მძღოლები, მობილური აპლიკაციით მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017 11:25

მობილური აპლიკაცია „SAGENSY”-ისა და მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდის მეშვეობით, მოქალაქეები მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.


შსს-ს მომსახურების სააგენტომ, მართვის მოწმობის ქულათა სისტემის შესახებ მოქალაქეთა მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, ახალი ტექნოლოგიური და სოციალური პროექტები დანერგა.

პრეზენტაცია ინოვაციური სერვისებისა და ახალი პროექტების შესახებ დამსწრე საზოგადოებას შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ნიკა გელაშვილმა წარუდგინა.

ახალი მობილური აპლიკაცია „SAGENSY”-ის მეშვეობით, მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ. ამავე აპლიკაციის დახმარებით, მათ საშუალება ექნებათ, სახლიდან გაუსვლელად, უმოკლეს დროში ისარგებლონ სააგენტოს სერვისებით, სხვადასხვა ცნობის ასაღებად შეავსონ განაცხადი, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდისთვის მოემზადონ, ასევე, მოიძიონ და დაჯავშნონ ავტომობილის მათთვის სასურველი სახელმწიფო სანომრე ნიშანი.

ინფორმაცია მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ მძღოლებს ასევე შეუძლიათ მიიღონ შსს-ს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდის „SA.GOV.GE”-ს მეშვეობით. განახლებული ვებ-გვერდით უახლოეს მომავალში ყრუ და სმენადაქვეითებული პირებიც ისარგებლებენ. ინოვაციური სერვისი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე. დაგეგმილი სიახლის მიხედვით, ყრუ და სმენადაქვეითებული პირები, სახლიდან გაუსვლელად, ვიდეოზარის საშუალებით შეძლებენ, დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს ჟესტური ენის მცოდნე თანამშრომელს, რომელიც მათ სააგენტოს სერვისების შესახებ კონსულტაციას გაუწევს.

პრეზენტაციას შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, „სოლიდარობის ფონდის“ ბენეფიციარები, საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლებმა მომსახურების სააგენტოს ჟესტური ენის მცოდნე თანამშრომლებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს.

ღონისძიებაზე შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ნიკა გელაშვილმა „სოლიდარობის ფონდთან“ თანამშრომლობის ორი წლის ანგარიშიც წარადგინა. მომსახურების სააგენტოს პროექტის - „გავერთიანდეთ, სიკეთე გადამდებია“ - მეშვეობით, ფონდში 100000-ზე მეტი ლარის ოდენობის თანხა გადაირიცხა. ნიკა გელაშვილს „სოლიდარობის ფონდმა“ მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულება იზრდება - როდის შევა ცვლილება ძალაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 ივნისი 2017 11:51

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გადანაცვლების შემდეგ, გამოცდაზე გასვლის ღირებულება გაიზრდება.

ამ სიახლის შესახებ, "ინტერპრესნიუსთან"  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გამოცდაზე გასვლის ღირებულება საგრძნობლად არ გაძვირდება.

მისივე განმარტებით, გამოცდის ქუჩაში გადანაცვლებიდან გამომდინარე, იზრდება რისკები და შესაბამისად დაემატება ის კომპონენტი, რაც ამ რისკებს მოიცავს.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული დრო, როდის შეიძლება ჩატარდეს პრაქტიკული გამოცდები რეალურ მოძრაობაში, თუმცა, მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ შემოდგომის ბოლოს, ან 2018 წლის პირველი იანვრისთვის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩასატარებლად ინფრასტრუქტურა მზად იქნება.

"ჩვენ დავასრულეთ პროექტირების ეტაპი და ეს არის ტექნოლოგიებზე დამყარებული პროექტი. ძალიან დიდია ტექნოლოგიების როლი. პროექტს სჭირდება ამ ტექნოლოგიების შეძენა, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ეს ყველაფერი ვფიქრობ, შემოდგომაზე დასრულდება. შემოდგომის ბოლოს, ან მაქსიმუმ 2018 წლის პირველი იანვრისთვის მზად იქნება ინფრასტრუქტურა პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩასატარებლად. აქ საუბარი არის ავტოსკოლების როლზეც. 

ერთია შსს-ს კომპეტენცია, რომ ჩვენ გამოცდა უნდა გავიტანოთ ქუჩაში და გვყავდეს შესაბამისი ავტომობილები, რომლებიც ამ ინფრასტრუქტურას აღიქვამს, მაგრამ მეორეა, როგორი მომზადებული მოვა გამოცდაზე ადამიანი", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, საუბარია, რომ სამომავლოდ, შესაძლოა მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლამდე, ავტოსკოლაში სწავლება სავალდებულო გახდეს. შალვა ხუციშვილის განმარტებით, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია.

" ჩვენ ვართ შემუშავების პროცესში, ხედვა უნდა ჰქონდეს განათლების სამინისტროსაც. თავად ავტოსკოლების გარეშე არ გვინდა პროცესი. ამის მერე, ჩვენ ან მივიღებთ ისეთ შედეგს, რომ ავტოსკოლები იქნება სავალდებულო და გარკვეული სტანდარტებით იქნება, ან შეიძლება დარჩეს ეს სფერო ისე, როგორც არის", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სამინისტრო ავტოსკოლების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

მართვის მოწმობის აღების მსურველი პირებისთვის უცნობი იქნება ის ქუჩები, რომლებზეც პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მოუწევთ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 მაისი 2017 13:14

მართვის მოწმობის აღების მსურველი პირებისთვის უცნობი იქნება ის ქუჩები, რომლებზეც პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მოუწევთ. 

ამის შესახებ რადიო „პალიტრის“ გადაცემა „რეზიუმეში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა ბუბა ლომუაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ ქუჩების წინასწარ გაცხადება არ მოხდება, რათა „დაზეპირების პრაქტიკა არ გვქონდეს“.

„ჩვენ უკვე ჩავატარეთ ძალზედ რთული სამუშაოები, მათ შორის ვნახეთ მსოფლიოში გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკები, თუმცა არ მოგვიხდენია კოპირება და გამოცდის ამ პრაქტიკული კომპონენტის ჩვენს პირობებში პირდაპირ გადმოტანა. ვეყრდნობით რა იმ გამოწვევებს, რასაც ჩვენ ვაწყდებით, ეს ჩვენებურად დავამუშავეთ, ავარჩიეთ შესაბამისი ქუჩები, როგორც თბილისში, ისე რუსთავში, თუმცა იმისთვის, რომ არ გვქონდეს დაზეპირების პრაქტიკა, არ არის გამორიცხული, პირმა არც იცოდეს, რომელ ქუჩაზე ჩააბარებს გამოცდას“, - განაცხადა ბუბა ლომუაშვილმა.

გარდა ამისა, მისივე განმარტებით, გამოცდისთვის განკუთვნილი ავტომანქანები სპეციალური ვიდეოკამერებით იქნება აღჭურვილი, რითაც საგამოცდო პროცესი გაკონტროლდება.

„მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისას დაფიქსირებული ნებისმიერი გადაცდომა იქნება აღრიცხული და სისტემატიზებული, ამიტომ იმის განცდა, რომ გვერდით მჯდომმა შს სამინისტროს თანამშრომელმა გამოცდაზე გასულ პირს შესაძლოა რაიმე სახის დახმარება გაუწიოს, გამორიცხულია. რეალურ რეჟიმში ჩვენ კამერებითაც ვაკონტროლებთ, თუ რა ხდება ავტომობილში. გარდა ამისა, ავტომობილი თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და დააფიქსირებს, როგორც ღერძულა ხაზის გადაკვეთას, ისე შუქნიშანზე როგორ გაიარა, როგორ მიუახლოვდა წინ მდებარე ავტომობილს, როგორ დაძრა მანქანა და ა.შ. ანუ ყველაფერ იმას, რაც აუცილებელია კანონმორჩილი, განათლებული მძღოლისთვის, რომელიც მართავს ავტომობილს“, - აღნიშნა მან.

შს სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის თქმით, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა „არის კომპლექსური სამუშაო, რომელიც ბოლომდეა მიყვანილი“.

არსებული ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება შემოდგომიდან დაიწყება.

მართვის მოწმობის ე.წ. 100-ქულიანი სისტემა ჯერ არ ამოქმედებულა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 14:05

პარლამენტს საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა ჯერ არ დაუწყია. შესაბამისად, ცვლილებები, მათ შორის მართვის მოწმობის ე.წ. 100 ქულიანი სისტემის შემოღების შესახებ, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან არ ამოქმედებულა. 
საკითხზე მსჯელობა საგაზაფხულო სესიის ფარგლებშია დაგეგმილი.
რამდენიმე კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომელიც მართვის მოწმობებზე ქულების დაწესებას, მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას, ასევე ავტომობილების წლოვანების მიხედვით განბაჟების საფასურების შეცვლას და სხვა სიახლეებს ითვალისწინებს, პარლამენტს განსახილველად დეკემბრის შუა რიცხვებში წარედგინა. 
პროექტი აღნიშნული სიახლეების ძირითადი ნაწილის 2016 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებას ითვალისწინებდა, მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვასთან დაკავშირებული ინიციატივის ამოქმედება კი, პროექტის მიხედვით, 2016 წლის 1-ლი მარტიდან არის დაგეგმილი, თუმცა საკითხის პარლამენტში ინიცირებისთანავე ითქვა, რომ პარლამენტი განხილვას არ იჩქარებს. საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობის დაწყება საგაზაფხულო სესიისთვის დაიგეგმა.
შესაბამისად, შეიცვლება ყველა ის თარიღი, რომელიც ინიცირებულ პროექტშია გაწერილი.


ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური