ლელა ჩიქოვანმა ნატოში ლატვიის თავდაცვის წარმომადგენელს მადლობის სერტიფიკატი გადასცა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 04 ივლისი 2019 09:39

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატოსა და ევროკავშირში ლატვიის რესპუბლიკის  თავდაცვის წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ლელა ჩიქოვანმა აირის რიკვეილისს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP)  განხორციელების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ ლატვიელ სტუმარს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მადლობის სერტიფიკატი გადასცა.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 03 მაისი 2019 10:26

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატოს შემფასებელთა ჯგუფს მასპინძლობს.  დელეგაციას ნატოს საერთაშორისო სამსახურის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველოს, თავდაცვის დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელი პოლ სავერო ხელმძღვანელობს.

სამდღიანი ვიზიტის მიზანს  დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის დოკუმენტით განსაზღვრული პარტნიორობის მიზნების განხორციელების შეფასების ქართულ მხარესთან ერთად განხილვა წარმოადგენდა. პარტნიორობის მიზნების წარმატებით შესრულება  საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს შესაძლებლობების განვითარებასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას უწყობს ხელს.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა ნატოს დელეგაციის წარმომადგენლებთან, ასევე საქართველოში მოვლენილ ნატოს ექსპერტებთან და პარტნიორი ქვეყნების მრჩევლებთან. შეხვედრაზე  ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი განიხილეს და  სამომავლო გეგმები დასახეს.

შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის პოლ სავეროს მადლობის სერთიფიკატი გადასცა.

ვიზიტის ფარგლებში, ნატოს შემფასებელთა ჯგუფის წევრებმა, ასევე, შეხვედრები გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.  

ლევან იზორია გერმანიის თავდაცვის მინისტრს შეხვდება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018 10:17

მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გერმანიის თავდაცვის მინისტრს შეხვდება. ამის შესახებ ლევან იზორიამ საქართველოში ახლად დანიშნულ გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰუბერტ კნირშთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესია გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის. ლევან იზორიას განცხადებით, გერმანიის ელჩთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო გერმანულ მხარესთან კონტრმობილურობის საკითხს, რომელიც მასშტაბურ ფინანსურ დახმარებას გულისხმობს.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გერმანიის სამხედრო ატაშე საქართველოში ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოზეფ ნოლტე დაესწრნენ.

შეხვედრის თემებს ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს კონტრიბუცია, საერთაშორისო სწავლებებში გერმანულ მხარესთან ერთად მონაწილეობა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა წარმოადგენდა.

საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Agile Spirit 2018“ იწყება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018 20:08

1-11 სექტემბრის ჩათვლით საქართველო საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Agile Spirit 2018“-ს მერვედ უმასპინძლებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „Agile Spirit 2018“-ის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგზე საერთაშორისო სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სწავლების მიზანი, შინაარსი და დაგეგმილი აქტივობები დეტალურად გააცნო.

საინფორმაციო ბრიფინგს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი მოადგილეები დაესწრნენ.

მრავალეროვნული სწავლება ქალაქ სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპული სარდლობის ლიდერობით ჩატარდება. 
სწავლების სცენარი ემყარება თავდაცვის, შეტევისა და სტაბილურობის ოპერაციებს. 2017 წელთან შედარებით, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, წლევანდელ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, ესენია: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, ლატვია, საბერძნეთი, უკრაინა, თურქეთი, ჩეხეთი, ესტონეთი.
Agile Spirit 2018“-ის მიზანია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნის მიზნით ბრიგადის დონეზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების დაგეგმვა და ჩატარება. ურთიერთთავსებადობის დახვეწა, სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებისა და სამეთაურო რგოლის ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესება, ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს, რეალურ დროში და მრავალეროვნულ გარემოში.

„Agile Spirit 2018“ კომპიუტერული სიმულაციური სისტემების (JCATS/MTWS) მხარდაჭერით, ძალების მიზიდვის გარეშე განხორციელდება. სწავლებას მხარს დაუჭერს „ნატო-საქართველოს შეფასების ერთობლივი ცენტრი“ (JTEC), სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა, სპეციალური ოპერაციების ძალები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვა.

ლელა ჩიქოვანმა აშშ-ის კონგრესის მრჩეველთა დელეგაციას უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 21 აგვისტო 2018 13:39

საქართველოში აშშ-ის კონგრესის მრჩეველთა დელეგაცია იმყოფება. საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ, დღეს აშშ-ის დელეგაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.

ლელა ჩიქოვანმა ამერიკელ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმებს.

მხარეებმა აშშ-საქართველოს სტარტეგული პარტნიორობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი და ყურადღება გაამახვილეს აშშ-სთან ერთად ყველაზე ამბიციურ - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებაზე, რაც საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისკენ და ეფექტიანი შეკავების პოლიტიკის უზრუნველყოფისკენაა  მიმართული. 

დღესვე აშშ-ის კონგრესის მრჩეველთა დელეგაცია ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნობა.

SNGP-ის ამერიკელი მრჩევლის დაჯილდოება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017 15:09

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარების პროექტის აშშ-ის მრჩეველი ჯეფრი შოთი გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის მედლით დააჯილდოვა.

SNGP-ის ლოგისტიკის სფეროს ამერიკელი მრჩეველი საქართველოში საკუთარ მისიას თხუთმეტი თვის განმავლობაში ასრულებდა.

ლელა ჩიქოვანმა ჯეფრი შოთს საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილის, ასევე ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას SNGP-ის ძირითადი ჯგუფის, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC), თავდაცვის უწყების საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე გენერალური შტაბის J-4 ლოგისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

საქართველოს აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი ეწვია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 10 აგვისტო 2017 10:13

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი იმყოფება. ამერიკელ გენერალს დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დახვდნენ და ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს. აეროპორტში გენერალ მარკ მილთან დასახვედრად ჰოჰენფელსის საწვრთნელი ბაზის მეთაური, ბრიგადის გენერალი ანტონიო აგუტოც იმყოფებოდა. 

გენერალი მარკ მილი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ვაზიანში მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიმდინარეობას გაეცნობა. ის შეხვედრებს გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლებთან გამართავს.

საქართველოში SNGP-ის პროექტის თურქეთის წარმომადგენლის როტაცია განხორციელდა.

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 16:31

საქართველოში SNGP-ის პროექტის თურქეთის წარმომადგენლის როტაცია განხორციელდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის თურქი მრჩეველი, პოლკოვნიკი მეთინ გიუნალი გენერალ კვინიტაძის სახელობის მედლით დააჯილდოვა. ლელა ჩიქოვანმა სამხედრო მრჩეველს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის წვლილი შავ ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაციაში.ღონისძიებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე, SNGP-ის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური