საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობამ ორგანიზება გაუწია მთელ რიგ ღონისძიებებს-მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 15 მაისი 2020 13:00

მინდა, მივულოცო საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის წარმატებით დასრულება. ეს თავმჯდომარეობა დაემთხვა ჩვენს ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების მე-20 წლისთავს, რაც მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა განაცხადა.

როგორც მარია ბურიჩმა აღნიშნა, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს თავმჯდომარეობამ ორგანიზება გაუწია ღონისძიებათა ფართო სპექტრს მთელ რიგ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, განათლება და ახალგაზრდობა.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვის საკითხებზე ჩატარებულ კონფერენციას, რადგან მან საფუძველი მოუმზადა ამ უაღრესად მნიშვნელოვან სფეროში გადაწყვეტილებების მისაღებად დებატების დაწყებას. „კოვიდ-19“-ის პანდემია ყველა ჩვენგანისათვის მთავარ გამოწვევად რჩება. საქართველოს თავმჯდომარეობამ ამ გამოწვევას ძალიან ეფექტიანად გაართვა თავი და ორგანიზაციისთვის ახალი სამუშაო მეთოდები დანერგა. მინისტრთა კომიტეტის სხდომები იმართებოდა ვიდეოკონფერენციების ფორმატში, რაც უზრუნველყოფდა ჩვენი საქმიანობის უწყვეტობას“, – განაცხადა მარია ბურიჩმა.

მარია ბურიჩის განცხადების თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ მომზადებული დოკუმენტის: “დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა COVID-19-ის სანიტარული კრიზისის პირობებში“ შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 24 აპრილი 2020 13:41

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივნმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა მოამზადა საინფორმაციო დოკუმენტი – “დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემა COVID-19-ის სანიტარული კრიზისის პირობებში, ინსტრუმენტების წყება წევრი სახელმწიფოებისთვის“, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს დაეხმაროს წევრი სახელმწიფოების მთავრობებს, რათა ახალი კორონავირუსით წარმოქმნილი კრიზისის მართვისას მოხდეს დემოკრატიის ფუნდამენტური ფასეულობების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა.   

ამასთანავე, დოკუმენტი, უპრეცედენტო და მასობრივი მასშტაბის მიმდინარე კრიზისთან გასამკლავებლად, მთავრობებს უზრუნველყოფს ინსტრუმენტებით, რომლებიც ითვალისწინებენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა ძირითადი ღირებულებების პატივისცემას.

https://rm.coe.int/sg-covid-crisis-toolkit-geo-/16809e380e

ევროსაბჭომ წამყვანი პოზიცია უნდა დაიკავოს იმ გამოწვევებთან საბრძოლველად, რომლებიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას - აცხადებს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 30 იანვარი 2020 11:28

სიძულვილის ენა, პოპულიზმი, უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია, თავდასხმები მედიაზე და ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, ბოროტად გამოყენების პოტენციალი - ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის თქმით, მისი ვადის მსვლელობისას ეს საკითხები ევროსაბჭოს მთავარი პრიორიტეტები იქნება.

მარია პეიინოვიჩ ბურიჩი აცხადებს, რომ ევროსაბჭომ წამყვანი პოზიცია უნდა დაიკავოს იმ გამოწვევებთან საბრძოლველად, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. 

ოთხშაბათს, 29 იანვარს ევროსაბჭოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ქართული მედიის კითხვაზე, რაც ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციასა და მცოცავ ოკუპაციას შეეხებოდა, განაცხადა, რომ ამ საკითხებს ევროსაბჭო ყოველთვის ყურადღებით ადევნებდა თვალს და მისი გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაშიც ასევე გაგრძელდება.

„ჩვენ დეტალურად ვაკვირდებით ყველაფერს, რაც ხდება საქართველოში. საკითხი კომიტეტის თავმჯდომარეების დონეზე ყოველ 6 თვეში ერთხელ განიხილება. ეს საკითხი გენერალური მდივნისა და ევრსაბჭოს დღის წესრიგში რჩება“, - აღნიშნა მარია ბურიჩმა.

შეგახსენებთ, რომ 56 წლის ხორვატი პოლიტიკოსი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ევროსაბჭოს გენერალურ მდივნად სექტემბერში აირჩიეს და მან ნორვეგიელი ტორბიორნ იაგლანდი შეცვალა, რომელიც ამ პოსტს 2009 წლიდან იკავებდა.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

საქართველოს პრეზიდენტმა და ევროსაბჭოს გენმდივანმა ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილესბ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 28 იანვარი 2020 17:29

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში სამუშაო ვიზიტისას ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე.
 
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს პროდუქტიული შეხვედრისა და იმ პირადი წვლილისათვის, რომელიც მას მიუძღვის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტობისათვის საქართველოს მოსამზადებელ ეტაპზე.
 
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრისას განიხილეს საქართველოს საქმიანობის 4 პრიორიტეტი. საქართველო იმედოვნებს, რომ ყველა ამ მიმართულებით დიდ პროგრესს აჩვენებს.
 
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ევროპის საბჭოს ძალიან აქტიური წევრი იქნება. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული კრიტიკა, მაგრამ საქართველო ვითარდება, შენდება და აშენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამის დამადასტურებელი პროგრესი სახეზეა.
 
საქართველო ძალიან მადლიერია კონსოლიდაციის ანგარიშის გამო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან ის ერთადერთია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რეალურ ვითარებას ასახავს.
 
ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქართველოს ძალიან რთული თვე ჰქონდა. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება სწორედ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის შედეგია. ეს იმის ნიშანია, რომ, როცა საკითხის გარშემო ყველა ერთიანდება, შედეგის მიღება შესაძლებელია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი გახარია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 11 ნოემბერი 2019 18:36

საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების განხილვა იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის შეხვედრის მთავარი თემა.

აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას ეფუძნება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას ასევე განხილული იყო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც აღნიშნულ წლებში საქართველოს მიერ ევროპის საბჭოსთან ერთად განსახორციელებელ პროექტებს მოიცავს.

ხაზი გაესვა დღემდე არსებული სამოქმედო გეგმების მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში. მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ მომავალ პროგრამასაც კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ექნება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას და იმ პროცესებს, რომელიც ევროპის საბჭოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს. პრემიერმა გენერალურ მდივანს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით მტკიცე მხარდამჭერი პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური