გიორგი ქობულია კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 12 მარტი 2019 10:12

კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კორეის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს ლი ტე-ჰოს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი კორეაში ოთარ ბერძენიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და ყურადღება გაამახვილეს სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე. ქართულმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება, რათა საქართველოს და კორეას შორის დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება, შექმნის ახალ შესაძლებლობებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების მხრივ. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არაერთი მსხვილი კორეული კომპანია, როგორიცაა, მაგალითად,  „სამსუნგი“, „ელ ჯი“ და სხვა, დიდი წარმატებით საქმიანობს საქართველოს ბაზარზე, გარდა ამისა, მსხვილი ინვესტორი კომპანიები კორეეიდან, როგორიცაა “K-Water” და “KHNP”, ასევე აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში. შეხვედრაზე ითქვა, რომ ამის მიუხედავად, საქართველო დაინტერესებულია, მეტი კორეული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში, მით უფრო, რომ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების რეიტინგის“ თანახმად, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მაჩვენებლით მსოფლიოში მე-6 ქვეყანაა.  

გიორგი ქობულიამ შეხვედრისას, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კორეაში იზრდება ინტერესი საქართველოს, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების მიმართ. ამ მიზნით, 2019 წელს თბილისსა და სეულს შორის 7 ჩარტერული პირდაპირი რეისი განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინიცირებით, შეხვედრაზე საქართველოსა და კორეას შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულების საკითხები განიხილეს.

„კარგია, როდესაც ქვეყნებს შორის ჩარტერული რეისები სრულდება, მაგრამ რეგულარული რეისების ამოქმედება არა მხოლოდ გაზრდის კორეელი ტურისტების რიცხვს საქართველოში, არამედ ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საქმიან წრეებს სამომავლო თანამშრომლობაში. გარდა ამისა, პირდაპირი ავიარეისების განხორციელება კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს ცნობადობას მსოფლიოს ამ ნაწილში და დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო გაძლიერებაში,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ. 

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მისიების, გამოფენებისა და ბიზნესფორუმების ორგანიზებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს, დაამყარონ უფრო აქტიური საქმიანი კონტაქტი. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოში წარმატებით მოქმედ ბიზნესის სტიმულირების პროგრამებზე, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სხვა სახელმწიფო ფონდების მონაწილეობით ხორციელდება. 

კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის საღამო გაიმართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 25 თებერვალი 2019 15:07

კორეის რესპუბლიკაში ქ. სეულში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული ღვინის საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა. თავის გამოსვლაში ელჩმა ქართული მეღვინეობის განსაკუთრებულ კულტურულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ისტორიის, ტრადიციების  და კულტურის შესახებ.
 
საღამოს ფარგლებში მოეწყო ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია. 
 
მიწვეულ სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ეროვნული სამოსის ფოტო გამოფენას და ქართული კომპანიების მიერ კლასიკურ და თანამედროვე მოტივებზე შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაციას. კერძოდ, წარმოდგენილი იყო საქართველოში დაარსებული კლასიკური ტრადიციული სამოსის კომპანია „ფაფანაკი“-ის ყაბალახები და ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ბრენდის “blikvanger”-ის კოლექცია.
 მართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კორეაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, სამთავრობო და კერძო სექტორის, აგრეთვე ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლები.
 
ქართული ღვინის საღამოს მიეძღვნა კორეის მაღალტირაჟიან ინგლისურენოვან გაზეთ „the joongang daily”-ის სტატია. გაზეთში ასევე გამოქვეყნდა საქართველოს ელჩის ვრცელი სტატია ქართული მეღვინეობის ტრადიციების და მისი მსოფლიო აღიარების შესახებ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური