საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესტონელ გენერალს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 26 მარტი 2019 16:21

აქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები  განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიასა და ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ მარტინ ჰარემს შორის გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა სამხედრო სფეროში ურთიერთობის  დინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მაღალი დონის ვიზიტებით, ეროვნული გვარდიის შესაძლებლობების განვითარებით, ესტონეთისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის პარტნიორობით, კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობითა და მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობით გამოიხატება. 

ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა ესტონეთის მხარის ჩართულობა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) მიმდინარე ნატო-საქართველოს სწავლებაში და იმედი გამოთქვა, რომ ესტონელი სამხედროები საქართველოში დაგეგმილ სხვა მნიშვნელოვან სწავლებებშიც მიიღებენ მონაწილეობას. 

თავდაცვის მინისტრმა ესტონეთის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების ურყევი მხარდაჭერისთვის სტუმარს მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ესტონელი დამკვირვებლების როლზე გაამახვილა ყურადღება.  

ესტონელ გენერალთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრი ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველო თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციას ნატოს შეკავების პოლიტიკის შესაბამისად განაგრძობს, რაც მიზნად ისახავს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საბოლოო გაწევრიანებას.

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 25 მარტი 2019 17:10

27-28 მარტს, საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი და მისი თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი ესტუმრებიან. 

საქართველოს, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დიდი ხნის პარტნიორის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირების ნიშნად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში, ნატოს სამხედრო კომიტეტი სხდომას გამართავს. სესიას ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წარუძღვებიან. სხდომის დასაწყისში სიტყვით მიმართვების ნაწილი ღია იქნება მედიის წარმომადგენლებისთვის. ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას გაეცნობიან, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ასევე, იმსჯელებენ შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. ნატოს სამხედრო წარმომადგენლებისთვის დაგეგმილია პრეზენტაციები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების, ასევე ნატოს ოპერაციებსა და სწავლებებში მონაწილეობის შესახებ. 

28 მარტს, ნატოს სამხედრო კომიტეტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს, ასევე გაეცნობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP), რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად. 

ამავე დღეს, ნატოს სამხედრო წარმომადგენლები წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრებიან (JTEC) და „ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას 2019“ დააკვირდებიან. მრავალეროვნული, ბრიგადის დონის საშტაბო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარებას.

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 22 მარტი 2019 18:03

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ლატვიის ელჩს ინგრიდა ლევრენესს შეხვდა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მადლიერება გამოხატა ლატვიის რესპუბლიკის ხელისუფლების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დინამიკა, რაც ხელს უწყობს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას. აღნიშნულ იქნა ასევე საქართველოსა და ლატვიის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებული პარტნიორობა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობა. თავდაცვის მინისტრმა რიგაში მდებარე ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობაც აღნიშნა.
მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (sngp) იმპლემენტაციის პროცესში ლატვიური მხარის მიერ გაწეული მხარდაჭერისა და ლატვიელი ექსპერტების ჩართულობისათვის.

ლევან იზორიამ ლატვიელ დიპლომატს საქართველოს ნატოსთან თანამშრორმლობის საკითხებზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ კავშირი საქართველოსა და ნატოს შორის ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, რაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მიზანს - ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საბოლოო გაწევრიანებას ემსახურება.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ლატვიის თავდაცვის ატაშე, საზღვაო კაპიტანი რუდოლფა რუდზუროგა დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ სამხედროებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 21 მარტი 2019 11:31

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ეთნიკურად აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაისთან ერთად მარნეულის საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ სამხედროებს ნოვრუზ ბაირამი პირადად მიულოცა და მათ ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

ლევან იზორიამ ეთნიკურად აზერბაიჯანელ სამხედროებს და მათ მშობლებს ღირსეული მამულიშვილების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თავდაცვის უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ სურვილის შემთხვევაში კარიერული წინსვლის შესაძლებლობა მიეცეთ : „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ჯარისკაცებს ჰქონდეთ მაქსიმალური განვითარების საშუალება თავდაცვის ძალებში, მაქსიმალურად იყვნენ ისინი ინტეგრირებული, ჰქონდეთ ქართული ენის უკეთ დაუფლების საშუალება და პროფესიული განვითარების ყველა პირობები“,- განაცხადა ლევან იზორიამ.

აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მინისტრის გადაწყვეტილებით 21 და 22 მარტს მუსლიმი სამხედრო მოსამსახურეები დაისვენებენ.

ნოვრუზ ბაირამობა ახალ დღეს, გაზაფხულის დღესასწაულს ნიშნავს. ამ დღეს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

ლევან იზორია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 მარტი 2019 14:47

პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. უწყების ხელმძღვანელმა მოწვეულ სტუმრებს „მინისტრის დირექტივები 2019“ გააცნო, სადაც თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები და მთავარი მიმართულებებია განსაზღვრული.

შეხვედრაზე მიმდინარე წლის გეგმები განიხილეს და 2019 წელს დაგეგმილ სწავლებებზე, მათ შორის ნატო-საქართველოს სწავლებაზე, ნატოს გენერალური მდივნისა და სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს ლევან იზორიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე გამართა. 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.

ლევან იზორია სომხეთის პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 22 თებერვალი 2019 14:48

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი  სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ზოჰრაბ მნაცაკანიანს შეხვდა. შეხვედრებზე რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების გზებზე და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს. 

„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ხაზი გავუსვით რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობასა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების უპირობობას. ის მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განხორციელების კუთხით, კიდევ ერთხელ დადასტურდა. განსაკუთრებით, თავდაცვის სფეროში, მოწოდებული ვართ ორმხრივი და მათ შორის, მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში კიდევ უფრო გავაძლიეროთ რეგიონში სტაბილურობა და უსაფრთხოება“, - განაცხადა ლევან იზორიამ შეხვედრების დასრულების შემდეგ. 

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომეხ კოლეგას დავით ტონოიანს შეხვდა და უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერა ხელი. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს პენტაგონში შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 14 დეკემბერი 2018 15:43

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში თავდაცვის მდივანთან, ჯეიმს მატისთან შეხვედრით დაიწყო. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი პენტაგონში გაიმართა, რის შემდეგაც კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ლევან იზორიამ აშშ-ის თავდაცვის მდივანს აშშ-ის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ჯეიმს მატისმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები მისი განცხადებით: „აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება თავდაცვაზე გამოყოფილი მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტის) 2.2 %-ით. ეს კარგად წარმოაჩენს თქვენს ვალდებულებას თავდაცვის სფეროს მიმართ. თქვენი სამხედრო რეფორმები კარგად არის განსაზღვრული, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების ეფექტურობის გაზრდას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს.“

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მადლიერება გამოხატა ავღანეთის მისიაში საქართველოს მიერ გაღებული წვლილისთვის. მისი განცხადებით, ავღანეთში წარმოდგენილი 871 სამხედრო მოსამსახურით, საქართველო სამაგალითო ქვეყანაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა აშშ-ის მხარდამხარ მისიაში მონაწილეობა გააგრძელოს.

ჯეიმს მატისმა კიდევ ერთხელ გაიხსენა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში გაკეთებული განცხადება - „ამერიკა საქართველოს გვერდით დგას“. „ამ პირობას ამყარებს ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებები - სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა,“ - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებიც განიხილეს. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვნად აფასებს აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმართულებით, რომელიც 2018 წლიდან დაიწყება და ქვეყნის მდგრადობისა და სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ქართველ ხალხს გიორგობის მოახლოებული დღესასწაული მიულოცა. „ჩვენი შეხვედრა იმართება ამ კვირაში, როდესაც ორივე ქვეყანა მნიშვნელოვანი დღესასწაულის სამზადისშია-მომავალი კვირის ხუთშაბათს საქართველოში წმინდა გიორგის დღე აღინიშნება, ხოლო ამერიკაში მადლიერების დღეს ვზეიმობთ. თქვენს ერს ბედნიერ გიორგობას ვუსურვებ-ქართველი ერის მფარველი წმინდანის დღესასწაულს“-განაცხადა ჯეიმს მატისმა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერთან და კონგრესში აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ ლინდსი გრემთან.

ლევან იზორიამ შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაზე საფრანგეთის პარლამენტში ისაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 დეკემბერი 2018 15:44
შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე რეგიონში ნატოს ჩართულობის უფრო მაღალი ხარისხი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრებზე განიხილა. ეროვნულ ასამბლეაში, ეროვნული თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომისიის პრეზიდენტთან ჟაკ ბრიდესთან და სენატში, საგარეო საქმეთა, თავდაცვის და შეიარაღებული ძალების კომიტეტის პრეზიდენტთან კრისტიან კამბონთან პოლიტიკური დიალოგი ლევან იზორიამ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატების გაძლიერების თვალსაზრისით გამართა.
 
„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გვექნება მნიშვნელოვანი დიალოგი, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონში ერთობლივად უსაფრთხოება და რა გავაკეთოთ მეტი იმისთვის, რომ ნატოს ჩართულობა იყოს უფრო მაღალი ჩვენი ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 07 დეკემბერი 2018 15:35

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორია ვიზიტს საფრანგეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში - ეროვნულ ასამბლეასა და სენატში შეხვედრებით დაიწყებს. ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში „ოტელ დე ბრიენში“ ფრანგ კოლეგასთან ფლორანს პარლისთან შეხვედრით გაგრძელდება. დახვედრის ცერემონიალისა და პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ლევან იზორია და ფლორანს პარლი საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის არსებულ და სამომავლო საკითხებს გაფართოებულ ფორმატში განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში, გენერალ შარლ დე გოლის ოთახში, ფრანგულ კომპანიასთან „Thales“ საჰაერო თავდაცვის განვითარების მეორე ეტაპზე მორიგი კონტრაქტის ხელმოწერა იგეგმება, რაც ეროვნულ დონეზე საქართველოს საჰაერო სივრცის მართვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემით აღჭურვას გულისხმობს.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მისი ფრანგი კოლეგა ფლორანს პარლი ტექნიკურ შეთანხმებასაც გააფორმებენ. შეთანხმება ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში (EUTM RCA) მონაწილე ქართული კონტინგენტის ფრანგული მხარის მიერ ლოგისტიკურ მხარდაჭერას შეეხება. 

ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მაქსიმალურად იქნება დაცული

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 30 ნოემბერი 2018 15:33

„ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, ეგრეთ წოდებულ, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე საუბრობს და ამ კონტექსტში ჯარს მოიხსენიებს. პირადად, მე და თითოეული ჩვენგანი გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს მონაპოვარი - ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა, ყოველგვარი მსგავსი შემოტევებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული“, - ეს განცხადება ლევან იზორიამ საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.

თავდაცვის მინისტრმა III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით (GDRP) გათვალისწინებული მომზადების დასრულება მიულოცა.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური