PSP-ს პარტნიორი ცნობილი კორეული კოსმეტიკური ბრენდი „მიზონი“ გახდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 19 ივლისი 2019 12:55

PSP პირველი სააფთიაქო ქსელია, რომელიც მომხმარებელს კორეული კოსმეტიკის ბრენდებს შესთავაზებს.  პირველ ეტაპზე PSP-ს სააფთიაქო ქსელში ცნობილი ბრენდი „მიზონი“ გამოჩნდება. “მიზონის“ ყველა პროდუქტი ჰიპოალერგიული, უსაფრთხო და ეფექტურია. ის განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და ტიპის კანისათვის. ბრენდი პოპულარული ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასების ხარჯზე გახდა.

ყველაზე მოთხოვნადი „მიზონის“ ლოკოკინის ხაზია. კოსმეტიკა, რომელიც ლოკოკინის მუცინის ექსტრაქტზეა დამზადებული, კანს აახალგაზრდავებს და ტონუსს მატებს. ლოკოკინის მუცინი კანს ჯანმრთელ და ნათელ ფერს ანიჭებს და ნაოჭების წარმოქმნას აფერხებს. 

„სამხრეთ კორეული კოსმეტიკა ბოლო პერიოდის მსოფლიო ტრენდია. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ქართველ მომხმარებელს ამ ქვეყნის საუკეთესო და უმაღლესი ხარისხის ბრენდები შევთავაზოთ. PSP ლიდერი ფარმაცევტული კომპანიაა და სააფთიაქო ქსელებიდან პირველია, რომელიც მომხმარებელს კორეულ კოსმეტიკას შესთავაზებს,“ - აცხადებენ PSP-ში.

„მიზონის“ ასორტიმენტი კრემებს, ნაჭრის ნიღბებს, აკნეს სამკურნალო საშუალებებს, შრატებს, კრემებს, პლასტირებს, სკრაბებს, თვალის ფირფიტებს და დასაბან ქაფებს აერთიანებს. გასულ წელს „მიზონი“ „ამაზონზე“ ყველაზე მოთხოვნად ლოკოკინის მუცინზე დამზადებულ პროდუქტად დასახელდა. 

"მე ვხედავ ქართულ-კორეული თანამშრომლობის გაძლიერების უდიდეს პოტენციალს“ - კიმ სე ვუნგი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
პარასკევი, 05 აპრილი 2019 09:34

სამხრეთი კორეა, ოფიციალურად კორეის რესპუბლიკა ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით აღმოსავლეთი აზიის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. მისი მოქალაქეები სარგებლობენ ცხოვრების ძალიან მაღალი ხარისხით, გააჩნიათ აზიის უმაღლესი ინდივიდუალური შემოსავალი და საშუალო ხელფასი, ასევე, მსოფლიოში სიდიდით მერვე ოჯახური შემოსავალი. ქვეყანა, მსოფლიო მასშტაბით, ჯანდაცვის ხარისხისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, წამყვან ქვეყნებს შორისაა. იგი, ასევე, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა განათლების თვალსაზრისითაც. უკანასკნელ ხანს ქართულ-კორეულ ურთიერთობები შესამჩნევად ვითარდება და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და მის საქმეთა დროებით რწმუნებულს ბატონ კიმ სე ვუნგს. ჩვენ ვთხოვეთ მას ესაუბრა ქართულ-კორეული ურთიერთობების ესახებ, რაზეც  ბატონი კიმ სე ვუნგი სიამოვნებით დაგვთანხმდა. გთავაზობთ მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს.

ბატონო ელჩო, თქვენ ახლახანს ჩამოხვედით საქართველოში. როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილება?

მანამ სანამ ჩემს შთაბეჭდილებებს გაგიზიარებდეთ, მინდა გითხრათ, რომ 10 წლის წინ მე ბაქოში ვმუშაობდი და მაშინ მომეცა პირველად საშუალება მომენახულებინა თქვენი ლამაზი ქვეყანა. რაღა თქმა უნდა საქართველოს შესახებ მე ადრეც ბევრი მსმენია. რაც მთავარია ვიცოდი იოსებ სტალინის, ქართული ღვინის, ნატურალური პროდუქტებისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ. და უნდა აღინიშნოს მთავარი - საქართველოში ცხოვრობს უაღრესად თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი.

რა სხვაობაა 10 წლის წინ ნანახსა და დღევანდელ საქართველოს შორის?

რაც პირველ რიგში აშკარად თვალშისაცემია, ეს არის ეკონომიკური წინსვლა და ვიზიტორების შესამჩნევი რაოდენობის ზრდა. გასული წლის მონაცემებით ეს იყო დაახლოებით 8 მილიონი ტურისტი, რაც 2,5 ჯერ აჭარბებს საქართველოს მოსახლეობას.  

რა შეგიძლიათ გვითხრათ საქართველო-კორეას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების თაობაზე?

რომ შევხედოთ ამ საკითხს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ-ჯერობით თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის უმაღლეს დონეზეა. ამით იმის თქმა მინდა, რომ  „დღეის მონაცემებით არსებობს თანამშრომლობის გაძლიერების უდიდესი პოტენციალი. პირველ რიგში თქვენი ქვეყანა სწრაფადგანვითარებადი ქვეყანაა. როგორც იცით კორეაც სამოქალაქო ომის შემდეგ გაძლიერდა ეკონომიკურად. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ თქვენს ქვეყანას ეკონომიკურ აღმასვლაში. რაღა თქმა უნდა ჩვენთვის საინტერესოა ინვესტიციების განხორციელება თქვენი ქვეყნის ეკონომიკაში“. აი სულ რამოდენიმე ხნის წინ სეულში საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა და კორეის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა ლი ტე-ჰომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას „კორეის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხების გამოყოფის შესახებ“.

აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს კორეის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან (EDCF) საქართველოსთვის სესხების გამოყოფის ძირითად პრინციპებს. შეთანხმების ფარგლებში, შემდგომში კორეის „ექსიმბანკის“ მეშვეობით, კორეის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხები მიმართული იქნება საქართველოში სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი შეთანხმების ფარგლებში ყოველი პროექტის დაფინანსების მიზნით, გაფორმდება დამატებითი ხელშეკრულებები, რომლითაც განსაზღვრული იქნება სესხის ფინანსური პირობები. შესაბამისად, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.

„აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ სამხრეთ კორეა მზად არის განიხილოს ყველა თქვენი წინადადება ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე“.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია არა მარტო ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ დიდ ყურადღებას ვუთმობთ პოლიტიკურ დონეზე თანამშრომლობის განვითარებასაც. როგორც იცით 2016 წელს ორი ქვეყნის პარლამენტის სპიკერი შეხვდა ერთმანეთს და ისაუბრეს ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე. 2017 წელს თბილისში ფართოდ ავღნიშნეთ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე.

ქართულ-კორეულ ურთიერთობებში, თანამშრომლობის კუთხით  რომელ პროექტს გამოყოფდით?

რაღა თქმა უნდა პირველ რიგში ეს არის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს რეალობაში სტრატეგიული მნიშვნელობის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის - „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობას გულისხმობს. პროექტს განახორციელებს სს „ნენსკრა ჰიდრო“, რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციის - K-Water-ისა (ინვესტორი) და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ყოველწლიურად 1'200.00 გიგავატ.სთ ელექტროენერგიით მოამარაგებს, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ხორციელდება ე.წ. BOT (Build-Operate-Transfer) სქემით, რომელიც ჰესის ექსპლუატაციაში შესვლიდან 36 წელიწადში მის საქართველოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს. ელექტროენერგიის გამომუშავებას ჰესი 2020 წლიდან დაიწყებს, ხოლო მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოს წარმატებული მომავლისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც თქვენს ქვეყანასა და მოსახლეობას ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისა და ადგილობრივი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს.

გარდა ამისა, უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 115 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 30 პროცენტით მეტია, ვიდრე 2017 წელს. რა თქმა უნდა ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა ურთიერთობების გაზრდის პოტენციალი სახეზე გვაქვს. ასევე ინვესტიციების საერთო მოცულობამ 40 მილიონ დოლარს მიაღწია და ასევე 6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ იზრდება ორ ქვაყანას შორის ტურისტული მიმოსვლის პოტენციალი. 2017 წელს მაგალითად, 7,2 ათასი კორეელი ტურისტი ესტუმრა საქართველოს. გასულ წელს კი ეს ციფრი გაორმაგდა და 13 ათასს მიაღწია. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ეს პირველი შედეგია სხვა ქვეყნებთან შედარებით, როცა ტურისტების რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში გაორმაგდა. ეს ფაქტი კი იმაზე მეტყველებს, რომ კორეაში  საქართველოს მიმართ ინტერესი მკვეთრად იზრდება. და არა მარტო საქართველოს მიმართ. ყველასთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ კორეის მოქალაქეებს ძალიან უყვართ მოგზაურობა. მაგალითად, გასულ წელს, 50 მილიონი კორეის მოსახლეობიდან 25 მილიონმა იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხა ქვეყნებში. „კორეელი მოსახლეობის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ ისინი ეძებენ ახალ, საინტერესო ქვეყნებს და შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველო მათი ინტერესების სფეროშია მოქცეული“, - აცხადებს კორეელი დიპლომატი.

ტურისტების რაოდენობის ზრდას საქართველოში ასევე ხელს შეუწყობს საჰაერო მიმოსვლის დაწყება. გასულ წელს სეულსა და თბილისს შორის სამი ჩარტერული რეისი შესრულდა, მიმდინარე წელს კი ეს რიცხვი გაორმაგდება. ასევე საუბარია პირდაპირი ავიარეისის (სეული-თბილისი-სეული) გახსნაზეც და ამ საკითხთან დაკავშირებით ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს.

როგორ ვითარდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განათლების სფეროში?

დიახ, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში არსებობს კორეული ენის შემსწავლელი განყოფილება, სადაც 60 ქართველი სტუდენტი ეუფლება კორეულ ენას. რაღა თქმა უნდა მათ სურვილი აქვთ, სწავლის დასრულების შემდეგ გაემგზავრონ კორეაში და გააგრძელონ სწავლა კორეის რომელიმე სასწავლებელში. გასულ წელს, კორეის საელჩომ საქართველოში გამოყო სტიპენდია და 3 ქართველო სტუდენტი გააგზავნა კორეაში სწავლის გასაგრძელებლად. ასევე მიმდინარე წელსაც არანაკლებ 3 სტუდენტს გავუშვებთ კორეაში ჩვენი სახელმწიფოს სრული დაფინანსებით. გარდა ამისა, არსებობს კორეის განათლების სამინისტროსთან არსებული ენის შემსწავლელი განათლების საერთაშორისო ცენტრიც, რომელიც ასევე იწვევს სტუდენტებს სწავლის გასაგრძელებლად. ასევე გვაქვს კორეული ენის შემსწავლელი აკადემიაც, რომელიც არა მარტო იწვევს სტუდენტებს, არამედ თვითონვე აგზავნიან პროფესორ-მასწავლებლებს, რათა სხვა ქვეყნებში შეასწავლონ კორეული ენა სტუდენტებს. საქართველოსთან დაკავშირებით უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ისინი გამოაგზავნიან მასწავლებელს, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტში შეასწავლის კორეულ ენას ქართველ სტუდენტებს.  კორეელი პროფესორი ორი წლის განმავლობაში დარჩება საქართველოში სამუშაოდ.

ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ მალე ილიას უნივერსიტეტშიც გაიხსნება კორეული ენის შემსწავლელი განყოფილება. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ კორეა პოპულარული ხდება და საქართველოში ინტერესი კორეული ენის შესწავლის მიმართ, ისტორიის, მუსიკისა და ტრადიციების მიმართ მკვეთრად იზრდება.

რაც შეეხება კულტურის სფეროში თანამშრომლობას აქაც ურთიერთობა მეტად ნაყოფიერად ვითარდება. გასულ წელს ჩატარდა კორეული კულტურის ფესტივალი, ხოლო მოგვიანებით საქართველოში მომუშავე კორეელებმა (რომელთა რიცხვი 120-მდეა) თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაატარეს მუსიკალური ფესტივალი. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არა მარტო ქართველები სწავლობენ კორეულ ენას, არამედ კორეელმა სტუდენტებმაც დაიწყეს სეულში ქართული ენის შესწავლა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ელჩს კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილს. სწორედ მან გაუკეთა აღნიშნულ კურსებს ორგანიზება. მისასალმებელია, რომ საქართველო-კორეას შორის ურთიერთობები სულ უფრო და უფრო ვითარდება. იმედი მაქვს ეს ურთიერთობები გაგრძელდება და კულტურული ღონისძიებების რაოდენობაც მკვეთრად გაიზრდება.

რაც შეეხება მიმდინარე წლის გეგმებს. რა შეიძლება ამასთან დაკავშირებით რომ გვითხრათ?

მიმდინარე წელს თბილისში დაგეგმილია პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვა და კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროდან აუცილებლად დაესწრება მაღალი რანგის ჩინოვნიკი.  გარდა ამისა, 2019 წლის პირველ ნახევარში გაიმართება მაღალი დონის ვიზიტი ერთ-ერთი მინისტრის დონეზე.

ჩვენი საუბრის დასასრულს არ შეიძლება არ შევეხოთ კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღებისა და მშვიდობის შენარჩუნების საკითხს. რას აკეთებს ამ კუთხით კორეის მთავრობა?

როგორც იცით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელშეწყობით მიმდინარეობს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის. იმედი გვაქვს ეს შეხვედრები 2019 წელსაც გაგრძელდება. ყველაფერი ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ განიარაღებისა და მშვიდობის შენარჩუნების პროცესი შეუქცევად ხასიათს ატარებს. დარწმუნებულნი ვართ ჩვენი პარტნიორების ერთიანი ძალისხმევით მივაღწევთ იმ სანუკვარ მიზანს, რასაც მშვიდობის დამყარება ჰქვია. აქვე სიამოვნებით მინდა ავღნიშნო და მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას, რომლებიც მხარს უჭერენ სამშვიდობი პროცესს და სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის დაახლოებას. რაღა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენის მხრიდან ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოწესრიგებას.

ესაუბრა ავთანდილ ოთინაშვილი

„ომი და მშვიდობა“ ანუ ახალი ერა ომის გარეშე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 25 მარტი 2018 17:53

რამოდენიმე ათეული წელია უკვე, რაც კორეის ნახევარკუნძულზე თემა „ომი და მშვიდობა“ განსაკუთრებით აქტუალურია. კორეელ ხალხს კარგად ესმის მშვიდობის ფასი და ცდილობენ ყველანაირი ძალისხმევით შეინარჩუნონ სტაბილური გარემო. ამისათვის ისინი მზად არიან გააგრძელონ სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი ჩრდილოეთ კორეასთან და ამით ხელი შეუწყონ კორეის ნახევარკუნძულზე მათ მშვიდობიან თანაარსებობას.

იმ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ მშვიდობის განსამტკიცებლად, განსაკუთრებით გამოირჩევა სამხრეთ კორეული სამშვიდობო ორგანიზაცია – HWPL, რომელსაც კორეის ომის ვეტერანი ბატონი ლი მან ჰი ხელმძღვანელობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია HWPL მთელი მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობისათვის, ყველა ეროვნების ადამიანებს, სხვადასხვა ერების ლიდერებსა და რელიგიურ წარმომადგენლებს აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანია - კონფლიქტებისა და ომის აღმოფხვრა იარაღის გარეშე. ამ მისიის გასავრცელებლად ყოველი წლის სექტმბერში, სეულში, სამხრეთ კორეის დედაქალაქში, იმართება მსოფლიო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობს 64 ქვეყნის 300-მდე ლიდერი. დღეისათვის ორგანიზაციის წევრები გახლავთ 30 000 ახალგაზრდა მსოფლიოს 130 ქვყნიდან. 

2016 წლის 14 მარტს, HWPL-მა სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოამზადა და გამოსცა დეკლარაცია „მშვიდობასა და ომების შეწყვეტის“ თაობაზე (DPCW). დეკლარაციის გამოცხადების შემდეგ, მთელს მსოფლიოში დაიწყო კამპანია „ დავაკანონოთ მშვიდობა“. 2016 წლიდან მოყოლებული აღნიშნულ დეკლარაციას, მსოფლიოს 167 ქვეყნის 535 493 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად 2018 წლის 14 მარტს სეულში ჩატარდა დეკლარაციის მიღებისადმი მიძღვნილი მეორე სამშვიდობო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 71 ქვეყნის წარმომადგენელმა. მათ შორის იყვნენ ნეანმარის, ბანგლადეშის, კამბოჯის და პარაგვაის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები, რომლებიც პირადად ესწრებოდნენ ამ ღონისძიებას. კონფერენციის მუშაობას 70 ჟურნალისტი აშუქებდა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა HWPL-ის ლიდერმა ბატონმა ლი მან ჰიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ თითოეული ადამიანი პასუხისმგებელია მშვიდობის შენარჩუნებაზე. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეწყდეს ომები მსოფლიოში, რათა მომავალ თაობებს დავუტოვოთ მშვიდობიანი პლანეტა ომის გარეშე“, - განაცხადა ლი მან ჰიმ.

კონფერენციის მსვლელობისას ნაჩვენები იქნა ვიდეო-მიმართვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ შორის აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ წერილი გამოუგზავნა კონფერენციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს  HWPL-ის სამშვიდობო ინიციატივას. 

ლი მან ჰიმ ასევე დაამატა, რომ ომი ძალიან დიდი ტრაგედიაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალმა თაობებმა მონაწილეობა აღარ მიიღონ ამ ტრაგედიაში. „ჩვენ ყველას გვსურს გაერთიანება ერთი სლოგანის გარშემო - შეწყდეს ომები და დაისადგუროს მშვიდობამ. ჩვენ გვსურს გაერთიანება. რა თქმა უნდა ეს ძნელია, თუმცა შეუძლებელი არაფერია. ამის მაგალითია ერთიანი გერმანია. ხალხმა უნდა იცხოვროს ისე, როგორც მას სურს და არ არსებობს არც ერთი მიზეზი იმისა, რომ კორეელი ხალხის ნება არ გავითვალისწინოთ. ყველას უნდა მშვიდობა. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა დავდგეთ“, - დასძინა HWPL-ის ლიდერმა.

კონფერენციის დასასრულს HWPL-ის გენერალურმა მდივანმა წაიკითხა ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ღმერთის ნებაა მსოფლიოში იყოს მშვიდობა. „ჩვენ მივმართავთ ყველას გაავრცელონ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რათა ერთიანი ძალისხმებით ხელი შევუწყოთ მშვიდობის განმტკიცებას მთელს მსოფლიოში“, - დასძინა მან.

ამავე დღეს, HWPL-ის მიერ გამოცემული დეკლარაცის „მშვიდობასა და ომების შეწყვეტის“ თაობაზე (DPCW), აღმნიშვნელი ღონისძიებები გაიმართა მსოფლიოს 166 ქალაქში. მათ შორის ჩინეთში, შშ-ში, გერმანიაში, უკრაინასა, და დიდ ბრიტანეთში. აღნიშნულ გლობალურ ღონისძიებაში, საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 150 ათასმა სხვადასხვა მოქალაქემ, მსოფლიოს 71 ქვეყნიდან და თითოეული მათგანი  სამხრეთ კორეული სამშვიდობო ორგანიზაცია – HWPL-ის სამშვიდობო ინიციატივის გარშემო ერთიანდება - „ჩვენ ვართ ერთიანი ოჯახი მშვიდობისათვის - ჩვენ ვართ HWPL“. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვა ქვეყნების პარალელურად სამხრეთ კორეული სამშვიდობო ორგანიზაცია HWPL-ი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან კულტურის, განათლების და ჟურნალისტიკის დარგებში. 2016 წლის 21 მაისს თბილისში, კინოთეატრ "ამირანში" მშვიდობის თემაზე მიძღვნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართა. ფესტივლის ფარგლებში, კინოხელოვნებს საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან მიეცათ შესაძლებლობა წარმოედგინათ საკუთარი ნამუშევრები. ფესტივალი სამხრეთ კორეული სამშვიდობო ორგანიზაცია – HWPL-ის ეგიდით ჩატარდა.

მიმდინარე წელს კი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან მოსწავლეების გაცვლითი კურსი მოეწყო სეულში. ასევე ხორციელდება ერთობლივი პროექტები ჟურნალისტიკის დარგში, რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციების გაცვლას, გავრცელებას და კორეელი და ქართველი ჟურნალისტების პროფესიული დონის ამაღლებას.

ავთანდილ ოთინაშვილი

სეული-თბილისი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური