ჩინეთის ელჩი საქართველოს საგარეო და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან ერთად ჩინური მხარის მიერ საქართველოსთვის სამედიცინო ნივთების ჩუქების ცერემონიას დაესწრო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 30 აპრილი 2020 12:20

29 აპრილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის მიერ საქართველოსთვის სამედიცინო ნივთების ჩუქების ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის ელჩი ლი იენი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური დაესწრნენ.

ჩინეთის ელჩმა ლი იენმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსული ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად, ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას აქამდე დახმარების სახით უკვე გადასცა ვირუსის დასადგენი

რეაქტივების ნაკრები და ამის საფუძველზე გადაწყვიტა, ქართულ მხარეს კიდევ აჩუქოს სამედიცინო ნივთები, რომელშიც შედის რეაქტივების ნაკრებები, ნიღბები, სამედიცინო ხელთათმანები, ბახილები, სიცხის საზომი შუბლის თერმომეტრები და სხვა ნივთები. 

საქართველოში ეპიდემიის დაწყების მომენტიდან, ჩინეთი საერთო მომავლის მქონე საზოგადოების კონცეფციაზე დაყრდნობით, ქართულ მხარეს უანგაროდ უზიარებს პრევენციისა და კონტროლის გამოცდილებას და სამედიცინო დახმარებას უწევს. ამ დრომდე, ჩინეთს ჯამში საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემული აქვს 200,000 ცალი ერთჯერადი ნიღაბი, 24,000 ცალი რეაქტივების ნაკრები, 100,000 წყვილი ერთჯერადი ხელთათმანი, 3,000 ერთეული დამცავი ტანსაცმელი და სხვა სამედიცინო ნივთები. 

შემდეგ ეტაპზე, ჩინეთი გააგრძელებს ექსპერტთა ვიდეოკონფერენციების ჩატარებას და შესაძლებლობის ფარგლებში საქართველოსთვის სამედიცინო დახმარების გაწევას. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობისა და ქართველი ხალხის ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი მეგობარი საქართველო მალე შეძლებს ეპიდემიის დამარცხებას.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა მადლობა გადაუხადეს ჩინეთს საჭირო სამედიცინო ნივთების საქართველოსთვის უანგაროდ გადაცემის გამო, და აღნიშნეს, რომ ეს ჩინეთ-საქართველოს ძლიერი მეგობრობის ნათელი გამოხატულებაა. ჩინური მხარის მიერ გადმოცემული ნივთები მნიშვნელოვნად გაზრდის ვირუსის გამოვლენისა და კონტროლის შესაძლებლობებს. საქართველო მზადაა ჩინეთთან მჭიდრო კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გასაგრძელებლად და ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის მხარდამხარ სამუშაოდ.

ჩინეთის საჩუქარი საქართველოს მიერ ჩინეთში შეძენილი სამედიცინო ნივთებისთვის გაგზავნილი ჩარტერული რეისით 29 აპრილს გამთენიისას ჩამოვიდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და მას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დახვდა.

"ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა" - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ლი იენი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
სამშაბათი, 24 მარტი 2020 10:49

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ეპიდსიტუაციას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მისი ხელმძღვანელობით, ჩინეთის კომპარტიის ცეკას პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის 6 სხდომა ჩატარდა შესაბამისი ზომების მისაღებად. იგი პირადად ეწვია უხანს წინა ხაზზე მდგომარეობის გასაცნობად. იგი საკუთარი ინიციატივით ატარებს ნიღაბს, იზომავს ტემპერატურას და მთელი ქვეყნის მოსახლეობას აძლევს მაგალითს. იგი მეთვალყურეობს და კომპლექსურ კოორდინაციას უწევს ეპიდემიის კონტროლისა და წარმოების აღდგენის სამუშაოებს. პრეზიდენტ სი ძინფინგის მეთაურობით, ჩინეთის მთავრობამ გადამწყვეტი ზომები მიიღო, ყველაზე მკაცრი, ყოვლისმომცველი და რადიკალური ღონისძიებები გაატარა, ხოლო ჩინეთის 1.4 მილიარდიანი მოსახლეობა ერთ მუშტად შეიკრა, სახლში დარჩენისა და იზოლაციის დაცვისაკენ ხელისუფლების მოწოდებას აქტიურად გამოეხმაურა და ეპიდემიის შესაჩერებლად ბრძოლაში თითოეული მოქალაქე ჩაერთო. ჩინეთის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა დადებითი შედეგი გამოიღო, ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, წარმოება და ცხოვრება სწრაფად უბრუნდება ჩვეულ კალაპოტს. გარდა იმპორტირებული შემთხვევებისა, ჩინეთში შიდა გადაცემით გამოვლენილ დაავადებათა შემთხვევა ნულის ტოლია, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე 70 000-ზე მეტია.

ჩინეთმა ფაქტობრივი ქმედებებით დაამტკიცა, რომ ახალი კორონავირუსის ეპიდემია კონტროლირებადი და განკურნებადია, ხოლო ჩინური მხარის მიერ გატარებული ღონისძიებები სწორი და ეფექტურია. ჩინეთის მიერ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის გატარებულმა სამუშაოებმა საერთაშორისო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, ჩინელმა ხალხმა ახალი კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული ნეგატიური გავლენის შესამცირებლად ყველა ღონე იხმარა, ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის მკაცრი ზომები გაატარა, უდიდესი მსხვერპლი გაიღო და მთელი კაცობრიობის წინაშე დიდი წვლილი შეიტანა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ჩინეთმა ეპიდემიის ქვეყნის შიგნით გავრცელების მართვასთან ერთად, მის სხვა ქვეყნებში გავრცელებასაც შეუშალა ხელი და მსოფლიოს მოსამზადებლად ძვირფასი დრო მოაგებინა. 

ჩინეთი არასოდეს დაივიწყებს ეპიდემიის ყველაზე მძიმე წუთებში, საერთაშორისო საზოგადოების ძლიერ მხარდაჭერასა და უანგარო დახმარებას. ეპიდემიის გლობალურად გავრცელებით გამოწვეული მწვავე ვითარების წინაშე, ჩინეთი, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციაზე დაყრდნობით, მოუდუნებლად გააგრძელებს როგორც ქვეყნის შიგნით ეპიდემიის მართვას, ასევე სხვა ქვეყნებთან ეპიდემიასთან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობას, გაუზიარებს მათ ეპიდემიასთან ბრძოლისა და განკურნების გამოცდილებას, რათა ერთობლივი ძალებით ვუპასუხოთ გლობალური პანდემიის გამოწვევებს. პანდემიამ სახელმწიფო საზღვრები არ იცის. ეს ეპიდემია მთელი მსოფლიოსათვის სერიოზული გამოწვევაა და საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევასა და რეაგირებას მოითხოვს. ეჭვს იწვევს ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა, რომ ტალახში ამოსვაროს ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩინეთის მიერ გაწეული ძალისხმევა და ჩირქი მოსცხოს გლობალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ჩინეთის წვლილს.

ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირებისთანავე, საქართველოს მთავრობამ ეს სერიოზულად მიიღო, სწრაფი რეაგირება მოახდინა, გადამწყვეტი ზომები გაატარა, გაზარდა პრევენციისა და კონტროლის დონე და უზრუნველყო ეპიდსიტუაციის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება. ყოველივე ამას ჩინეთი დადებითად აფასებს. მჯერა, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობითა და ქართველი ხალხის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო ეპიდემიას მალე დაამარცხებს. ჩინეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა, მზადაა აქტიური დახმარება გაუწიოს საქართველოს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჩინური მხარე გააგრძელებს ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის სფეროში საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარებას. ქართული მხარის თხოვნის საპასუხოდ, ჩინეთმა თებერვლის თვეში უკვე მიაწოდა მასალები ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიების, ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის და სხვ. შესახებ. თებერვლის შემდეგ კი, უკვე რამდენჯერმე გადავეცით ამ მასალების განახლებული ვერსიები. ეს ყოველივე ეპიდემიასთან ბრძოლისას პრაქტიკაში დაგროვილი ძვირფასი გამოცდილებაა და გვჯერა, რომ საქართველოს ეპიდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. გარდა ამისა, ჩინურმა მხარემ უკვე ორჯერ მიიწვია ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ქართველი სპეციალისტები რამდენიმე ქვეყნისთვის გამართულ ვიდეო კონფერენციაზე შესაბამისი გამოცდილების გასაზიარებლად. კონფერენციაზე ჩინელმა სპეციალისტებმა დაწვრილებით ისაუბრეს ეპიდემიის გავრცელებისა და სპეციფიკის შესახებ, გაუზიარეს გამოცდილება ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის, კლინიკური მკურნალობის, საბაჟო სანიტარულ-საკარანტინო კონტროლის შესახებ და დაწვრილებით უპასუხეს მხარეების შეკითხვებს. მომავალში ჩინეთი მზადაა ქართული მხარის სურვილისა და საჭიროების მიხედვით, კიდევ გამართოს მსგავსი ღონისძიებები, ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის კუთხით საქართველოს გაუზიაროს „ჩინური გამოცდილება“ და „ ჩინური გეგმა“.

ჩინური მხარე მზადაა შესაძლებლობის ფარგლებში საქართველოს დასახმარებლად. ჩინეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ქართული მხარისთვის ვირუსის გამოსავლენი 1000 ერთეული რეაქტივების ნაკრების გადაცემის თაობაზე. გარდა ამისა, ჩინეთის სიჩუანის პროვინციამ საქართველოს 420,000 აშშ დოლარის ღირებულების ვირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა. ჩინეთი ძალისხმევას არ დაიშურებს, საერთაშორისო ლოჯისტიკის შეფერხებით გამოწვეული სიძნელეების გადასაჭრელად, რათა ზემოხსენებული უახლოეს მომავალში გამოიგზავნოს საქართველოში, დაეხმაროს საქართველოს გააუმჯობესოს ვირუსის გამოვლენის შესაძლებლობები და სიჩქარე და უკეთ უზრუნველყოს ეპიდემიის პრევენცია და კონტროლი. გარდა ამისა, ჩინეთი კიდევ შეისწავლის საქართველოსთვის სხვა სახის მატერიალური სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხს.

ცნობილი ჩინელი პოეტი ლი პაი წერდა: „დრო მოვა, ვერ შემაშინებს ქარი და ტალღები, გავშლი იალქნებს და გადავსერავ უკიდეგანო ლურჯ ზღვას“. ქართული ანდაზის მიხედვით, ხანი გაივლის, ჭირი გადაივლისო. ვირუსი ულმობელია, ადამიანი კი - ლმობიერი. ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამოწვევის წინაშე ჩინელები მეგობარი ქართველების გვერდით ვართ, უბედურების ჟამს ერთმანეთს ვეხმარებით და დროებით სირთულეებს ერთად გავუმკლავდებით. დარწმუნებული ვარ, ეპიდემია მალე ჩაქრება და მასთან ბრძოლაში გამობრძმედილი ჩინურ-ქართული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო ძლიერ განვითარდება.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 თებერვალი 2020 15:23

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან,  ლი იენთან.

შეხვედრაზე ელჩმა მინისტრის მოადგილეს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე და ჩინეთის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, რომ სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან.

ლი იენმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების გამო. აღინიშნა, რომ ასეთ მძიმე წუთებში მხარდაჭერის გამოხატვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველომ პარტნიორების დახმარებით, ჩინეთიდან რამდენიმე მოქალაქის ევაკუირება მოახდინა და მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს ამ პროცესში თანამშრომლობისთვის.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისთვის, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი საკითხის არასწორი ინტერპრეტირება და თავიდან იქნას აცილებული ზედმეტი მღელვარება.
მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი უმოკლეს ვადებში შეძლებს ვირუსის გავრცელების შეჩერებას და აღნიშნულ პროცესში ჩინეთის სამთავრობო წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხს.
 

კონფუცის ინსტიტუტის ქართველი და ჩინელი დირექტორები ჩინეთის ელჩს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 22 იანვარი 2020 09:59

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ქართველი და ჩინელი დირექტორები მარინე ჯიბლაძე და სუ კუოინგი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ლი იენს შეხვდნენ.

ელჩმა დაადასტურა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ეფექტური მუშაობა და დიდი წვლილი ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოხელეებიც გამოხატავენ ჩინური ენის შესწავლის სურვილს. აღსანიშნავია, რომ ისინი ამჟამად სწავლობენ და წარმატებით ეუფლებიან ჩინურ ენას თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში. საელჩომ გამოხატა დიდი მხარდაჭერა თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მიმართ.

შეხვედრის დროს მოხსენება წარადგინეს დირექტორებმა კონფუცის ინსტიტუტის მიღწევების შესახებ, განიხილეს ჩინეთის საელჩოსთან თანამშრომლობის გზები; სტიპენდიის პოლიტიკა, მასთან არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, სახელმწიფო მოხელეების ვიზიტი ჩინეთში, ჩინელი მოხალისე პედაგოგების საკითხები.

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორმა მარინე ჯიბლაძემ, როგორც განათლების სამინისტროს ექსპერტმა, შეიმუშავა სკოლებში მეორე უცხო ენის - ჩინური ენის ეროვნული სასწავლო გეგმა, ხოლო თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი განათლების სამინისტროს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, ეხმარება სამინისტროს ადგილობრივი პედაგოგების გადამზადებასა და სასკოლო სახელმძღვანელოს მომზადებაში.

თბილისში ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი დაფუძნდა

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 08 იანვარი 2020 11:30

ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი დაარსებულია ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის მიერ. აღნიშნული ჯგუფის ქოლგის ქვეშ ჩინეთში, ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა სასწავლებელი.

ინსტიტუტი ემსახურება ჩინური ენის სწავლებას, იმ მრავალმხრივი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოებისთვის ჩინური კულტურის უკეთ გაცნობას და პირიქით. აგრეთვე, ჩინეთსა და საქართველოს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

ჩვენი ინსტიტუტი არის საქართველოში პირველი სრულიად დამოუკიდებელი ამ ტიპის კერძო სასწავლებელი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფი საქართველოსთვის არის ერთ-ერთი სერიოზული ინვესტორი განათლების სფეროში, ამჟამად განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს დაახლოებით 3 მლნ ლარს, სამომავლოდ იგეგმება ინვესტირება პროფესიული განათლების სფეროში.

2020 წლის 11 იანვარს, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის სათავო ოფისში გაიმართება ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ჩინეთის ელჩი საქართველოში ქალბატონი ლი იენ, სტუმრები განათლების სამინისტროდან, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, ასევე სპეციალურად ამ დღისთვის ჩინეთიდან პირველად ჩამობრძანდებიან მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეები: ბატონი უ ნი - ჩინეთის განათლების მეცნიერებების აკადემიის განათლების განვითარების და რეფორმების ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი სიუ ჭენგჭუნგ - განათლების განვითარებისა და რეფორმების ინსტიტუტის დირექტორი და სხვა სტუმრები.

ცერემონიალზე სიტყვით გამოვლენ: ინსტიტუტის დამფუძნებელი ბატონი ქანგ ჭენგ, დირექტორი ქალბატონი ელი ელისაშვილი, ბატონი უ ნი, ბატონი სიუ ჭენგჭუნგ.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყობა ინსტიტუტის დირექტორის ელი ელისაშვილის მიერ თარგმნილი პირველი ჩინურ-ქართული ლექსიკონის პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა ჩინეთში, ხოლო მეორე გამოცემა შესრულდება საქართველოში.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური