ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა სამთო მომზადების კურსი გაიარეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 18 ივნისი 2019 11:20

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ამერიკელმა  საზღვაო ქვეითებმა  სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო  კურსი გაიარეს.  სწავლება თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ის შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა  და ამერიკელებთან ერთად მასში ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურეც მონაწილეობდა.

კურსის მონაწილეები სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით სამი კვირის განმავლობაში  კლდეზე ცოცვის ტექნიკას,  სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს,  ფიქსირებულ თოკზე ასვლისა და დაშვების წესებს, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისა და მაღალმთიან რეგიონში გადაადგილების ხერხებს, ასევე, დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის ტექნიკას ეუფლებოდნენ.

კურსი საჩხერესა და ჭიათურაში სხვადასხვა სასწავლო უბანზე მიმდინარეობდა.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა  ნატოს  „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში   ნატოს წევრი  და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით, ზაფხულისა და ზამთრის სამთო მომზადების  კურსებს  რეგულარულად მასპინძლობს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა,  როდესაც  ათმა ამერიკელმა  საზღვაო ქვეითმა  კურსი  აღნიშნულ სკოლაში გაიარა.

„სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის საორიენტაციო კურსი“ გაიხსნა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 21 მაისი 2019 10:48

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის საორიენტაციო კურსი“ დაიწყო, რომელშიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კურსი 2017 წელს DIBS-ისა და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების მართვის სასწავლო ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდა და მესამე წელია, რაც ტარდება.

ტრენინგი სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ, სტეფანო კრეშენციმ გახსნეს, მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თეა ნიკოლაშვილმა იტალიურ მხარეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კურსს ქართველი ტრენერები უძღვებიან, იტალიელი ექსპერტები კი მიმდინარეობის პროცესს აკვირდებიან.

ტრენინგის მიზანს პოსტკონფლიქტური სიტუაციების მრავალფეროვანი და რთული გარემოს შესახებ მსმენელების ინფორმირება, სტაბილურობისა და რეკონსტრუქციის ოპერაციებში მონაწილე მხარეებზე გავლენის მქონე ფაქტორების მიმოხილვა და გაანალიზება წარმოადგენს. 

ხუთი დღის განმავლობაში მონაწილეები კონფლიქტების მოგვარების საერთაშორისო მექანიზმებსა და უსაფრთხოების სექტორში რეფორმირების სპეციფიკას გაეცნობიან. კურსის ფარგლებში საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, სტაბილურობის ოპერაციებში საქართველოს თავდაცვის ძალების გამოცდილებასა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის როლზეც იმსჯელებენ.

სამხედრო პოლიციის უფროს ოფიცერთა საორიენტაციო კურსი DIBS-ში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019 12:56

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) სამხედრო პოლიციის უფროს ოფიცერთა საორიენტაციო კურსი  დაიწყო.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და ნატოს სამხედრო პოლიციის განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს ორი დღის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო პოლიციის 21-ე ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გლენ შმიკი და ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი სარდლობის (SHAPE) პირველი რანგის სამხედრო პოლიციის მეთაური, პოლკოვნიკი დენიელ ნორტი უძღვებიან.

ტრენინგის მიზანია თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის მაღალი რანგის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ნატოს სამხედრო პოლიციის ფუნქციების, ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში სამხედრო პოლიციის როლისა და შესაძლებლობების შესახებ. საორიენტაციო კურსის ფარგლებში მონაწილეები ნატოს სამხედრო პოლიციის საუკეთესო გამოცდილებას გაიზიარებენ, ნატოს სამხედრო პოლიციის სტანდარტებთან ურთიერთთავსებადობის საკითხებს გაეცნობიან და ნატოს დოქტრინებსა და პროცედურებს შეისწავლიან. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მსმენელები მიღებულ ცოდნას პირად შემადგენლობას გააცნობენ.

ზამთრის სამთო შუალედური კურსი გუდაურში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 11:10

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. სამთო კურსის მეორე ეტაპზე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები გუდაურში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს სამთო უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარებიან, რომელიც მათ საბაზისო სამთო კურსის ფარგლებში შეასწავლეს. კურსში 14 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის 3 ქართველი, 2 ლატვიელი, 1 ბელარუსი, 1 აზერბაიჯანელი და 7 უკრაინელი. 

ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოვლენილი სამხედროები თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას გადიან. კურსის ფარგლებში მათ უწევთ გაუკვალავ თოვლში სრიალი, თოკში ჩაბმული სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა, გადარჩენა და ევაკუცია, ასევე უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე მიყვანა, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავსაშიშ ადგილებში თოვლის საფარის შემოწმება და ზვავის რისკების დადგენა. მსმენელებს საძებნი ხელსაწყოს A8 გამოყენებით ზვავში მოყოლილი ადამიანის აღმოჩენაც უხდებათ. 

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის პირველი ეტაპი სამხედროებმა აბულის მთაზე გაიარეს. 

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი 8 თებერვალს დასრულდება. კურსის დასრულების შემდეგ სამხედროები სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ. წარჩინებულ მსმენელებს ჯგუფის უფროსის კურსზე დასწრების რეკომენდაცია გაეწევათ.

კურსი “თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 21 იანვარი 2019 12:00
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ რეგიონული მასშტაბის კურსი - „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ გაიხსნა. ტრენინგის მიზანს უსაფრთხოების სისტემაში მმართველობის პროცესთან და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, საჭირო მეთოდების გაცნობა და უნარების განვითარება წარმოადგენს.
 
კურსი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკენზი სმიტმა და თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა, დავით გუნაშვილმა გახსნეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
 
 ორკვირიანი ტრენინგის განმავლობაში რეგიონში თავდაცვისა და უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ. კურსს ბრიტანელი ინსტრუქტორები გაუძღვებიან და მსმენელებს გამოცდილებას გაუზიარებენ. საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის, სტრატეგიული დაგეგმვის, თავდაცვის სისტემაში მართვის სპეციფიკის, ადამიანური რესურსების, ასევე, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ.
 
კურსი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის, კრენფილდის უნივერსიტეტის, დიდი ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მეათედ ხორციელდება.

კურსი „პოლიტიკის სტრატეგიული ანალიზი და რეპორტინგი“ დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018 14:54

საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIB) და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით, ტრენინგი - „პოლიტიკის სტრატეგიული ანალიზი და რეპორტინგი“ დაიწყო.

ტრენინგს უძღვებიან კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენლები, რომლებიც, ქართველ ექსპერტებთან ერთად, მსმენელებს სამი დღის განმავლობაში პოლიტიკის სტრატეგიული ანალიზის კუთხით გამოწვევების იდენტიფიცირების, მიმდინარე პრაქტიკისა და პერსპექტივის შესახებ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ტრენინგს საქართველოს თავდაცვის უწყებისა და უსაფრთხოების სექტორის ის წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებიც ჩართულნი არიან პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის, ასევე სტრატეგიული და ანალიტიკური დოკუმენტების შემუშავების პროცესში.

კურსი საქართველოში საერთაშორისო და ადგილობრივი ტრენერების ჩართულობით უკვე მეორედ ტარდება; მომავალში კი, სასწავლო პროცესის ადგილობრივი რესურსებით წარმართვა იგეგმება.

კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) ინტენსიურად თანამშრომლობენ. ინსტიტუტის ექსპერტები DIB სკოლას რეგულარულად სტუმრობენ და ქართულ მხარეს გამოცდილებას უზიარებენ.

DIB სკოლა კურსს - „ნატოს როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში“ მასპინძლობს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018 10:02

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში საერთაშორისო უსაფრთხოების კურსი „საერთაშორისო უსაფრთხოების სწავლება: ნატოს როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში“ გაიხსნა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით გამართული კურსი ორი - ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებებისგან შედგება. 

ნატოს მიმართულებას ქართველ ექსპერტებთან ერთად გაუძღვება კლიგენდაელის წარმომადგენლები სიუზან ოოსტერვიჯკი და გენერალ-ლეიტენანტი ტონ ვან ლუნი, ასევე მოწვეული მკვლევარი ერდოგან აიკაჩი უძღვებიან. კურსი საქართველოს თავდაცვის და ფართო უსაფრთხოების სექტორის საშუალო რგოლის იმ საჯარო მოხელეებისათვისაა გათვლილი, რომლებიც მუშაობენ და ან დაინტერესებულები არიან საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებით და ევროკავშირთან და ნატოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტებით.

სემინარის ფარგლებში განხილული იქნება ნატოს ბრიუსელის სამიტის შედეგები, ნატოს წინაშე მდგარი შიდა და გარე გამოწვევები და საფრთხეები, ნატოს გაფართოების პოლიტიკა, ნატოს როლი რეგიონულ უსაფრთხოებაში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ასპექტები, ნატოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი და შესაძლებლობები, ნატო და კიბერ-თავდაცვის საკითხები, ნატო და თურქეთში მიმდინარე მოვლენები, ნატოს სტრატეგია შავ ზღვასთან მიმართებაში და რუსეთი. კურსი ინტერაქტიურია და ჯგუფურ სამუშაოებსაც მოიცავს.

„უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა“ დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 10 სექტემბერი 2018 13:38

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში  (DIBS) „უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა“ დაიწყო. ორთვიანი  კურსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა გახსნა, უსაფრთხოების სექტორის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.

კურსს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლები დაესწრებიან, სადაც თავდაცვის უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვასა და ანალიზს შეისწავლიან. პროგრამის ფარგლებში მსმენელები შესაბამის უწყებებს ესტუმრებიან და უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე ტენდენციებს  გაეცნობიან.

„უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა“ 10 სხვადასხვა სასწავლო მოდულისგან შედგება. აღნიშნულ კურსს საჯარო სამსახურის მაღალი თანამდებობის პირები,  მოწვეული ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წარუძღვებიან.

პროგრამის მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში ეფექტიანი საქმიანობისთვის მონაწილეების მომზადებაა. ორთვიანი კურსის დასრულების შემდებ მსმენელებს სერთიფიკატები გადაეცემათ. 

სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი ბაკურიანში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 12 თებერვალი 2018 15:34

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PFP) ზამთრის საბაზისო კურსს ბაკურიანში მასპინძლობს. ამჯერად სამთო მომზადება საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში დაიწყო. მასში 12 უკრაინელი და 5 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები მსმენელებს თხილამურებზე სრიალს, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებს, თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვასა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. „იგლუს” მოწყობას შეასწავლიან. სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსის განმავლობაში სამხედროები ტაქტიკურ მარშებსაც განახორციელებენ.

კურსი დაბა ბაკურიანში დღეს დაიწყო და 2 მარტს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საზეიმოდ დაიხურება.

სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 15 იანვარი 2018 14:02
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სამთო მომზადების საბაზისო კურსს მასპინძლობს. ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PFP) ფარგლებში სამთო მომზადება დღეს გუდაურში დაიწყო და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 12 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
ქართველ სამხედროებთან ერთად ლატვიიდან, პოლონეთიდან და სომხეთიდან მოვლენილი სამხედროები თხილამურებზე დგომის წესებსა და თოვლიან რელიეფზე დაბრკოლების გადალახვის ხერხებს დაეუფლებიან. სამთო მომზადების ფარგლებში სამხედროებს ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა და გადარჩენა, საკაცის გამოყენებით დაზარალებულის ევაკუაცია, თოვლიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლში ,,იგლუ“ ღამის გათენება მოუწევთ.
კურსი პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების მიერ ტარდება. სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს ტესტირებები სხვადასხვა სახეობაში ჩაუტარდებათ, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ მიეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე.
საბაზისო სამთო კურსი 2 თებერვალს დასრულდება.
 
გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური