ლევან დავითაშვილი: „შიდა ქართლში სეტყვის შედეგად დაზარალებული ფერმერები 200 ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 29 მაისი 2019 11:19

ლევან დავითაშვილი: „შიდა ქართლში სეტყვის შედეგად დაზარალებული ფერმერები მიიღებენ 200 ლარიან ვაუჩერებს; შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო გადაიხდის მათი საირიგაციო მომსახურების საფასურს; საფინანსო ინსტიტუტებთან მიღწეული შეთანხმებით, მოხდება სესხების რესტრუქტურიზაცია; დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ამოქმედდება სპეციალური პროგრამები“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, შიდა ქართლში სეტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად დახმარების კონკრეტული წინადადებებით  ჩავიდა.

„ზარალი დიდია და შესაბამისად, გასაგებია ფერმერების გაღიზიანება და ემოციური ფონი. ჩვენ შევძელით მყისიერი დახმარების რესურსის მობილიზება, რაც უკავშირდება მრავალწლიანი კულტურების გადარჩენას.

გვქონდა შეხვედრა საფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების წარმომადგენლებთან.  მათ გამოთქვეს მზადყოფნა, ინდივიდუალურად განიხილონ ყველას საქმე და მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია. ასე, რომ საბანკო სექტორთან შეთანხმება მიღწეულია.

ასევე უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა. ჩვენ დავიწყეთ აღნიშნული საკითხების განხილვა და მოლაპარაკებები სპეციალური პროგრამების ამოქმედების თაობაზე.

ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას მიწის რეგისტრაციის თემაზე. ამ საკითხს პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულ პრიორიტეტად განიხილავს. ასევე მინდა, კვლავ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაზღვევა არის ზარალის მინიმუმამდე დაყვანის გარანტია. სახელმწიფო აგროდაზღვევის პროექტი ყოველწლიურად იხვეწება და 2020 წელს მაქსიმალურად იქნება ფერმერების ინტერესებზე  მორგებული. იმისათვის, რომ დაზღვევა უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტიანი იყოს, მნიშვნელოვანია საყოველთაო ელემენტის შემოტანა. რაც უფრო მეტი ფერმერი ჩაერთვება პროგრამაში, მით უფრო გაიაფდება სადაზღვევო პაკეტი და, ასევე, გაგრძელდება სახელმწიფოს კომპონენტიც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა გორში სეტყვით დაზარალებულ ფერმერებთან შეხვედრაზე.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შანხაიში ქართული პავილიონი გახსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 09 ნოემბერი 2018 20:51

ჩინეთში, ქალაქ შანხაიში საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (China International Import Expo – CIIE) ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთი ქართული პავილიონი გახსნა. პავილიონი ქართულ მხარეს სამი წლით საქართველოს საგარეო ვაჭრობის ასოციაციასა (GFTA)  და უმსხვილეს ჩინურ კომპანიას (Greenland Holding Group) შორის თანამშრომლობის ფარგლებში გადაეცა.

პავილიონში წარმოდგენილია ქართული აგრო-სასურსათო პროდუქცია, რაც ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე მათი ცნობადობის გაზრდას და, შესაბამისად, ექსპორტის პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას შეუწყობს ხელს. 

„შანხაიში, იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ჩინეთის ხელისუფლებამ აბსოლუტურად ახალი ეკონომიკური ურთიერთობის დასაწყისი გამოაცხადა. ჩინეთის ხელისუფლება გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ქვეყანაში იმპორტი, რაც  ქმნის შესაძლებლობას, რომ საქართველომ, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებმა, საკუთარი საექსპორტო შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაცია მოახდინოს. ამ რეალობის გათვალისწინებით, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს კომპანიის Greenland Holding Group მიერ ინიცირებული პლატფორმა, რომელიც ათეულობით ქვეყანას საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქცია გააცნოს დამთვალიერებელს. ჩვენს მიერ გახსნილი ქართული პავილიონი ჩვენი პროდუქციის ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა ქართული პავილიონის გახსნის ღონისძიებაზე.

დუგლაძეების ღვინის კომპანიის გენერალური დირექტორის, ზაალ დუგლაძის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია და უკვე არსებობს ქართული პროდუქციის იმპორტის ზრდისთვის ძალიან დიდი გეგმების საფუძველი.

შანხაიში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო იმპორტის გამოფენის  გახსნის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობდა. ქართულ მხარეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაციის  შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები აქვს ჩინეთთან და რომ ჩინური კომპანიების ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით სტაბილურად მზარდია.

საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში, რომელიც შანხაიში 10 ნოემბერს დასრულდება, 50-ზე მეტი ქართული კომპანია, მათ შორის ღვინისა და სხვა აგრო-სასურსათო პროდუქციის მწარმოებელი მონაწილეობს, რომლებიც დამთვალიერებელს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და საექსპორტო პოტენციალს აცნობენ. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 02 მარტი 2018 15:42

„საქართველოში ქიმიური ნარჩენების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ტომაშ პერნიცკიმ მოაწერეს.

 „პროექტის ფარგლებში, საქართველო ჩეხეთის განვითარების სააგენტოსაგან მნიშვნელოვან დახმარებას მიიღებს როგორც საქართველოში ქიმიური ნივთიერებების მართვის შესაძლებლობების განვითარების, ასევე, კანონმდებლობის შექმნის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მნიშვნელოვანია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ასევე დაგვეხმარება მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ნაწილშიც, რაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ქვეყნის ვალდებულებას წარმოადგენს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 „მოხარული ვარ, რომ მემორანდუმის ფარგლებში მოგვეცემა შესაძლებლობა საქართველოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება ქიმიური ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით, რაც გარემოს დაცვისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. ასევე, მივესალმები ქიმიური ნარჩენების მიმართულებით კანონმდებლობის შექმნის ინიციატივას და მასში ჩვენს ჩართულობას,  რაც მხარდაჭერაა ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში“, - განაცხადა  ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ.

ლევან დავითაშვილი რაჭაში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 12 ოქტომბერი 2016 14:16

კახეთის შემდეგ, რთველი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც იწყება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორ პაპუნა მარგველიძესთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რთველის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რთველის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია და ხელისუფლება სრულ მზადყოფნაშია, რათა წლევანდელმა რთველმა რაჭაშიც ორგანიზებულად ჩაიაროს. 
სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საკეციაში ყურძნის კრეფის პროცესს დაესწრო. ასევე, ლევან დავითაშვილი სოფელ ბუგეულში ყურძნის გადამამუშავებელ ქარხანაშიც იმყოფებოდა, სადაც ყურძნის ჩასაბარებლად მისულ მევნახეებს გაესაუბრა და ყურძნის მიღებისა და გადამუშავების პროცესს გაეცნო.
„დღეისათვის რაჭაში 100 ტონა ყურძენია გადამუშავებული. რთველი, კახეთის რეგიონის მსგავსად, რაჭა-ლეჩხუმშიც ორგანიზებულად და წარმატებით ჩატარდება, მოსავალის დაბინავების პრობლემა არცერთ მევენახეს არ შეექმნება. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია „სახვანჭკარე“ ჯიშების (ალექსანდროული, მუჯურეთული) ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის კონტროლის მექანიზმები, გაკონტროლდება თითოეული ავტომობილი, რთველის პროცესში ჩართულები იქნებიან ამპელოგრაფები. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა შესაბამის უწყებას, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესში” - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
რთველის საკოორდინაციო შტაბს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც, კახეთის ანალოგიურად, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი უხელმძღვანელებს.
ამ ეტაპისთვის ამბროლაურის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 15 ღვინის კომპანია.
საწყის ეტაპზე გახსნილი იქნება 6 მიმღები პუნქტი - 3 ქალაქ ამბროლაურში და 3 სოფლებში: ჭრებალო, ბუგეული და ხვანჭკარა. რთველის პროცესში განსაზღვრულია ჩაბარების საათები - 10:00 საათიდან 18:00 სათამდე. 
ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა: 
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე - 1 კგ-ზე - 2 ლარი.
კახეთის რეგიონში რქაწითელზე და კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე - 0,45 ლარი; 
საფერავზე - 1 კგ-ზე - 0,20 ლარი;
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

ლევან დავითაშვილი დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 13 მაისი 2016 13:10

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ოფისის დირექტორს ომარ ხანს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ლევან დავითაშვილმა დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წლები გააცნო და სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის შესახებ ესაუბრა. 

მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრების ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე, სურსათის უვნებლობის საკითხზე და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური