საქართველოს პრემიერი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 14 სექტემბერი 2018 11:38

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს  ტომას გრემინგერს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას, ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიების წვდომის მნიშვნელობას და მათ როლს მშვიდობის უზრუნველყოფაში.

დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც კონფლიქტის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

ხაზი გაესვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება მნიშვნელოვნად აფერხებს პროგრესს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ეუთოს გენერალურმა მდივანმა ასევე განიხილეს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომლის საფუძველზეც მთავრობამ შეიმუშავა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია და რომლის მიზანია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილე პირებმა პასუხი აგონ ჩადენილ დანაშაულზე.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო მართლმსაჯულების წარმატებულ რეფორმას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე და საარჩევნო პროცესში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ჩართულობაზე. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველოს მთავრობამ კვლავაც უზრუნველყოს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება.

ტომას გრემინგერი ეუთოს გენერალური მდივნის რანგში საქართველოში ვიზიტით პირველად იმყოფება.

მამუკა ბახტაძე - დემოკრატია გულისხმობს ჩართულობას და ეყრდნობა ღირებულებებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018 16:47

დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, ჩართულობას გულისხმობს - ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის ჩართულობას; ყველას თავისი როლი აქვს ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

Financial Time-ის მთავარი რედაქტორი ედვარდ ლუსი დაინტერესდა, ახდენს თუ არა გავლენას საქართველოს არჩევანზე ევროპაში მიმდინარე პროცესები, ვინაიდან, მისივე შეფასებით, ევროპა აღარ არის ის, რაც იყო უწინ. ამ კონტექსტში დისკუსიის მოდერატორმა მაგალითებად პოლონეთსა თუ სლოვაკეთში მიმდინარე მოვლენები, უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკა დაასახელა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, პოლიტიკური პროცესი ცვალებადია, თუმცა ღირებულებები უცვლელი რჩება.

„დემოკრატია გულისხმობს ჩართულობას და ეყრდნობა ღირებულებებს. დიახ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, ცვალებადი პროცესი, მაგრამ ღირებულებები იგივე რჩება. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ევროკავშირის ნათელ მომავალს", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

მამუკა ბახტაძემ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შეაფასა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018 17:36

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს ვიზიტი შეაფასა.

როგორც მთავრობის მეთაურმა დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოხდა უმნიშვნელოვანესი საკითხის ინიცირება იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით.  გარდა ამისა, წლის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ინვესტიციებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას იძლევა, რომ უფრო მეტი მაღალტექნოლოგიური ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს საქართველოში.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირველად სტუმრობდა ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ, - ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან.  ჩვენი მიზანია, რომ საქართველო იყოს მაქსიმალურად ეფექტურად ინტეგრირებული საერთაშორისო ვაჭრობაში და გლობალურ ეკონომიკაში. იაპონია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბაზარი თანამედროვე მსოფლიოში".

პრემიერ-მინისტრმა იაპონიის მთავრობას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა.

„343 მილიონი დოლარის დაფინანსება მოხმარდება ამ ისტორიული მნიშვნელობის პროექტს. საინჟინრო თვალსაზრისით უღელტეხილის მონაკვეთი გახლავთ ყველაზე უფრო კომპლექსური და რთული. აქედან გამომდინარე, იაპონური ტექნოლოგიების გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პროექტი დასრულდეს ვადაში და მაღალი ხარისხით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

პრემიერ-მინისტრი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 სექტემბერი 2018 15:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანს შეხვდა, რომელიც თბილისში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის" გახსნასთან დაკავშირებით იმყოფება. 

შეხვედრისას ხაზი გაესვა აღმოსავლეთ სამეზობლოში პირველი ევროპული სკოლის საქართველოში გახსნის მნიშვნელობას, რომელიც 6 ქვეყნის მოსწავლეებს მაღალი ხარისხის საბაკალავრო განათლებისა და ევროპულ კვლევებში საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომის მიღების შესაძლებლობას აძლევს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლება საქართველოს მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ევროკავშირს აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან დიალოგის ახალ - უმაღლეს ფორმატზე, რომლის პირველი შეხვედრაც, ევროკომისიის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით,  ნოემბერში ბრიუსელში გაიმართება.

საუბრისას, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი. პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე - საგზაო რუკაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას, თანამშრომლობის ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის განვითარების მიმართულებით გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის მიერ 45 მილიონი ევროს გამოყოფას, რაც სწორედ ეკონომიკური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომპლექსურ დღის წესრიგზე, ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო  სივრცის შესახებ შეთანხმებების წარმატებით განხორციელებაზე, ასევე - ორმხრივ, რეგიონულ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ი. ხანი საქართველოს 3 სექტემბერს ესტუმრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018 18:33

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ხანი საქართველოს 3 სექტემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი მონაწილეობას მიიღებს ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნის ცერემონიალში (მისამართი: წყნეთის გზატკეცილი 35,  ,,New School“-ის ტერიტორიაზე)სკოლას გახსნიან ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და პრემიერ–მინისტრი  მამუკა ბახტაძე. ოფიციალური ცერემონია დაიწყება 11 საათზე. ცერემონიალის დასასრულს მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ შეკითხვები დაუსვან ევროკომისარ ჰანს და პრემიერ–მინისტრს და გაესაუბრონ მოსწავლეებს.  

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა“ პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აღმოსავლეთ სამეზობლოში, რომელშიც ისწავლის აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, უკრაინის, საქართველოს და სომხეთის 30 მოსწავლე,  რომლებმაც ევროკავშირის მხარდაჭერით და მკაცრი შერჩევის შედეგად, დამსახურებულად მოიპოვეს სტიპენდიები. 16–17 წლის მოსწავლეებს სკოლა შესთავაზებს მაღალი ხარისხის საბაკალავრო განათლებას და სწავლის შესაძლებლობას მრავალენოვან, მულტიკულტურულ გარემოში, ინოვაციური აკადემიური კურსებისა და კლასგარეშე აქტივობების საშუალებით. სწავლის დასასრულს მოსწავლეები მიიღებენ საერთაშორსო ბაკალავრის დიპლომს ევროპულ კვლევებში.

გარდა ამისა დაგეგმილია იოჰანეს ხანის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და მთავრობის წევრებთან, ნათქვამია ევროკომისიის შეტყობინებაში. 

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ წარმატებული ვიზიტი აზერბაიჯანში ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 31 აგვისტო 2018 11:24

საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული  პარტნიორები; ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი გლობალური მნიშვნელობის პროექტის რეალიზაცია შევძელით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანის  რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. 

"ვიმსჯელეთ იმ ახალ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც ერთობლივად შეგვიძლია და რომლებიც ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს. ამასთან ერთად, ძალიან კონკრეტული  ამოცანები დავისახეთ. წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა იქნება დაახლოებით 1 მილიარდის ფარგლებში და  ვფიქრობთ, რომ შემდეგი 2 წლის განმავლობაში შესაძლებელია ამ ციფრის 50-60%-ით გაუმჯობესება. ამასთან ერთად შევთანხმდით, რომ შევისწავლით ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძლებლობებს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი როგორც ევროკავშირთან ასევე ჩინეთთან. აზერბაიჯანი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ განათლებისა და კულტურის სფეროში, თუმცა აქ არსებობს საკითხები, რომლებსაც დახვეწა და განვითარება სჭირდება. 

"ჩვენ ამავე დროს შევთანხმდით, რომ რაც შეეხება ფინანსურ სფეროს, გვექნება დამატებითი კონსულტაციები. დღეს ჩვენი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არ ეხება მომსახურების სფეროს. აქაც დამატებით კვლევებს ჩავატარებთ და ვფიქრობთ, ახალი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაზრდას. იყო ძალიან კარგი, ძალიან წარმატებული ვიზიტი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018 17:33

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძესა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ქვეყნის მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიღწევები ევროკავშირთან თანამშრომლობის და ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული გზა ქართველი ხალხის არჩევანია და მთავრობა ამ გზის ერთგულია. მთავრობის მეთაურმა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად შეაფასა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება გერმანული კომპანიების მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს და დარწმუნებულია, რომ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას ხელს შეუწყობს ბიზნესდელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომელიც თბილისს გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ერთად ეწვია.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში არსებულ აქტიურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა. ქართულმა მხარემ გერმანიას მადლობა გადაუხადა საგანმანათლებლო პროექტების ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომლებიც ქართველი სტუდენტების ცოდნისა და მეცნიერების კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ წელს საქართველო-გერმანიის წელი აღინიშნება.

შეხვედრას გერმანიის მხრიდან სახელმწიფო მდივანი შტეფენ ზაიბერტი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, კანცლერის მრჩეველი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერი, კანცლერის მრჩეველი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში ლარს ჰენდრიკ როელერი, კანცლერის მრჩეველი ევროპული პოლიტიკის საკითხებში უვე კორსეპიუსი, კანცელარიის სამხრეთ კავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი ესწრებოდნენ.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი გიორგი ჭოლაძე.

გერმანიის კანცლერი საქართველოს ესტუმრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018 15:53

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ესტუმრა. თვითმფრინავი, რომლითაც ა. მერკელი საქართველოში ჩამოფრინდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამოდენიმე წუთის წინ დაეშვა. 
გერმანიის კანცლერს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდნენ.
აეროპორტიდან ანგელა მერკელი მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრება, სადაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უმასპინძლებს. პრემიერი გერმანიის კანცლერთან ჯერ პირისპირ შეხვედრას, შემდეგ კი გაფართოებული ფორმატის აუდიენციას გამართავს. 
პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციიდან ანგელა მერკელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს, სადაც კანცლერი გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.
დღის ბოლოს კი, გერმანიის კანცლერი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
რაც შეეხება ანგელა მერკელის ვიზიტის გაგრძელებას 24 აგვისტოს, გერმანიის კანცლერი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეხვედრებს გამართავს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
მერკელი ქართველ სტუდენტებსაც შეხვდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტების შემდეგ, მერკელი EUMM -ის პროგრამის ფარგლებში გამართავს შეხვედრას.
ასევე, 24 აგვისტოს დაგეგმილია კანცლერის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მერკელის ვიზიტი საქართველოში დასრულდება. კანცლერს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი გააცილებენ.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი 24 აგვისტოს დასრულდება. თბილისიდან ა. მერკელი სომხეთში ჩავა, რის შემდეგაც იგი აზერბაიჯანს ესტუმრება.

OPIC-ის დელეგაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და საინვესტიციო გარემოს დადებითად აფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 16 აგვისტო 2018 10:45

OPIC-ი საქართველოში ინვესტიციების გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ კორპორაციის წარმომადგენლებმა დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადეს.

დელეგაცია, რომელსაც OPIC-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა შექმნილი.

კორპორაციის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს მათი ინვესტიციები საქართველოში.

OPIC-ი ინვესტიციების განხორციელებას განათლების, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკის სფეროში გეგმავს.

ხაზი გაესვა, რომ OPIC-ის ინვესტიციების მოცულობა საქართველოში გაცილებით დიდია სხვა ქვეყნებთან შედარებით.

პრემიერ-მინისტრსა და OPIC-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრი ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 13 აგვისტო 2018 11:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე დევინ ნუნესი ხელმძღვანელობს.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებული ინიციატივების მხარდაჭერისთვის კონგრესმენებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ომიდან და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან 10 წლის შემდეგ არსებულ მდგომარეობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ამერიკელმა კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს ქართველი სამხედროების უმნიშვნელოვანესი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკურ სფეროში, მათ შორის სავაჭრო შეთანხმებების გაფორმების კუთხით.

საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას.

შეხვედრას კონგრესმენი რიკ კროუფორდი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერები - გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური