საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 31 ივლისი 2018 10:13

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის შემოდგომაზე ევროპის საბჭოს ჩართულობით დაგეგმილ ღონისძიებებს. აღინიშნა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს საკითხის აქტუალობა და ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რაც ორგანიზაციში საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით მიიღება.
შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას. 

მამუკა ბახტაძემ და კრისტიან ურსემ საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 ივლისი 2018 14:55

2018-07-27

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა. 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მკაფიო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მთავრობა სრულად უჭერს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებას. 

მამუკა ბახტაძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში კონფლიქტებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობას, რომლითაც ევროპის საბჭო ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.
კრისტიან ურსემ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო მიესალმება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და მზად არის, მომავალშიც შეუწყოს ხელი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისკენ მიმართული პროექტების განხორციელებას. 

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა წარმატებულ თანამშრომლობაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან, რომლის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრა შემოდგომაზე თბილისში იგეგმება. 
მხარეებმა ასევე ისაუბრეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვების მიზნით სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამჯერადაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.

 

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგები საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 ნოემბერი 2017 18:28

დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ევროპის საბჭომ წარმოადგინეს 2015-2017 წლებში განხორციელებული რვა ერთობლივი პროექტის შედეგები, რომელთა ბიუჯეტმაც 3.7 მილიონი ევრო შეადგინა. ბიუჯეტის 90% ევროკავშირმა დააფინანსა, ხოლო 10% - ევროპის საბჭომ. პროექტები ევროპის საბჭომ განახორციელა.

ქვეყნის სპეციფიკაზე მორგებულმა პროექტებმა ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებას; ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციას; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გაძლიერებას; ციხეებში ჯანდაცვის გაუმჯობესებას; ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას; მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის ამაღლებას; ინტერნეტის თავისუფლების დაცვას; ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფას.

“მსგავსი პროექტები და ევროპულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში გასატარებელი რეფორმებისათვის, განსაკუთრებით, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისათვის,” - აღნიშნა დავით ზანკალიანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

შეხვედრაზე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ განაცხადა: "დღეს ვაფასებთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან სამწლიან მჭიდრო თანამშრომლობას და შედეგები ძალიან პოზიტიურია. „პარტნიორობამ კარგი მმართველობისთვის“ საშუალება მისცა ევროპის საბჭოს და ევროკავშირს, ეთანამშრომლა რიგ ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის, სამინისტროებსა და საჯარო დაწესებულებებთან, მედიასა და იურისტებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შედეგად, გაფართოვდა ქართველ პარტნიორთა შესაძლებლობები, უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა დაცვა და მხარდაჭერა, ბევრ სფეროში გაძლიერდა დემოკრატია და კანონის უზენაესობა.” ბატონმა ურსემ ასევე ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მზადყოფნას, გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასა და სხვა მხარეებთან.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსმა,  ვინსენტ რეიმ დასძინა: „ეს პროექტები და თანამშრომლობა ეფუძნება ჩვენს საერთო მიზანს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესაბამის ევროპულ ფასეულობათა დამკვიდრებას. ჩვენ უკვე დავდეთ ხელშესახები შედეგები რვა სფეროში - დაწყებული ციხეებში გაუმჯობესებული ჯანდაცვით და დამთავრებული სამართლის სფეროს სპეციალისტების ტრენინგებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, მედიის სფეროს რეგულაციაზე პასუხისმგებელი პირების ტრენინგების ჩათვლით.“

პროექტების შედეგების მიხედვით:

  • 1300-ზე მეტმა იურისტმა (მოსამართლე, პროკურორი, ადვოკატი) გაიღრმავა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა დებულებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ცოდნა;
  • განახლდა ელექტრონული საგამოცდო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ელექტრონულად ჩატარებას და შედეგების ავტომატურ შეფასებას;
  • 100-ზე მეტმა ჟურნალისტმა გაიარა ტრენინგი იმის შესახებ, თუ როგორ ებრძოლონ კულტურულ და გენდერულ სტერეოტიპებს და როგორი პასუხისმგებლობით გააშუქონ წინასაარჩევნო კამპანია, ასევე რეგიონული მაუწყებლობების მისიასა და როლზე;
  • საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს გაეწიათ საექსპერტო დახმარება სტრატეგიების შემუშავებაში, კერძოდ, ციხეებში ჯანდაცვის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებისა და პენიტენციურ სისტემაში კრიზისების მართვის კუთხით;
  • სამართლებრივი მხარდაჭერა გაეწია 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო და 2017 წლის სექტემბრის ადგილობრივ არჩევნებს;
  • ჩატარდა ქართული ინტერნეტ მმართველობის ფორუმის სამი სესია;
  • მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ფულის გათეთრების წინააღმდეგ, რაც 2018 წელსაც გაგრძელდება, როდესაც დასრულდება ეროვნული მექანიზმის შემუშავების რისკების შეფასება.

2014 წლის აპრილში, ევროკავშირი და ევროპის საბჭო შეთანხმდნენ მიზანმიმართულ თანამშრომლობაზე ევროკავშირის აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნებთან, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროებში მათი ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. 8 ადგილობრივი პროექტის გარდა, საქართველო ასევე მონაწილეობს 14 რეგიონულ პროექტში.

მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: http://partnership-governance-eu.coe.int

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 11 იანვარი 2017 15:54

2017 წლის 11 იანვარს ევროპის საბჭოს ოფისისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების შეფასების ინსტრუმენტის პრეზენტაცია. პრეზენტაციას დაესწრნენ იუსტიციის სამინისტროს, უზენაესი სასამართლოს, საერთო სასამართლოების, პროკურატურის, სახალხო დამცველის ოფისის, ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პრაქტიკოსი იურისტები.
წარმოდგენილი დოკუმენტი წარმოადგენს სახელმძღვანელოს ქვეყანაში არსებული აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების პრაქტიკის შესწავლისთვის და გვთავაზობს წინასწარი პატიმრობის შესაფასებლად საჭირო რჩევებსა და მეთოდოლოგიებს; გამოავლენს მის გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებას.
„ევროპის საბჭო გამოხატავს სრულ მზადყოფნას რათა დაეხმაროს საქართველოს წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებული პრობლემების ხასიათისა და სიღრმის განისაზღვრაში. სწორედ ამ მიზნით მომზადდა წინასწარი პატიმრობის გამოყენების შეფასების
ინსტრუმენტი. ეს არის პირველი მცდელობა, რომ მოხდეს სისტემური მიდგომა არსებული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის, რათა შეიქმნას ობიექტური და ყოვლისმომცველი სურათი წინასწარი პატიმრობის გამოყენებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებთან მიმართებაში“, განაცხადა კრისტიან ურსემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია წინასწარი პატიმრობის, როგორც უკიდურესი ზომის გამოყენების ევროპული კონცეფციის შესახებ. ევროპის საბჭოს ინსტრუმენტები პატიმრობასა და წინასწარ პატიმრობასთან მიმართებაში და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) პრეცედენტული სამართლის შესახებ.
პრეზენტაცია ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს ფარგლებში.

ევროპის საბჭო და ევროკავშირი საქართველოს შესახებ პროექტების შუალედურ შედეგებს წარადგენენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2016 14:54

სტრასბურგი/თბილისი, 24 ოქტომბერი 2016 – პარასკევს, 28 ოქტომბერს ევროპის საბჭო და ევროკავშირი მედიას წარუდგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული პროექტების შუალედურ შედეგებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოში არსებულ რვა პროექტს, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განხორციელების ხელშეწყობას, ჯანდაცვასა და ადამიანის უფლებებს ციხეებში, მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმს, ინტერნეტ თავისუფლებას, ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერას, ასევე არჩევნების მხარდაჭერას და ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას.

საქართველოში აღნიშნული 8 პროექტი ხორციელდება ევროკავშირის და ევროპის საბჭოს დაფინანსებით არსებული "პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს" (PCF) 2015-2017 ფარგლებში და მათ ახორციელებს ევროპის საბჭო. საქართველოში განსახორციელებელი პროექტების საერთო ბიუჯეტი 3.6 მილიონ ევროს შეადგენს და გარდა იმ პროექტებისა, რომელთა განხორციელებაც საქართველოშია დაგეგმილი, საქართველო ასევე 14 რეგიონალურ პროექტშიც იღებს მონაწილეობას.

შეხვედრაზე მომხსენებლები იქნებიან ბ-ნი კრისტიან ურსე - საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, ბ-ნი იანოშ ჰერმანი - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ქ-ნი თეა მაისურაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, ქ-ნი ინგა კუბეცია - პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების ეროვნული კოორდინატორი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ქ-ნი ევა კონეჩნა - პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების კოორდინატორი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატში. ჟურნალისტებს შეკითხვების დასმის საშუალება ექნებათ შესვენების განმავლობაში.

ღონისძიება გაიმართება 2016 წლის 28 ოქტომბერს, სასტუმრო თბილისი მარიოტის ბოლრუმში, მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი #13, თბილისი 0108, საქართველო. პროექტების პრეზენტაციის ნაწილი მედიისთვის ღია იქნება 10:00-დან 10:30 საათამდე. უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

კონფერენციაზე დასასწრებად, სავალდებულოა მედიის წარმომადგენლებმა გაიარონ წინასწარი აკრედიტაცია ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის თანამშრომელთან ქ-ნ ქეთევან სახელაშვილთან (JLIB_HTML_CLOAKING ან ტელ: +995 322913870/71/72/73)

ზოგადი ინფორმაცია:

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://eap-pcf-eu.coe.int

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური