კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სოფელ კორხში წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 30 მაისი 2019 21:27

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს.

სოფლის ადგილობრივი მცხოვრებლებისა და სამშენებლო პროცესის ინიციატორის - მოქალაქე იურიკ წარუკიანის თვითნებური გადაწყვეტილების შედეგად XIX საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესიის იერსახე მკვეთრად დეგრადირდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კედლები ძალაყინითაა ჩამოშლილი, ხოლო ტაძრის ერთ-ერთი ფასადი თითქმის სრულად განადგურებული. უნებართვო სამუშაოებზე, რომელიც მაისის თვიდან დაიყო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ 10 მაისს გამოვლინდა. ადმინისტრაციული სამართალდაღვევის საწყის ეტაპზე ძეგლის გარშემო სარძიკვლის დონეზე უნებართვოდ ამოღებული მიწის ფენა დაფიქსირდა, რაც ძეგლს დაზიანების საფრთხეს თავიდანვე უქმნიდა. უნებართვოდ განხორციელებული ქმედების გამოსწორებისა და განხორციებული სამუშაოების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მოთხოვნით, მოქალაქე იურიკ წარუკიანს "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე სააგენტომ წერილობითი გაფრთხილება მისცა, რომლის საფუძველზეც მას რამდენიმე ვალდებულება განესაზღვრა: • მოქალაქეს უნდა უზრუნველყო ძეგლზე ყველა ტიპის სამუშაოების სასწრაფოდ შეჩერება (გარდა საძირკვლის სამუშაოებისა);

• სპეციალისტების ზედამხედველობით, ეკლესიის საძირკველი (ამოთხრილ ნაწილში) უნდა გამაგრებულიყო რკინა-ბეტონის გამოყენებით. ვიდეო გადაღებით აღბეჭდილი სამუშაოების პროცესი კი უნდა წარმოადგენილიყო სამუშაოების ანგარიშთან ერთად; • ერთი თვის ვადაში მესაკუთრეს უნდა უზრუნველყო დანარჩენ სამუშაოებზე (საძირკვლის სამუშაოს გარდა) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მოპოვება; • მიღებული ნებართვის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა; წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, დაკისრებული ვალდებულებები სამშენებლო პროცესის ინიციატორის - იურიკ წარუკიანის მიერ სრულად უგულვებელყოფილი აღმოჩნდა.

კანონით განსაზღვრული ქმედებების შეუსრულებლობის გამო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირი 21 მაისს სააგენტომ 5000 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული სახდელით დააჯარიმა, რომლის კანონიერებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პირველადი ინსტანციის სასამართლო 30 მაისს დაადგენს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არაოფიციალური ინფორმაციით, უნებართვო სამუშაოების ორგანიზებისთვის იურიკ წარუკიანის გაფრთხილებისა და 5000 ლარით დაჯარიმების მიუხედავად, კორხის წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე უნებართვო სამუშაოები მაინც გრძელდება, რამაც მოქმედი კანონმდებლობით შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის აუცილებლობა წარმოშვას. შესაძლო სამართალდარღვევის მორიგი ქმედების ფაქტს სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ხვალვე შეისწავლიან.

წუხელ ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი გაჩნდა

გამოქვეყნებულია კულტურა
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 10:06

„2016 წლის 1-ელ ნოემბერს, გვიან ღამით, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩნდა ცეცხლი. დაიწვა ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდა, რამაც გამოიწვია უნიკალური მხატვრობის ნაწილობრივ ჭვარტლით დაფარვა,"- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:. 

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ვარძიაში შემთხვევისთანავე მიავლინა სპეციალისტები, გაგზავნილია სპეციალური ხარაჩო-დანადგარი. დღეიდან იწყება არსებული მდგომარეობის ანალიზი და დიაგნოსტიკა. სპეციალისტების მიერ მოხდება კედლის მხატვრობის გაწმენდის მეთოდიკის შერჩევა, რის შემდეგაც, დაიწყება გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მოქმედი ტაძარია და იქ მუდმივად აღევლინება ღვთისმსახურება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით, მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, დაწყებულია მოკვლევა. 

ამ მომენტისათვის ეკლესია დაკეტილია და იქ შესვლა ვიზიტორებისა და ტურისტებსთვის დროებით შეზღუდულია.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უკანასკნელი წლებია ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის გეგმას ახორციელებს. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური კომპლექსური კვლევები და სამუშაოები, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ინტერიერში წარმოდგენილი XII საუკუნის ფრესკების საკონსერვაციო მდგომარეობის კვლევა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ლონდონის უნივესიტეტის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტთან, რომელიც სპეციალიზირებულია ხელოვნების ისტორიის შესწავლაზე და საერთაშორისო მასშტაბით დარგში აღიარებული უნივერსიტეტია. კურტოს ინსტიტუტთან და თბილისის სამხატვრო აკადემიასთან ერთად ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობს ვარძიის ღვთისმშობლის ტაძრის მხატვრობის დეტალური შესწავლა, დოკუმენტირება და საკონსრევაციო მდგომარეობის დიაგნოსტიკა. კვლევა ითვალისწინებს კედლის მხატვრობის საფუძვლის ფენის, ნალესობის ფენის, ფერწერული ფენის შესწავლას. ლონდონის უნივესიტეტის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მხატვრობის ბუნებრივი დაზიანების საფრთხე უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში არ არსებობდა“, - ნათქვამია  განცხადებაში. 

ერეკლე მეორის სასახლის რესტავრაცია დასრულდა

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 17:22

ერეკლე მეორის სასახლის რესტავრაცია დასრულებულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, განახლებულ ბატონის ციხეს, ხვალ, 29 ოქტომბერს 12:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განივთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გახსნის. 
გახსნის ცერემონიას დაესწრებიან: კულტურისა დაძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და სხვა ოფიციალური პირები. 
სამინისტროს ინფორმაციით, ერეკლე მეორის სასახლის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. 
”სასახლის რესტავრაცია ავთენტურობის სრული დაცვით ჩატარდა. არსებული პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებით მომზადდა”, - განმარტავენ სამინისტროში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური