თავდაცვის მინისტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 04 აგვისტო 2017 12:11

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო. უმცროსი სერჟანტი გუშინ საღამოს ავღანეთის რესპუბლიკაში ბატალიონის ოცეულის ფარგლებში ამერიკელ და ადგილობრივ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ახორციელებდა პატრულირებას, რა დროსაც ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა ტერორისტული აქტი. გვყავს, ასევე სამი სამხედრო მოსამსახურე დაჭრილი. ორი მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ხოლო მესამე სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა ბაგრამის ჰოსპიტალში ყველაფერი კეთდება, რათა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჩვენ ამ მძიმე წუთებში ვდგავართ დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის გვერდით და გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს, ტერორისტული აქტის შედეგად ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო, სამძიმარი გამოუცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ. ელჩმა თავდაცვის მინისტრთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ის მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს.

თავდაცვის მინისტრი გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესთან შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017 11:40

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ, ფრედერიკ ბენ ჰოჯესს უმასპინძლა. გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი საქართველოში სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში იმყოფება.

ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმარს „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში მისი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ის შორის 2016 წლის ივლისში „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების“ თაობაზე ხელმოწერილი მემორანდუმითა და 2016 წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულებით, თავდაცვის სფეროში ურთიერთობის ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ამოქმედებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის, მდგრადობისა და ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, პროგრამის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებსა და კონკრეტულად, საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებაში აშშ-ის ევროპის სარდლობის მხარდაჭერაზე გაამახვილა: 

„აშშ-ის ევროპის სარდლობის მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესთან ძალიან კარგი, საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. ის საქართველოს მეგობარია. აგვისტოში კიდევ შვიდ ამერიკელ გენერალს ველოდებით და თვის მიწურულს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ხელმოწერას ოფიციალურად ვგეგმავთ. მართალია, ინფრასტრუქრული პროექტები უკვე დავიწყეთ, მაგრამ იმისათვის, რომ ამერიკელმა ინსტრუქტორებმა საწყის ეტაპზე ჩართულობა შეძლონ, იურიდიული საფუძველიც გვექნება. ასე რომ, ის მასშტაბები და დინამიკა, რაც მოცემულ ეტაპზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში გვაქვს, მომავალში უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის მეტი უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის კონკრეტული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 

ლევან იზორია - მომავალი წლიდან სერჟანტთა კორპუსის პირად შემადგენლობას თანამდებობრივი სარგო ემატება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 27 ივნისი 2017 17:28

მომავალი წლიდან სერჟანტთა კორპუსის პირად შემადგენლობას თანამდებობრივი სარგო ემატება, რაც სერჟანტს კარიერული ზრდისათვის და საკუთარი თავის მუდმივი სრულყოფისათვის კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში განაცხადა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტთა კორპუსის დღე აღინიშნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერჟანტთა პროფესიული დღე კოჯორში, საჩვენებელი სწავლებით დაიწყო. სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირადმა შემადგენლობამ ოპერატიული ბრძანების გაცემის შემდეგ, ჩასაფრების ოპერაცია განახორციელა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სერჟანტებს პროფესიული დღე პირადად მიულოცეს და სერჟანტთა კორპუსის მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. სერჟანტთა მომზადების ცენტრში ახალ სასწავლო პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც ბატალიონის და ბრიგადის დონეების სერჟანტისთვის აუცილებელ პროფესიულ ცოდნას მოიცავს. ასევე მზად არის და განხილვის პროცესშია სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლებისა და კარიერული განვითარების ახალი კონცეფცია, რომელიც სერჟანტთა შერჩევის, მათი პროფესიული განათლების და კარიერული ზრდის საკითხებს კიდევ უფრო დახვეწს.

საზეიმო ღონისძიება სერჟანტთა პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტს კობა ცირეკიძეს ღირსების ორდენი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის გადასცა. სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებმა I და II ხარისხის უწყებრივი მედლები „უმწიკვლო სამსახურისთვის“ მიიღეს.

სერჟანტთა ინსტიტუტი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებისთანავე შეიქმნა. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დღეს საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო და ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრი აქვს, რომელიც პროფესიონალი სერჟანტების ჩამოყალიბებას ყველა დონეზე უწყობს ხელს. 

ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 23 ივნისი 2017 09:27

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი ესტუმრა.  ჩეხ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოსა და  ჩეხეთის სახელმწიფო ჰიმნების შესრულების ფონზე გაიმართა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის  შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში შედგა. 

მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მარტინ სტროპნიცკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების მიმართ. მან საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორად მოიხსენია და ქართველი სამხედროების სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა დადებითად შეაფასა. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ საქართველო არსებული მდგომარეობის მიუხედავად, წარმატებით ვითარდება. 

შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ჩეხი ექსპერტების ჩართულობასაც შეეხო. ასევე, ყურადღება სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა. 

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტომაშ პერნიცკი, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი შტეფან გრივალსკი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და განხილული საკითხები შეაჯამეს.

თავდაცვის სამინისტროში სტუმრობამდე მარტინ სტროპნიცკი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. მან საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.

თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს დამოუკიდებლობის დღე ტელეხიდით მიულოცა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 26 მაისი 2017 11:44

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო მისიებში მყოფი ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის მილოცვით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან, ტელეხიდის საშუალებით, ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში დისლოცირებულ ქართულ ქვედანაყოფებს ჩაერთო და სამშობლოდან შორს მყოფ ჯარისკაცებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„თქვენს მიერ აღებული პასუხისმგებლობა - ემსახუროთ თქვენს ქვეყანას, მათ შორის ყველაზე საპასუხისმგებლო მისიის ფარგლებში, მარტო თქვენი პასუხისმგებლობა არ არის. ეს ჩვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობის გაზიარებაცაა. ჩვენს პროფესიონალიზმს, დიდ პასუხისმგებლობას მთელი მსოფლიო, თავისუფალი საზოგადოების სამყარო გრძნობს“, - მიმართა ქართველ მშვიდობისმყოფელებს თავდაცვის მინისტრმა, რომელიც მართვის ცენტრში პატარა ვაჟკაცთან ერთად მივიდა.

„საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედროებმა ყველაზე უკეთ იციან დამოუკიდებლობის და თავისუფლების ფასი. ძალიან ბევრი ჯარისკაცი შეეწირა დამოუკიდებლობის მოპოვებასა და შენარჩუნებას. ამიტომ, თითოეული თქვენგანი, რომელიც საქართველოდან შორს თქვენს მოვალეობას ასრულებთ და ქვეყნის ინტერესს ატარებთ, საქართველოს საერთაშორისო არენაზე უფრო მეტად ხილვადს ხდის და საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის უფრო მეტ გარანტიებს აყალიბებს“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველი სამხედროებისთვის სიტყვით მიმართვსიას.

ტელეხიდით ჩართვისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო მისიებში მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებსაც გაესაუბრნენ და ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

ამჟამად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედნაყოფები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში მონაწილეობენ. ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული კონტინგენტი სამ ლოკაციაზეა დისლოცირებული. I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ასრულებს. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი საერთშორისო ოპერაციაში, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მონაწილეობას. ქაბულში კი, I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულია დისლოცირებული და მის მთავარ ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში არიან დისლოცირებული. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცარ-ში სამხედრო-საწვრთნელ მისიაში - EUTM RCA, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, ასრულებს. ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალიში (EUTM Mali) საქართველო შეიარაღებული ძალები ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი და სამეკავშირეო ოფიცრის პოზიციას იკავებს, რომლის ძირითადი მიმართულებებია ადგილზე მოქმედ მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაციაა.

ყველაზე ცენტრალური იქნება ანტისარაკეტო სისტემის შექმნა, - ლევან იზორია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 12:48

„მოდერნიზაციის ხუთი მიმართულება განვსაზღვრეთ და ყველაზე ცენტრალური იქნება ანტისარაკეტო სისტემის შექმნა, იმიტომ რომ ვერც ერთ დანაყოფს ვერ ექნება შანსი გაუმკლავდეს მტერს, თუ ის არ იქნა დაცული ამ ანტისარაკეტო სისტემით. ბევრჯერ მსმენია კრიტიკა, თითქოსდა ფლოტზე და ავიაციაზე უარს ვამბობთ. არაფერზე უარს არ ვამბობთ, ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი შეგვეძლოს, უბრალოდ პრიორიტეტებს განვსაზღვრავთ ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებიდან და სამხედრო სტრატეგიიდან გამომდინარე და ვამბობთ - სჯობს არსებული ფინანსური შესაძლებლობები მივმართოთ იმისკენ, რაც ჩვენს თავდაცვას ყველაზე მეტად უზრუნველყოფს,“ - აღნისნული განცხადება  საქართველოს ტავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

შეგახსენებთ, დღეს თავდაცვის მინისტრი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს. 

ლევან იზორიას ლექცია-დისკუსია არასამთავრობო სექტორთან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 17:38

ნატოს კვირეულის ფარგლებში, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დისკუსია გამართა. შეხვედრა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) გაიმართა.

 შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ყურადღება თავდაცვის სტრატეგიული მიმართულებების ოთხ ძირითად პუნქტზე გაამახვილა. ლევან იზორიამ ყურადღება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და მდგრადობის უზრუნველყოფაზე, როგორც ნატოს წევრ, ასევე პარტნიოტრ ქვეყნებში, სამართლიან დაფინანსებაზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე საუბარი ასევე, ნატოს საწვრთნელი ცენტრის საქართველოში აშენებას, ანტი-საჰაერო და ანტი-სატანკო სისტემების შეძენას და თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს შეეხო. დისკუსიის დასასრულს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრის მიზანი თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება, მიმდინარე ტრანსფორმაციის ანალიზი და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება იყო.

ნატოს დღეები საქართველოში 2-დან 11 აპრილამდე წელს მეათედ იმართება. ნატოს დღეების ფარგლებში სხვადასხვა საჯარო შეხვედრა, ასევე შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს.

რუსიტაშვილების ცხრასულიან ოჯახს ახალი ბინა დაუკანონდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 10 მარტი 2017 17:06
თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, რუსიტაშვილების ცხრაშვილიანმა ოჯახმა ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში ბინა მიიღო. ლევან იზორიას ბრძანების საფუძველზე, საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს. დღეს კი, იუსტიციის სახლში დოკუმენტების ოფიციალურად გადაფორმების შემდეგ, დავით რუსიტაშვილი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ბინის სანახავად გაემგზავრა და ახალი საცხოვრებელი ფართი ადგილზე დაათვალიერა. საცხოვრებელი ფართის დათვალიერების შემდეგ დავით და ირმა რუსიტაშვილები მათივე თხოვნით, ლევან იზორიამ სამუშაო კაბინეტში მიიღო. დავით რუსიტაშვილის ცხრასულიანმა ოჯახმა ბინის გასაღები საჩუქრად საზეიმო ვითარებაში ჯერ კიდევ 2016 წლის 8 მარტს მიიღო. თუმცა, ქმედებას ხუთი თვის განმავლობაში მსვლელობა არ მისცემია. უძრავი ქონების დაკანონება, მისი ოფიციალურად გადაცემა არ მომხდარა, რის გამოც დაირღვა ვადებიც. საკითხის შესწავლის მიზნით, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით მოხდა მისი დეტალური შესწავლა. მინისტრმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართი გადასცა და დაუკანონა. „მოგეხსენებათ სამართლებრივი საფუძვლების შექმნა დაკავშირებულია გარკვეულ ვადებთან, ამ ვადების გასვლის შემდეგ ყველანაირი სამართლებირივი საფუძვლები ბათილდება. რუსიტაშვილების ოჯახთან დაკავშირებით ყველანაირი ვადები დარღვეული იყო, თუმცა, მინისტრის დავალებით, მოხდა საკითხის ძირეული შესწავლა და შეიქმნა ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი, მათ შორის გამოიცა მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რეესტრში გაფორმდა დოკუმენტაცია და შესაბამისად რუსიტაშვილების ოჯახი უკვე უძრავი ქონების კანონიერი მფლობელები არიან,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა. დავით და ირმა რუსიტაშვილების ოჯახიდან ორი შვილი სამხედრო მოსამსახურეა - კაპრალი ქართლოს რუსიტაშვილი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში იმყოფება, ხოლო მიხეილ რუსიტაშვილი I ქვეით ბრიგადაში მსახურობს.

დამოუკიდებლობა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდამ იყო ქართველების საზრისი, - ლევან იზორია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 10:15

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს პარლამენტში  1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.  

იუნკრები სობოროს ტაძრის ეზოში (ახლანდელი საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლის შიდა ეზო) არიან დაკრძალულები და მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი  პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში აღევლინა.

დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა,  დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ასევე  იუნკრების შთამომავლები და ჩოხოსნები დაესწრნენ.

იუნკრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ  აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებთან ერთად  საკანონმდებლო ორგანოს ეზოში არსებული იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინებით შეამკეს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს.

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი თავისუფლებისთვის ბრძოლა ქართველებისთვის მუდამ იყო მთავარი ღირებულება და ეს სულისკვეთება უწყებაში გატარებული წარმატებული,  მნიშვნელოვანი და დემოკრატიული რეფორმების სახით დღესაც გრძელდება.

„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ გმირების წინაშე, რომლებმაც მაგალითი გვიჩვენეს თუ რა არის ქართული და ეროვნული ღირებულებები.  საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდამ იყო ქართველების საზრისი, რისთვისაც თავი გაწირეს იუნკრებმა და ეს თავგანწირვა ჩვენ დღესაც გვაძლიერებს. სწორედ ამ სულისკვეთებამ მოგვიყვანა ქართველი ერი დღეს აქამდე. მათ სულისკვეთებას ჩვენ დღეს ჩვენი ქვეყნის განვითარებით, იმ რეფორმებით ვაძლიერებთ, რასაც დემოკრატიული რეფორმები ჰქვია,  რადგან საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ თავი იგრძნოს თავისუფლად და  მისი ღირსეული არსებობა ოპტიმალურად იყოს უზრუნველყოფილი.  ვაძლიერებთ ამ სულისკვეთებას და თავდაცვის უწყებაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვიწყებთ  საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებას უკავშირდება“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, გორის ეროვნული აკადემია იუნკერთა გამორჩეული სასწავლებელია და  მის მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ კარგი იქნება თუ მსგავსი დონის სასწავლებელი დასავლეთ საქართველოშიც გაიხსნება. 

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ახალგაზრდა გოგოებმა და ბიჭებმა შეგნებულად გაწირეს თავი ქვეყნისთვის. 186 იუნკერი, რომელსაც თავიდანვე გააზრებული ჰქონდა რომ თავისი ქვეყნის დასაცავად სიკვდილზე მიდიოდა, ეს ჩვენთვის გენეტიკური გაკვეთილია იმისა, რომ ქვეყნის ერთიანობა, თავდაცვა მხოლოდ ჩვენს პროფესიონალიზმზე და თავგანწირვაზე გადის.  რა თქმა უნდა, ეს დიდი მაგალითია ჩვენი თანამედროვე ისტორიისთვის და ვაფასებთ ამას“ - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა.  

ღონისძიებას მარო მაყაშვილის შთამომავალი, ლეიტენანტი გიორგი როსტომაშვილი დაესწრო, რომელიც  საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო თავდაცვის ბრიგადაში მსახურობს. მისი  თქმით, მთავარი მოტივაცია რომ ქვეყნის სამსახურში ჩამდგარიყო სწორედ მისი წინაპარი, მარო მაყაშვილი იყო.

პარლამენტის ეზოში იუნკრების ფოტოგამოფენაც გაიმართა, რომელიც მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს. 

ლევან იზორია გერმანიაში ქართველ სამხედროებს და ბუნდესვერის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 10 თებერვალი 2017 11:09

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი ქალაქ ბად-ზალცუნგენში, ბუნდესვერის სამხედრო ბაზაზე სტუმრობით დაიწყო. თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიასა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალ ვალდიმერ ჩაჩიბაიას გერმანულ სამხედრო ბაზაზე ბუნდესვერის სახმელეთო ჯარების მე-10 სატანკო დივიზიის 37-ე მექანიზირებული ბრიგადის მეთაურმა, ბრიგადის გენერალ რუპრეხტ ფონ ბუტლერმა უმასპინძლა. შეხვედრას დაესწრნენ ასევე, საქართველოს დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე, საქართველოს სამხედრო ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და შვეიცარიის კონფედერაციაში, პოლკოვნიკი დავით მამულაიშვილი და 37-ე მექანიზირებული ბრიგადის 391-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ფოლკერ ორტლოფი.

ლევან იზორიამ გერმანელ გენერალს ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნაში ქართველი სამხედროების მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა და საერთაშორისო მისიებში ქართველი და გერმანელი სამხედროების თანამშრომლობის მაღალ ხარისხზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრმა განაცხადა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული და გერმანული სამხედრო კონტინგენტები ერთობლივად 2014 წლიდან მონაწილეობენ, რამაც მათ შორის ურთიერთთავსებადობა საგრძნობლად გაზარდა. ლევან იზორიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართული მხარის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გასული წლის 10 ნოემბერს ავღანეთში, გერმანულ საკონსულოზე მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმის მაღალ დონეზე. „ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასება და სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, რომლებიც აქ გადიან წვრთნებს, გამოირჩევიან განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და სიმამაცით. მათ ეს მისიის შესრულების დროს დაადასტურეს. ჩვენ ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ, რათა მივუახლოვდეთ იმ სტანდარტებს, რასაც ნატოს სტანდარტები ჰქვია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ბრიგადის გენერალმა რუპრეხტ ფონ ბუტლერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრს სტუმრობისთვის და ქართულ მხარესთან სამომავლოდ ხანგრძლივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მან ქართველ სამხედროებს მაღალი შეფასება მისცა და პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება: „გვეამაყება, რომ გერმანიაში ქართველი ჯარისკაცები მომზადებას გადიან. ჩვენ ქართველ სამხედროებს სამჯერ გავატარეთ გადასროლისწინა მომზადება, ეს კი ჩვენთვის უკვე მეოთხე კონტინგენტია. თქვენ შეგიძლიათ ქართველი სამხედროებით იამაყოთ. ისინი ძალიან პროფესიონალი, მამაცი და გამოცდილი ჯარისკაცები არიან და ჩვენთვის ნამდვილად პატივია ქართველი სამხედროების აქ ყოფნა. ბოლო კონტინგენტი, რომელიც აქ მომზადდა ჩრდილოეთ ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში გადასროლისთვის, კარგი შეფასება მივეცით. მე უკვე ვესაუბრე ჩემს მეგობარ, გენერალ ბოდემანს, რომელიც ჩრდილოეთ ავღანეთში მისიის ხელმძღვანელობაზეა პასუხისმგებელი. მან მითხრა, რომ ქართული კონტინგენტი პროფესიონალი სამხედროებითაა დაკომპლექტებული და ისინი სწრაფად გაუმკლავდნენ მათ წინაშე არსებულ სირთულეებს. ჩვენ მათი მადლიერი ყოველთვის ვიქნებით“.

ბუნდესვერის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული მოინახულა. ამჟამად, ქართული ქვედანაყოფი ავღანეთისთვის გადასროლისწინა სწავლებას გერმანელი სამხედრო ინსტრუქტორების დახმარებით ბად-ზალცუნგენის სამხედრო ბაზაზე გადის. თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ქართველ სამხედროებს გაესაუბრნენ და 5-თვიან გადასროლსიწინა მომზადების პროგრამას გაეცნენ.

ბად-ზალცუნგენის ბაზაზე გაძლიერებული ასეული ტაქტიკურ, საცეცხლე, სამედიცინო, აერომობილურ და კავშირგაბმულობის მომზადებას გაივლის. მათ ასევე, ჩაუტარდებათ სწავლება სპეციალურ აღჭურვილობაში. გერმანიაში გამგზავრებამდე ქვედანაყოფმა საქართველოში 13 კვირიანი მომზადება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის ,,კრწანისი“ საწვრთნელ ბაზაზე მანავში გაიარა. III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ივნისიდან მაზარ-ი-შარიფის პროვინციაში, ბაზა „მარმალზე“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, დაბა ჰოჰენფელსში გადაინაცვლებს, სადაც დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის ევროპის სარდლობის ხელმძღვანელობასთან. თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად ჰოჰენფელსის სამხედრო ბაზაზე ქართველი სამხედროების საჩვენებელ სწავლებასაც დაესწრება.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური