პარლამენტში საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 30 აპრილი 2019 17:54

საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახსნა.

„წელს შესრულდა 20 წელი მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რასაც სჭირდება, ბუნებრივია, სათანადო აღნიშვნა და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ დღეს, ჩვენ პარლამენტში აღვნიშნავთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ქალბატონ ლილიან მორი პასკიესთან ერთად, რომელსაც საგანგებო მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტში მობრძანებისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე, საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ჩვენი ქვეყნის ევროსაბჭოში გაწევრიანების მნიშვნელობის, ასევე, განვლილ 20 წელიწადში, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზეიმო თარიღის პარლამენტში აღნიშვნა სიმბოლურია, რადგან ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იყო, არის და იქნება თანამედროვე ქართული დემოკრატიის ქვაკუთხედი. მისი თქმით, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებების მიუხედავად, სწორედ პარლამენტში გადაიდგა ისტორიული ნაბიჯები, რომლებმაც საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და სამართლის უზენაესობის აღიარებამდე, ძალაუფლების დაბალანსების პრინციპის დამკვიდრებამდე მიგვიყვანა.

„დღეს საქართველო შემდგარი დემოკრატიული სახელმწიფოა, საპარლამენტო რესპუბლიკის ყველა ატრიბუტით, რომლის პოლიტიკურ სისტემასა და ინსტიტუტებს საფუძველს უმაგრებს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით აგებული კონსტიტუცია. არაერთხელ გვითქვამს და უნდა გავიმეოროთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლების საფუძველი დემოკრატიაა, ხოლო დემოკრატიას სამართლის უზენაესობა და მყარი კონსტიტუციური საძირკველი განაპირობებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პროგრესის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ოცი წლის წინ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანება იყო.

„რაც დრო გადის, მით უფრო აქტუალურად და დამაჯერებლად ჟღერს საქართველოს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ბატონ ზურაბ ჟვანიას მიერ წარმოთქმული სიტყვები: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“

ევროპელობა ჩვენთვის ნიშნავს დასავლეთთან სრულფასოვან ინტეგრაციას, დემოკრატიის განვითარებას და თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მიერ არჩეული გზა - გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი - მხარდაჭერილია როგორც პარლამენტისა და ზოგადად, ხელისუფლების, ისე საქართველოს მთელი მოსახლეობის მიერ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვაში, ევროპის საბჭოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა.

„ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამოწვევა - საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენა ჩვენს მთელ ტერიტორიაზე - ევროპის საბჭოს განსაკუთრებული ყურადღების საგანია. უმნიშვნელოვანესია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ განსაკუთრებული როლი შეასრულოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების მოსახლეობის უფლებების დაცვაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სწორედ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე უნდა მოხდეს“, - აღნიშნა მან.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპის საბჭომ საქართველოში დემოკრატიული ნორმების გამყარებაში ღირებულებითი ორიენტირის ფუნქცია შეასრულა.

„ევროპის საბჭოში გაწევრიანების პირველივე დღიდან, ჩვენს საზოგადოებას კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დემოკრატია განუყოფელი მცნებებია და სწორედ ამიტომ, ყოველთვის, როდესაც დემოკრატიული მონაპოვარი საფრთხის წინაშე დგებოდა, ჩვენი ხალხი იღებდა ბრძნულ გადაწყვეტილებას და ახალ სტიმულს აძლევდა დემოკრატიული პრაქტიკის განვითარებას ქვეყანაში.

2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანმა შეცვლამ მოგვცა კიდევ ერთი ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოგვეყვანა ჩვენი პოლიტიკური სისტემა, რის მნიშვნელოვანი ეტაპიც იყო შარშანდელი საკონსტიტუციო რეფორმა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, თითოეული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა მმართველი გუნდისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგან, მისივე შეფასებით, მათ გარეშე, დემოკრატია მხოლოდ ცარიელი სიტყვაა. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თანამედროვე სახელმწიფო შესაქმნელად დემოკრატია, სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა აუცილებელი პირობებია.

„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს ღირებულებები ქართველი ერის ისტორიული და არა მხოლოდ დღევანდელი არჩევანია. ნიშანდობლივია, რომ საქართველო დღესაც იმ პრინციპებზე და ღირებულებებზე დგას, რომლებიც ასი წლის წინ, საქართველოს პირველი პარლამენტის მოწვევისას გამოიკვეთა.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ძალისხმევას საქართველოს თავისუფლების განმტკიცება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქართული დემოკრატიის შეუქცევადი განვითარება და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება მოჰყვება. ეს არის ის მიზნები, რითაც არის ნაკარნახევი თითოეული ჩვენგანის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოში ჩამობრძანებისთვის, ხოლო ევროპის საბჭოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ქართული დემოკრატიისა და ქართული სახელმწიფოებრიობის გამყარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვიმყოფები, საქართველოს პარლამენტში, ამ დღეს, როდესაც აღვნიშნავთ საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავს ევროპის საბჭოში და დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის.

საქართველოს გაწევრიანება ევროპის საბჭოში 20 წლის წინ იყო არაჩვეულებრივი ნაბიჯი დემოკრატიული ინსტიტუციების კონსოლიდირებისთვის თქვენს ქვეყანაში და ძალიან დიდი ბიძგი რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიც არის: კონსტიტუციური რეფორმა, სასამართლო სისტემის რეფორმა, ადამიანის უფლებების დაცვა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი სფეროები. ეს რეფორმები ქართული ინსტიტუციების, ქართველი ექსპერტების და ევროსაბჭოს ინსტიტუციების, ევროსაბჭოს ექსპერტების და სხვადასხვა უწყებების ერთობლივი მცდელობის შედეგია.

მე ვამაყობ, რომ ევროსაბჭოს ინსტიტუციები ასოცირებულია ყველა ამ მნიშვნელოვან რეფორმებთან“, - აღნიშნა ლილიან მორი პასკიემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო ოცი წლის მანძილზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ისარგებლებს ევროსაბჭოს გამოცდილებით, ცოდნით და გაიზიარებს ჩვენ რეკომენდაციებს. თავის მხრივ, ევროსაბჭო მიიღებს, რა თქმა უნდა, გამოცდილებას და ცოდნას საქართველოს მიღწევების საფუძველზე.

მინდა მოგილოცოთ თქვენ, თქვენს ყველა უწყებას და ყველა პოლიტიკურ მონაწილე მხარეს ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რასაც ადგილი აქვს ამ ბოლო 20 წლის მანძილზე. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ამას ხედავს. საქართველომ გადალახა არაერთი დაბრკოლება 20 წლის მანძილზე და თქვენი ქვეყანა ნამდვილად უნდა ამაყობდეს ამით. მინდა გითხრათ, რომ ევროსაბჭოსთან ერთად საქართველო გადალახავს დარჩენილ გამოწვევებს, პრობლემებს და გააგრძელებს თავის გზას პროგრესისკენ და საქართველოს დახმარებით და ძალისხმევით ჩვენს ორგანიზაციაში, ჩვენც შევძლებთ გარკვეული დაბრკოლებების გადალახვას, რომელიც ევროსაბჭოს წინაშე დგას“, - განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, გამჭვირვალობის, კონსტიტუციური რეფორმის და საპარლამენტო წესებისა და პროცედურების დამტკიცების კუთხით. 
ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ლილიან მორი პასკიემ აღნიშნა, რომ ამ გამოწვევებს ევროპამ უნდა დაუპირისპიროს ფასეულობათა სისტემა, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვას.

გამოსვლის დასასრულს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხდა ქართულ მხარეს საქართველოში მოწვევისთვის.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მიერ, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე გავლილ ტრანსფორმაციის რთულ გზაზე. მისი თქმით, ბოლო წლებში გატარებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, საქართველო გარდაიქმნა თანამედროვე და დემოკრატიულ სახელმწიფოდ და ეს არის ევროპულ ოჯახთან ურთიერთობის, საერთო ღირებულებების და კულტურის შედეგი.

„20 წლის წინ საქართველომ აიღო ვალდებულებები, პირობა დადო, რომ შექმნიდა შეუქცევად, დემოკრატიულ სახელმწიფოს, გააძლიერებდა კანონის უზენაესობას, განახორციელებდა სასამართლო რეფორმას, იბრძოლებდა კორუფციის, წამებისა და არაჯეროვანი მოპყრობის წინააღმდეგ. უზრუნველყოფდა გამოხატვის და მედიის თავისუფლებას და გააძლიერებდა ადამიანის უფლებების დაცვას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, საქართველოს წინსვლა ყველა ამ მიმართულებით შესაძლებელი გახდა ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის და მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად.

პრემიერმინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა და ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის მწვავე პრობლემაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმწვავეს ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევისა და ეთნიკურ ნიადაგზე მოსახლეობის დისკრიმინაციის ფაქტებზე.

„დღეს, ჩვენ ევროპასთან ვართ ისე ახლოს, როგორც არასდროს. თუმცა ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებიც ყოველნაირად ცდილობენ საქართველოს წინსვლის შეჩერებას. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. ეს არის ჩვენი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა. ეს არის მტკივნეული გამოწვევა, მათ შორის, ევროპის საბჭოსთვის. გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები. სწორედ ამ არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ ჩვენი მოქალაქეები: გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და დავით ბაშარული. რამდენიმე კვირის წინ მოხდა კიდევ ერთი შემზარავი ტრაგედია, როდესაც გარდაიცვალა უკანონოდ დაკავებული კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია. ამ და სხვა სასტიკი დანაშაულების საფუძველზე შეიქმნა ოთხოზორია- ტატუნაშვილის სია, რომელშიც ჩაიწერა ამ დანაშაულების ჩამდენი პირების გვარები. ევროპის საბჭოს მთავარი ღირებულება არის ადამიანის უფლებების დაცვა. ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მთავარი საზრუნავი და მთავარი ამოცანა, რომელიც დგას ქართული სახელმწიფოს წინაშე, არის ქვეყნის დეოკუპაცია და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტის გავრცელება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. „საქართველოს ოკუპაციას ჩვენ არასოდეს შევეგუებით, და დარწმუნებული ვარ, არ შეეგუება არც საერთაშორისო თანამეგობრობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად არსებული უსამართლობისა, პასუხი ამ გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება. პრემიერმა ისაუბრა ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე, რომლის მიზანია სწორედ ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეს წვდომა ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე, შეიქმნას მათთვის პირობები ელემენტარული კომერციული საქმიანობისთვის, საკუთარი ოჯახების გამოკვებისა და ფიზიკური გადარჩენისთვის.

„დღეს საქართველოში ჩვენ ვქმნით ქვეყანას, რომელიც ეყრდნობა ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავისუფალ და თანამედროვე ეკონომიკას, რომლის საგარეო პოლიტიკა უზრუნველყოფს საქართველოს ღირსეულ ადგილს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში. ჩვენთვის ადამიანი, მისი უფლებები და მასზე ზრუნვა ყოველთვის იყო, არის და იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ტრანსფორმაციის პროცესს და საქართველო მუდამ იქნება ჩვენი საერთო ფასეულობების ერთგული“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თმით, ამის ნათელი მაგალითია ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლა, რომლის მიხედვითაც საქართვლო გახდა სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატია და საქართველოს პარლამენტს სრულიად განსაკუთრებული ფუნქციები მიენიჭა.

მამუკა ბახტაძემ, ასევე ისაუბრა 2019 წლის შემოდგომაზე საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, პატივსა და პასუხისმგებლობაზე. „ჩვენ ვმუშაობთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც იქნება მთავარი სამოქმედო გეგმა საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში და დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპის საბჭოს და მეტი კონტრიბუცია შევიტანოთ მის საქმიანობაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 20 წლის წინ, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ საქართველო ევროსაბჭოში გაწევრიანებით დგამდა ნაბიჯს, რომელიც მთლიანად განსაზღვრავდა ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

„ევროსაბჭოში გაწევრიანებით, ჩვენ შევაღეთ პირველი, მთავარი კარი ევროპისკენ, რაც ნიშნავდა ცხოვრების დაწყებას არსებითად ახალი დღის წესრიგით. ამ უმნიშვნელოვანეს ევროპულ ინსტიტუტში გაწევრიანებით დაიწყო ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის შეუქცევადი პროცესი - ევროპისკენ სვლა. ევროპის საბჭოს წევრობა გახდა უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, პოსტსაბჭოთა საზოგადოებისთვის, რომელსაც მოპოვებული დამოუკიდებლობა უნდა განემტკიცებინა დემოკრატიის შეუფერხებელი განვითარებით, იმ ღირებულებების დაცვით, რომელსაც ფეხქვეშ თელავდა საბჭოთა სისტემა. საბჭოთა სისტემა ფეხქვეშ თელავდა იმ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, რომლებზეც საუკუნეებია ჩვენი იდენტობა იდგა და დგას. ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე ხელმოწერით, ჩვენ დავადასტურეთ ამ ღირებულებების ერთგულება და ამით დავუბრუნდით ჩვენს ბუნებრივ გარემოს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ახლახან სტრასბურგში, ევროსაბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა. ისტორიული მისი სიტყვები - „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“, დღესაც აქტუალურია. იგი ჩვენი მთავარი ორიენტირი უნდა იყოს, რადგან ევროპული, თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო პირველ რიგში, თავისუფალ და კანონით დაცულ ადამიანებზე დგას. ევროპული სახელმწიფო დგას დემოკრატიულ კონსტიტუციაზე, კანონის უზენაესობაზე, სამართლის უზენაესობაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, თანასწორობაზე. ამ პრინციპების სრულად გაზიარება არის ერთადერთი სწორი გზა, ჩვენს მიერ არჩეული გზა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ იქნა მიღებული, ჩანს საქართველოს მიზანმიმართული სწრაფვა დემოკრატიის განვითარებისკენ.

„ამ კონსტიტუციაში, ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან ერთად, ჩვენ ჩავწერეთ მთელი რიგი ახალი უფლებები - სოციალური, ეკონომიკური თუ გარემოსდაცვითი უფლებები და ამით, სამომავლო პროგრესის გზა დავსახეთ. ამ უფლებების კონსტიტუციის დონეზე აყვანა გამოხატავს ჩვენი ხალხის ნებას გადაიდგას ძლიერი ნაბიჯები დღეს მსოფლიოში არსებული გამოწვევების დასაძლევად. ისიც ვიცით, რომ ამ უფლებების კონსტიტუციაში ასახვიდან მათ პრაქტიკაში განხორციელებამდე დიდი გზაა და ჩვენგან სულ მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო. მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ კონსტიტუციაში გამოხატულია მთელი საზოგადოების დამოკიდებულება, ხალხისა და ხელისუფლების ერთიანი პოზიციაა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესი გამოწვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის ფაქტები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს.

„ეს ეხება უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლის უფლებას და ამისი უკანასკნელი მაგალითია ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება. ეს ეხება სახელმწიფო ენას და ვიტყოდი ორივე სახელმწიფო ენას; ეს ეხება გადაადგილებას და გადაადგილების უფლებას, აზრის გამოხატვის უფლებას, ეს ეხება რელიგიური ძეგლების დაცვას. ასეთ ფაქტებს სისტემატური ხასიათი აქვს. ახლა აღდგომის დღეებში ჩვენი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ ისინი ვერ მიდიან ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის ანგარიში, რომელშიც ის ყურადღებას ამახვილებს ე. წ. რუხ ზონებში მონიტორინგის აუცილებლობაზე. ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მზად ვართ ახლავე დავიწყოთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით, ყველა დაცული ნორმების ფარგლებში. ასევე, საგანგაშოა ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ ადამიანების გატაცების სისტემატური შემთხვევები. ჩვენ გვჭირდება პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა, რათა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა აღკვეთილი იქნას. ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი ნდობისა და აღიარების გამოხატულებაა ის რომ წლის ბოლოს საქართველო ექვსი თვით გადაიბარებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას. ეს მაღალი პასუხისმგებლობაა და საქართველო მზად არის ამ პასუხისმგებლობის ასაღებად. მჯერა, რომ ამ სტატუსით ჩვენ წარმატებით გავაგრძელებთ სვლას დასახული მიზნისკენ - ჩვენ ევროპისკენ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საზეიმო სხდომას ესწრებოდნენ მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები.

საზეიმო ღონისძიების დასასრულს, მომღერალთა გუნდმა „მრავალჟამიერი“ შეასრულა.

მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 30 აპრილი 2019 13:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უმასპინძლა. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. მამუკა ბახტაძემ ლილიან მორი პასკიეს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისა და თბილისში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ საიუბილეო თარიღი ახლოვდება ევროპის საბჭოსთვისაც, რომელსაც 70 წელი უსრულდება.

მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტში საქართველოს მომავალი პრეზიდენტობა და ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევები.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია და ქვეყანა ამ კურსის ერთგულია.

ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლაზე დემოკრატიის კონსოლიდაციისა და რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვისა და პარლამენტის როლის გაძლიერების კუთხით.

პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. მამუკა ბახტაძემ ლილიან მორი პასკიეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც კონფლიქტის შედეგად დაშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.

საქართველოს პრემიერმა 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ევროსაბჭოში საზეიმო მიღება გამართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019 13:29

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, მაღალი რანგის სტუმრებსა და საქართველოს მეგობრებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.

თავის გამოსვლაში საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა ევროპელ მეგობრებთან ერთად, ევროპული დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის სიმბოლოს - ევროსაბჭოს - გარემოში საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„20 წლის წინ, როდესაც საქართველო ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა, ვიცოდით რამდენად რთული და გრძელი გზა გველოდა წინ. მაგრამ დღეს ნათელი ხდება, რომ ჩვენს ევროპულ ოჯახთან ურთიერთობის, საერთო ღირებულებების და კულტურის საშუალებით, საქართველო გარდაიქმნა თანამედროვე, დემოკრატიულ და დინამიკურ სახელმწიფოდ. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაგიხადოთ. დიდად ვაფასებთ ჩვენს ერთობას და გულწრფელად გვწამს, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. მადლობას გიხდით საქართველოს მეგობრობისთვის”, – მიმართა პრემიერმა მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს.

საქართველოს მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლილიენ მორი პასკიემ და პრემიერ-მინისტრს საიუბილეო თარიღი მიულოცა.

„დღეს ყველანი შევიკრიბეთ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ამ 20 წლის განმავლობაში ვიხილეთ, როგორ უმკლავდებოდა ქვეყანა ბევრ გამოწვევას და ვითარდებოდა ჩვენთან ერთად ბევრი მიმართულებით მუშაობის კვალობაზე. საქართველო ჩვენი ოჯახის 41-ე წევრი ქვეყანა გახდა 1999 წელს – ახალი ათასწლეულის გარიჟრაჟზე. მას შემდეგ ბევრჯერ გვინახავს, როგორ იღწვის ქვეყანა დემოკრატიის გაძლიერების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას და ხელშეწყობას მომავალში ერთად დაწინაურების მიზნით. გვიხარია და ვამაყობთ, რომ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი ხართ“, – განაცხადა ლილიენ მორი პასკიემ.

სამაგალითოდ შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა.

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა. საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ევროპის საბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს. გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ძალიან სასიხარულოა, რომ გვქონდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებაში თანამშრომლობის შესაძლებლობა. შედეგად, დღეს საქართველო არის სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიის მქონე ქვეყანა. ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის საუკეთესო გზა მდგომარეობს ძლიერი ინსტიტუტების და ბალანსისა და კონტროლის მექანიზმების უზრუნველყოფაში, რომელთაც მოსახლეობა ენდობა. თქვენ ამ გზაზე წარმატებას მიაღწიეთ. ჩვენ მომავალშიც დაგიჭერთ მხარს ამ მხრივ”, – აღნიშნა ტორბიორნ იაგლანდმა.

საზეიმო მიღებაზე გამოფენილი იყო საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ექსპონატები და ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ამსახველი ფოტოები. პრემიერმა სტუმრებს ასევე წარუდგინა ევროსაბჭოს დაარსებიდან 70 წლის იუბილესა და ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა, რომელიც საქართველოში წელს გამოვა. სტუმრებისთვის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა ანსამბლმა „რუსთავმა”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 09 აპრილი 2019 13:52

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.  საუბრის მთავარი თემა ყველა ის აქტუალური საკითხები იქნება, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტი სტრასბურგში 9-10 აპრილს შედგება.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ლილიენ მორი პასკიესა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდება. ასევე, დაგეგმილია სხვა ორმხრივი შეხვედრებიც.

საქართველოს მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასაც ესტუმრება, სადაც საკვირაო სკოლის მოსწავლეებს გაესაუბრება.

ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუმრებს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლებს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

 ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური