ლიეტუვა ყოველთვის იყო და დღესაც რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერად-დავით ზალკალიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019 15:09

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საგარეო უწყებაში შეხვედრა გამართა ლიეტუველ კოლეგასთან, ლინას ლინკევიჩუსთან, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს.
 
მინისტრის თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა ლიეტუვისა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და ლიეტუვის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე როგროც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
  
„ლიეტუვა, საქართველოს უახლოეს მოკავშირეს წარმოადგენს. ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ იმ ერთგულებასა და მეგობრობას, რომელსაც ლიეტუვა, და განსაკუთრებით ლინას ლინკევიჩუსი წლების განმავლობაში იჩენს საქართველოს მიმართ. იგი განსაკუთრებული მხარდამჭერია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა“-აღნიშნა ზალკალიანმა.
 
როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, შეხვედრაზე მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ დიალოგს. ასევე, პოზიტიურად შეფასდა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა, ისევე როგორც საკანონმდებლო ორგანოებსა და დარგობრივ უწყებებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა. „ჩვენს ორმხრივ ურთიერთობების დღის წესრიგში არ არსებობს პრობლემური საკითხები, დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ურთიერთობები მომავალშიც ისეთი თანმიმდევრული და წარმატებული იქნება როგორიც დღეს“.-განაცხადა მინისტრმა.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სავაჭრო ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იზრდება ლიეტუვადან ტურისტების რიცხვი საქართველოში, რასაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისსა და ვილნიუსს შორის. 
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ძირითადი საკითხები დაკავშირებული იყო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან: „აღინიშნა, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებს შორის და ჩვენ გვაქვს მართლაც ხელშესახები შედეგები ამ თვალსაზრისით. წარმატებულად ვახორციელებთ საგზაო რუკას და ასოცირების დღის წესრიგს. მნიშვნელოვანი იყო ასევე ის შეფასებები, რომელიც ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას მოჰყვა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხელშეწყობა და თანადგომა, რაც გვაქვს ლიეტუველი მეგობრების მხრიდან, ევროპული ინტეგრაციის პროცესების დასაჩქარებლად გვაძლევს ხელშესახებ შედეგებს, რომ მომავალშიც ინტენსიური იქნება და გვექნება შესაძლებლობა, მეტი კონკრეტული ნაბიჯი გადავდგათ ქვეყნის ფუნქციური მომზადებისთვის იმ საბოლოო მიზნისკენ, რასაც ჰქვია ევროკავშირში გაწევრიანება“, - განაცხადა ზალკალიანმა.
 
მისივე თქმით, საუბარი შეხვედრაზე ასევე შეეხო ევროატლანტიკურ ინტეგრაციასაც, სადაც საქართველო არის ასევე ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა.   „ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნაბიჯებს  ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველო გახლავთ ლიდერი ქვეყანა.    უნდა გავაფართოვოთ ის, რასაც ვაკეთებთ ნატოში ინტეგრაციის  კონტექსტში, საქართველო უკვე  მოქმედებს როგორც ნატოს წევრი, ჩართულია ნატო-ს მისიებში შეიარაღებულ ძალებით და იზიარებს მის უსაფრთხოებას“-განაცხადა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 
 
შეხვედრაზე ვრცლად საუბარი შეეხო  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ მდგომარეობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროვოკაციულ ქმედებებზე. მინისტრის თქმით,  უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს მიუღებელია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის. „მსურს გამოვხატო ძლიერი სოლიდარობა საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელი აქტების გამო რუსეთის მხრიდან, გვინდა დავგმოთ ყველა ქმედება, რომელი ეხება ე.წ. არჩევნებსა და „ბორდერიზაციას“  ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
 
ლინას ლინკევიჩუსის ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარდა საქართველო-ლიეტუვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-6 სხდომა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა ერთობლივ ოქმს.  როგორც მინისტრებმა აღნიშნეს თანამშრომლობის ეს ფორმატი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან მხარეებს  რეგულარულად ეძლევათ შესაძლებლობა, განიხილონ  ურთიერთობებში არსებული პროგრესი და შეაჯერონ  ევროპული და ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგის შესრულების პროცესი. აღსანიშნავია წელს აღინიშნება ლიეტუვა-საქართველოს 25 წლის იუბილე და თბილისისა და ვილნიუსის დამეგობრების 10 წლის იუბილე, რომლის საპატივცემულოთ თბილისში გაიხსნება ვილნიუსის პარკი. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური