წარმოდგენილია ქართულ, ჩინურ, ინგლისურ და სხვა ენებზე. ჩინეთის საელჩომ ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად 300-მდე წიგნი გადასცა და სამომავლოდ ჩინური ლიტერატურის კუთხის გაფართოებაც იგეგმება.

ღონისძიების მთავარი ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ჩინეთის სახალხო რესპუბიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს სინოლოგთა ასოციაცია. თანაორგანიზატორები - თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, საინფორმაციო სააგენტო „სინომედია” და ჩინური რესტორნების ქსელი „სიანგანი & პიკასო”.

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ჯილდო ქართველ პროფესორს

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 09:56

საქართველოს საელჩოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა დავით აფციაურმა შეხვედრა გამართა საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინეთმცოდნე პროფესორთან, საქართველოში კონფუცის ინსტიტუტის დირექტორთან ქალბატონ მარინე ჯიბლაძესთან, სადაც ელჩმა პირადად მიულოცა ქალბატონ მარინეს მიღებული ჯილდო.
ქალბატონი მარინე ჩინეთის მთავრობის მიერ დაჯილდოვებულ იქნა განსაკუთრებული წვლილისთვის და მიღწევებისთვის. მას აღნიშნული ჯილდო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, ქალბატონმა ლიუ იენტუნგმა გადასცა.
მარინე ჯიბლაძე ასევე დაინიშნა პეკინში ჩინური კულტურის კვლევითი ცენტრის კომისიის წევრად.
დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა 23 აგვისტოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის შენობაში. ცერემონიალს ესწრებოდნენ ჩინეთში აკრედიტირებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
დაჯილდოვებას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ჩინეთის სახალხო რეაპუბლიკაში ბატონი ვასილ ბაბუნაშვილი.
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კიდევ ერთხელ ულოცავს ქალბატონ მარინეს ამ მნიშვნელოვან ჯილდოს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს, როგორც პროფესიულ, ასევე საქართველო-ჩინეთ შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.

მარინე ჯიბლაძე "ჩინური ენის ხიდის" ჟიურიში

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 17:42

ივლისში, ჩინეთში, კონფუცის ინსტიტუტის სათაო ოფისის და ჩინური ენის სამთავრობო კომიტეტის ორგანიზებით გაიმართება XV საერთაშორისო სტუდენტური კონკურსი "ჩინური ენის ხიდი" - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს შორის.

კონკურსის ჟიურის ერთ-ერთ წევრად უკვე ზედიზედ მეოთხედ მიწვეულია თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინეთმცოდნეობის პროფესორი და კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი, მარინე ჯიბლაძე.

კონკურსი ტრადიციულია და ყოველწლიურად იმართება, შუქდება ჩინეთის ტელევიზიის მეშვეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასობით მილიონი მაყურებელი ჰყავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მარინე ჯიბლაძესთან ერთად ჟიურიში არიან ცნობილი ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV-ის  ტელეწამყვანები და ცნობილ ჩინელი მსახიობები.

ჩინეთის ელჩი თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტს ეწვია

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2015 18:09

16 ნოემბერს თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტს ეწვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იუე პინი.

ელჩი დაესწრო კონფუცის ინსტიტუტის ყველა ჯგუფის, მათ შორის, სახელმწიფო მოხელეების ჯგუფის ღია გაკვეთილს და კმაყოფილება გამოთქვა ჩინური ენის სწავლების ხარისხით.

იუე პინმა ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა კონფუცის ინსტიტუტისის დირექტორსა და ლექტორებს და აღნიშნა მისი აქტიური როლი ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში

ელჩმა კონფუცის ინსტიტუტს გადასცა საჩუქარი, ასევე გადასცა საჩუქარი კონფუცის ინსტიტუტის დირექტორს, მარინე ჯიბლაძეს მისი სინოლოგიაში და ჩინური ენის ხარისხიან სწავლებაში შეტანილი წვლილისთვის, ორი ქვეყნის ხალხების ერთმანეთის შეცნობაში აქტიური მონაწილეობისთვის

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური