მამუკა ბახტაძე - მთაში მცხოვრები თითოეული ადამიანი საქართველოს ცოცხალი ფარია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 დეკემბერი 2018 15:38

თქვენ ხართ მთელი საქართველოს იმედი, თქვენი აქ ყოფნით იცავთ ქართულ მიწას, საქართველოს საზღვარს, თითოეული მთაში მცხოვრები საქართველოს ცოცხალი ფარია, - ასე მიმართა მთის მცხოვრებლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაციისას.

მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთაში მცხოვრებლებს ღირსეული პირობები შეუქმნას და ცხოვრება შეუმსუბუქოს.

„11 დეკემბერს მსოფლიოში მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წელს, პირველად ჩვენც ვუერთდებით ამ დღეს და იმედი მაქვს, ლამაზ ტრადიციად იქცევა, მით უფრო, რომ საქართველოს ნახევარზე მეტი მთიანია. ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს მთისა და მთის ხალხის მიმართ. თქვენ უღალატო ხალხი ხართ, ასე იყო ისტორიულად, ასე არის დღესაც და ასე იქნება სამუდამოდ. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, როდესაც ჩვენი მთის მოსახლეობას ვესაუბრები და ვესაუბრები უშუალოდ. იმედია, არავინ მიწყენს, მაგრამ მათგან ისეთ რჩევას მიიღებ, რომ მართლაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდეს.

მინდა გითხრათ, რომ თქვენი ვაჟკაცობითა და ქედუხრელობით მთელი საქართველო ამაყობს. თქვენ ხართ მთელი საქართველოს იმედი, თქვენი აქ ყოფნით იცავთ ქართულ მიწას, საქართველოს საზღვარს, თითოეული მთაში მცხოვრები საქართველოს ცოცხალი ფარია. ეს თქვენი ისტორიული მისიაა, რომელსაც დღემდე ღირსეულად ასრულებთ და წინაპრების ტრადიციას აგრძელებთ და დარწმუნებული ვარ, ასევე გადასცემთ მომავალ თაობებს. მთა საქართველოს ისტორიულ-კულტურული სიმდიდრეა და ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ ამ ყველაზე დიდ სიმდიდრეს და დავიცვათ დაცარიელებისგან. ყველამ ვიცით, რა ძნელია მთის მკაცრ პირობებში ცხოვრება და ამიტომ თითოეული თქვენგანის ღვაწლი განსაკუთრებით დასაფასებელია. ჩვენ გვინდა, ცხოვრება შეგიმსუბუქოთ და ღირსეული პირობები შეგიქმნათ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ს. ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ნოემბერი 2018 10:06

საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის შემდგარი დემოკრატია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, მთავრობის მეთაური სალომე ზურაბიშვილის შტაბში იმყოფებოდა, სადაც დამოუკიდებელ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და მოპოვებული ნდობა მიულოცა, ხოლო ამომრჩეველს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ყველა ამომრჩეველს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა, აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი. ამასთან ერთად, მე ისიც განვაცხადე, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში. საქართველოს აქვს უამრავი გამოწვევა, ჩვენს წინაშე არსებობს პრობლემები, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადავლახოთ და დავძლიოთ. მე ამავე დროს, მივულოცე ქალბატონ სალომეს ის ნდობა, რაც მან მოიპოვა ჩვენი მოსახლეობისგან და წარმატებები ვუსურვე. საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები უნდა გატარდეს მუდამ. ჩვენს ეროვნულ ინტერესებში პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შედის საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამავე დროს, სწორედ ამ რიგის ამოცანა გახლავთ ის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე. ამისთვის ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია, ერთსულოვნება და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ამას აუცილებლად მივაღწევთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მოსახლეობას ასეთი აქტიურობისთვის",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

პრემიერ-მინისტრი ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 23 ნოემბერი 2018 17:09

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით - მზიურის საჩოგბურთო კორტებით უსასყიდლო უზურფრუქტით სარგებლობის 10-წლიანი ვადა 49 წლამდე გაუხანგრძლივდა.

სპორტის განვითარების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯებისა და ჩოგბურთის ფედერაციის სამომავლო გეგმების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ აკა მეტრეველსა და ფედერაციის გამგეობის წევრს, ლეგენდარულ ჩოგბურთელ ალექსანდრე მეტრეველს ესაუბრა.

მთავრობის მეთაურმა საუბრისას ხაზი გაუსვა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სპორტით ახალგაზრდობის დაინტერესების პრიორიტეტულობას და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება სახელმწიფო ქონების გადაცემა ჩოგბურთის ფედერაციისთვის, რომლის შესახებ მემორანდუმი დღეს ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმდა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის სპორტული აქტივობებით დაინტერესებისა და სპორტული ტურიზმის განვითარების პროცესში სახელმწიფოსა და ფედერაციას შორის თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქონების გრძელვადიანი უსასყიდლო უზურფრუქტით სარგებლობის უფლება ფედერაციას გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელების საშუალებას მისცემს, რაც საქართველოს რეგიონებში, მათ შორის მესტიაში, შეკვეთილში, წყალტუბოში, ზუგდიდში, საჩხერესა და ბორჯომში ახალი საჩოგბურთო კომპლექსების მშენებლობას გულისხმობს.

ფედერაციამ ასევე გამოთქვა მზადყოფნა, სპორტული ობიექტების ხელმისაწვდომობა დარეგულირდეს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საჭიროებებისა და ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად.

ჭარბვალიანობის დაძლევის გარეშე სიღარიბის დამარცხება წარმოუდგენელია - პრემიერ მინისტრი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 19 ნოემბერი 2018 15:52

დღეს მინდა გაგაცნოთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მძიმე ტვირთს მოუხსნის ასობით ათას ოჯახს.

ყველანი ვთანხმდებით, რომ ჭარბვალიანობის დაძლევის გარეშე სიღარიბის დამარცხება წარმოუდგენელია. ამისი ნათელი დასტურია იუნისეფის ბოლო კვლევაც, რომელმაც პირდაპირ მიუთითა ჭარბვალიანობასა და სიღარიბეს შორის მიზეზშედეგობრივ კავშირზე და ცხადყო, რომ ჭარბვალიანობის ტვირთი იმდენად მძიმეა ბევრი ქართული ოჯახისთვის, რომ უარყოფით ასახვას ჰპოვებს ბავშვების და მოზარდების განვითარებაზე.

ეს პრობლემა, წლების მანძილზე ბორკილებად ედო ჩვენს საზოგადოებას და დღეს თითქმის 700 000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება ე.წ. შავ სიაში, რის გამოც პრაქტიკულად მოკლებულია სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას.

ამ გამოწვევაზე პოლიტიკაში მობრუნებისთანავე გაამახვილა ყურადღება ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა.

ამაზე ვსაუბრობდი მეც, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში და ახალი მთავრობის დამტკიცების დროსაც საქართველოს პარლამენტში და შემდეგ უკვე მთავრობის სხდომაზე დავდეთ პირობა, რომ წლის ბოლომდე გადავდგამდით პრინციპულ ნაბიჯებს ე.წ. შავი სიის პრობლემის მოსაგვარებლად.

მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები და მოხარული ვარ, რომ როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა და მათ შორის ეგრეთ წოდებულმა სესხების ამომღებმა ბიუროებმა გაიზიარა ჩვენი პრინციპული პოზიცია, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს ასობით ათას ოჯახს.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ ქართუს. რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზაცია ვერ მოხდებოდა.

მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომელთა ძირი თანხაც ორი ათას ლარს არ აღემატება. საუბარია 600 ათასზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს.
დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნულდებათ ჩვენს მოქალაქეებს.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედის თითქმის 150 ათასი სოციალურად დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქე.

მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება. 600 ათასი მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს.

ამ 600 ათასი მოქალაქის ვალდებულების განულების შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა მუშაობა გრძელდება და სხვა ფინანსური ორგანიზაციების მიერ ჩვენს ინიციატივასთან შემოერთების პარალელურად ვალებისგან გათავისუფლებულ მოქალაქეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეობით უსამართლოდ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა. მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვიმედოვნებ, რომ დადებით შედეგს ამ ნაწილშიც მივაღწევთ.

ჩვენი მიდგომაა, ჭარბვალიანობა, როგორც რისკი და მძიმე ტვირთი ზოგადად იქნას დაძლეული. შესაბამისად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოქალაქეებს თავისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი არ მისდიოდეთ ვალების მომსახურებაში და ზოგადად, ვალების მომსახურების კოეფიციენტი გავუტოლოთ ჯანსაღ საერთაშორისო პრაქტიკას.

ჭარბვალიანობის აღმოფხვრა არის სიღარიბის დამარცხების წინაპირობა. დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ასეულობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს სრულფასოვნად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, რაც უფრო მდგრადს გახდის ჩვენს ეკონომიკას, ხოლო საბანკო-საფინანსო სექტორს უფრო ჯანსაღს.

ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ადამიანი იყო, არის და იქნება მთავარი ფასეულობა.

"თითოეული მეხანძრე-მაშველი ჩვენთვის ნამდვილი გმირია"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 17 ნოემბერი 2018 15:29

"ჩემი პირადი და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საგანგებო სიტუაციების სამსახურის განვითარებას; ჩვენ გავზარდეთ უწყების ბიუჯეტი და 2020 წლამდე თბილისი ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანებით დაკომპლექტდება" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, 2022 წლის დასაწყისამდე სამსახურს მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა ჰქონდეს სრულიად განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მოძრავი საშუალებები და ახალი ტექნიკა.

პრემიერ-მინისტრმა სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიისას გამოვლენილი ვაჟკაცობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აფეთქების შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახსა და მთელს საქართველოს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„თქვენ სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეთ ჩვენი 3 მოქალაქე. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი შვილთან ერთად. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახს და მთელს საქართველოს ეს უზარმაზარი ტრაგედია. ჩემი პირადი და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თქვენი სამსახურის განვითარებას. ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისა და რიგითი მოქალაქისთვის აუცილებელია, თითოეულ მოქალაქეს ყოველთვის ჰქონდეს განცდა, რომ როდესაც იქნება განსაცდელსა თუ გასაჭირში, არსებობენ გმირები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში მზად არიან, მათ ოპერატიულად დაეხმარონ. მსურს, კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ გამოჩენილი ვაჟკაცობისა და სამშობლოსთვის თავდადებისთვის. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ნამდვილი გმირია", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას.

შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი შალვა ხუციშვილი დაესწრო.

მამუკა ბახტაძე - ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 ნოემბერი 2018 15:47

ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი, რომ საქართველოდან გაიზარდოს ექსპორტი და დავაბალანსოთ ის მტკივნეული სავაჭრო დეფიციტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სამთავრობო დელეგაცია ჩინეთში პირადად ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

„სწორედ ამ ფორუმზე წარმოდგენილი ქვეყნები განიხილებიან იმპორტის მთავარ წყაროდ ჩინეთისთვის. ჩინეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ რამდენიმე მილიარდით გეგმავს იმპორტის გაზრდას ამ ქვეყნებიდან და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო ამ ქვეყნების რიცხვშია. პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, იმ საექსპორტო პოტენციალზე, რომელიც აქვს საქართველოს. ამასთან ერთად, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ გამოფენაში, სადაც რამდენიმე ათეულ ქართულ კომპანიას ჰქონდა საშუალება, წარედგინა თავისი პროდუქცია ადგილობრივი მომხმარებლისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ექსპორტი და შემცირდეს არსებული მძიმე სავაჭრო დეფიციტი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

მამუკა ბახტაძე - შანხაის ფორუმში პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით ვმონაწილეობდით

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018 14:31

ჩვენი ეკონომიკის ყველაზე სუსტი მხარეა მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტი, რაც გამოწვეულია იმით, რომ გაცილებით მეტი პროდუქციის იმპორტი გვიწევს, ვიდრე ექსპორტი გვაქვს, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართველ ჟურნალისტებს შანხაიში ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო პირადად პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით მონაწილეობდა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ძალიან მნიშვნელოვან ფორუმში, რაც ჩინეთში ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდის კარგი საშუალებაა. 

"ოფიციალურად გაცხადდა, რომ ჩინეთი აპირებს, მნიშვნელოვანწილად გაზარდოს  იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მოწვეული იყვნენ სპეციალურად ამ ფორუმისთვის და საქართველო მათ რიგშია, რისთვისაც მინდა, პირადად პრეზიდენტ სი ძინპინს და ჩინეთის მთავრობას მადლობა გადავუხადო. ჩვენ გვაქვს უნიკალური უპირატესობა - საქართველო  ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და ისტორიული შანსი ჩვენთვის, რომ გავზარდოთ ექსპორტი  ჩინეთში. ჩვენი ეკონომიკის ყველაზე სუსტი მხარეა მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტი, რაც გამოწვეულია იმით, რომ გაცილებით მეტი პროდუქციის იმპორტი გვიწევს, ვიდრე ექსპორტი გვაქვს, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი. ეს პირდაპირ კავშირშია საქართველოში მთავარი ეკონომიკური სიძნელის - სიღარიბის დამარცხებასთან. აქედან გამომდინარე, მივდივართ ძალიან კონკრეტული გეგმით და ვფიქრობთ, შემდეგი 2 წლის განმავლობაში შევძლებთ, მნიშველოვნად გავზარდოთ საექსპორტო პოტენციალი. გვექნება ამოცანა, მინიმუმ ორჯერ გაიზარდოს ექსპორტი საქართველოდან ჩინეთში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 


პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018 14:22

შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა, რომელშიც 50-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს. 
გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა. პრემიერმა, ჩინეთის პრეზიდენტსა და გამოფენაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად საგამოფენო სივრცე დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური ასევე იმყოფებოდა საერთაშორისო გამოფენის ქართულ პავილიონში, სადაც ქართულ კომპანიებთან ერთად წარმოდგენილია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს რკინიგზის სტენდები. ისინი დამთვალიერებელს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამებთან ერთად, ქვეყანაში განხორციელებულ და დაგეგმილ ინოვაციურ რეფორმებს აცნობს. ქართულ პავილიონში თავიანთი პროდუქცია ასევე წარმოდგენილი აქვთ დამწყები ბიზნესის წარმომადგენლებს, ე.წ სტარტაპერებს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად შანხაიში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმყოფებიან.

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

პრემიერ-მინისტრმა და Bank of China Group-ის თავმჯდომარემ ფინანსურ სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018 12:12

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ჩინეთის სახალხო  რესპუბლიკაში დაიწყო. 

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა მთავრობის მეთაურმა შანხაიში Bank of China Group-ის თავმჯდომარე ჩენ სიქინგთან გამართა. 

საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომლის კიდევ უფრო განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ. 

აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ერთდროულად გაფორმებული აქვს ჩინეთსა და ევროკავშირთან, რაც ქართულ კომპანიებს, ისევე, როგორც საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ ბიზნესმენებს, მრავალრიცხოვან ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. 

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მისასალმებელია ჩინური კომპანიების მზარდი ინტერესი საქართველოში ინვესტირების კუთხით. 

საუბარი ასევე შეეხო ფინანსურ სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ პოტენციალს და მისი ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და Bank of China Group-ის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და Bank of China-ს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა და ბანკის წარმომადგენელმა ლინ შენგიანგმა მოაწერეს, საქართველოსა და ჩინეთის მცირე და საშუალო ბიზნესებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების ხელშეწყობას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ისახავს მიზნად. 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი  მონაწილეობას მიიღებს შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის პირველი გამოფენისა და ჰონგციაოს საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიაში. დაგეგმილია მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო ფორუმის დისკუსიაზე, რომლის სახელწოდებაა "ვაჭრობა და ინვესტიციები". მთავრობის მეთაური ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ასევე დაათვალიერებს ქართულ პავილიონს, რომელშიც 53 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.

პრემიერ-მინისტრმა თურქეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018 12:22

საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთს პირველი ადგილი უკავია და ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თურქეთის რესპუბლიკის 95-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა.

პრემიერმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ 95 წლის განმავლობაში, თურქეთმა ბევრ გამოწვევას გაართვა თავი და მსხვილ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალად იქცა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს და თურქეთს ერთად ბევრი რეგიონული და ისტორიული პროექტი აქვთ განხორციელებული, მათ შორის ბაქო-თბილისი-ერზრუმი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, სამხრეთ კავკასიის მილსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსი.

„მე ძალიან მახარებს, რომ ამ ბოლო ძალიან მნიშვნელოვან პროექტში თავად მაქვს მონაწილეობა მიღებული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან თურქეთის გვერდით დგომას.

„თურქეთი ჩვენს სტრატეგიულ მეგობრად მიგვაჩნია. ამავდროულად, თურქეთი წარმოადგენს ჩვენი საერთაშორისო მისწრაფებების იდეას, რადგან საქართველოს ნატო-ში სრულუფლებიანი წევრობა სურს და თურქეთი ამ იდეის გულმხურვალე მხარდამჭერია. ამიტომ, ქალბატონებო და ბატონებო, კიდევ ერთხელ მსურს ჩვენს თურქ მეგობრებს ეროვნული დღესასწაული მივულოცო და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური