თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ლიტვაში იმყოფება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017 15:09

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლევან იზორიას ხელმძღვანელობით კანადის შემდეგ ლიტვის რესპუბლიკას ეწვია. ვილნიუსში ვიზიტი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ლიტველ კოლეგასთან, რაიმუნდას კარობლისთან შეხვედრით დაიწყო. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი ლიტვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროში ორკესტრისა და საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. ლევან იზორია ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩიუსსაც შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო მსოფლიოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რეგიონში არსებულ მდგომარეობას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და მონაწილობას სამშვიდობო მისიებში. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ლიტვის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დღესვე, ლევან იზორიამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში: „აღმოსავლეთ პარტნიორები ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში - ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის დანერგვა პრაქტიკაში", სადაც პანელზე სიტყვით ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად გამოვიდა.

ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სეიმის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან და გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვიტალიუს ვაიკშნორასთან.

საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება ლიტვასთან - 79:77

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 01 სექტემბერი 2017 11:09

საქართველოს ნაკრებმა თელ ავივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ლიტვის ნაკრები 79:77 დაამარცხა! საქართველოს და ლიტვის ნარკების ბოლო დაპირისპირებები უკომპრომისო ბრძოლაში წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. (იხილეთ ფოტოგალერეა)

ასე იყო ახლაც და საბედნიეროდ გამარჯვებული ამჯერად საქართველო გამოვიდა, რომელმაც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში განცდილი მწარე მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო! თამაშის საწყისი წუთები და მეორე ნახევარიც ლიტვის ნაკრების უპირატესობით წარიმართა, რომელიც პერიმეტრიდანაც კარგად თამაშობდა და სამწამიანშიც აგროვებდა ქულებს, ძირითადად იონას ვალანჩუნასის დახმარებით.

ამ ყველაფერს გიორგი ცინცაძის ტრამვა დაემატა და ისე ჩანდა, რომ ჩვენი გუნდი მატჩის გადარეჩენას ვერ შეძლებდა. მაგრამ, საოცარი, ზღაპრული მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ვერც მოტეუნასმა და ვერც კუზმინსკასმა ვერ შეაჩერეს, ორივემ მატჩი 4-4 პერსონალური შენიშვნით დაასრულა. თორნიკემ 29 ქულა ჩააგდო და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

მესამე პერიოდის მიწურულს ზუროსმა მოედანზე ორი მაღალი - ფაჩულია და შერმადინი შემოუშვა, რამაც გაამართლა - ის მონაკვეთი საქართველომ მოიგო და საერთოდაც ბერძენმა სპეციალისტმა მთელი თამაში უმაღლეს დონეზე წარმართა, ლიტველთა თავკაცს დაინიუს ადომატისს ულაპარაკოდ აჯობა. საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრებმა წააგო მოხსნებში 32:38, უარესი ბალანსი ჰქონდა სამქულიანებში 3:8, მაგრამ თამაში მაინც მოიგო. მოიგო გამართული, დალაგებული დაცვის ხარჯზე.

ჩვენს გუნდს ასეთი მაღალი დონის თამაში დაცვაში აქამდე არ უჩვენებია, რაც ცხადია ილიას ზუროსის დამსახურებაა, რომელმაც უდიდესი სამუშაო გასწია და საქართველოს ნაკრებს ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა.

ლიტვის დამარცხება, რომელიც ჩვენი ჯგუფის ფავორიტად ითვლებოდა და ევროპის ჩემპიონატზე დიდი ამბიციებით არის ჩამოსული აბსოლუტურად ცვლის საერთო სურათს ბ-ჯგუფში და ჩვენს გუნდს აძლევს საუცხოო შანსს, რომ პლეი ოფში ბევრად უკეთესი ადგილით გავიდეს. ეს კი თავის მხრივ პლეი ოფში შედარებით სუსტ მეტოქესთან შეხვედრის წინაპირობაა. თუმცა, მანამდე ჯგუფური ეტაპის 4 თამაშია, რომელიც საქართველომ ასევე მაღალ დონეზე უნდა ჩაატაროს.

ხვალ, 1 სექტემბერს გუნდები ისვენებენ. 2 სექტემბერს საქართველოს ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს უკრაინას იოლად 75:63 მოუგო. თელ ავივში ისტორიულ შეხვედრას 400-მდე ქართველი დაესწრო და საქართველოს ნაკრებს უქომაგა. ქართველი კალათბურთელები ტრიბუნებიდან გაამხნევეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და ისრაელში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა.

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):" ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით, ყველა ვინც მოედანზე იყო 100% დაიხარჯა. ცინცაძის დაშავების შემდეგ ისე გამოვიდა, რომ ძირითადი ხუთეულის წევრებს სათამაშო დრო კიდევ უფრო გაეზარდათ და გარკვეულწილად გავრისკეთ იმაზე გათვლით, რომ ხვალ დასვენების დღეა და იმედია ბიჭები ძალების აღდგენას მოასწრებენ. ეს გამარჯვება კარგია, მაგრამ თავს მოდუნების უფლება არ უნდა მივცეთ, წინ კიდევ 4 მძიმე მატჩია და ყველა შეხვედრაში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენი მიზანი გასვლაა.  მადლობა კიდევ ერთხელ გუნდს ასეთი თავგანწირული ბრძოლისთვის"

ლექსო მაისურაძე

შსს-ს ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები ეწვივნენ

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 07 აპრილი 2017 17:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ - ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის გენერალური კომისრის მოადგილე რიმანტას ბობინასი და კრიმინალური პოლიციის ბიუროს დელეგაცია ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ბესიკ ამირანაშვილს და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვენების პოლიციის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე, საქართველოსა და ლიტვის საპოლიციო უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

ლიტველმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესაძლებლობები განიხილეს და მძიმე და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის დელეგაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს და ერთობლივი ოპერაციების ცენტრს ეწვივნენ და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობის და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, პოლიციის საკითხებში სტანდარტიზაცია და ჰარმონიზაცია.

სოფიო ქაცარავა ლიტვის საგანგებო დავალებათა ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 15:12

დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა ელჩს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში იონას პასლაუსკასს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, მხარეებმა ძირითადად ისაუბრეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და სამომავლო თანამშრომლობის ცალკეულ ასპექტებზე, ამ თანამშრომლობის შემდგომ გააქტიურებასა და გაღრმავებაზე.

სტუმარმა თავის მხრივ გამოთქვა მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტთან, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან, და მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროინტეგრაციას.

„ძალიან ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანადგომასა და მხარდაჭერას და ჩვენ მხრივ გამოვთქვამთ მზადყოფნას მათთან შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლიტვის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 13:10

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გიედრიუს პუოჯუნასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და საქართველოსა და ლიტვის პარლამენტებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე ისაუბრეს. 

„ლიტვისა და საქართველოს პარლამენტებს შორის არსებობს საპარლამენტო თანამშრომლობა თუმცა, საქართველოს მსგავსად, ლიტვაშიც ახლადარჩეული პარლამენტია. მნიშვნელოვანია პარლამენტების ახალ შემადგენლობებს შორისაც შედგეს ძალიან აქტიური თანამშრომლობა. ლიტვასთან ჩვენ განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელმაც უკვე გაიარა ის გზა, რომლის გავლასაც ჩვენ ახლა ვცდილობთ. მას შეუძლია მნიშვნელოვანი და ჩვენთვის ძალიან საინტერესო გამოცდილების გაზიარება. ამ მიმართულებით, ელჩთან შეხვედრისას კონკრეტულ გეგმებზეც ვისაუბრეთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ხულორდავამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლის დასაწყისში, საქართველოში, ლიტვის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრების ვიზიტი გაიმართება, რომელიც ორი ქვეყნის პარლამენტების ძალიან მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობას ჩაუყრის საფუძველს.

ლიტვაში ე.წ. სავჩენკოს სია ძალაში შევიდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 13 აპრილი 2016 09:15

ლიტვა ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანაა, სადაც ე.წ. სავჩენკოს სია შევიდა ძალაში. ვილნიუსმა ოფიციალურად აუკრძალა ქვეყანაში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინელი მფრინავისთვის 22 წლიანი პატიმრობის მისჯასთან არიან დაკავშირებული.სიაში სულ 46 ადამიანია. მათ შორის მოსამართლეები, პროკურორები, დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტები არიან.

კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლების ვიზიტი ლიტვაში

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 12 აპრილი 2016 11:58

კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ლიტვაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში ბიუროს წარმომადგენლები ლიტვაში თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის, კიბერუსაფრთხოებისა და ტელეკომუნიკაციის სამსახურისა და ლიტვის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და საქართველოსა და ლიტვას შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. ვიზიტის ფარგლებში კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები ლიტვის კიბერთავდაცვის სტრუქტურას, სამართლებრივ სისტემასა და ცნობიერების ამაღლების პროგრამებს გაეცნენ. 
ბიუროს წარმომადგენლებმა ლიტველ კოლეგებს საქართველოს კიბერსივრცის არქიტექტურა, კიბერუსაფრთხოების ბიუროს სტრუტურა და კიბერშესაძლებლობები გააცნეს. შეხვედრაზე ასევე გაიმართა დისკუსია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდავდასხმების შესახებ. 
ვიზიტის შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ლიტვის თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურის თანამშრომლების ერთობლივი ჯგუფის საერთაშორისო კიბერწვრთნებში მონაწილეობის თაობაზე.

მე-17 საუკუნის მონასტერს თბილისში,კირიონ II-ის არქივში დაცული ისტორიული ხელნაწერების ასლები გადასცეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 11:13

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა, ქართველ კოლეგას პაჟაისლისის  მონასტერში უმასპინძლა. მე-17 საუკუნის მონასტერი აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უნიკალურია .

პაჟაისლისის მონასტერს საქართველოსთან უნიკალური კავშირი აქვს. აქ 1907-1908 წლებში წინამძღვარად მსახურობდა საქართველოს პირველი კათალიკოს-პატრიარქი, კირიონ II (ერისკაცობაში - გიორგი საძაგლიშვილი). 

მონასტრის მონახულებისას ლიტვის საგარეო საქმეთ მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა ხელნაწერების ასლი ქართველ კოლეგას, მიხეილ ჯანელიძეს წარუდგინა,  რის შემდეგაც იგი  პაჟაისლისის მონასტერს, კერძოდ, წმ. კაზიმირის კონგრეგაციის  წინამძღვარსა და სილვია ელენა მატაჩიუნაიტეს გადაეცა.

ხელნაწერთა გადაცემის ცერემონიაზე ორივე  ქვეყნის  საქარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს ევროპის ისტორიაში პაჟაისლისის მონასტრის, როგორც კულტურისა და სულიერების ცენტრის არსებობის  მნიშვნელობა და კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ მონასტრის კედლებში მსახურობდა საქართველოს უდიდესი სასულიერო მოღვაწე, საქართველოს პირველი კათალიკოს-პატრიარქი  კირიონ მეორე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტველ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 11:03

საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მიხეილ ჯანელიძე უკვე შეხვდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსს. 

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები. მინისტრები მიესალმნენ ლიტვა-საქართველოს შორის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის ფორმატის არსებობას და კმაყოფილება გამოთქვეს, რომ კომისიის მორიგი სხდომა ვილნიუსში, სწორედ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხელ ჯანელიძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ასევე ეწვევა ვილნიუსის  უნივერსიტეტს, სადაც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „საქართველოს ევროპული გზა“.

გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 11:34

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა.
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ორი ქვეყნის თანამშრომლობის სფეროები, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა, საუბრის ძირითადი თემები იყო.
ლიტვა საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტურ განხორციელებაში მხარდაჭერას სთავაზობს.
პრემიერმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის მნიშვნელობა, ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური