ადამიანის უფლებათა დაცვა პანდემიის შემდგომი აღდგენის საფუძველია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2020 13:48

ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ევროკავშირი იწყებს 3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს გაეროს განვითარების პროგრამასთან და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან ერთად
 
თბილისი. 9 დეკემბერი 2020 – კორონავირუსის პანდემია კიდევ უფრო ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობას და საფრთხის წინაშე აყენებს მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების უფლებების დაცვას. ამის გათვალისწინებით, ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა (OHCHR) ერთად იწყებენ 2.5 მილიონი ევროს (3 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების პროგრამას, „ადამიანის უფლებები ყველასთვის“, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება.

სამწლიანი ინიციატივის ხელმოწერა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა.

პროგრამა განხორციელდება გაეროს სააგენტოების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტებთან, საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

„ინვესტიცია ადამიანის უფლებებში, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში აუცილებელია უფრო სამართლიანი, უფრო მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების მისაღწევად. ევროკავშირისთვის ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ისევე როგორც გენდერული თანასწორობა, ყოველთვის წამყვანი იქნება პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევისა და შემდგომი აღდგენის საქმეში“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

„საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში აღწერილი პრინციპების განხორციელების გზაზე. თუმცა, პანდემიამ ამ პროცესის სუსტი მხარეებიც გამოავლინა და დაგვანახა ის საფრთხე, რომელიც ადამიანის უფლებებს ემუქრება. ჩვენი ახალი პროგრამა პასუხს გასცემს ამ გამოწვევას და თავისუფლებისა და თანასწორობის ღირებულებებს პოსტ-პანდემიური აღდგენის ცენტრში დააყენებს“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

„დღეს ხაზს ვუსვამთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა პანდემიის შემდგომი აღდგენის იმპერატივია. საერთო მიზნების მიღწევას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც ყველა ადამიანისთვის თანაბარ შესაძლებლობებს უზრუნველვყოფთ, პანდემიის მიერ გამოვლენილ ჩავარდნებს მივხედავთ, ხოლო დამკვიდრებული, სისტემატური და თაობათაშორისი უთანასწორობის, გარიყულობისა და დისკრიმინაციის მოსაგვარებლად ადამიანის უფლებათა სტანდარტებს გამოვიყენებთ“, -  განაცხადა ვლადიმირ შკოლნიკოვმა, OHCHR-ის უფროსმა მრჩეველმა.

ევროკავშირის, UNDP-სა და OHCHR-ის ერთობლივი პროგრამა ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკისა და შესაბამისი პრაქტიკის განმტკიცებას საქართველოში. პროგრამის განხორციელებისას, განსაკუთრებული ყურადღება იმ საკითხებსა და გამოწვევებს მიექცევა, რომლებიც აღნიშნულია ევროკავშირისა და გაეროს მიერ 2019 წელს გამოქვეყნებულ დამოუკიდებელ შეფასებაში.  

ახალი პროგრამა ხუთი ძირითადი მიმართულებით წარიმართება:

  1. ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკის შექმნაზე, მონიტორინგსა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი საჯარო უწყებების გაძლიერება.
  2. სამართალდამცავი ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ხელშეწყობა.
  3. უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა.
  4. ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე.  
  5. საქართველოს მოქალაქეთა ინფორმირება ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ.

პროგრამა „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ეყრდნობა ევროკავშირისა და გაეროს ოთხწლიან თანამშრომლობას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ამ თანამშრომლობის ახალი ეტაპი მომავალი სამი წლის მანძილზე, 2023 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ევროკავშირის წარმომადგენლობის პრეს-რელიზი

გაეროს განვითარების პროგრამამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 06 მაისი 2020 13:40

გაეროს განვითარების პროგრამისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით საქართველოს პოლიცია მომხმარებელზე ორიენტირებული და შშმ პირებზე მორგებული სერვისების მიწოდებაში გადამზადდება

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის ფარგლებში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის თანამშრომლები სერვისების მიწოდების ახალ უნარ-ჩვევებს შეიძენენ

თბილისი. 6 მაისი 2020 – გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებენ ახალ ინიციატივას, რომლის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის,ყოფილი „მე-12 ოთახის“ თანამშრომლების შესაძლებლობებისა და სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.   

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოაგილემ, კახა საბანძემ 5 მაისს გამართულ ონლაინ შედხვედრაზე ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების  მემორანდუმს.

“შინანგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მომსახურების ცენტრის რეფორმას, რომლის მიზანია „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ. „მიმდინარე რეფორმის პროცესში ცენტრის თანამშრომლების ტრენინგი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს“.

„პოლიციის საქმიანობა ყოველთვის სტრესს უკავშირდება, რაც განსაკუთრებით კრიზისის დროს ვლინდება“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა. „ჩვენი გადამზადების პროგრამის შედეგად საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი შეიმუშავებს ახალ მიდგომებს და აღიჭურვება შესაბამისი უნარ-ჩვევებით, რათა ეფექტიანი მომსახურება გაუწიოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებსა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს“.

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი 2018 წელს ჩამოყალიბდა და მოქალაქეებს 50-ზე მეტი სერვისით უზრუნველყოფს. მათ შორისაა ჯარიმები, მართვის მოწმობის შეჩერება, დაკარგული სანომრე ნიშნების აღდგენა და საჯარიმო სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანასთან დაკავშირებული თანხმობა. UNDP-ის მხარდაჭერით, ცენტრის თანამშრომლები  მომხმარებელთან ურთიერთობის, ემოციების მართვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების ტრენინგს გაივლიან.

გარდა ამისა, UNDP ხელს შეუწყობს მომსახურების ცენტრს, დანერგოს საჯარო სექტორის ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმი, შეფასების ერთიანი სისტემა (CAF), რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში 4,500-მდე საჯარო უწყება იყენებს.

საქართველოში CAF სისტემის დანერგვა პირველად იუსტიციის სახლმა დაიწყო. UNDP-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, ეს წარმატებული პრაქტიკა სხა უწყებებშიც დაინერგება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა UNDP-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის 6 მილიონი აშშ დოლარის (4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი) ღირებულების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას ემსახურება და რეფორმის სამ ძირითად მიმართულებას ეხმიანება: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა და საჯარო სამსახურის რეფორმა, და სახელმწიფო სერვისების მიწოდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური