საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონია ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 19 ივლისი 2019 17:30

დღეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონია, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. 

გაცილების ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფესტივალის ლიცენზიანტი სპორტსმენები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, მწვრთნელები, სპორტის გულშემატკივრები, მედიის წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და სპორტსმენებს წარმატებული გამოსვლა უსურვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინიტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

ქართული სპორტი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ქართველები ვდგავართ ერთად და ერთსულოვნად, ვაღწევთ ძალიან დიდ შედეგებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონიაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ახალგაზრდები და სპორტული მიმართულება მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია და ქართული სპორტის წარმატებები ადასტურებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა და ახალმა პროგრამებმა შედეგი გამოიღო.
„2018 წელი იყო ყველაზე წარმატებული წელი ქართული სპორტის ისტორიაში, როდესაც ჩვენმა სპორტსმენებმა 800-ზე მეტი მედლით გაგვახარეს. დარწმუნებული ვარ, 2019 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული. ეს ამავე დროს ადასტურებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, ახალ პროგრამებს, რომელიც სპორტში ახალგაზრდების უფრო მეტ ჩართულობას გულისხმობს, უკვე კონკრეტული შედეგი მოაქვს. ჩვენს საამაყო სპორტსმენებს მინსკში ჰქონდათ უნიკალური შედეგი და ევროპის კონტინენტზე მედლების რაოდენობით ჩვენმა ნაკრებმა მეხუთე ადგილი დაიკავა. ჩვენ ასევე გავხდით ისტორიული გადაწყვეტილების მომსწრე, რომლის მიხედვით 2021 წელს ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში საქართველო უმასპინძლებს. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ბაქოში ასევე მაქსიმუმს გააკეთებს. თქვენ ხართ ქართული დიდი სპორტის ხვალინდელი დღე, საქართველო ამაყობს თქვენით", - მიმართა პრემიერმა სპორტსმენებს.

ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო 21-27 ივლისს უმასპინძლებს, სადაც სპორტის 10 (ველოსპორტი, კალათბურთი, მძლეონობა, სპორტული ტანვარჯიში, ფრენბურთი, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო, ჭიდაობა, ხელბურთი) სახეობაში 49 ქვეყნის 3600 - მდე სპორტსმენი და ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის საქართველოდან სპორტის 6 სახეობაში (ცურვა, ველოსპორტი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ძიუდო, ჭიდაობა) იასპარეზებს 36 სპორტსმენი.

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.
ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე იქნება ძიუდოსიტი გიგა ტატიაშვილი, რომელიც ჭაბუკებს შორის ევროპის 2019 წლის ევროპის ჩემპიონია.

ცერემონიაზე ოლიმპიური ნაკრების სახელით ფიცი დადო მძლეოსანმა მედეა შონიამ.

საქართველოს დელეგაცია ბაქოში 20 ივლისს თბილისის საერთაშრისო აეროპორტიდან 11:50 საათზე გაემგზავრება.

 
 

 

 
 

სეოკ-ში ევროპულ თამაშებში მონაწილე ქართული დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 04 ივლისი 2019 10:48

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს მეორე ევროპულ თამაშებში მონაწილე ქართული დელეგაციის წევრებს - სპორტსმენებს, მათს მწვრთნელებს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს, სამედიცინო და ტექნიკურ პერსონალს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებს. სტუმართა შორის იყვნენ ვეტრანი სპორტსმენები, პარლამენტის წევრები, ჟურნალისტები, მსაჯები, სპორტის გულშემატკივრები.
შეხვედრას უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მან გაიხსენა ახლახანს დამთავრებული ევროპული თამაშების პერიპეტიები, მაღალი შეფასება მისცა ქართველ სპორტსმენთა გამოსვლას ამ მნიშვნელოვან მულტისპორტულ შეჯიბრებაში, მადლობა გადაუხადა ყველა იმ ორგანიზაციას და პიროვნებას, ვინც უზრუნველყო საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წარმატებული გამოსვლა მინსკში.
მოგეხსენებათ, მინსკში სპორტის 10 სახეობაში საქართველოს 61-მა წარმომადგენელმა იასპარეზა. ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ წინა თამაშების შედეგი და სპორტის 7 სახეობაში 30 მედალი მოვიპოვეთ. მათ შორის - 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი, საერთო ჩათვლაში კი მეშვიდე ადგილი გვერგო, მედლების რაოდენობით - მეხუთე. მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ თამაშებში მონაწილე საქართველოს ყოველმა მეორე სპორტსმენმა მედლის მოპოვება შეძლო. ჩვენ უკან ჩამოვიტოვეთ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის და სხვა წამყვანი სპორტული ქვეყნების ნაკრები გუნდები.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძალა შეგვწევს ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ კონტინენტის წამყვან სპორტულ ქვეყნებს და მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ, - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა, - ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სპორტული ქვეყანაა ევროპაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენთაგანს გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სპორტსმენებს, რომლებმაც თავდადებით იბრძოლეს მინსკში, რათა გაეხარებინათ სპორტის გულშემატკივრები. ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლება ღირსეულად აფასებს თქვენს შრომას და თავდადებას. ეს გამოიხატება არა მხოლოდ მადლობის სიტყვებით, არამედ სოლიდური პრემიებით, რომელითაც თითოეული თქვენთაგანის სპორტული წარმატება აღინიშნება.
ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ ხანგრძლივი და შრომატევადი მოსამზადებელი ეტაპი. სამინისტრო, ოლიმპიური კომიტეტეტი, სპორტული ფედერაციები ზრუნავდნენ იმისთვის, რომ მაღალ დონეზე წარმართულიყო სასწავლო-საწვრთნელი შეკრებები, ოპერატიულად მოგვეგვარებინა ყველა პრობლემური საკითხი, სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის შეგვექნმა მაქსიმალურად კომფორტული გარემო. ამ ძალისხმევამ ჩინებული შედეგი გამოიღო. ევროპული თამაშები უკვე ისტორიის კუთვნილებაა, სპორტული ცხოვრება კი გრძელდება. მოახლოვდა ოთხწლეულის უმთავრესი შეჯიბრება - ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომელიც 2020 წლის ივლის-აგვისტოში ტოკიოში გაიმართება.
ბევრ თქვენთაგანს წინ ელოდება ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირები, შემდგომში კი - უშუალოდ ოლიმპიური სტარტები. ჩვენ ახალი ძალითა და ენერგიით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისათვის, რომ ტოკიოში ღირსეულად წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა.“
სეოკ-ის პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას შეახსენა იმ სპორტსმენთა ვინაობა, რომლებმაც მინსკში სხვადასხვა ხარისხის მედლები მოიპოვეს:
ოქროს მედალოსნები 
1. ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო)
2. დავით ლორიაშვილი (სამბო)
3. ლევან ნახუცრიშვილი (სამბო)
4. ბექა ბერძენიშვილი (სამბო) 
5. გურამ თუშიშვილი (ძიუდო)
6. ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო)

ვერცხლის მედალოსნები
1. მინდია ლილუაშვილი (სამბო)
2. ნინო ოძელაშვილი (სამბო)
3. ელენე ქებაძე (სამბო)
4. ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო)
5. გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
6. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
7. ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა)
8. შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
9. იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) 
10. სახილ ალახვერდოვი (კრივი)

ბრინჯაოს მედალოსნები 
1. ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი (ტყვიის სროლა)
2. ამირან პაპინაშვილი (ძიუდო)
3. ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო)
4. ბაგრატ ნინიაშვილი (ძიუდო)
5. ლუკა მაისურაძე (ძიუდო)
6. ბესარიონ ბერულავა (სამბო)
7. გივი ნადარეიშვილი (სამბო)
8. პაატა ღვინიაშვილი (სამბო)
9. გენადი ჩირგაძე (სამბო)
10. ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
11. ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
12. დავით ჩხარტიშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
13. ოთარ ერანოსიანი (კრივი)
14. გოგიტა არქანია (კარატე)

მადლობის სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელიც მინსკში ახლდა ჩვენს ოლიმპიურ დელეგაციას და უშალოდ ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს სპორტულ შეჯიბრებებს. მან ხაზი გაუსვა ამ წარმატების მნიშვნელობას ჩვენი საზოგადოებისთვის, ღირსეული გამოსვლა მიულოცა სპორტსმენებს და მათს მწვრთნელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის სპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მომავალში ამ დარგის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებს მიესალმნენ ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონები - გურამ საღარაძე და ლუკა კურტანიძე, არაოლიმპიურ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასკომის წევრი ჯამლეტ ხუხაშვილი.
ევროპულ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენთა სახელით შეკრებილებს მიმართა ჩვენი დელეგაციის მედროშემ, მძიმეწონოსანმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც მინსკში ოქროს მედალი დაისაკუთრა.

სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონიალი გაიმართა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 05 თებერვალი 2018 18:32

სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონიალი გაიმართა

5 თებერვალს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაშიგაიმართა 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონიალი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სეოკ-ის პირველი ვიცე- პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე,ზამთრის სახეობის ფედერაციების პრეზიდენტები,ლიცენზიანტი სპორტსმენები-იასონ აბრამაშვილი, ნინო წიკლაური, სეოკი-ის გენერალური სპონსორის - ,,საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

დამსწერე საზოგადოებას მიესალმა და სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა: „ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, უკვე მეშვიდედ ვმონაწილეობთ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. ამჯერად, პიონჩანგში ოთხი სპორტსმენით წარვსდგებით. ჩვენს გუნდში არიან გამოცდილებიც და ახალბედებიც. მაგალითად, იასონ აბრამაშვილისთვის ეს იქნება მეოთხე ოლიმპიადა, ნინო წიკლაურისთვის - მესამე. რაც შეეხება მორის ყვითელაშვილს და გიორგი სოღოიანს, ისინი თამაშების დებიუტანტები არიან. მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ოლიმპიელები კორეაში შესაძლებლობის მაქსიმუმს აჩვენებენ,“ - განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა.

შალვა გოგოლაძემ მადლობა გადაუხადა ოლიმპიურ კომიტეტს საინტერესო ღონისძიებებისთვის, სპორტსმენებს კი ასევე წარმატება უსურვა: „ეს არის კარგი ტრადიცია, როცა ყოველი ოლიმპიადის წინ ოლიმპიური კომიტეტი აწყობს ლამაზ ცერემონიალებს. თითოეული სპორტსმენისთვის მთავარი მიზანი ოლიმპიადაში მონაწილეობაა, რაც თავისთავად უკვე დიდი მიღწევაა. მინდა მოგილოცოთ ოლიმპიელობა და გისურვოთ, რაც შეიძლება წარმატებული გამოსვლა კორეაში. ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის განვითარებისთვის ახლო მომავალში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება და იმედი გვაქვს, ამ ოლიმპიადაზე თუ არა, მომავალში აუცილებლად გვეყოლებიან ზამთრის ოლიმპიადის პრიზიორები,“ - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.
შემდეგ გაიმართა ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონია.
სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აკრედიტაციები გადასცა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებს.

ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს
ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა 
(პიონჩანგი, სამხრეთ კორეა. 9-25 თებერვალი)

ოლიმპიური სოფელი

1. იასონ აბრამაშვილი - სპორტსმენი (სამთო-სათხილამურო სპორტი)
2. ნინო წიკლაური - სპორტსმენი (სამთო-სათხილამურო სპორტი)
3. მორის ყვითელაშვილი -სპორტსმენი (ფიგურული ციგურაობა)
4. გიორგი სოღოიანი - სპორტსმენი (საციგაო სპორტი)
5. ვალტერ ჰუბმანი - მწვრთნელი (სამთო-სათხილამურო სპორტი)
6. ფრანჩესკო ზანკოლო - მწვრთნელი (სამთო-სათხილამურო სპორტი)
7. დანილ გლეიხენგაუზი - მწვრთნელი (ფიგურული სრიალი)
8. ფელიქს ქუმარიტაშვილი - მწვრთნელი (საციგაო) 
9. მამუკა ხაბარელი - მისიის ხელმძღვანელი
10. რუსუდან აფციაური - ადმინისტრაციული პერსონალი

ოლიმპიური სოფლის გარეთ

1. ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი,ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი
2. მიხეილ გიორგაძე - კულტურის და სპორტის მინისტრი
3. შალვა გოგოლაძე - კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
4. ელგუჯა ბერიშვილი - სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
5. ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი
6. ოთარ ბერძენიშვილი - საქართველოს ელჩი სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში
7. მარიამ გიორგობიანი - ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასკომის წევრი
8. ზურაბ კოსტავა - სათხილამურო სპორტის ფედერაციიის პრეზიდენტი

თამაშებზე აკრედიტებული ჟურნალისტები

1. თენგიზ გაჩეჩილაძე
2. ოთარ გიორგაძე
3. ლევან ღუდუშაური
4. თამარ ყულუმბეგაშვილი

ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები

- თამაშების მიმდინარეობის პერიოდი – 9 -25 თებერვალი 
- მონაწილე ქვეყნები – 93
- სპორტის სახეობა – 7 (დისციპლინა 15) 
- სპორტსმენთა რაოდენობა - 3 000
- გახსნის ცერემონიალი – 9 თებერვალი 
- დახურვის ცერემონიალი – 25 თებერვალი 
- ოლიმპიურ სოფელში საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი - 8 თებერვალი.

ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ქართველი სპორტსმენები

1.იასონ აბარამაშვილი – სამთო – სათხილამურო სპორტი ( IV თამაშები) 
2.ნინო წიკლაური - სამთო – სათხილამურო სპორტი (III თამაშები) 
3.გიორგი სოღოიანი - საციგაო სპორტი (I თამაშები) 
4.მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა (I თამაშები)

შეჯიბრებების გრაფიკი (განსხვავება თბილისის დროსთან +5 საათი)

11.02 – 18:50 – 21:35 - გიორგი სოღოიანი 
12.02 – 10:15 – 15:35 - ნინო წიკლაური (გიგანტური სლალომი) 
14.02 – 10:15 – 15:25 - ნინო წიკლაური (სლალომი) 
16.02 – 10:00 – 14:30 - მორის ყვითელაშვილი (მოკლე პროგრამა)
17.02 – 10:00 – 14:25 - მორის ყვითელაშვილი (თავისუფალი პროგრამა) 
18.02 – 10:15 – 15:45 - იასონ აბრამაშვილი (გიგანტური სლალომი) 
22.02 – 10:15 – 15:40 - იასონ აბრამაშვილი (სლალომი )

ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებს შესაძლებლობა გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ ტელეკომპანია ,,პირველი არხის “ ეთერის საშუალებით.

შეხვედრა ოლიმპიური ფესტივალის მედალოსნებთან

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017 11:01

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა  შეხვედრა 2017 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მედალოსნებთან, მწვრთნელებთან, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელმა,  სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გაიხსენა ფესტივალის პერიპეტიები, შეაფასა ჩვენი  გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგები და ცალკეული სპორტსმენების გამოსვლა, მადლობა გადაუხადა მედალოსნებს და მათს მწვრთნელებს ნაყოფიერი შრომისა და უნგრეთში მიღწეული წარმატებისთვის.

„ამ ფესტივალზე ჩვენ ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენეთ, უფრო უკეთესი, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. რა თქმა უნდა, საუკეთესოდ გამოვიდნენ ძიუდოისტები _ როგორც ბიჭები, ასევე გოგონები.  სპორტულ  ოსტატობასთან ერთად, მათ გამოავლინეს ბოლომდე ბრძოლის უნარი, რაც ბევრ ჩვენს სპორტსმენს  აკლია. სასიხარულოა, რომ გოგონები ტოლს არ უდებენ ბიჭებს. მათ თბილისში ჩატარებული ფესტივალის მსაგავსად, ამჯერადაც ოქროს ორი მედალი აიღეს. როგორც იცით, ოლიმპიური თამაშების პროგრამაში დამატებით შეიტანეს ძიუდოისტთა  შერეული გუნდური შეჯიბრება, ასე რომ, ჩვენს გოგონებს მომავალში შანსი ეძლევათ არა მარტო პირად ტურნირში, არამედ გუნდთან ერთადაც გამოიჩინონ თავი. კარგია, რომ მედალოსანთა რიგებში მოხვდა ჩვენი ერთი კანოისტი.  ისიც უნდა ითქვას, რომ სპორტის ბევრ სახეობაში ჩამოვრჩებით ევროპის წამყვან ქვეყნებს, რაც ამ ფესტივალზეც თვალნათლივ გამოჩნდა. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად დიდი შრომა გვმართებს,"  _ განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

შეკრებილებს მიესალმნენ და ფესტივალზე წარმატებული გამოსვლა მიულოცეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა შოთა ხაბარელმა.

ბოლოს, ოლიმპიური კომიტეტის სპონსორის, დეველოპერული კომპანია „სვეტის" გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ჯანელიძემ  ფესტივალის გამარჯვებულებს და მედალოსნებს ფულადი ჯილდოები გადასცა.

შეგახსენებთ, რომ უნგრულ გიორში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა სპორტსმენებმა ოქროს 4, ვერცხლის 1 და ბრინჯაოს 4 მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი  მე-11 ადგილზე გავიდნენ.

მომავალი, მე-15 ოლიმპიური ფესტივალი 2019 წელს ბაქოში ჩატარდება.

ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს უზენაესობას, - ლერი ხაბელოვი

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 17:16

"მიუხედავად იმისა, რომ სათქმელი ბევრი გვაქვს, ამ ეტაპზე არ ვთვლით მიზანშეწონილად, ოპონენტის ყოველ უპასუხისმგებლო საჯარო გამოსვლას განცხადებით ვუპასუხოთ. მეორეს მხრივ, ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს უზენაესობას, ოლიმპიური კომიტეტის აქტიურობა კი შეიძლება აღქმულ-იქნას, როგორც სასამართლო პროცესზე რაიმე გავლენის მოხდენის მცდელობა," -  აცხადებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო გავითარებულ მოველენებთან დაკავშირებით. 

ხაბელოვი აღნიშნავს, რომ სარჩევნო სესია წესდების სრული დაცვით ჩატარდა:

"აქვე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ სასამართლოს განჩინების მიღებისთანავე, ჩვენ ღიად გამოვთქვით ჩვენი პოზიცია მოსარჩელე მხარის სრულიად უსაფუძვლო პრეტენზიების გამო. ამის მერე ადვოკატებთან ერთად მოვაწყვეთ ბრიფინგი, გავასაჩივრეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაგებელთან ერთად წარვადგინეთ ყველა სჭირო დოკუმენტი, რომლებითაც ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ სესია წესდების სრული დაცვით ჩატრდა. დანარჩენი უკვე სასამართლოს საქმეა,"- განაცხადა ლწერი ხაბელოვმა. 

შაგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,   საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბერს გამართული საანგარიშო-საარჩევნო სესიის მიერ არჩეულ პირებს აეკრძალათ ამავე სესიის ოქმით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება და მოქმედებების შესრულება.

სასამართლოს სარჩელით, სეოკის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილ მამიმართა. მისი თქმით,  არჩევნების პროცესში დაირღვა სამართლიანობის პრინციპი, ხმა მისცეს ისეთი ორგანიზაციის წამრომადგენლებმა რომლებიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულნი არ არიან.

 

ყველა ამ ბრალდებას და ცილისწამებას მალე გაეცემა პასუხი, - ლერი ხაბელოვი

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 31 იანვარი 2017 13:51

დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა ბრიფინგი. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და კომიტეტის ადვოკატებმა დამსწრე ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია 2016 წლის 23 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმის მოქმედების შეჩერების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების თაობაზე.

თავდაპირველად, ლერი ხაბელოვმა ხაზი გაუსვა ოლიმპიური კომიტეტის შეუფერხებელი მუშაობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ოლიმპიური პროექტების განსახორციელებლად, მომავალ შეჯიბრებებში წარმატებული გამოსვლის უზრუნველსაყოფად. როგორც მან აღნიშნა, კომიტეტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ყველა ვალდებულებას ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარე ცდილობს სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებით ჩრდილი მიაყენოს ოლიმპიური კომიტეტის რეპუტაციას. ყველა ამ ბრალდებას და ცილისწამებას მალე გაეცემა პასუხი და, დარწმუნებულნი ვართ, ეს ასევე დადასტურდება სასამართლოს მომდევნო გადაწყვეტილებებით.
„მოგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რითაც დროებით შეჩერებულია 2016 წლის 23 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის შედეგეგის მოქმედება, - განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, - ჩვენ ასევე ხელთ გვაქვს ყველა დოკუმენტაცია, რითაც ერთმნიშვნელოვნად დასტურდება საარჩევნო პროცესის სრული შესაბამისობა ჩვენს მოქმედ წესდებასთან. სხვათა შორის, ამ წესდების თითოეული მუხლი, თითოეული ჩანაწერი, დადგენილი წესის შესაბამისად, დამტკიცებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ,“ _განაცხადა ლერი ხაბელოვმა.
სეოკ-ის საჩივრის კონკრეტულ მოტივებზე კომენტარი გააკეთეს კომიტეტის ადვოკატებმა. როგორც ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა აღნიშნა, ჩვენს საჩივარში დეტალურად არის განმარტებული ის გარემოებები, რომლებზე დაყრდობითაც სასამართლოს ყველა საფუძველი აქვს საიმისოდ, რომ ხელახლა შეაფასოს ოლიმპიური მოძრაობისთვის მიყენებული ზიანისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების რისკის თანაფარდობა და მიიღოს მართლზომიერი გადაწყვეტილება _ გააუქმოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
„სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებით თუ მისი გამოყენების გარეშე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და აღმასკომის წევრთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა რჩება უცვლელი და უფლებამოსილი. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ზიანი ადგება მხოლოდ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობას და მთლიანად ქართულ სპორტს. 
მოგახსენებთ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას თანაბარწილად უნდა იქნეს დაცული როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის ინტერესები და ამ უკანასკნელისათვის რაიმე სახის უფლების შესაზღუდად, თუნდაც სასამართლოში დავის არსებობის დროს, შესაბამისი დასაბუთების, საკმარისი საფუძვლისა და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, დაუშვებელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. სასამართლო ვალდებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას არ გასცდეს მხარეთა ორმხრივი ინტერესების დაცვის მოთხოვნას და გაუმართლებელი ზიანი არ მიაყენოს მოპასუხის ინტერესს, რისი ნიშნები ამ ეტაპზე სახეზეა და ეს უნდა გამოსწორდეს,“ - განაცხადა ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა.
შემდეგ ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა სსსკ-ს 191-ე მუხლის პირველი ნაწილის განაწესზე, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ის გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის დარღვეული ან სადავო უფლებების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს. „დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ დავის ხასიათიდან გამომდინარე, მსგავსი რამ - არც უზრუნველყოფის ღონისძიებების აუცილებლობა და, მით უფრო, არც შესაძლო საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის არანაირი რისკი არ არსებობს. ამიტომაც მივიჩნევთ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის უსაფუძვლო და უნდა გაუქმდეს, “_ აცხადებს ადვიკატი.
როგორც ბრიფინგზე ითქვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება მიიღება მოპასუხე მხარის მოსაზრებების წარდგენის გარეშე. სწორედ ამით ვხსნით სასამართლოს მსგავს გადაწყვეტილებას, რაც კომიტეტის მხრიდან დასაბუთებული საჩივრის წარდგენის შემდეგ მიგვაჩნია, რომ გაუქმდება.

78 - 57-ის წინააღმდეგ - ლერი ხაბელოვი სეოკ-ის პრეზიდენტად აირჩიეს

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 17:23

78  57-ის წინააღმდეგ, ხმათა ასეთი თანაფარდობით, ოლიმპიური ჩემპიონი, ლერი ხაბელოვი მეორე ვადით აირჩიეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად.  

არჩევნები დღეს სასტუმრო "რედისონში" გაიმართა. მონაწილეობა 136 დელეგატიდან 135 მიიღო. სეოკ-ის პრეზიდენტობის მეორე კანდიდატს, ირაკლი მეძმარიაშვილს მხარი 57 დელეგატმა დაუჭირა.

 

ლერი ხაბელოვს სოკ-ის ორდენი მიენიჭა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 16:38

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ორდენი მიენიჭა. ეს არის მთავარი საერთაშორისო ოლიმპიური ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო, რომელიც ოლიმპიური მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლებს გადაეცემათ.
ლერი ხაბელოვს ეს დიდი აღიარება პირადად მიულოცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა. ლოზანიდან გამოგზავნილ წერილში ნათქვამია:
„ბატონო პრეზიდენტო,
ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა გაცნობოთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც ლოზანაში 2016 წლის 6-8 დეკემბერს შეიკრიბა, ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თქვენ დაჯილდოებული ხართ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური ორდენით.
ვსარგებლობ შემთხვევით და გულითადად გილოცავთ ამ ჯილდოს.
პატივისცემით, თომას ბახი.“

უფრო ადრე, 15 ნოემბერს ლერი ხაბელოვი ასევე დაჯილდოვდა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC) ორდენით. ამ ჯილდოს გადაცემის ცერემონია გაიმართა ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ANOC-ის 21-ე გენერალურ ასამბლეაზე.

ლერი ხაბელოვი ANOC-ის ორდენით დაჯილდოვდა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 15:34

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC) ორდენით დაჯილდოვდა. ეს არის ამ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო, რომელიც ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის გადაეცემათ მსოფლიო სპორტის თვალსაჩინო წარმომადგენლებს. ლერი ხაბელოვთან ერთად ANOC-ის ორდენით კიდევ სამი ქვეყნის წარმომადგენელი დაჯილდოვდა.
ორდენების გადაცემის ცერემონია გაიმართა დღეს 15 ნოემბერს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ANOC-ის 21-ე გენერალურ ასამბლეაზე. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობდნენ ერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი შეიხი აჰმედ ალ-ფაჰად ალ-აჰმედ ალ-საბაჰი, ასევე ყატარის სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები. 
ANOC-ის 21-ე გენერალურ ასამბლეაში მსოფლიოს 206 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი მონაწილეობს.

"უკეთ, ვიდრე ლონდონში" შესრულებულია! - ლერი ხაბელოვი

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 22 აგვისტო 2016 15:26
"რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადა ქართული სპორტისთვის წარმატებულია და მინდა ყველას მივულოცო. ჩვენი ლოზუნგი - "უკეთ, ვიდრე ლონდონის ოლიმპიადაზე" შესრულებულია. ოლიმპიადის დაწყებამდე, აღმასკომის სხდომების თუ უბრალოდ შეკრებების დროს, მიზნებსა და გეგმებზე არაერთხელ გვისაუბრია. ზუსტად ისეთი გათვლა გვქონდა, როგორი შედეგიც მივიღეთ - ოქროს მედლებს ძალოსნობასა და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ველოდით. ოლიმპიურ თამაშებს გულდასაწყვეტი ამბებიც ახლავს ხოლმე და გამონაკლისი არც რიო 2016 ყოფილა. რამდენიმე დასანანი მარცხი იწვნიეს ძიუდოისტებმა, რამაც ხასიათი ცოტა გაგვიფუჭა. ვფიქრობ, მათ უკეთესი შედეგის მიღწევაც შეეძლოთ" - განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. "უკეთ, ვიდრე ლონდონში" - ასეთი იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დევიზი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების წინ. მიზანი მიღწეულია - ქართველმა სპორტსმენებმა ზაფხულის 31-ე ოლიმპიადა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრეს.
გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური