სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა

გამოქვეყნებულია განათლება
კვირა, 10 ივნისი 2018 11:55

2018 წლის 9 ივნისს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ლია გიგაური, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  წარმომადგენელი ქ-ნი ნინო ბუაჩიძე და სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა" დირექტორი ქ-ნი მარინა უშვერიძე.

კონფერენციის სტუმრებმა დაათვალიერეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ხელშეწყობით განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტოგამოფენა. ფორუმის მონაწილე, საქართველოს ყველა რეგიონის 250 პედაგოგი, სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცნო. მათ ასევე, მიიღეს ინფორმაცია მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის და მათთვის საინტერესო სხვა რესურსების შესახებ. კონფერენციის მსვლელობისას, სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალის დროს სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გადაეცათ ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო - მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი.

კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

ახალი პროექტი საჯარო სკოლებში - „ჩვენი ჯარი“ დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 11 აპრილი 2018 10:51

დღეიდან საქართველოს საჯარო სკოლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებით ლექციებს წაიკითხავენ. თავდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად მასშტაბური პროექტის - „ჩვენი ჯარი“ განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს ეტაპობრივად შეხვდებიან და საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, საერთაშორისო მისიებსა და სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციებს მიაწვდიან.  

„ჩვენი ჯარის“ პრეზენტაცია თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გაიმართა.

პროექტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გახსნა. ლევან იზორიამ პროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა და მოსწავლეების კითხვებს უპასუხა. მოზარდებს სიტყვით მიმართეს განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შეარაღებული ძალების გენარალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა.

ლია გიგაური თურქეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 30 იანვარი 2017 18:02

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს  ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობით განათლების სფეროში და ხაზი გაუსვეს მისი შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას. სწორედ ამ მიზნით, უახლოს მომავალში, საქართველოს თურქეთის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაგეგმილი ვიზიტი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობის კიდევ ერთი დადასტურება იქნება.

კონკურსი ‪#‎ჩემირუსთაველი‬ დასრულებულია

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 24 ივნისი 2016 23:13

35 შესანიშნავი ნაშრომი ჰუმანიზმისა და თანასწორობის შესახებ. ოთხი გამარჯვებული, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი თავი გამოსცადონ მთავობასა და გაეროში ხანმოკლე სტაჟირებებზე. ჯერაც დაუსრულებელი მსჯელობა წარმატებული საზოგადოების პრინციპებზე - გენდერულ თანასწორობაზე, ტრადიციებზე და პიროვნულ თავისუფლებაზე. სტუდენტური ესეების კონკურსი ‪#‎ჩემირუსთაველი‬ დასრულებულია.
კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში - ნილს სკოტმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა - მიხეილ გიორგაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ - ლია გიგაურმა და საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენელმა - ჰელენა სანჩომ.

ლია გიგაური შვეიცარიელ კოლეგებს შეხვდა

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 19 დეკემბერი 2015 11:53

შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური შვეიცარიის კანტონის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე ლია გიგაურმა საქართველოში ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული სიახლეები გააცნო კოლეგებს და მოკლედ ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. შვეიცარიულმა მხარემ კი, ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინა იმ პროექტებზე, რომელსაც შვეიცარია განათლების კუთხით ახორციელებს და მომავალში გეგმავს. მოწინავე და მაღალგანვითარებული ქვეყნის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, შესაბამისად, შეხვედრაზე გამოიკვეთა პროექტები, რომელის ფარგლებშიც თანამშრომლობა ორივე მხარისთვის საინტრესო და მისაღები აღმოჩნდა.

ლია გიგაურმა სამუშაო შეხვედრა რაჭაში გამართა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 11:09
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სისტემატიურად ატარებს საქართველოში არსებული სკოლების დირექტორებთან და მასწავლებლებთან შეხვედრებს. ამ მიზნით მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის საჯარო სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა.

ქ. ონის საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრაზე ლია გიგაურმა მოკლედ ისაუბრა განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებზე და ძირითადი დრო იმ თემებს დაუთმო, რასთან დაკავშირებითაც მასწავლებლებს შეკითხვები გააჩნდათ. ყველაზე მეტი  შეკითხვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის  სქემასთან დაკავშირებით დაისვა, რაზეც მინისტრის მოადგილემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ამომწურავი პასუხები გასცეს.

შეხვედრის დაწყებამდე ლია გიგაურმა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის მეთეკლასელ წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად კომპიუტერები გადასცა, პირველი დიდი წარმატება მიულოცა და მომავალი გამარჯვებები უსურვა.

 

სკოლების რეაბილიტაცია გრძელდება

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 18:21

მიმდინარე წელს თბილისის 115-ე საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, 50-ე სკოლაში ექიმის კაბინეტი მოეწყო, წლის ბოლომდე ორი ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება, ხოლო ახალი წლიდან დედაქალაქში კიდევ ორი სკოლის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რიგ სკოლებში დღესაც ხორციელდება ისეთი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სასწავლო პროცესს ხელს არ უშლის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური თბილისის №165-ე საჯარო სკოლაში პირადად გაეცნო განხორციელებულ სამუშაოებს. ამ სკოლაში 800-მდე მოსწავლე სწავლობს და იგი ერთ-ერთი სკოლაა, სადაც ფართომასშტაბიანი სამუშაოები ჩატარდა. დღეს სკოლის 60% რეაბიტირებულია - გამაგრდა შენობა, გადაიხურა, შეიღება, გაკეთდა კიბეები, ოთხივე სართულზე მოწესრიგდა წყლის გაყვანილობა და სველი წერტილები, 18 საკლასო ოთახი გარემონტდა, მოეწყო სამედიცინო ოთახი და რესურსოთახი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური