ლევან იზორია GDRP-ის პირველ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018 14:48

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) პირველ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ რეიდის ოპერაცია განახორციელა. ამ ეტაპზე ქვედანაყოფის მომზადების  მე-9 კვირა მიმდინარეობს, რომელიც  ბატალიონის საბრძოლო სროლების დროს აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრას და აღდგენას მოიცავს. წვრთნის ეს ეტაპი ასევე მომდევნო  საველე სწავლებისათვის მომზადებასაც გულისხმობს, რომელიც  მოგვიანებით ჩატარდება. 

საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ ლევან იზორია წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს პირადად შეხვდა, მადლობა გადაუხადა სწავლებაში აქტიური მონაწილეობისათვის და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

ამ ეტაპზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) საველე სწავლების ფარგლებში 43-ე ბატალიონი 6 საწვრთნელ წერტილზეა გაშლილი. თითოეულ საწვრთნელ უბანზე სხვადასხვა ტიპის სამხედრო მომზადება მიმდინარეობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბატალიონის საველე შტაბს ესტუმრა და დეტალურად გაეცნო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმდინარეობას. 

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია  საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გასაზრდელად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში სისტემების განვითარებისა და ინსტიტუციონალიზაციის გზით, რომელთა საფუძველზე შესაძლებელი იქნება ტაქტიკური ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების, წვრთნის აღჭურვისა და დაკისრებული ეროვნული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი მზადყოფნის დონეზე შენარჩუნების დამოუკიდებელი შესაძლებლობების განვითარება. 

წვრთნებს მხარს უჭერს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრის დაქვემდებარებული ქვედანაყოფები - კაპიტნის საკარიერო სკოლა, არტილერიის სკოლა და ლოგისტიკის სკოლა.

ლევან იზორია ბათუმის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 15 ივნისი 2018 13:14

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ბათუმში, მე-15 საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა“ - მიიღო მონაწილეობა.

ლევან იზორია ერთ-ერთ მომხსენებლად წარსდგა სესიაზე - „რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურა - გაძლიერებული პარტნიორობა და თანამშრომლობა“. პანელს მოდერატორი იყო ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარი ბრაიან უათმორი.
გაყინულ კონფლიქტები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, ევროკავშირის და საქართველოს საერთო გამოწვევები, მოუგვარებელი კონფლიქტები და საქართველო, ევროპის გლობალური უსაფრთხოების სტრატეგია და არსებული შესაძლებლობები - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლის შესახებაც სესიის მონაწილეებმა იმსჯელეს.

ლევან იზორიასთან ერთად სესიაზე მომხსენებლებად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რუსეთის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს საკითხებში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დირექტორი ლუკ დევინი და მარშალის ფონდის ვარშავის ოფისის დირექტორი მაიქლ ბარანოვსკი წარსდგნენ.

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ წელს მეთხუთმეტედ ტარდება, ამჟამად უკვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლე.

ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაურის ვიზიტი

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 04 ივნისი 2018 12:41

„ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ საერთო მიზნის მისაღწევად - გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა და უზრუნველვყოთ მეტი მშვიდობა და უსაფრთხოება“, - ეს იყო ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის (SACT) მეთაურის, გენერალ დენის  მერსიეს მთავარი გზავნილი, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, გენერალმა დენის მერსიემ ორმხრივი შეხვედრები თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან გამართა.

ლევან იზორიამ სტუმარს ნატოს ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და საქართველოს ნატოსთან დაახლოებას ხელს უწყობს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გენერალ დენის მერსიეს ვიზიტი საქართველოს როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის მიმართ, ალიანსის ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პროგრესს, რასაც საქართველომ ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით მიაღწია. მხარეებმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესსა და კონკრეტულად, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრზე (JTEC) გაამახვილეს, რომელიც ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. 

თავდაცვის უწყება გერმანიის გენერალური შტაბის უფროსს მასპინძლობს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 11:28

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალ-ინსპექტორი იმყოფება. გენერალ ებერჰარდ ცორნმა შეხვედრები თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან გამართა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. რის შემდეგაც ორი ქვეყნის გენერალური შტაბების ხელმძღვანელებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. განხილვის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში მათ შორის ავღანეთში, საერთაშორისო სამშვიდო მისიაში ერთობლივი მონაწილეობის, სამხედრო განათლების, რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ)თანამშრომლობის საკითხები იყო. 


ლევან იზორიამ ებერჰარდ ცორნს საქართველოში ვიზიტისა და გერმანიის მიერ გაწეული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, ეს ვიზიტიც ცხადყოფს, თუ რამდენად ღრმა, საფუძვლიანი და პერსპექტიულია საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობა. ლევან იზორიამ წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სისტემის ინსტიტუციური განვითარების პროცესში გერმანიის როლი გაიხსენა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გერმანელების წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.


დღესვე, გენერალმა ებერჰარდ ცორნმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო. 
საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბუნდევერის გენერალ-ინსპექტორი კრწანისში მდებარე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრება.

სამშობლოში 20 მედლით დაბრუნებულ სამხედროებს ლევან იზორია შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018 13:39

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილი და დაშავებული სამხედროების 10-კაციანი გუნდი ამერიკიდან საქართველოში 20 მედლით დაბრუნდა. საზღვაო ქვეითთა თამაშებში მონაწილე სამხედროებმა 6 ოქროს, 6 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

გამარჯვებულ სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია შეხვდა. ლევან იზორიამ სამხედროებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობას გადაუხადა და სიტყვით გამოსვლისას დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად და მოტივაციის ასამაღლებლად ყველაფერს აკეთებს. დღესვე თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცა.

აშშ-ში საზღვაო ქვეითთა თამაშები ჩრდილოეთ კაროლინას შტატის სამხედრო ბაზაზე „კემპ ლეჟუნი“ 17-25 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. ქართველი დაშავებული სამხედროები ავსტრალიელ, კოლუმბიელ, ფრანგ, გერმანელ და ბრიტანელ სამხედროებთან ერთად ასპარეზობდნენ. შეჯიბრი 7 სხვადასხვა სპორტის სახეობაში წარიმართა და მასში სულ 173 ათლეტი მონაწილეობდა.

ახალი პროექტი საჯარო სკოლებში - „ჩვენი ჯარი“ დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 11 აპრილი 2018 10:51

დღეიდან საქართველოს საჯარო სკოლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებით ლექციებს წაიკითხავენ. თავდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად მასშტაბური პროექტის - „ჩვენი ჯარი“ განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს ეტაპობრივად შეხვდებიან და საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, საერთაშორისო მისიებსა და სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციებს მიაწვდიან.  

„ჩვენი ჯარის“ პრეზენტაცია თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გაიმართა.

პროექტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გახსნა. ლევან იზორიამ პროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა და მოსწავლეების კითხვებს უპასუხა. მოზარდებს სიტყვით მიმართეს განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შეარაღებული ძალების გენარალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 30 მარტი 2018 12:44

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის პირველ დღეს ლევან იზორია თურქ კოლეგასთან ნურეთინ ჯანიქლისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ქალაქ ანკარაში თურქეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში გაიმართება. საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების განხილვის შემდეგ, მინისტრები შეხვედრას გაფართოებულ ფორმატში გააგრძელებენ.

ვიზიტის მეორე დღეს, ქალაქ გირესუნში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი მინისტერიალი გაიმართება. ლევან იზორია, ნურეთინ ჯანიქლი და გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

სამმხრივი მინისტერიალი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდება.

„მონტენეგრო, როგორც ნატოს ახალი წევრი ქვეყანა, საქართველოს ახალი მეგობარია“ - ლევან იზორია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 28 მარტი 2018 12:14

მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტ ფილიპ ვუიანოვიჩთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სრჯან დანმანოვიჩთან შეხვედრებით დაასრულა. მხარეებმა იმ გამოცდილებასა და პროგრესზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მონტენეგრომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე განვლო.

შეხვედრებზე ლევან იზორიამ მასპინძელ მხარეს საქართველოს მთავარი საგარეო სტრატეგიული მიზნის - ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურაში გაწევრიანების კუთხით გადადგმული ნაბიჯები გააცნო და აღნიშნა, რომ ალიანსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) გახდა. მისივე თქმით, საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, თავდაცვის კუთხით ინტენსიური რეფორმირების პროცესშია, რაც 5 სტრატეგიულ მიმართულებას ეფუძნება და ტერიტორიული თავდაცვის, შეკავებისა და მდგრადობის განვითარებას ისახავს მიზნად.

„მონტენეგრო, როგორც ნატოს ახალი წევრი ქვეყანა, საქართველოს ახალი მეგობარია, რომელიც ყველანაირად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, - ამ სიტყვებით შეაჯამა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი მონტენეგროში. ლევან იზორია საქართველოს მხრიდან პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს მონტენეგროელმა კოლეგამ პრედრაგ ბოშკოვიჩმა ვილა გორიცაში უმასპინძლა.

"მონტენეგრო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პრინციპული მხარდამჭერია“ - ლევან იზორია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 27 მარტი 2018 14:34

„მონტენეგროში, როგორც ნატოს ახალ წევრ ქვეყანაში, ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კიდევ ერთხელ ხდება ხაზგასმა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში კვლავ ძალაში რჩება“, - ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მონტენეგროელ კოლეგასთან პრედრაგ ბოშკოვიჩთან დღეს გამართული პირისპირ შეხვედრა. ლევან იზორია საქართველოს მხრიდან პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

დედაქალაქ პოდგორიცაში, ვილა გორიცაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. ლევან იზორიამ კოლეგას მონტენეგროს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ვიზიტი სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვის შესანიშნავი საშუალებაა.

ლევან იზორიამ მონტენეგროელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივები და ამ მხრივ მიღწეული შედეგები გააცნო. ნატოში ინტეგრაციაზე საუბრისას მან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ტრანსფორმაციის შედეგად საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი ნატოს სტანდარტების შესაბამისი გახდა.

მინისტრებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ნატოსა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე საუბარი გაფართოებულ ფორმატშიც განაგრძეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონტენეგროს პრეზიდენტს ფილიპ ვუიანოვიჩსა და საგარეო საქმეთა მინისტრს სრჯან დანმანოვიჩს შეხვდება.

თავდაცვის სამინისტროში იან კელის გაცილების ცერემონია გაიმართა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 22 მარტი 2018 19:21

„მოხარული ვარ, რომ ჩემი ელჩობის დროს კიდევ უფრო გაღრმავდა და გაფართოვდა ჩვენი თანამშრომლობა. მადლობას ვუხდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას“ , - ამ სიტყვებით დაემშვიდობა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას აშშ-ის ელჩი.

საქართველოში იან კელის დიპლომატიური უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროში მისი გაცილების საზეიმო ცერემონია გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა,ლევან იზორიამ ამერიკელ დიპლომატს საქართველოში ნაყოფიერი მუშაობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა იან კელის სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა. ლევან იზორიას განცხადებით, იან კელის დიპლომატიური მოღვაწეობის პერიოდში, საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორც გლობალურად, ისე უშუალოდ თავდაცვის სფეროში, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა: „ბატონმა ელჩმა ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისა და განსაკუთრებით თავდაცვის უწყების მიმართ უდიდესი მხარდაჭერა გამოიჩინა. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ძალიან პრინციპული რეფორმები განვახორციელეთ, რომელიც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ. წარმატებებში პერსონალურად იან კელისაც დიდი წვლილი მიუძღვის, რასაც თავდაცვის სამინისტრო აფასებს და მადლიერებას გამოხატავს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

საზეიმო მიღებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

იან კელი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. მას ელიზაბეტ რუდი შეცვლის, რომელიც 2017 წლიდან დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა, თანამედროვე სტანდარტებ...

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური