ლიტერატურა საზღვრებს მიღმა - თარგმანები საქართველოსა და ევროკავშირს შორის კულტურული თანამშრომლობის დასამყარებლად

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 29 ივლისი 2017 17:12

ავტორი: თამარ ხურცია

 

ლორენს პლაზენეტი, კარლ ფროდე ტილერი, იზაბელ ვერი, კატრი ლიპსონი, დანიელ პენაკი... ეს არასრული ჩამონათვალია იმ 20 ევროპელი ავტორისა, რომელთა ნაწარმოებების ქართულ ენაზე თარგმნას ევროკავშირის „ლიტერატურული თარგმანების მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში,2017-2018 წლებში ქართველი მკითხველი მშობლიურ ენაზე გაცნობას შეძლებს.

ქართული წიგნის ბაზარზე თანამედროვე ინგლისურ ლიტერატურასთან შედარებით მოკრძალებულად არის წარმოდგენილი ევროპული ლიტერატურა, მიიჩნევს გამომცემლობა „ელფის“ საავტორო უფლებებისა და თარგმანების მონიტორინგის ხელმძღვანელი ლეილა კირთაძე. „ელფი“ იმ ორი ქართული გამომცემლობიდან ერთ-ერთია, რომელიც „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის „ლიტერატურული თარგმანების მხარდაჭერის პროექტის“ 2016 წლის გამარჯვებულია და ათი ევროპელი ავტორის ნაწარმოებების თარგმნის უფლება მოიპოვა.

გამომცემლობებმა „ეფლმა“ და „აგორამ“ „შემოქმედებითი ევროპისგან“ 2016 წელს მოიპოვეს დაფინანსება,რათა მომდევნო ორი წლის მანძილზე გამოსცენ, დაბეჭდონ და პოპულარიზაცია გაუწიონ 20 წიგნს. „შემოქმედებითი ევროპა“ არ გამოყოფს 100%-იან დაფინანსებას. პროგრამის ყველა სქემა ნაწილობრივ თვითდაფინანსებაზეა დაფუძნებული.

აღნიშნული შესაძლებლობა საშუალებას იძლევა ევროპული ენებიდან ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნას. დაფნანსება მიზნად ისახავს ევროპაში კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების მხარდაჭერას, მაღალი ხარისხის ლიტერატურის პოპულარიზაციას, ლიტერატურული ნაწარმოებების საზღვრებს მიღმა გავრცელებას და ახალი აუდიტორის მოზიდვას. 

„ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის 10 ლაურეატი“, ასე ქვია „ელფის“ პროექტს, რომელშიც ნორვეგიელი მწერლის კარლ ფროდე ტილერის ნოველა „წრე“ (Encirclement/Innsirkling) შევიდა, ასევე ბერძენი მწერლის მაკის ტსიტას „ღმერთი არის ჩემი თვითმხილველი“ (God Is My Witness), ფინელი მწერლის კატრი ლიპსონის „ნაყინის კაცი“ (Ice Cream Man) და სხვა.   

„უკანასკნელი 20 წლის მანძილზე არასოდეს გამოცემულა ნორვეგიული ლიტერატურა, სულ რამდენიმე წიგნია ნათარგმნი ბერძნულიდან და იტალიურიდან. არსებული ვაკუუმის შევსების მიზნით, „ელფის“ გამომცემლობამ სათარგმნად და გამოსაცემად შეარჩია ქართველი მკითხველისათვის სრულიად უცნობი, ევროპელ ავტორთა ნაწარმოებები, რომელიც ჩვენს მკითხველს გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის თანამედროვე ევროპულ ლიტერატურასა და მწერლებზე,“ ამბობს ლეილა კირთაძე. 

გამომცემლობა “ელფს” ბაზარზე მოღვაწეობის ოცწლიანი ისტორია აქვს. მათ მიერ გამოცემული წიგნების ძირითადი ნაწილი საბავშვო ლიტერატურაზე მოდის. გამომცემლობაში დარწმუნებულები არიან, რომ ნათარგმნი ლიტერატურა დიდ მოწონებას დაიმსახურებს ქართველ მკითხველში.

ავტორებისა და ნაწარმოებების შერჩევისას ძირითადად ნაწარმოების და ავტორის დროსთან აქტუალურობა გაითვალისწინეს. სწორედ ამიტომ, ათ ნაწარმოებს შორის ფინელი მწერლის რომანსაც თარმგნიან. მთარგმნელი დიმიტრი გოგოლაშვილი კატრი ლიპსონის წიგნზე „ნაყინის კაცი“ მუშაობს.

„ძირითადად მე ვირჩევ ხოლმე სათარგმნ წიგნებს, მაგრამ ამ შეკვეთამ დამაინტერერესა, ჩეხოსლოვაკეთის-და ჩეხეთის ახლო ისტორიას მოიცავს, რეჟისორის და რამდენიმე მსახიობის ამბავს, რომლებიც წინასწარი სცენარის გარეშე იღებენ ფილმს, ამბები და ისტორიები ერთმანეთში ირევა, ანუ კინო და სინამდვილე. კომუნისტური წყობის სურათიც კარგადაა წარმოჩენილი, ამ მხრივ ქართველი მკითხველისთვის ახლო და გასაგები უნდა იყოს.“

მთარგმნელი მზია გომელაური კი ფრანგი ავტორის რომანს „მშვიდობით გარი კუპერს“ თარმგნის, გამომცემლობა „აგორასათვის“, რომელიც აქცენტს ფრანგული ლიტერატურის თარგმანზე აკეთებს.

„რომენ გარის თარგმნა ჩემთვის ახალი არ არის. მე უკვე ვთარგმნე ამ ავტორის „დაპირება განთიადისა“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებია და მიმაჩნია, რომ არა „აგორა“ რომენ გარი უცნობი ავტორი იქნებოდა საქართვლოში. გარი ძალიან ევროპული ავტორია, კოსმოპოლიტურიც, რადგან ძალიან ბევრი ფესვი აქვს,“ განაცხადა მზია გომელაურმა. 

მთარგმნელ მზია გომელაურს ძალიან გაეხარდა, როდესაც ამ ნაწარმოებისთარგმნა შესთავაზეს. „მრავალწახნაგოვანი ავტორია, გეგონება სხვადასხვა ადამიანი წერს. თავისთავად ძალიან საინტერესო სათარგმნია, და ალბათ იმიტომ, რომ აქაც ორი კულტურა იკვეთება. მთავარი პერსონაჟი ამერიკელია, არაფრანგი გამოდის. იგი სხვადასხვა კუთხით წარმოაჩენს ხოლმე თავის თავს, ამიტომ მეტყველებაც ასეთი აქვს, სამოციანი წლების ამერიკული და ამ მრავალპლანობრიობის გამო თავისათავად თარგმანს ცოტა ართულებს“, - ამბობს მზია გომელაური.

გამომცემლობა „აგორას“ დირექტორი მარინა ბალავაძე მიიჩნევს, რომ თარგმანის შესრულებისას ხარისხია პრიორიტეტული. „თარგმანში არ უნდა დაიკარგოს ავტორი და ჩვენ ზუსტად ისეთი თარგმნელები გვყავს, რომ გვაქვს გარანტია ეს ასე არ იქნება. კონკურსზე თარგმანების წარდგენა შეგვეძლო და ვიფიქრეთ რატომაც არა, მოდი ახლა გავფართოვდეთ და მხოლოდ ფრანგულეოვანი ლიტერატურა კი არა, სხვა ენებიც მოვიცვათ“, - განაცხადა ბალავაძემ.

პროექტს „ევროპული ლიტერტურის მოზაიკა“ დაარქვეს და მასში 10 ევროპელი ავტორის ნაწარმოები შეიტანეს, მათ შორის ირლანდიელი ავტორის, დონალდ რაიანის რომანი „მბრუნავი გული“ (The Spinning Heart) და იტალიელი ავტორის იტალო კალვინოს “ბარონი ხეზე” (The Baron in the Trees) და სხვა.

„საქართველოში წიგნზე დიდი მოთხოვნაა. შენ გამომცემელი შენი ძალებით ბევრს ვერაფერს გაწვდები თუ „ლიტერატურული თარგმანების მხარდაჭერის პროექტის“ მსგავსი პროგრამები არ იქნება. ჩვენი გამომცემლობა ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ორ-სამ ახალ თარგმანს თუ შევთავაზებთ მკითხველს, ამ პროექტის წყალობით 10 ახალი ავტორის ნაწარმოებისწარდგენა შეგვიძლია. ეს ყველაფერი ქვეყანაში კულტურული დონის ამაღლებას საოცრად ეხმარება. ძალიან მიხარია, რომ საქართველო ძალას არ იშურებს ამ პროექტში ჩართულობისთვის“, - განაცხადა ბალავაძემ.

გამომცემელს შეუძლია შეიტანოს განაცხადი 10 მხატვრული ნაწარმოების თარგმანზე. დაფინანსება უნდა მოხმარდეს ევროპული ლიტერატურის თარგმნას, გამოცემას და პოპულარიზაციას. გამომცემელს შეუძლია მოითხოვოს გრანტი 100 ათასი ევროს მოცულობის (მაქსიმალური ღირებულების 50%) და პროექტი ორი წლის მანძილზე უნდა განხორციელოს.  

პროგრამა „შემოქმედებითი საქართველოს“ ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოში ქეთი შენგელიას განცხადებით, გასულ წელს დაფინანსების მოსაპოვებლად ხუთმა აპლიკანტმა შეიტანა განაცხადი. იგი იმედოვნებს, რომ მომდევნო წლებში როგორც აპლიკანტების, ისე გამარჯვებულების რაოდენობა გაიზრდება. 

„ეს პროგრამა კარგია იმ კუთხით, რომ ლიტერატურა რომელზეც წვდომა არ გვაქვს და არ თარგმნილა ბევრი წლების მანძილზე, გამარჯვებულმა გამომცემლებმა საკუთარ თავზე აიღეს. ასევე, ყურადსაღებია, რომ ამ პროექტით ასაქმებ თარჯიმნებს. თარჯიმნის პროფესია მეტ-ნაკლებად დავიწყებულია, რეალურად ამ დაფინანსების მიზანი არის, რომ თარჯიმნის პროფილი აიწიოს და აცნობოს ადამიანებს რომ ეს არის რეალური პროფესია“, - ამბობს შენგელია.

ამ დაფინანსების სქემით, ერთის მხრივ ქვეყანა ნათარგმნი ლიტერატურული ფონდის მრავალფეროვნებას ახდენს, მეორეს მხრივ, კი ქართველი ავტორების ნაწარმოებებს ეძლევათ შანსი ევროპულ ენებზე ითარგმნოს და ჩვენი ავტორების შესახებაც გავრცელდეს ინფორმაცია ევროპაში. ქეთი შენგელია მიიჩნევს, რომ „კრეატიულ ევროპის“ პროგრამაში გაწევრიანება ერთგავრად ნიშნავს „ქართული კულტურის სფეროსევროპის ოჯახში შესვლას“.

"ამ პროგრამასთან შეერთებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. საქართველოს ძალიან დიდი შემოქმედებითი პოტენციალი აქვს და ეს პოტენციალი უნდა განვითარდეს“, - აცხადებს ქეთი შენგელია.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ენთუზიასტია ქართველ გამომცემლებს შორის, რომელბიც უკვე ემზადებიან დაფინანსების მოსაპოვებლად, რათა ქართულად თარგმნონ ევროპელი ავტორების ნაწარმოებები. იმედია, რომ მსგავსი პროექტების რაოდენობა გაიზრდება და საქართველო-ევროკავშირის კულტურული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება. ამ კავშირების განმტკიცებაშიკი ევროკავშირის მხარდაჭერა ძალიან დასაფასებელია.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროექტის ფარგლებში. სტატიაში გამოქვეყნებული შეხედულებები ეკუთვნის ავტორს.     

ქეთი შენგელია: საქართველოს უზარმაზარი შემოქმედებითი პოტენციალი უნდა განვითარდეს

გამოქვეყნებულია კულტურა
კვირა, 26 თებერვალი 2017 10:45

პროგრამა „შემოქმედებითი საქართველოს“ ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოში ქეთი შენგელია ორგანიზაციის წინაშე მდგარი მთავარი ამოცანებისა და ასევე იმის შესახებ საუბრობს, თუ რა არის საჭირო გრანტის მისაღებად განაცხადის სწორად წარსადგენად და რა სიძნელეებს აწყდება მუშაობისას ბიურო დღეს.  

პოტენციალი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ

პროგრამის ერთ-ერთი მიზანი  — ეს კულტურის, კრეატიული და აუდიოვიზუალური სექტორების განვითარების მხარდაჭერაა. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პროგრამის წევრობა, რათა ჩვენს კულტურულ და შემოქმედებით სფეროებსა და მათ წარმომადგენლებს ევროპულ ორგანიზაციებთან მუშაობის შანსი ჰქონდეთ — მათთან ერთად განვითარებისა, მათგან სწავლისა, გამოცდილების გაზიარებისა და რაიმე ახლის ერთობლივად შექმნისა.

ვფიქრობ, სწორედ ესაა პროგრამის მიზანი — დაგვანახოს, რისი გაკეთება შეუძლია თითოეულ ქვეყანას კულტურის განვითარებისთვის.  

საქართველოს შემოქმედებით და კულტურულ სფეროს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ეს არის როგორც კრეატიული ინდუსტრია, ისე ლიტერატურა, ვიზუალური ხელოვნება თუ სხვა მიმართულებები. პოტენციალი არსებობს ყველა დარგში და საჭიროა მათი განვითარება.

მაგრამ ამ პროცესს ართულებს ის, რომ ყველას არ ესმის კულტურის როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ადამიანების უმრავლესობას არ აქვს ინტერნაციონალურ დონეზე მუშაობის გამოცდილება. ვიღაცას ეშინია პასუხისმგებლობის აღება, ხოლო ვიღაცას არ სურს ცვლილებები.  მაგრამ იმავდროულად არსებობს დიდი ინტერესიცა და ორგანიზაციები თუ შემოქმედებითი მოღვაწეებიც, რომლებსაც კარგი პროექტების რეალიზაცია სურთ.

ის რომ საქართველო „შემოქმედებითი ევროპის“ ნაწილი გახდა, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ამით ქართულ ორგანიზაციებს კულტურის სფეროში ევროპელ კოლეგებთან კავშირის დამყარების შესაძლებლობა გაუჩნდათ. ისინი უკვე განაცხადების მომზადების პროცესში თანამშრომლობენ და ფიქრობენ, როგორ განავითარონ შემდგომი თანამშრომლობა.

აქტიურობის დონე საქართველოში

როდესაც საქართველო პროგრამაში ჩაერთო, დიდი ბუმი დაიწყო. მაგრამ როცა კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა შეიტყეს, რომ დაფინანსების მისაღებად რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო აუცილებელი, რომ საჭირო იყო განვითარება და პოტენციალის გაძლიერება, ინტერესი შესუსტდა.

თუმცა განაცხადების რაოდენობა გამუდმებით იზრდება. 2015 წელს შვიდი პროექტი გვქონდა, ხოლო 2016 წელს ორჯერ მეტი განაცხადი შემოგვივიდა. ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალია, ვიდრე, მაგალითად, სლოვენიისა, რომელიც დღეისათვის პროგრამის ერთ-ერთი ლიდერია. რაღაც შედეგებამდე რომ მისულიყვნენ, მათ რამდენიმე წელი დასჭირდათ. ჩვენ კი უკვე შვიდი პროექტი გვაქვს, რომლებმაც დაფინანსება მიიღეს.

დღეისათვის რამდენიმე ორგანიზაცია ამზადებს პროექტებს, რათა 2017 წელს წარადგინოს ისინი. ეს კარგი შედეგია, მაგრამ ვისურვებდით, რომ მონაწილეებიცა და პროექტებიც კიდევ მეტი იყოს.

პირველი ნაბიჯები

მთავარი, რაც უნდა გააკეთოთ პროექტის შემუშავებისა და მის დასაფინანსებლად განაცხადის წარდგენისას — ეს ისაა, რომ უნდა შეისწავლოთ პროგრამის მიმდინარე პრიორიტეტები. თუ დაინტერესებულ ორგანიზაციას არ შეუძლია საჭირო ინფორმაციის მოპოვება, მას ყოველთვის შეუძლია დახმარებისთვის მიმართოს ბიუროს, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია ინდივიდუალური კონსულტაციებიც არის.

პირველი ნაბიჯი — გაიაზრეთ, გაქვთ თუ არა კარგი იდეა, გაქვთ თუ არა პროექტის საინტერესო და კარგად მომზადებული, გონივრული კონცეფცია. ამის შემდეგ, მიუხედავად საკუთარი ძალების რწმენისა, მაინც უნდა გაიაროთ კონსულტაცია „შემოქმედებითი ევროპის“ ბიუროს წარმომადგენელთან.

ჩვენ ვსწავლობთ სხვადასხვა ორგანიზაციების წინადადებებს და ვურჩევთ მათ,  ღირს თუ არა ამა თუ იმ პროექტის განსახილველად წარდგენა. თუ პროექტი პროგრამის პრიორიტეტებს შეესაბამება, ჩვენ ასევე ვეხმარებით მათ პარტნიორების მოძებნაში, რათა პროექტი განხორციელდეს.

ერთობლივი მუშაობა გრანტის მისაღებად

ქვეპროგრამა „კულტურა“ დაფინანსების ოთხ სქემას ითვალისწინებს: ლიტერატურული თარგმანები, თანამშრომლობის პროექტები, ევროპული პლატფორმები და ევროპული ქსელები.

ლიტერატურული თარგმანები — ეს დაფინანსების ერთადერთი სქემაა, რა დროსაც ორგანიზაციებს არ სჭირდებათ პარტნიორები სხვა ქვეყნებში, მათ თავად შეუძლიათ განაცხადის წარდგენა. ყველა სხვა შემთხვევაში პროექტს, სულ ცოტა, სამი პარტნიორი უნდა ჰყავდეს სხვადასხვა ქვეყნიდან.

პროგრამის მონაწილე ქვეყნებში არსებობს „შემოქმედებითი ევროპის“ ბიუროები, გვაქვს საკუთარი სოციალური ქსელი და ვცვლით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ ორგანიზაციებს სად, რომელ ქვეყანაში სურთ ამა თუ იმ პროექტის რეალიზაცია.

მაგალითად, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ორგანიზაციას საქართველოდან პროექტის რეალიზება და განაცხადის წარდგენა სურს. ისინი ამ ინფორმაციას თავიანთი ქვეყნების  კულტურის სფეროში ავრცელებენ, რის შემდეგაც  თავად კულტურის წარმომადგენლები უკავშირდებიან ერთმანეთს და პროექტის ერთობლივად შემუშავებას იწყებენ. 

იყო შემთხვევა, როდესაც დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მათ აქვთ პროექტი და ეძებენ ორგანიზაციას საქართველოდან კლასიკური მუსიკის სფეროში. ამ დროს მე შემიძლია პირდაპირ დავაკავშირო ისინი კონსერვატორიასთან ან კლასიკური მუსიკით დაკავებულ სხვა ორგანიზაციებთან. ესეც ბიუროს ერთ-ერთი ფუნქციაა.

ფინანსირების პირობები

პროგრამა განსახილველად იღებს განაცხადებს ორგანიზაციებისგან და არა ფიზიკური პირებისგან. ამიტომ მხატვარს, მწერალსა თუ შემოქმედებითი იდეის ავტორს არ შეუძლია საკუთარი სახელით წარმოადგინოს პროექტი. მას შეუძლია, თავად და ან თანამოაზრეთა გუნდთან ერთად, შექმნას საამისოდ ორგანიზაცია.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ: ან ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება,  ან დაინტერესებულ პირს შეუძლია გახდეს პროექტის მენეჯერი უკვე არსებულ ორგანიზაციაში. იდეის რეალიზებისთვის უნდა მოსინჯოთ ერთად მუშაობა და თანაც, შესაძლოა რამდენიმე ორგანიზაციასთანაც კი.

უნდა გახსოვდეთ, რომ „შემოქმედებითი ევროპა“ არ გამოყოფს 100%-იან დაფინანსებას. პროგრამის ყველა სქემა ნაწილობრივ თვითდაფინანსებაზეა დაფუძნებული.

მაგალითად, თანამშრომლობის თემაზე პროექტების ფარგლებში პროგრამა თანხის 60%-ს გამოყოფს, ხოლო დანარჩენი 40 პროცენტი თავად ორგანიზაციამ უნდა დაფაროს ან სხვა სპონსორისგან მიიღოს. სწორედ ეს — დამატებითი დაფინანსების  მოძიების მომენტია ამ ეტაპზე საქართველოში რული, და არა მარტო საქართველოში.

ენობრივი ბარიერი

საქართველოში დღემდე ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება ინგლისური ენა. სამწუხაროდ, ინგლისური ენის ცოდნის დონე აქ დაბალია.

შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენელთა უმრავლესობას შორის ინგლისურის არცოდნა სირთულეებს ქმნის.  თუ ადამიანი სხვადასხვა შეხვედრებში, პრაქტიკულ სემინარებსა და ვორქშოფებში მონაწილეობას ღებულობს, ინგლისური ენა უნდა იცოდეს.

სირთულეები იქმნება ინგლისურ ენაზე დოკუმენტაციის შედგენისას და ასევე სხვადასხვა მიმართულებით ონლაინ-კურსების გავლისას.  

შემოქმედებითი ჰაბების როლი

საქართველოში დღეს მხოლოდ იქმნება შემოქმედებითი ჰაბები — Creative hubs. ეს ისეთი ადგილებია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარ-ურთიერთობა, იდეების გაზიარება, ერთობლივად რაღაც ახლის შექმნა. 

დღეს შემოქმედებით ჰაბებში ძირითადად ახალგაზრდობა მონაწილეობს, უფროსი ასაკის ადამიანები მიჩვეულები არ არიან ამას, მათ არ იციან, რა არის ჰაბი და არ ესმით მისი მიზნები. თუმცა ვფიქრობ, რომ, როგორც კი ასეთი გაერთიანების პოტენციალს დაინახავენ, ისინიც შეუერთდებიან მას.

შემოქმედებითი ჰაბების მუშაობაში ჩასართავად ყველა უნდა მივიზიდოთ, რათა საზოგადოების რაც შეიძლება მეტი ნაწილი დაინტერესდეს ამით.

პროგრამა „შემოქმედებითი ევროპისთვის“ აუდიტორიის ზრდა-განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ეს ნიშნავს არა მხოლოდ ახალ აუდიტორიაზე გასვლას, არამედ   უკვე არსებულთან თანამშრომლობის განვითარებას, ახალი ერთობლივი პროდუქტების შექმნას, შემოქმედებით პროცესში ჩართულობის ამაღლებას.

საზოგადოებას ინფორმაცია სჭირდება

ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანების პროგრამით დაინტერესება და მათი ჩვენს ღონისძიებებზე მიზიდვა. ამ სფეროში აქტიურად მომუშავე ადამიანებმა ამის შესახებ იციან. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ახალი სახეები მოვიზიდოთ.

ქართული მედიასაშუალებები აქტიურად რომ აშუქებდნენ, რა ხდება კულტურის სფეროში, მეტ ინფორმაციას იძლეოდნენ არა მარტო „კრეატიული ევროპის“, არამედ საქართველოში კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების კუთხით სხვა პროექტების შესახებაც, ძალიან კარგი იქნებოდა. 

აღვნიშნავ, რომ კულტურის სამინისტრო ძალიან დაინტერესებულია შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიის განვითარებით საქართველოში და აქტიურად უწყობს ხელს საზოგადოებამდე აუცილებელი ინფორმაციის მიტანას.

„შემოქმედებითი ევროპა“  იმაზეც მუშაობს, რომ საზოგადოებამდე მიიტანოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რა შეუძლია გააკეთოს შემოქმედებით და კულტურულ ინდუსტრიას ქვეყნის განვითარებისთვის და ეხმარება ადამიანებს, რომლებიც უკვე მუშაობენ ამ სფეროში, კიდევ უფრო წარმატებულები გახდნენ, გავიდნენ საერთაშორისო დონეზე.

ვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისში „შემოქმედებით ევროპაზე“ ბევრად მეტი იციან, ვიდრე ქვეყნის რეგიონებში, სადაც ინფორმაციაზე წვდომა ბევრადგართულებულია და ისე აქტიურად არ სარგებლობენ ინტერნეტით.

2017 წელს საინფორმაციო ტურნეს ვგეგმავთ საქართველოს მასშტაბით, ვაპირებთ საზოგადოებასთან შეხვედრების გამართვას და მათთან პროგრამის შესახებ — მის შესაძლებლობებსა და პრიორიტეტებზე საუბარს.

ჩვენ უკვე ჩავატარეთ ერთი ასეთი შეხვედრა ბათუმში და ძალიან გახარებულები დავრჩით იმით, რომ აუდიტორია უფრო აქტიური გამოდგა, ვიდრე თბილისში და დიდი ინტერესი გამოავლინა  პროგრამის მიმართ.

აუდიტორიას დრო სჭირდება იმის გასააზრებლად, რას უნდა ელოდოს პროგრამისგან და როგორ უნდა ჩაერთოს მასში. სწორედ ამ პროცესის გასააქტიურებლად ვაწყობთ კონფერენციებს, დისკუსიებს, ვორქშოფებს და შემოქმედებით სემინარებს.  ასეთი ღონისძიებები — განსაკუთრებით, თუ მათში ექსპერტები და სხვა ქვეყნების ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლებიც საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ — საქართველოს წარმომადგენლებს აძლევს მაგალითს, რა გზას უნდა გაყვნენ. 

ქეთი შენგელია 

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ''სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2016 19:28

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა პირველ საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ''სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა.
20-21 სექტემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ამა წლის 17-25 სექტემბერს დაგეგმილ თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი (ბაქო, აზერბაიჯანი)), ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ''ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში“ (HALC-2016).
ღონისძიებაში 100-მდე გამომსვლელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ასევე, ირანიდან, ეგვიპტიდან და ინდოეთიდან.
კონფერენციიის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და მანჩესტერის სამეცნიერო ტექნოლოგიისა და ცივილიზაციის უნივერსიტეტის პროფესორი სალიმ აიდუზი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური