თავდაცვის მინისტრის ანგარიში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 13 თებერვალი 2018 15:39
საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისთვის გადადგმული ნაბიჯები და განხორციელებული რეფორმები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ანგარიშის მთავარი თემები იყო, რომელიც დღეს ლევან იზორიამ საქართველოს პარლამენტის რესპუბლიკის დარბაზში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გააჟღერა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მოხსენება ძლიერი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაზე საუბრით დაიწყო, რომელსაც უნარი ექნება შეაჩეროს მოწინააღმდეგის მხრიდან აგრესია და რაც შეიძლება ჭარბი ზიანი მიაყენოს მას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ აგრესიის განსახორციელებლად უწყებაში მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტები შემუშავდა - „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი“, „თეთრი წიგნი“ და „მინისტრის ხედვა 2017“. ლევან იზორიამ ასევე, ყურადღება გაამახვილა ისეთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ დოკუმენტზე, როგორიცაა ეროვნული თავდაცვის გეგმა, სადაც კონკრეტულად არის გაწერილი შეიარაღებული ძალებისა და სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ქმედებები.
ლევან იზორიას განცხადებით, მთავარი მიღწევა, რითაც რეფორმები დაიწყო, გახლდათ ის, რომ თავდაცვის ბიუჯეტის სახელფასო და სოციალურ უზრუნველყოფაზე მიმართული 66% შემცირდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად არსებული რიცხვი 53%-მდე შემცირდა და ის ნატოს სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ლევან იზორიამ ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილა ნატოსთან თავსებადი აღჭურვილობისა და შეიარაღების შეძენის აუცილებლობაზე. თავდაცვის მინისტრის განმარტებით, საქართველო უკვე აკმაყოფილებს ნატოს მთავარ სტანდარტს და თავდაცვის სფეროსთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% დაიხარჯება, ხოლო აქედან 20%-ზე მეტი შეიარაღების და აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება.
სამხედრო განათლება, წვრთნები და სწავლებები, საერთაშორისო პროექტები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, საერთაშორისო მისიები, ტოტალური თავდაცვის კონცეფცია, ნატოსთან თავსებადი აღჭურვილობა და შეიარაღება, ადეკვატური დაფინანსება და საერთაშორისო თანამშრომლობა - ეს ის შვიდი პრიორიტეტული მიმართულება იყო, რომელზეც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საკანონმდებლო ორგანოს წევრების წინაშე დეტალურად ისაუბრა. ანგარიშის დასასრულს ლევან იზორიამ სოციალურ მიმართულებაზე გააკეთა აქცენტი.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ანგარიში კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 30 იანვარი 2018 16:40

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლევან იზორიას ხელმძღვანელობით რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს მასპინძლობას რუმინელი კოლეგა მიჰაი-ვიორელ ფიფორი გაუწევს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ბუქარესტში, ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში გაიმართება. მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ხელი საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერება.  

ვიზიტის ფარგლებში ასევე, იგეგმება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას შეხვედრა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან თეოდორ ვიორელ მელესკანუსთან.

„ჯაველინების“ სისტემა უკვე საქართველოშია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 23 იანვარი 2018 14:43

„ჯაველინების სისტემის შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. საქართველოში „ჯაველინების“ სისტემა უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული“ -  ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ლევან იზორიას განცხადებით, ახლო მომავალში დაიწყება მომზადება, რათა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა იმ უნარების დაუფლება შესძლონ, რაც ამ სისტემის გამოყენებისთვის არის აუცილებელი.

ლევან იზორიამ იან კელის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. საუბარი შეეხო ასევე სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედებასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი, ჯეიმს მორისი და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ჯონ მეიერსი დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018 10:34

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს  უმასპინძლა. ლევან იზორიამ როზარია პულისის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრაზე  ნატო-საქართველოს ურთიერთობა, ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელება და მიმდინარე წლის  თანამშრომლობის საკითხები  განიხილეს.

როზარია პულისმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე  საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კონსტრუქციული თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელების  პროცესში ნატოს მხარე აქტიურად იქნება ჩართული.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ლიდერი, საზღვაო ძალების პირველი რანგის კაპიტანი, შტეფან ანიქოფერი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი, კრისტიან  კოკვიკი დაესწრნენ.

როზარია პულისმა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის პოსტზე 2018 წლიდან უილიამ ლაჰიუ შეცვალა. 2017 წლის აპრილიდან როზარია პულისი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

თავდაცვის მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 10 იანვარი 2018 15:04

ნატოში ინტეგრაციის გზაზე თურქეთის პრინციპული მხარდაჭერა, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების ფარგლებში საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაღრმავება და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ახალ ელჩთან განიხილა. ლევან იზორიამ ფატმა ჯერენ იაზგანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ლევან იზორიას განცხადებით, თურქეთი საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. თურქ დიპლომატთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ნატოში ინტეგრაციის გზაზე თურქეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, მხარდაჭერა მადლიერებით აღნიშნა.

თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში თურქული მხარის ჩართულობაზე, ასევე, სამხედრო განათლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლევან იზორიამ ყურადღება წვრთნებსა და საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი და თურქი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის მზარდ დინამიკაზეც გაამახვილა.

მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხებზეც იმსჯელეს. ამ კონტექსტში საუბარი სამმხრივ ფორმატში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხს შეეხო.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, თურქეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი მერთ ოზოვერი და თურქეთის საელჩოს მეორე მდივანი, გიზენ შენი დაესწრნენ.

ფატმა ჯერენ იაზგანმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზექი ლევენთ გურმუქჩუ შეცვალა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას 2014 წლიდან ასრულებდა.

 

 

თავდაცვის მინისტრი ახალ წელს სამხედროებთან ერთად შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 01 იანვარი 2018 11:34

ახალი 2018 წლის დადგომა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სენაკში, II ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობასთან ერთად აღნიშნა. მინისტრთად ერთად სამხედროებს ახალი წელი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა II ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული წელი უსურვეს.

ახალი წლის შესახვედრად სენაკში იმყოფებოდა ავღანეთიდან ნოემბერში დაბრუნებული 23-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობაც. ქვედანაყოფის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბექა ამბროლაძემ თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს, 23-ე ბატალიონის სახელით, საჩუქრად სამახსოვრო დაფები გადასცა.

ახალი წლის დადგომას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან და სამხედროებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალ თეიმურაზ ბოკუჩავას შვილი -ალექსი ბოკუჩავაც შეხვდა.

საახალწლო ღონისძიება ჯარისკაცების მიერ შესრულებული ხალხური სიმღერებითა და ცეკვებით გაგრძელდა. ალექსი ბოკუჩავამ კი, ლექსები წაიკითხა.

ახალი წლის აღნიშვნა II ქვეით ბრიგადაში ფეიერვერკების გასროლით დასრულდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 25 დეკემბერი 2017 14:23

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ რობერტ ნელერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის სამხედრო სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. 
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სწორედ, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალები ამზადებს ქართველ სამხედროებს საქართველოსა და გერმანიაში იმისათვის, რომ მათ ავღანეთის რესპუბლიკაში საპასუხისმგებლო მისია შეასრულონ. მხარეებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალები მრავალეროვნულ სამხედრო სწავლების - Agile Spirit-ის მომზადებაში აქტიურად არის ჩართული. შეხვედრაზე სურვილი გამოითქვა, რომ Agile Spirit-ს საზღვაო კომპონენტიც დაემატოს.

თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ სტუმარს კათოლიკური შობა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, ასევე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაური ქართველ და საქართველოში მყოფ ამერიკელ სამხედროებს შეხვდება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017 10:41

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერტებულ შტატებში თავდაცვის მდივანთან, ჯეიმს მატისთან შეხვედრით დაიწყო.  დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი პენტაგონში გაიმართა, რის შემდეგაც კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ლევან იზორიამ აშშ-ის თავდაცვის მდივანს აშშ-ის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ჯეიმს მატისმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები მისი განცხადებით: „აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება თავდაცვაზე გამოყოფილი  მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტის) 2.2 %-ით. ეს კარგად წარმოაჩენს თქვენს ვალდებულებას თავდაცვის სფეროს მიმართ. თქვენი სამხედრო რეფორმები კარგად არის განსაზღვრული, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების ეფექტურობის გაზრდას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს.“

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მადლიერება გამოხატა  ავღანეთის მისიაში საქართველოს მიერ გაღებული წვლილისთვის. მისი განცხადებით, ავღანეთში წარმოდგენილი 871 სამხედრო მოსამსახურით, საქართველო სამაგალითო ქვეყანაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა აშშ-ის მხარდამხარ მისიაში მონაწილეობა გააგრძელოს.

ჯეიმს მატისმა კიდევ ერთხელ გაიხსენა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში გაკეთებული განცხადება - „ამერიკა საქართველოს გვერდით დგას“. „ამ პირობას ამყარებს ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებები - სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა,“ - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებიც განიხილეს. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვნად აფასებს აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმართულებით, რომელიც 2018 წლიდან დაიწყება  და  ქვეყნის მდგრადობისა  და სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობს ხელს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერთან და კონგრესში აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ ლინდსი გრემთან.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ახალი ბინები გადასცა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 06 ნოემბერი 2017 13:24

აბაშვილის N3-ში არსებულ სამხედრო ქალაქს კიდევ ერთი ახალაშენებული კორპუსი შეემატა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბინა დღეს, 242 მოქმედ და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს გადასცა. ლევან იზორიამ საცხოვრებელი კორპუსი საზეიმო ვითარებაში ბავშვებთან ერთად გახსნა, რის შემდეგაც ახალი მობინადრეების მიერ ბინების გადანაწილება ლოტოტრონის პრინციპით განხორციელდა. თავდაცვის მინისტრმა ბინის გასაღები პირველ ახალ მობინადრეს პირადად გადასცა და საცხოვრებელი ფართი მასთან ერთად დაათვალიერა.

დღეს ვარკეთილში, აბაშვილის N3-ში მდებარე სამხედრო ქალაქში ბინა 242 ყოფილ და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა. მათ შორის, 26 სამხედრო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული პირია, ხოლო დანარჩენი 216 ყოფილი თუ მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროსთან 2007-2009 წლებში საბინაო კონტრაქტები დაასრულეს.

კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2013 წელს დაიწყო. საცხოვრებელი ფართით უკვე 1286 პირი დაკმაყოფილდა. ამ დროისათვის თავდაცვის სამინისტროს ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება, კიდევ 714 პირთან აქვს.

გაერთიანებულ სამეფოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017 11:22

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს ლევან იზორიამ  ბრიტანელ კოლეგასთან, სერ მაიკლ ფელონთან გამართა შეხვედრა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი, რაც  საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკის გაფართოებასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად. ლევან იზორიას განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მზადაა ქართველ პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში კიდევ უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა, რაც საქართველოში სტაბილურობას განამტკიცებას, ასევე ქართველი  სამხედროების განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა შეხვედრაზე მზადყოფნა გამოთქვა, ეწვიოს საქართველოს, რაც ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მკაფიო გამოხატულებაა.

სერ მაიკლ ფელონმა ქართველ კოლეგას ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით საქართველოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ლევან იზორიამ ბრიტანელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) ტრანსფორმაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია, მის იმპლემენტაციაში კი, დიდი წვლილი ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს მიუძღვით. თავის მხრივ, სერ მაიკლ ფელონმა უწყებაში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უცვლელია. როგორც ლევან იზორიამ განმარტა, გაერთიანებული სამეფო მზადყოფნას გამოთქვამს, გააგრძელოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის  (SNGP) ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში დღეს დასრულდება.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა, თანამედროვე სტანდარტებ...

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური