კონფერენცია თემაზე: „ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 19 იანვარი 2019 16:27

22 იანვარს, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“ თბილისში, 12:00 სთ -დან 15:00 სთ-მდე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში  და მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ , თემაზე: „ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის“  ერთობლივ  კონფერენციას  გამართავენ.

კონფერენციის მიზანია  - საზოგადოებას გააცნოს ჩინეთში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესები. ასევე, ჩინეთში  გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგები, იქაური გამოცდილება მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში, კორუფციასთან ბრძოლასა და იმ წარმატებების მიზეზებში, რამაც ჩინეთის სწრაფი განვითარება უზრუნველყო.

კონფერენციას დაესწრებიან  - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ძი იენჩი,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი,  „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე,  წამყვანი ჟურნალისტები, ექსპერტები, საზოგადო მოღვაწეები და ბიზნესმენები.

ნაწილი პირველი

  • ზოგადი მოხსენება - მალხაზ გულაშვილი - მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, პოლიტოლოგი
  • მისასალმებელი სიტყვა - ძი იენჩი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
  • სიტყვით გამოსვლა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე ხვთისიაშვილი
  • სიტყვით გამოსვლა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილე - აკაკი საღირაშვილი
  • მომხსენებელი -  ჩინეთის გეოპოლიტიკურ გავლენაზე - ვახტანგ მაისაია -  პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სამხედრო პოლიტოლოგი. თემა: როგორ შეიძლება საქართველომ ეს გავლენები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს
  • მომხსენებელი სიმონ კილაძე, პოლიტოლოგი. თემა: ჩინეთის გამოცდილება შრომითი პერსონალის მართვაში, კორუფციასთან ბრძოლაში და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში
  • ზოგადი დისკუსია - ჩინეთის ეკონომიკური როლი საქართველოსთვის, კითხვა-პსუხი

 ნაწილი მეორე

 დამსწრე საზოგადოებისთვის ჩინეთში ყოფნის შთაბეჭდილებების გაზიარება

აქცენტები გაკეთდება ჩინეთის საპენსიო რეფორმაზე, მის ეკონომიკურ მოდელზე, „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ კონცეფციაზე, ჩინური ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მოდელზე, სიღარიბესთან ბრძოლაზე და სხვა

  • რა შეიძლება ისწავლოს ჩინეთის გამოცდილებიდან საქართველომ?
  • როგორ შეიძლება გააძლიეროს ჩინეთის როლი საქართველომ საკუთარი ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად? 

 სწორედ ამ საკითხებს შეეხება კონფერენცია.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობიდან - დღემდე, 26 წელს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩინათმა გიგანტური ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფო გამხდარიყო. ჩინეთის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ახალი ტექნოლოგიები, საპენსიო რეფორმა, გეოპოლიტიკური როლის ზრდა, სამხედრო რეფორმა - იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს გავლენიანმა ქვეყნებმა ანგარიში გაუწიეს მის ინტერესებს. ამის შედეგად კი, ჩინეთმა ნელ-ნელა დაიწყო თავისი დაკარგული ტერიტორიების მშვიდონიანად დაბრუნება. ჩინეთი წარმატებულად ებრძვის სიღატაკეს და განსაკუთრებულად ზრუნავს საკუთარ მოხუცებზე. ცნობისათვის, დღეს საქართველოს ჩინეთთან აქვს თავისუფალი ვაჭრობა და მთელი რიგი კომპანიები უკვე ამ ქვეყნის ბაზარზე ოპერირებენ. თუმცა, ეს საკმარისი არ არის და საჭიროა უფრო ინტენსიურ მოქმედებებზე გადასვლა ჩინეთის ახალი კონცეფციიდან - „ერთი გზა-ერთი სარტყელი“ -გამომდინარე.

მთავარი პროკურორი,ელისაშვილისგან იმ პირის ვინაობის დასახელებას მოითხოვს ვინც კორუფციული გარიგებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 12:56

"იმედია ბოლოსდაბოლოს დაასახელებს ელისაშვილი იმ პირის ვინაობას, ვინც კორუფციული გარიგებების შესახებ მას ინფორმაცია მიაწოდა," - ეს განცხადება მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გააკეთა. მთავარი პროკურორი ელისაშვილის ბრალდებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წელიწადნახევრის წინ გამართული შეხვედრის კადრები შენახული არ არის რადგან ამდენი ხნის განმავლობაში პროკურატურა ასეულობით კამერის ჩანაწერს ტექნიკურად ვერ ინახავს.

"არც გიორგი ბადაშვილი და არც გიორგი გოგაძე არ უარყოფენ ელისაშვილთან შეხვედრის ფაქტს. შესაბამისად რატომ ხდება ამ ჩანაწერებით სპეკულირება ჩემთვის გაუგებარია.მათ დაადასტურეს, რომ იყო შეხვედრა, იყო შეხვედრა მთავარ პროკურორთან, თუმცა აქ არის საუბარი იმაზე, რომ ელისაშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი შეწყალების კომისიის საქმიანობაზე და იმ პრობლემატიკაზე, რომელიც ამ შეწყალების საქმიანობას თან ახლავს და შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე. შესაბამისად, ეს ფაქტები გამოკვლეულია და სამწუხაროდ პროკურატურას იმის რესურსი არ აქვს, რომ წელიწადნახევარში შეინახოს ასეულობით კამერის ჩანაწერი, რაც საკმაოდ დიდ რესურსს საჭიროებს. მე მინდა სურვილი გამოვთქვა და იმედი გამოვთქვა, რომ ალეკო ელისაშვილი ბოლოსდაბოლოს დაასახელებს იმ პიროვნებას, რომელმაც მისი სიტყვებით, მას მიაწოდა ინფორმაცია კორუფციული დანაშაულის შესახებ" განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

 

თურქეთში მთავრობამ კიდევ ერთი კერძო კომპანიის მმართველობა უკანონოდ ჩაიბარა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 12:42

თურქეთში მთავრობა, მის მიერ ოპოზიციურად განწყობილი კომპანიების ხელში ჩაგდებას განაგრძობს. პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის და მისი ხელისუფლების მიერ 1 ნოემბრის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე "კოზა-იფექ" მედია ჰოლდინგის მმართველობის ჩაბარების შემდეგ, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფინანსური სტრუქტურის მქონე დაწესებულების " Kaynak" ჰოლდინგში შემავალი კომპანიების მმართველობაც ჩაიბარა.
" Kaynak" ჰოლდინგი რომელსაც 8 ათას თანამშრომელი ჰყავს და 16 სხვადასხვა სექტორის 23 კომპანიას და 100 აქტიურ ბრენდს შეიცავს, პოლიციამ დღეს დილით სტამბულში ჰოლდინგის ოფისები დაარბია.
ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით "კოზა-იფექ" მედია ჰოლდინგზე განხორციელებული სკანდალის შემდეგ ეს მოვლენა, თავისუფალ მეწარმეობასა და კაპიტალზე მიყენებული ახალი დარტყმა იქნება და ნახსენები უკანონო ქმედება ქვეყანას ეკონომიურად სერიოზულად დააზარალებს. ეკონომისტები, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა საყოველთაო სამართლებრივი ნორმების დაცვაა და თუ ქვეყანაში სამართლებრივად უსაფრთხო გარემო არ იქნება უცხოელი ინვესტორის თურქეთში შეჩერება რთული იქნება.
თურქეთში 2013 წლის 17-25 დეკემბერში, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე გახმაურებული მექრთამეობისა და კორუფციის გამოვლენის შემდეგ, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ყველა სფეროზე, მათ შორის თავისუფალ მედიაზეც, მათი გაჩუმების მიზნით ზეწოლამ პიკს მიაღწია. 1 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციური გამოცემებით ცნობილი "კოზა-იფექ" მედია ჰოლდინგში შემავალი ორი ტელევიზიისა და გაზეთების მმართველობა ჩაიბარეს და ასობით ჟურნალისტი ყოველგვარი მიზეზის გარეშე სამსახურიდან დაითხოვეს. და ბოლოს, მთავრობამ ქვეყნის უმსხვილესი მედია საშუალებებიდან "სამანიოლის" ჯგუფში შემავალი ტელევიზიები და რადიო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე სატელიტი Türksat-იდან გაიყვანა. გაყვანა განხორციელა ყოველნაირი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფმა სატელიტმა (Türksat), ამ ჯგუფში შემავალ 13 სატელევიზიო არხს და 4 რადიოს მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლამდე კონტრაქტი ჰქონდათ სატელიტური მაუწყებლობა შეუწყვიტა.

IDFI ევროკომისიის შემფასებელი მისიისთვის მიმართვის გაგზავნის მიზნით ხელმოწერებს აგროვებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 17:58

IDFI ევროკომისიის შემფასებელი მისიისთვის მიმართვის გაგზავნის მიზნით ხელმოწერებს აგროვებს. IDFI-მ მიმართვა მოამზადა, რომელიც სურს, სამოქალაქო საზოგადოების სახელით ევროკომისიის შემფასებელ მისიას გაუგზავნოს და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მონიჭებაში მხარდაჭერა სთხოვოს.

"საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო მიმოსვლის გამარტივების შესაძლებლობის თაობაზე პირველად აღნიშნული იქნა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმაში 2006 წელს (ENP AP). 2010 წლის 17 ივნისს ხელი მოეწერა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას. ამავე წლის 22 ნოემბერს ხელი მოეწერა რეადმისიის შესახებ შეთანხმებას. სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში წარმატებული რეფორმების გატარების შედეგად 2012 წლის 4 ივნისს, საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი ოფიციალურად გაიხსნა. უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოს მიერ განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები და რეფორმები, რომელმაც ხელი შეუწყო ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით წარმართვას, რის შედეგად, 2013 წლის 25 თებერვალს, ქ. ბრიუსელში საქართველოს მთავრობას გადაეცა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობამ, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, განახორციელა მთელი რიგი რეფორმებისა, რათა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი, საკანონმდებლო ფაზის შესრულება წარმატებით დასრულდეს. ამასთან ერთად, სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით, გადაიდგა მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს საქართველოს წარმატებები ღია მმართველობის განვითარების და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოში შექმნილია და ფუნქციონირებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. სწორედ აღნიშული საბჭოს მხარდაჭერითა და მის საქმიანობაში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობის შედეგად ბოლო წლების განმავლობაში გატარდა მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობას.

გლობალური მმართველობის ინდიკატორებში (რომელიც მსოფლიო ბანკის ინიციატივას წარმოადგენს) მსოფლიო მასშტაბით, საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია განვლილი პროგრესის მხრივ ისეთ სფეროებში, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეფექტური მმართველობა და კანონის უზენაესობა. აუცილებელია ხაზი გაესვას იმასაც, რომ რიგ ინდიკატორებში საქართველო არ ჩამოუვარდება ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ისეთი ქვეყნების შეფასებებს, როგორიცაა ჩეხეთი, სლოვენია, იტალია, საბერძნეთი, მაკედონია, უნგრეთი, ბულგარეთი და სხვა. საქართველოს ასევე მოწინავე პოზიცია უკავია ისეთ საერთაშორისო შეფასებებში, როგორიცაა მსოფლიო სამართლის ინიციატივის მიერ 2015 წლის მარტში გამოქვეყნებული ღია მმართველობის ინდექსი. აღნიშნული ინდექსის მიხედვით, საქართველოს მინიჭებული აქვს 0.61 შეფასება უმაღლესი 1 ქულიდან. მოცემული რეიტინგით, საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანას შორის პირველი პოზიცია უკავია, ხოლო მსოფლიო მასშტაბით კი 102 ქვეყანას შორის 28-29-ე ადგილებს ინაწილებს იტალიასთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში (OGP). აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება აღებული და შესრულებული ვალდებულებების მხრივ, განსაკუთრებით კი პარტნიორობის ფარგლებში სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, ერთ-ერთ გამორჩეულ ქვეყანას წარმოადგენს ინიციატივაში მონაწილე სახელმწიფოებს შორის, რისთვისაც 2014 წელს საქართველო არჩეულ იქნა OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად. ამასთან ერთდ, 2013 წლიდან საქართველოს მთავრობის მიერ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საჯარო სამსახურის რეფორმირების საკითხზე. ამ მიზნით, 2014 წელს, სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით, შემუშავებულ და დამტკიცებულ იქნა "საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია". ამის შედეგად, დაიგეგმა და ხორციელდება მთელი რიგი რეფორმებისა. სახელდობრ, 2015 წლის 18 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი, შესაბამისად, მასში რაიმე სახის შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებები და დამატებები აღარ განხორციელდება. კანონპროექტი ითვალისწინებს იმ უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს, რომლებზეც ევროკომისია "სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედი გეგმის" განხორციელების შესახებ ანგარიშებში აკეთებდა მითითებებს. შედეგად, შეიქმნა მყარი საკანონმდებლო საფუძველი საქართველოში აპოლიტიკური, კარიერული ზრდის პრინციპზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისთვის.

გვსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ევროკომისიის "სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ სამოქმედო გეგმის" ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების გულდასმით შესრულებას. ვიმედოვნებთ, რომ ევროკომისიის მისიის მიერ დადებითად შეფასდება ქვეყანაში ბოლო პერიოდში განხორცილებული ცვლილებები და 2015 წლის ბოლომდე საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ უფლებას ისარგებლონ უვიზო რეჟიმით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან", - ნათქვამია IDFI-ის მიმართვაში.

IDFI მოუწოდებს ყველას, ვინც ემხრობა განცხადების შინაარს, ორგანიზაციას 17 ოქტომბრამდე მისწერონ და მიმართვას ხელი მოაწერონ.

აუდიტის სამსახურის განცხადება თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებში მიმდინარე აუდიტის შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 18:16
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ასევე გლდანისა და სამგორის რაიონული გამგეობების 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარე პროცესებს მედიის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნული საკითხებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასაჯაროვებს გლდანისა და სამგორის რაიონული გამგეობების 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ მნიშვნელოვან დარღვევა-ნაკლოვანებებს, რომლებიც შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირებას საჭიროებენ, თბილისის მერიის ადმინისტრაციის აუდიტის პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი არასწორი საკადრო პოლიტიკისა და არაეფექტური მართვის პრობლემები, რომელთა შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება აუდიტის დასრულების შემდეგ. სამგორისა და გლდანის რაიონების 2013-2014 წლების და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ: სამგორისა და გლდანის რაიონების 2013-2014 წლების და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა სხვადასხვა სახის დარღვევა-ნაკლოვანებები. მათ შორის, უმწეო მოქალაქეების უფასო სასადილოებით მომსახურების შესყიდვისას, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს აფიდავიტის მოთხოვნების დარღვევებს, რამაც საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა გამოიწვია. უფასო სასადილოს მომსახურებაზე გამოცხადებული ზოგიერთი ტენდერის შედეგები (ლარი) უფასო სასადილოებისთვის 2013 წელს გამოცხადებული ტენდერების მონაწილეები ძირითადად შპს „ილი“ („ილი ჯგუფი“) და შპს „ლიზი“ არიან. როგორც ცხრილიდან ჩანს, მომსახურების შესყიდვისას გამგეობის სატენდერო კომისიამ ოთხჯერ მოახდინა შპს „ლიზის“, ხოლო ერთხელ - შპს „ილის“ დისკვალიფიკაცია. დისკვალიფიკაციის მიზეზი ხუთივე შემთხვევაში იდენტურია - ფასების ცხრილისა და ტექნიკური დოკუმენტაციის, კერძოდ, სასადილოს მოსაწყობად საჭირო ფართის ფლობის დამადასტურებელი საბუთის დაუზუსტებლობა. ჩვენს ხელთ არსებული სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ იმ შემთხვევაში, როცა პრეტენდენტების მიერ შეთავაზებული მიწოდების საბოლოო ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს არ აქვს წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია. კომისიამ, დაბალი ფასის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველზე, ხელშეკრულება უფრო მაღალი ფასის მქონე პრეტენდენტთან გაააფორმა, რამაც შესყიდვის ღირებულების გაზრდა გამოიწვია. დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტების დისკვალიფიკაციითა და უფრო მაღალი ფასის პრეტენდენტთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, შესყიდვის ჯამური ღირებულება გაიზარდა 92.4 ათასი ლარით. არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ პრეტენდენტებმა დაარღვიეს საქართველოს შესყიდვების კანონმდებლობით განსაზღვრული აფიდავიტის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, კონკურენტებს ეკრძალებათ კომუნიკაცია, შეთანხმება, ან მოლაპარაკება, სატენდერო წინადადების ფასის და წინადადების წარდგენის, ან წარდგენისაგან თავის შეკავების შესახებ. შპს „ლიზი“ და შპს „ილი“, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სავარაუდოდ, მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აუდიტის ობიექტი ვალდებული იყო შეესწავლა აღნიშნული საკითხი და გაეტარებინა კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ღონისძიებები. მნიშვნელობიდან, უკვე გამოვლენილი გარემოებებიდან და შეფასებული რისკებიდან გამომდინარე, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას შესაბამისი ორგანოების მიერ. 3. სამგორისა და გლდანის რაიონების 2013-2014 წლების და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ: სამგორისა და გლდანის რაიონების 2013-2014 წლების და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ხარვეზები ამხანაგობების მეშვეობით ქალაქ თბილისის ახალშემოერთებულ სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებში. წყალმომარაგების ქსელის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“. ამხანაგობებმა სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება გააფორმა იმავე კომპანიასთან. საერთო სახელშეკრულებო ღირებულებამ სამგორში შეადგინა 6907.2 ათასი ლარი, ხოლო გლდანში - 5595.0 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ შემსრულებელ კომპანიას ავანსის სახით ჩაერიცხა სამგორის რაიონში - 2736.3 ათასი ლარი, ხოლო გლდანის რაიონში - 2238.0 ათასი ლარი. დოკუმენტაციის შესწავლით იკვეთება რიგი უზუსტობები, კერძოდ: ფარული სამუშაოების მოცულობები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობებთან შედარებით, ხოლო ფარული სამუშაოების აქტები არ არის შედგენილი; ხარჯთაღრიცხვა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თავად მოამზადა, მიუხედავად ამისა, შესრულებულია 600 ათას ლარზე მეტი ღირებულების ისეთი სამუშაოები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვებით; არსებობს მაღალი რისკი, რომ თავდაპირველად გაფორმებულ ხელშეკრულებებში ერთეულის ფასები გაზრდილი ღირებულებით იყო გათვალისწინებული და შემდეგ ანაზღაურებული. აღნიშნულ რისკს ამყარებს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა, რაც გულისხმობდა სამუშაოების ღირებულების დათვლას ფაქტიური დანახარჯების მიხედვით. დასკვნის შედეგად ერთეულის ფასებში გამოვლინდა მნიშვნელოვანი სხვაობები; მიმწოდებელს 2014 წლის 9 ივნისს წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტით ანაზღაურებული თანხიდან 75.6 ათასი ლარი ჩაერიცხა ისე, რომ სამუშაოების დასახელებები ფორმა N2-ში არ იყო მითითებული (გლდანის რაიონი). ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობები მნიშვნელოვნად განსხვავდება შესრულებული სამუშაოს აქტებში დაფიქსირებული მოცულობებისგან; მაგალითად, აუდიტის ჯგუფის მიერ სამუშაოების ადგილზე შემოწმებით და ამხანაგობების თავმჯდომარეების ახსნა-განმარტებების საფუძველზე გამოვლინდა, რომ შეუსრულებელია ფორმა №2-ში დაფიქსირებული ასფალტობეტონის საფარის აყრის სამუშაოების ნაწილი. (სამგორის რაიონში 20.2 ათასი ლარი); შესრულებული სამუშაოების ნაზარდ ჯამში (ფორმა N3) წარმოდგენილი მოცულობები განსხვავდება ფორმა N2-ში წარმოდგენილი ნაკრები მოცულობებისგან. შესრულებული სამუშაოების აქტები შეიცავს სხვა უზუსტობებსაც. 2015 წლის 3 ივნისს შემსრულებლის დაკვეთით, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ ჩაატარა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომელიც შეეხო შესრულებული სამუშაოს აქტებისა და ფაქტობრივად გაწეული დანახარჯების შესაბამისობას. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გამგეობების მიერ გადახდილ თანხებსა და ფაქტობრივ დანახარჯებს შორის სხვაობამ შეადგინა 3.784 მილიონი ლარი. აუდიტის პერიოდში მიმწოდებლის მიერ საბიუჯეტო ანგარიშზე დაბრუნებულია 3.672 მილიონი ლარი. აღსანიშნავია, რომ საექსპერტო გამოკვლევები არ შეხებია შესრულებული სამუშაოების მოცულობებს. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ექსპერტი დაეყრდნო შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (ანუ სამუშაოების შემსრულებლის) გენერალური დირექტორის წერილს, რომლითაც ის აცხადებდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მოცულობები სრულად იყო შესრულებული. აგრეთვე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება, თანხით 904.2 ათასი ლარი ფორმა №2-ში მოცემულია გაუშიფრავი სახით. შედეგად, ექსპერტიზის მიერ ვერ მოხდა ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული 904.2 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოების პირდაპირი დანახარჯების შემოწმება, შესაბამისი დოკუმენტაციის არ/ვერ წარმოდგენის გამო. საექსპეტო დასკვნით, მანქანა მექანიზმებზე დაანგარიშება ვერ განხორციელდა ფაქტიური დანახარჯების მიხედვით. ღირებულება გამოყვანილი იქნა სამშენებლო რესურსებზე არსებული სტატისტიკური ფასებით. ზემოთ მოყვანილ გარემოებებზე დაყრდნობით, უკვე გამოვლენილი და ექპერტიზით დადასრურებული სხვაობების გარდა, წყალმომარაგების სისტემის სრული ექსპერტიზის შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს დამატებითი სხვაობები. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 20 მაისს სამგორის რაიონში ამხანაგობა „დიდი ლილოს“ თავმჯდომარესა და მიმწოდებელ კომპანიას შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, თანხით 538.1 ათასი ლარი. ამხანაგობის თავმჯდომარის წერილობითი განმარტებით, დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. აუდიტის ჯგუფის მანდატიდან გამომდინარე (რადგანაც დამკვეთი არის ამხანაგობა, ხოლო შემსრულებელი - კერძო კომპანია.), სრული სურათის დასადგენად, ხელი არ მიგვიწვდება კერძო სამართლის სუბიექტების პირველად დოკუმენტაციაზე. თემის მნიშვნელობიდან და წინასწარი შედეგებიდან გამომდინარე, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას შესაბამისი ორგანოების მიერ. გარდა აღნიშნული შესყიდვისა, არსებობს მაღალი რისკი, რომ 2014 წელს სამგორის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ითვალისწინებდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ღირებულებით - 431.8 ათასი ლარი, ასევე ადგილი ჰქონდა პრეტენდენტების მიერ აფიდავიტის მოთხოვნების დარღვევას. კერძოდ, ტენდერზე ყველაზე დაბალი ფასი - 302.5 ათასი ლარი წარმოადგინა შპს „არსაკიძე-2000“-მა. აღნიშნულმა კომპანიამ გამარჯვების შემდეგ უარი განაცხადა სატენდერო წინადადებაზე და მოხდა მისი დისკვალიფიკაცია. შემდეგმა პრეტენდენტმა, - შპს „კომფორტ მშენმა“ არ დააზუსტა სატენდერო დოკუმენტაცია, რის გამო ასევე მიიღო დისკვალიფიკაცია. გამარჯვება მიეკუთვნა შემდეგი ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენ კომპანიას შპს „სატრანსპორტო საამშენებლო კომპანიას“, ღირებულებით - 325.4 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ ტენდერში გამარჯვების შემდეგ შპს „სატრანსპორტო საამშენებლო კომპანიამ“ სამი სარეაბილიტაციო ქუჩიდან ორის შესრულებაზე, ქვეკონტრაქტორად აიყვანა შპს „არსაკიძე 2000“.

კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველოს რეიტინგი 24 ადგილით გაუმჯობესდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 11:00

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს რეიტინგი, კორუფციის კონტროლის მხრივ, 2012 წელთან შედარებით 24 ადგილით გაუმჯობესდა. ამის შესახებ მსოფლიო მმართველობის გრძელვადიან კვლევაშია საუბარი, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა.

2012 წელს, კორუფციის კონტროლის მხრივ, საქართველოს პროცენტული მაჩვენებელი 64,1% იყო, ხოლო 2014 წელს - 75,5%-ს აღწევს.

რეიტინგში საქართველოს შემდეგ დასახელდნენ ევროკაშვირის წევრი შემდეგი ქვეყნები: პოლონეთი, ლიტვა, უნგრეთი, ჩეხეთი, ლატვია, სლოვაკეთი, იტალია, ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ალბანეთი. საქართველოს ჩამორჩებიან ასევე სომხეთი, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი.

მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევა 1996-2014 წლების პერიოდს მოიცავს. 200 ქვეყანას შორის, სადაც კვლევის მიხედვით მმართველობის 6 ჯამური ინდიკატორია მოცემული, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. შეფასების ინდიკატორებია - გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება; პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა; მთავრობის ეფექტიანობა; რეგულაციების ხარისხი; კანონის უზენაესობა; კორუფციის კონტროლი.

ნოდარ ხადურმა კონფერენცია "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა" გახსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 12:55
მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ ევროპის საბჭომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით გამართა კონფერენცია თემაზე: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა“. 

კონფერენცია გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.

დისკუსია შეეხო ეროვნული რისკების შეფასებასა და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების როლს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის დაცვაში. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა. 

„მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. განსაკუთრებით, ცნობილი ტერორისტული აქტების შემდეგ, მთელი მსოფლიო ებრძვის ფულის გათეთრებას და ამ მექანიზმებით ტერორიზმის დაფინანსებას. ჩვენ თავიდანვე ჩართულები ვიყავით აღნიშნულ პროცესში. საქართველოს საკმაოდ დიდი წარმატება აქვს. ამას ადასტურებს დღევანდელი ღონისძიება, როდესაც ევროკავშირის, ევროსაბჭოს დელეგაციები არიან ჩამოსულები და ჩვენთან ერთად მსჯელობენ იმ საკითხებზე, რომლებიც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბროლას ეხება. ჩვენთან ერთად ჩვენი კოლეგები არიან სხვადასხვა უწყებიდან. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ. ფინანსთა სამინისტრო ამ პროცესს გარკვეულ კოორდინაციას უწევს და ვფიქრობ, რომ საქართველო იქნება ადგილი, სადაც ფულის გათეთრების პრობლემა არ იარსებებს და ჩვენ, ასე ვთქვათ, თეთრი ფულით შევძლებთ საინტერესო ინვესტიციების განხორციელებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. 

კონფერენციაზე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები წარმოადგინეს ევროპის საბჭოს, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, იუსტიციის სამინისტროების, მთავარი პროკურატურის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. 

პროექტი ევროპის საბჭოსა და ევროგაერთიანების პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს (PCF) ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად ხორციელდება და წარმოადგენს იმ ხუთი პროექტიდან ერთ-ერთს, რომლებიც შეეხება რეგიონში კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სისტემაში არსებული საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოს, უნარებისა და საქმიანობის გაძლიერება საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად. 

პროექტი 2017 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. 
 

ამერიკიდან ჩინეთში განხორციელდა მძიმე დანაშაულში ეწვმიტანილი პირის ექსტრადაცია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2015 15:21

ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური და იუსტიციის ორგანოების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ამერიკიდან განხორციელდა ჩინეთის მოქალაქის ექსტრადაცია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

ჩინეთის მოქალაქე კუან ვანფანი 14 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმალებოდა. მას ბრალად ედება კორუფცია და დიდი ოდენობით ქრთამის აღება.

მიმდინარე წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ამერიკიდან მოხდა მძიმე დანაშაულში ეწვმიტანილი პირის ექსტრადირება. 18 სექტემბერს ამერიკის სამართალდამცავებმა ჩინეთს გადასცეს იან ცზინცინუნია, რომელიც ასევე კორუფციასა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაშია ბრალდებული.

ჩინეთის მოქალაქე კუან ვანფანი გუანდუნის პროვინციაში დაიბადა 1967 წელს. იგი თანამონაწილეებთან ერთად 2001 წელს გაიქცა ამერიკაში. ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური და იუსტიციის ორგანოების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ამერიკის სამართალდამცავებმა დააკავეს კუან ვანფანი და სასამართლომ მას პატიმრობა მიუსაჯა.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური