მამუკა ბახტაძე ანგელა მერკელს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018 09:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური კანცლერ მერკელის საქართველოში ვიზიტს ისტორიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის საქართველო-გერმანიის წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

„თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, გულითადად მოგილოცოთ გერმანიის გაერთიანების დღე. ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული გერმანია დღევანდელ მსოფლიოში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი გარანტია.

მსურს, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ინტენსიური. ამ საქმეში დიდია გერმანიის ხელისუფლებისა და პირადად თქვენი დამსახურება.

თქვენი ისტორიული ვიზიტი საქართველოში, ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, პირადად მემასპინძლა თქვენთვის.

სიმბოლურია, რომ თქვენი ჩამობრძანება დაემთხვა ჩვენი ერების მეგობრობის  200 წლის იუბილეს, რომელსაც ფართოდ აღვნიშნავთ გერმანიასა და საქართველოში. ჩემთვის ასევე უდიდესი პატივია მომავალ კვირას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაში მონაწილეობა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი და გერმანულ საზოგადოებას თანამედროვე ქართული კულტურის ახლოს გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა.

მსურს, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ თანადგომისთვის, რომელსაც საქართველო ყოველთვის გრძნობს გერმანელი ხალხის მხრიდან. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, ასევე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე თქვენი ურყევი პოზიცია.

მოხარული ვარ, რომ თქვენი ვიზიტისას, მომეცა შესაძლებლობა, ერთად გვემსჯელა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალ ერთობლივ პროექტებზე. იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი პირადი კეთილგანწყობა და მხარდაჭერა ჩვენს სამომავლო პარტნიორობას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის.

ნება მიბოძეთ, თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს უმნიშვნელოვანესი დღე და გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენი და გერმანელი ხალხის მიმართ", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მილოცვაში, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს გაეგზავნა. 

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

მამუკა ბახტაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018 16:32

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა ელჩს საერთაშორისო დონეზე საქართველოს მხარდაჭერისათვის და EUMM-ს მისიაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობას.

გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. კერძოდ,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნგრეთის უნივერსიტეტს შორის სხვადასხვა პროექტების, მათ შორის გაცვლითი პროგრამების მიმართულებით. აღინიშნა, რომ დაწყებულია მუშაობა საქართველოში უნგრული უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებით.

როგორც შეხვედრაზე ელჩმა აღნიშნა, უნგრეთმა ეკონომიკური განვითარების ის გზა გაიარა, რა ეტაპზეც ამჟამად საქართველო იმყოფება და ამ მიმართულებით საქართველოსთვის უნგრეთის გამოცდილების გაზიარება სასარგებლო იქნება. გარდა ამისა, ვიქტორია ჰორვატის განცხადებით, საქართველოსთვის საინტერესო იქნება ასევე უნგრეთის გამოცდილების გაზიარება წყლის რესურსების მართვისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

თბილისში გაიმართა მ. კვარაცხელიას წიგნის „ადიდასი, მერსედესი, ფეხბურთი“ პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 14 მაისი 2018 16:12

13 მაისს „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ამჟამად UEFA-ს ოფიცრის მამუკა კვარაცხელიას ახალი წიგნის „ადიდასი, მერსედესი, ფეხბურთი“ პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და ავტორს მორიგი წარმატებები უსურვეს ქართული სპორტის გამოჩენილმა მიმომხილველმა, ქართველი ებრაელების საამაყო შვილმა ბატონმა ჯამლეტ ხუხაშვილმა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა თენგიზ პაჭკორიამ.
წიგნის ავტორის თქმით, ეს ნაშრომი მისი ინტერესის დაკმაყოფილებას წარმოადგენს. „ყოველთვის მაინტერესებდა რატომ ჰქვია ადიდასს „ადიდასი“, მერსედესს „მერსედესი“ და ა. შ. როდესაც გერმანიაში ვიყავი მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში, ამ ყველაფრის დაბადების აკვანთან მივედი, მოვიძიე ფაქტები, გადავიღე ფოტოები და დავიწყე ამ წიგნზე მუშაობა“, - აღნიშნა ავტორმა.
როგორც მ. კვარაცხელიამ განაცხადა, სწორედ გერმანიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში გახდა ამ წიგნის დასაწერად შთაგონების წყარო. „ამ გათამაშებაზე თითქმის ყველა თამაშს დავესწარი და ლამის მივმართე FIFA-ს, რომ ყველა მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიაში ჩაატარეთ-თქო. ფაქტობრივად მეც გერმანელი გავხდი. მსოფლიო პირველობის დღეებში რამაც ყველაზე მეტად გამაოცა იყო გერმანელების სითბო. ყველა დეტალი ჩემპიონატიდან მოთხრობილია წიგნში. რამდენიმე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე მაქვს პატარა ჩანაწერები და მაქვს სურვილი ერთ წიგნად გავაერთიანო, თუმცა გერმანიაზე იმდენად დიდი მასალა მქონდა მინდოდა ცალკე წიგნად ყოფილიყო გამოშვებული“, - აცხადებს მ. კვარაცხელია.
მისივე თქმით, წიგნის პრეზენტაცია 13 მაისს საგანგებოდ დაამთხვია, ვინაიდან ამ დღეს ქართულმა ფეხბურთმა დიდ გამარჯვებას მიაღწია. „13 მაისი ჩვენს გულში ყოველთვის იყო არის და იქნება. ვერ აგიღწერთ ეს რა დღე იყო. დღეს რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი დავიბრუნოთ დაახლოებით ამ დონის სიხარული იყო 13 მაისი“, - დასძინა წიგნის ავტორმა.
შეგახსენებთ, რომ გარდა ზემოთჩამოთვლილი ფაქტებისა, წიგნში გამახვილებულია ყურადღება არა მარტო ქართულ ფეხბურთზე, არამედ საქართველოს ისტორიაზეც.
წიგნი გამოიცა სპორტულ ჟურნალისთა ასოციაციის დახმარებით. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ცნობილი ქართველი ჟურნალისტები, რომლებსაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ ავტორთან. ასევე სპორტსმენები და ქომაგები.

გიორგი ოთინაშვილი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური