მართლწესრიგის ოფიცრებმა ძველ თბილისში მუშაობა დაიწყეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 13:13

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, ძველი თბილისის რაიონში 60-მა მართლწესრიგის ოფიცერმა დაიწყო მუშაობა.

მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გაგა კირკიტაძემ და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ დაუშვილმა მიულოცეს.

პირველ სამუშაო დღეს, მართლწესრიგის ოფიცრები ძველი თბილისის მოსახლეობას შეხვდნენ და თავიანთი საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს.

ოფიცრები, ასევე, ეწვივნენ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლას, სადაც მოსწავლეებს ბულინგის შესახებ და ამ პრობლემის ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ.

მართლწესრიგის ოფიცრები აქამდე თბილისის მასშტაბით მხოლოდ ვაკე-საბურთალოს რაიონში მუშაობდნენ. დაახლოებით, 10-თვიანი მუშაობის შედეგად, მართლწესრიგის ოფიცრებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის მიზნით, არაერთ ფაქტზე მოახდინეს რეაგირება.

მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში, ასევე, შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება.

ოფიცრების შერჩევა მოხდა როგორც მოქმედი თანამშრომლებიდან, ასევე, საკონკურსო წესით. კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს.

ღია კონკურსის მეშვეობით მართლწესრიგის ოფიცრების ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევა კვლავ გრძელდება. სამომავლოდ შერჩეული ოფიცრები ინტენსიურ სწავლებასა და მომზადებას გადიან.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ჯერ დედაქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით, ეტაპობრივად მთელ საქართველოში დაინერგება.

შსს-მ მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიებზე განცხადებების მიღების ახალი ეტაპი დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 23 თებერვალი 2019 15:13

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმების მსურველთა განცხადებების მიღების ახალი ეტაპი დაიწყო. მართლწესრიგის ოფიცრის 220 ვაკანსიაზე განცხადებების მიღება შესაძლებელია hr.police.ge-ზე. 

აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად აუცილებელი მოთხოვნაა უმაღლესი განათლება. შერჩეული კანდიდატები, საკვალიფიკაციო ეტაპების გავლის შემთხვევაში, მართლწესრიგის ოფიცრის მოსამზადებელ სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას გაივლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება მათი გადანაწილება სამოქმედო ტერიტორიების (უბნების) მიხედვით, მთელი თბილისის მასშტაბით. 

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დეტალური ინფორმაცია მიიღონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - Officer.ge, რომელიც სპეციალურად მართლწესრიგის ოფიცრებისათვის შექმნილი საკომუნიკაციო არხია. ვებგვერდის მეშვეობით მოქალაქეებს, ასევე, შეუძლიათ, მართლწესრიგის ოფიცრებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაცია მიიღონ და მათთვის საინტერესო ტერიტორიას მიკუთვნებულ მართლწესრიგის ოფიცრებთან უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ. 

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებულ, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ოფიცრები დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფენ. 

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. აღნიშნული ინსტიტუტი ეტაპობრივად, ჯერ თბილისის მასშტაბით, ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით - მთელ საქართველოში დაინერგება.

თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა მუშაობა დაიწყეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 04 დეკემბერი 2018 14:32

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, დღეს თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა მუშაობა დაიწყეს.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი წარმოადგენს კრიმინალური პოლიციის ახალ დანაყოფს, რომელმაც ეტაპობრივად, სრულად უნდა ჩაანაცვლოს კრიმინალური პოლიციის საუბნო მიმართულება და უბნის ინსპექტორის მოძველებული ინსტიტუტი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება პირადად მიულოცა და სიტყვით მიმართა.
„დღეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი დღეა. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე ერთი წელია მიმდინარეობს სისტემური განახლების რეფორმა და თქვენ ხართ პირველი რეალური, პრაქტიკული ნაბიჯი ამ რეფორმის განხორციელებაში. თქვენი ფუნქცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც გახლავთ, ვიზრუნოთ თითოეულ ჩვენ მოქალაქეზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ კრიმინალური პოლიციის რეფორმა, კონკრეტულად კი - მისი სპეციალიზაცია საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებით. დღეს თქვენ თბილისის ერთ-ერთ რაიონში იწყებთ პირველი ნაბიჯების გადადგმას. თქვენი პირველი ნაბიჯები იქნება იმ ხიდის აღდგენა და გამყარება, რომელსაც ჰქვია ნდობა პოლიციასა და ჩვენ მოქალაქეებს შორის. თქვენი ყველაზე დიდი მიზანია, იზრუნოთ ჩვენ მოქალაქეებზე და უზრუნველყოთ პრევენცია, რათა თავიდან ავირიდოთ დანაშაული. სწორედ ეს ღირსეული ფუნქცია უნდა შეასრულოთ უაღრესად ეფექტურად და ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენ ქალაქში მშვიდი და უსაფრთხო გარემო, რომელშიც მოქალაქეებმა უნდა იშრომონ და იზრუნონ თავიანთ ოჯახებზე.
მართლწესრიგის ოფიცერი არის თანამედროვე მიდგომების ყველაზე მაღალი საფეხური საპოლიციო მომსახურებაში. ეს ის კომპონენტია, რომელზეც უნდა იყოს დამყარებული ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება. უნდა მოიპოვოთ ისეთი ხარისხის ნდობა, რომ თითოეული ოჯახი მათზე მზრუნველ მეგობრად აღგიქვამდეთ. ეს არის ღირსეული მსახურება და მინდა, გისურვოთ ამ თქვენ პირველ ნაბიჯებში წარმატება. მინდა, გისურვოთ ღირსეული მსახურება ამ ქალაქის და ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.
ოფიცრების შერჩევა მოხდა მოქმედი თანამშრომლებიდან, რომლებმაც რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს და დღეიდან მუშაობა დაიწყეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში.
პარალელურად, ღია კონკურსის მეშვეობით მოხდა მოსახლეობიდან მართლწესრიგის ოფიცრების ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევა, რომლებიც ამჟამად ინტენსიურ სწავლებასა და მომზადებას გადიან.
მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ეტაპობრივად, ჯერ თბილისის მასშტაბით, ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით მთელ საქართველოში დაინერგება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური