მ. ბახტაძე ევროკავშირის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში ტ. კლაარს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 თებერვალი 2019 14:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობაზე, ასევე  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობის შესახებ.

განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. ხაზი გაესვა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ისახავს მიზნად. კერძოდ, განიხილეს სამი მიმართულება - განათლება, ჯანდაცვა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. აღინიშნა, რომ ამ სფეროებში ცალკეული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ხალხთა შორის ურთიერთობების აღდგენას.

პრემიერ-მინისტრი უშგულის მოსახლეობას რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 15:17

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს უშგულში იმყოფებოდა. 

მთავრობის მეთაური უშგულის ლამარიას - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ეზოში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა, მათ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობისგან წინადადებები მოისმინა.

ადგილობრივების ძირითად პრობლემას გზების მოწესრიგება, უძველესი კოშკების აღდგენა-გამაგრება, წყლის სისტემის გაუმართაობა და ელექტრობოძებისა და გაყვანილობის რეაბილიტაცია წარმოადგენს. 
მთავრობის მეთაურმა ადგილობრივებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2019-2020 წლებში რეგიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, რისთვისაც 100 მილიონი ლარია გამოყოფილი.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უშგულში ტურიზმი სწრაფად ვითარდება, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სჭირდება.

მამუკა ბახტაძემ უშგულის ურბანულ განახლებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკვე დასრულებულია მუშაობა გენერალურ გეგმაზე, რაც უშგულის გეგმაზომიერ განვითარებას შეუწყობს ხელს, ისე, რომ უძველესი სახლებისა და კოშკების პირვანდელი იერსახე შენარჩუნდეს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ადგილობრივების მაქსიმალური ჩართულობისა და თანადგომის მნიშვნელობას.

მოსახლეობა ასევე დაინტერესდა პროგრამით, რომელიც საოჯახო სასტუმროების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პრემიერ-მინისტრმა მათ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
უშგულის მცხოვრებლების თხოვნის შესაბამისად, მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, რომ ელექტროენერგიის მიწოდებისა და წყალმომარაგების სისტემაში არსებული შეფერხებები უახლოეს მომავალში აღმოიფხვრას.

ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელი Guangzhou Automobile Group-ი საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019 14:30

ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელი Guangzhou Automobile Group-ი წლის ბოლომდე საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და კომპანიის ხელმძღვანელის წენგ ცინჰონგის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ, კომპანია ქვეყანაში არსებულ გარემოს შეისწავლის, რის შემდეგაც ინვესტიციის განხორციელებისა და ობიექტების მშენებლობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი Guangzhou Automobile Group-ი ს თავმჯდომარეს შეხვედრისას იმ ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატზე ესაუბრა, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს, ასევე გააცნო მთავრობის ინიციატივა, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ კომპანიები, რომლებიც თავიანთ რეგიონულ წარმომადგენლობებს საქართველოში გახსნიან.

საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა კომპანიასთან წარმატებული თანამშრომლობის იმედი.

Guangzhou Automobile Group ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელია, რომელსაც 84 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჯგუფი აწარმოებს სამგზავრო და კომერციულ სატრანსპორტო საშუალებებს, მოტოციკლებს, საავტომობილო ნაწილებს, ასევე, საქმიანობს ფინანსურ და სადაზღვევო სფეროში.

კომპანიის საბაზრო კაპიტალის მოცულობა 18 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

საქართველოს პრემიერი დავოსში China Minsheng Investment Group-ის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019 11:17

საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, მთავრობის ინიციატივებსა და საქართველო-ჩინეთის მზარდ ურთიერთობებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე China Minsheng Investment Group-ის პრეზიდენტ ლიუ ბენსიანს, რომელსაც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა.

ყურადღება დაეთმო საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკას და შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს წარმატებულ მონაწილეობას, სადაც პრემიერ-მინისტრი ბახტაძე პირადად პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით იმყოფებოდა.

CMIG-ის პრეზიდენტის შეფასებით, მისასალმებელია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს განვითარების პროცესი, რაც ქვეყანაში ინვესტირებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

შეხვედრაზე იმსჯელეს თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებსა და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა განხორციელებითაც, შესაძლოა, ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფი დაინტერესდეს.

CMIG-ი ჩინეთში ლიდერი გლობალური კერძო საინვესტიციო ჯგუფია, რომლის რეგისტრირებული კაპიტალის მოცულობა დაახლოებით 15 მილიარდი დოლარია. სათავო ოფისი შანხაიში მდებარეობს. ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც ძირითადად ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ჯანდაცვისა და ფინანსურ სექტორებში საქმიანობს, აქტიურად არის დაინტერესებული საინვესტიციო პროექტების განხორციელებით "სარტყლისა და გზის" ინიციატივის ქვეყნებში.

მამუკა ბახტაძემ და ილჰამ ალიევმა სტრატეგიული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 იანვარი 2019 13:38

საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის კიდევ უფრო ზრდის პერსპექტივასა და საქართველოსა და აზრბაიჯანის ბიზნესებს შორის კავშირების მეტად გააქტიურებაზე.

ხაზი გაესვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და იმ პოტენციალს, რომელიც, ცენტრალური აზიიდან ტვირთების მოზიდვის თვალსაზრისით, როგორც  საქართველოში, ისე აზერბაიჯანში არსებობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრეს TANAP-ის პროექტის შესახებ, ასევე ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო აქტიურად გამოყენების აუცილებლობაზე. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

მამუკა ბახტაძემ იაშვილის კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019 09:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაშვილის კლინიკაში, დიღომში კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა.

მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ იაშვილის კლინიკაში ამ დროისთვის ექვსი ბავშვი გადის მკურნალობას და მათი ჯანმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა დღეს თავს, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. მინდა მივუსამძიმრო ეს ტრაგედია ყველას. იაშვილის კლინიკაში ექვს პატარა პაციენტს ვმკირნალობთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვები ღამის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნებიან და დილით იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათი ოჯახში დაბრუნების შესახებ”, – განაცხადა მამუკა ბახტძაემ.

კლინიკაში მისვლამდე პრემიერ-მინისტრი ავთანდილის ქუჩაზე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, დიდ დიღომში გუშინ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი.

 

ქართველი დიპლომატები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 დეკემბერი 2018 18:05

„ელჩების კონფერენციის“ დასკვნითი დღის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და პრიორიტეტებზე.

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა არსებულ მიღწევებზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოსთან, ევროკავშირთან და სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან ურთიერთობებს. ხაზი გაესვა ანალიტიკური საქმიანობის მნიშვნელობას საგარეო პოლიტიკის წარმართვისას. პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა დიასპორასთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.

სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს  ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ოკუპაცია დაასახელა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნული გამოწვევის დაძლევის გზაზე ხაზი გაუსვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მნიშვნელობას.

შეხვედრის ფარგლებში  პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს გააცნო საქართველოში ეკონომიკის მიმართულებით არსებული სიახლეები და პრიორიტეტები. ასევე, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე და ხაზი გაუსვა საქართველოს ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ჰაბად შექმნის მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო უწყებას და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს წარმატებული საქმიანობისთვის.

"რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები" - პრემიერი-მინისტრი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018 14:49

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიში წარადგინა. ბახტაძემ, ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელსაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ მოაწერა ხელი.

„სამწუხაროდ, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ის არ ასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა მიღწეული და არ გაჰყავს თავის საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან. ვადევნებ თვალს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და მავთულხლართების აგებას. ეს არის ძალიან მძიმე და მტკივნეული გამოწვევა. ჩვენ ყველა ტრიბუნასა და პლატფორმას ვიყენებთ, რათა მსოფლიო საზოგადოებას მივაწვდინოთ ჩვენი გზავნილი და ჩვენი ხმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო საზოგადოების კონსოლიდირება მოვახდინოთ, რომ ეს ყველაზე მტკივნეული გამოწვევა იქნა სწორედ ერთობლივი ძალებით დაძლეული. მე ამისთვის ვიყენებ ყველა ტრიბუნას ჩემს კოლეგებთან ერთად და გაერო-ს ტრიბუნიდანაც პირდაპირ იყო მოწოდება ჩვენი მხრიდან, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელსაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ მოაწერა ხელი" - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 17 დეკემბერი 2018 16:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების კუთხით არსებული პოტენციალი და საკითხები, რომლებზე მსჯელობაც ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში იგეგმება.

საუბრისას ყურადღება დაეთმო განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 

დღეს ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი - ჯეიმს აპატურაი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018 11:55

დღეს თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ჩამოვიდა. პირველ შეხვედრას ნატოს მაღალჩინოსანი საგარეო საქმეთა სამინისტროში მართავს.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მამუკა ბახტაძეს და სალომე ზურაბიშვილს, ასევე თავდაცვის მინისტრსაც შეხვდება. ჯეიმს აპატურაი მოლაპარაკებებს გამართავს ოპოზიციასთან - მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. აპატურაის განაცხადებით, მისი ვიზიტის მიზანია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გაეცნოს და საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის გეგმებზე ისაუბროს.

„ველოდები მაღალი რანგის შეხვედრებს პრეზიდენტთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. მოლაპარაკებებს გავმართავთ ასევე ოპოზიციის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ერთობლივი წვრთნების ჩატარებას შეეხება. ეუთოს შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიების ტონი ძალზედ მკაცრი იყო, მსოფლიო თანამეგობრობა ელოდება მხარეებს შორის შერიგებას,“- აცხადებს აპატურაი. დღეს ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

„სამი მიზეზის გამო ვიმყოფები საქართველოში. პირველი, დიდი ხანია, არ ვყოფილვარ და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა საქართველოში სტუმრობა. თუმცა არსებობს სამუშაო მიზეზებიც, რომლებიც უმთავრესია. დიდი მოლოდინით ველოდები მომავალ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრას, აგრეთვე ვგეგმავ ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რათა დღევანდელი საქართველოს სრული სურათი დავინახო. ნატო-ს სურს არამხოლოდ მთავრობასთან, არამედ ქართული საზოგადოების ყველა ნაწილთან შეხვედრა. ვიზიტის მესამე მიზეზი კი გარკვეული სამუშაოების ჩატარებას ეხება. ჩვენ ძალიან კარგი 2018 წელი გვქონდა, ბევრი კონკრეტული სამუშაო იქნა დასრულებული, დღესდღეობით ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი. მთავრობასთან და მომავალ ლიდერთან უნდა განვიხილოთ 2019 წლის გეგმები, ჩვენ გვინდა მეტი ნატო საქართველოში და აგრეთვე მეტი საქართველო ნატოში“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაი საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ის არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდება. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ნატოს-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით 2019 წლის გეგმა იქნება. აპატურაი „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური