"მე ვხედავ ქართულ-კორეული თანამშრომლობის გაძლიერების უდიდეს პოტენციალს“ - კიმ სე ვუნგი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
პარასკევი, 05 აპრილი 2019 09:34

სამხრეთი კორეა, ოფიციალურად კორეის რესპუბლიკა ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით აღმოსავლეთი აზიის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. მისი მოქალაქეები სარგებლობენ ცხოვრების ძალიან მაღალი ხარისხით, გააჩნიათ აზიის უმაღლესი ინდივიდუალური შემოსავალი და საშუალო ხელფასი, ასევე, მსოფლიოში სიდიდით მერვე ოჯახური შემოსავალი. ქვეყანა, მსოფლიო მასშტაბით, ჯანდაცვის ხარისხისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, წამყვან ქვეყნებს შორისაა. იგი, ასევე, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა განათლების თვალსაზრისითაც. უკანასკნელ ხანს ქართულ-კორეულ ურთიერთობები შესამჩნევად ვითარდება და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და მის საქმეთა დროებით რწმუნებულს ბატონ კიმ სე ვუნგს. ჩვენ ვთხოვეთ მას ესაუბრა ქართულ-კორეული ურთიერთობების ესახებ, რაზეც  ბატონი კიმ სე ვუნგი სიამოვნებით დაგვთანხმდა. გთავაზობთ მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს.

ბატონო ელჩო, თქვენ ახლახანს ჩამოხვედით საქართველოში. როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილება?

მანამ სანამ ჩემს შთაბეჭდილებებს გაგიზიარებდეთ, მინდა გითხრათ, რომ 10 წლის წინ მე ბაქოში ვმუშაობდი და მაშინ მომეცა პირველად საშუალება მომენახულებინა თქვენი ლამაზი ქვეყანა. რაღა თქმა უნდა საქართველოს შესახებ მე ადრეც ბევრი მსმენია. რაც მთავარია ვიცოდი იოსებ სტალინის, ქართული ღვინის, ნატურალური პროდუქტებისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ. და უნდა აღინიშნოს მთავარი - საქართველოში ცხოვრობს უაღრესად თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი.

რა სხვაობაა 10 წლის წინ ნანახსა და დღევანდელ საქართველოს შორის?

რაც პირველ რიგში აშკარად თვალშისაცემია, ეს არის ეკონომიკური წინსვლა და ვიზიტორების შესამჩნევი რაოდენობის ზრდა. გასული წლის მონაცემებით ეს იყო დაახლოებით 8 მილიონი ტურისტი, რაც 2,5 ჯერ აჭარბებს საქართველოს მოსახლეობას.  

რა შეგიძლიათ გვითხრათ საქართველო-კორეას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების თაობაზე?

რომ შევხედოთ ამ საკითხს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ-ჯერობით თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის უმაღლეს დონეზეა. ამით იმის თქმა მინდა, რომ  „დღეის მონაცემებით არსებობს თანამშრომლობის გაძლიერების უდიდესი პოტენციალი. პირველ რიგში თქვენი ქვეყანა სწრაფადგანვითარებადი ქვეყანაა. როგორც იცით კორეაც სამოქალაქო ომის შემდეგ გაძლიერდა ეკონომიკურად. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ თქვენს ქვეყანას ეკონომიკურ აღმასვლაში. რაღა თქმა უნდა ჩვენთვის საინტერესოა ინვესტიციების განხორციელება თქვენი ქვეყნის ეკონომიკაში“. აი სულ რამოდენიმე ხნის წინ სეულში საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა და კორეის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა ლი ტე-ჰომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას „კორეის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხების გამოყოფის შესახებ“.

აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს კორეის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან (EDCF) საქართველოსთვის სესხების გამოყოფის ძირითად პრინციპებს. შეთანხმების ფარგლებში, შემდგომში კორეის „ექსიმბანკის“ მეშვეობით, კორეის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხები მიმართული იქნება საქართველოში სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი შეთანხმების ფარგლებში ყოველი პროექტის დაფინანსების მიზნით, გაფორმდება დამატებითი ხელშეკრულებები, რომლითაც განსაზღვრული იქნება სესხის ფინანსური პირობები. შესაბამისად, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.

„აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ სამხრეთ კორეა მზად არის განიხილოს ყველა თქვენი წინადადება ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე“.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია არა მარტო ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ დიდ ყურადღებას ვუთმობთ პოლიტიკურ დონეზე თანამშრომლობის განვითარებასაც. როგორც იცით 2016 წელს ორი ქვეყნის პარლამენტის სპიკერი შეხვდა ერთმანეთს და ისაუბრეს ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე. 2017 წელს თბილისში ფართოდ ავღნიშნეთ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე.

ქართულ-კორეულ ურთიერთობებში, თანამშრომლობის კუთხით  რომელ პროექტს გამოყოფდით?

რაღა თქმა უნდა პირველ რიგში ეს არის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს რეალობაში სტრატეგიული მნიშვნელობის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის - „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობას გულისხმობს. პროექტს განახორციელებს სს „ნენსკრა ჰიდრო“, რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციის - K-Water-ისა (ინვესტორი) და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ყოველწლიურად 1'200.00 გიგავატ.სთ ელექტროენერგიით მოამარაგებს, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ხორციელდება ე.წ. BOT (Build-Operate-Transfer) სქემით, რომელიც ჰესის ექსპლუატაციაში შესვლიდან 36 წელიწადში მის საქართველოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს. ელექტროენერგიის გამომუშავებას ჰესი 2020 წლიდან დაიწყებს, ხოლო მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოს წარმატებული მომავლისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც თქვენს ქვეყანასა და მოსახლეობას ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისა და ადგილობრივი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს.

გარდა ამისა, უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 115 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 30 პროცენტით მეტია, ვიდრე 2017 წელს. რა თქმა უნდა ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა ურთიერთობების გაზრდის პოტენციალი სახეზე გვაქვს. ასევე ინვესტიციების საერთო მოცულობამ 40 მილიონ დოლარს მიაღწია და ასევე 6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ იზრდება ორ ქვაყანას შორის ტურისტული მიმოსვლის პოტენციალი. 2017 წელს მაგალითად, 7,2 ათასი კორეელი ტურისტი ესტუმრა საქართველოს. გასულ წელს კი ეს ციფრი გაორმაგდა და 13 ათასს მიაღწია. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ეს პირველი შედეგია სხვა ქვეყნებთან შედარებით, როცა ტურისტების რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში გაორმაგდა. ეს ფაქტი კი იმაზე მეტყველებს, რომ კორეაში  საქართველოს მიმართ ინტერესი მკვეთრად იზრდება. და არა მარტო საქართველოს მიმართ. ყველასთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ კორეის მოქალაქეებს ძალიან უყვართ მოგზაურობა. მაგალითად, გასულ წელს, 50 მილიონი კორეის მოსახლეობიდან 25 მილიონმა იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხა ქვეყნებში. „კორეელი მოსახლეობის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ ისინი ეძებენ ახალ, საინტერესო ქვეყნებს და შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველო მათი ინტერესების სფეროშია მოქცეული“, - აცხადებს კორეელი დიპლომატი.

ტურისტების რაოდენობის ზრდას საქართველოში ასევე ხელს შეუწყობს საჰაერო მიმოსვლის დაწყება. გასულ წელს სეულსა და თბილისს შორის სამი ჩარტერული რეისი შესრულდა, მიმდინარე წელს კი ეს რიცხვი გაორმაგდება. ასევე საუბარია პირდაპირი ავიარეისის (სეული-თბილისი-სეული) გახსნაზეც და ამ საკითხთან დაკავშირებით ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს.

როგორ ვითარდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განათლების სფეროში?

დიახ, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში არსებობს კორეული ენის შემსწავლელი განყოფილება, სადაც 60 ქართველი სტუდენტი ეუფლება კორეულ ენას. რაღა თქმა უნდა მათ სურვილი აქვთ, სწავლის დასრულების შემდეგ გაემგზავრონ კორეაში და გააგრძელონ სწავლა კორეის რომელიმე სასწავლებელში. გასულ წელს, კორეის საელჩომ საქართველოში გამოყო სტიპენდია და 3 ქართველო სტუდენტი გააგზავნა კორეაში სწავლის გასაგრძელებლად. ასევე მიმდინარე წელსაც არანაკლებ 3 სტუდენტს გავუშვებთ კორეაში ჩვენი სახელმწიფოს სრული დაფინანსებით. გარდა ამისა, არსებობს კორეის განათლების სამინისტროსთან არსებული ენის შემსწავლელი განათლების საერთაშორისო ცენტრიც, რომელიც ასევე იწვევს სტუდენტებს სწავლის გასაგრძელებლად. ასევე გვაქვს კორეული ენის შემსწავლელი აკადემიაც, რომელიც არა მარტო იწვევს სტუდენტებს, არამედ თვითონვე აგზავნიან პროფესორ-მასწავლებლებს, რათა სხვა ქვეყნებში შეასწავლონ კორეული ენა სტუდენტებს. საქართველოსთან დაკავშირებით უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ისინი გამოაგზავნიან მასწავლებელს, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტში შეასწავლის კორეულ ენას ქართველ სტუდენტებს.  კორეელი პროფესორი ორი წლის განმავლობაში დარჩება საქართველოში სამუშაოდ.

ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ მალე ილიას უნივერსიტეტშიც გაიხსნება კორეული ენის შემსწავლელი განყოფილება. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ კორეა პოპულარული ხდება და საქართველოში ინტერესი კორეული ენის შესწავლის მიმართ, ისტორიის, მუსიკისა და ტრადიციების მიმართ მკვეთრად იზრდება.

რაც შეეხება კულტურის სფეროში თანამშრომლობას აქაც ურთიერთობა მეტად ნაყოფიერად ვითარდება. გასულ წელს ჩატარდა კორეული კულტურის ფესტივალი, ხოლო მოგვიანებით საქართველოში მომუშავე კორეელებმა (რომელთა რიცხვი 120-მდეა) თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაატარეს მუსიკალური ფესტივალი. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არა მარტო ქართველები სწავლობენ კორეულ ენას, არამედ კორეელმა სტუდენტებმაც დაიწყეს სეულში ქართული ენის შესწავლა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ელჩს კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილს. სწორედ მან გაუკეთა აღნიშნულ კურსებს ორგანიზება. მისასალმებელია, რომ საქართველო-კორეას შორის ურთიერთობები სულ უფრო და უფრო ვითარდება. იმედი მაქვს ეს ურთიერთობები გაგრძელდება და კულტურული ღონისძიებების რაოდენობაც მკვეთრად გაიზრდება.

რაც შეეხება მიმდინარე წლის გეგმებს. რა შეიძლება ამასთან დაკავშირებით რომ გვითხრათ?

მიმდინარე წელს თბილისში დაგეგმილია პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვა და კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროდან აუცილებლად დაესწრება მაღალი რანგის ჩინოვნიკი.  გარდა ამისა, 2019 წლის პირველ ნახევარში გაიმართება მაღალი დონის ვიზიტი ერთ-ერთი მინისტრის დონეზე.

ჩვენი საუბრის დასასრულს არ შეიძლება არ შევეხოთ კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღებისა და მშვიდობის შენარჩუნების საკითხს. რას აკეთებს ამ კუთხით კორეის მთავრობა?

როგორც იცით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელშეწყობით მიმდინარეობს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის. იმედი გვაქვს ეს შეხვედრები 2019 წელსაც გაგრძელდება. ყველაფერი ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ განიარაღებისა და მშვიდობის შენარჩუნების პროცესი შეუქცევად ხასიათს ატარებს. დარწმუნებულნი ვართ ჩვენი პარტნიორების ერთიანი ძალისხმევით მივაღწევთ იმ სანუკვარ მიზანს, რასაც მშვიდობის დამყარება ჰქვია. აქვე სიამოვნებით მინდა ავღნიშნო და მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას, რომლებიც მხარს უჭერენ სამშვიდობი პროცესს და სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის დაახლოებას. რაღა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენის მხრიდან ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოწესრიგებას.

ესაუბრა ავთანდილ ოთინაშვილი

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 11 მარტი 2019 15:19

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. 

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლი თეა-ჰომ. 

აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში 30 დღის შემდეგ შევა. 

შეთანხმება ითვალისწინებს კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის  ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების შესწავლას ორივე მხარისთვის მომგებიან სფეროებში, მათ შორის საინვესტიციო,  ვაჭრობის, ტურიზმისა და მრეწველობის სექტორებში და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას ქვეყნებს შორის სოციალურ-კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის ჩათვლით.

ხელშეკრულების ეფექტიანად განხორციელების და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებების შესწავლის მიზნით კორეის რესპუბლიკა და საქართველო ერთობლივ კომისიის შექმნიან. კომისიის ფარგლებში მოხდება არსებული ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და სხვადასხვა სექტორებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებისა და  პერსპექტივების განხილვა.

საქართველოსთან შეთანხმების გაფორმება მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, მათ შორის კორეული კომპანიების  საქართველოს ბაზარზე უფრო ფართოდ წარმოდგენის გზით.

„შეთანხმება კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მისი ამოქმედება წაახალისებს მეწარმეებს მხარეთა ბაზარზე შეღწევადობის თვალსაზრისით და ხელს შეუწყობს ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ხელმოწერის შემდეგ. 

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, დაიწყონ მოლაპარაკებები კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების შესახებ, ორმხრივად ხელსაყრელ დროში.

კორეის საქმეთა დროებითი რწმუნებული თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 29 იანვარი 2019 18:31

კახა ბენდუქიძის კამპუსს საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლობა ეწვია. საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ სე ვუნგი თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორს ვახტანგ ლეჟავას შეხვდა. მათ განიხილეს უნივერსიტეტთან მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები კორეული ენის სწავლებისა და კორეული კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით.

 

შოთა ხაბარელი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018 19:59

საქართველო-კორეის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი შოთა ხაბარელისაქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს, კიმ სე ვუნგს შეხვდა.

შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო, რამდენადაც კიმ სე ვუნგი საქართველოში ახალი დანიშნული წარმომადგენელია. მხარეებმა ისაუბრეს სექტემბრის დასაწყისში დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე, ასევე ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმზე, ტურიზმზე და საქართველოს წარმატებებზე ეკონომიკის სფეროში. ითქვა, რომ მაღალი დონის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს და ამას უფრო ფართო მასშტაბი უნდა მიეცეს.

შოთა ხაბარელმა და საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზე, რამდენადაც კორეა საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე და წარმატებული ინვესტორია. საუბარი, ასევე შეეხო მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტს.

სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 18 მაისი 2018 10:54

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კორეის წამყვან ავიაკომპანია “Korean Air”-თან აფილირებულ ტურისტული სააგენტოს Hanjin Travel-ს შორის გატარებული სამუშაოებისა და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, პირველად საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ურთიერთობების ისტორიაში, 17 მაისს სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა. 

აეროპორტში, კორეელი ტურისტების დახვედრის ცერემონიაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე მონაწილეობდნენ. მათ კორეელ სტუმრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და საბაჟო კონტროლის გავლისას სიმბოლური ღვინის ბოთლები გადასცეს.

„საქართველო და კორეის რესპუბლიკა წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში, რისი დასტურიც არის დღევანდელი დღე. აღნიშნული რეისების განხორციელება გაზრდის კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ცნობადობას და ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას“ განაცხადა გიორგი შარვაშიძემ დახვედრის ცერემონიის შემდეგ.

კორეა-თბილისის მიმართულებით ჩარტერული ფრენები 24 და 31 მაისს განხორციელდება და ჯამში საქართველოს 600-მდე კორეელი ტურისტი ეწვევა.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეისების განხორციელება საფუძველს ჩაუყრის კორეის რესპუბლიკისა და საქართველოს შორის სამომავლოდ პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდას და შესაძლო რეგულარული რეისების დანიშვნას, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროს განვითარებასა და ბიზნეს წრეების დაახლოებასა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

ქალაქი ბუსანი მომსწრეა ომის ბატალიების და კორეელი ხალხი არ ივიწყებს ომში დაღუპულ გმირებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 19 მარტი 2018 20:15

4-11 მარტს, სეულში ჩატარდა „ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენცია 2018“, რომელშიც მონაწილეობდა 65-ი ჟურნალისტი, მსოფლიოს 46 ქვეყნიდან. მათ შორის იყვნენ საქართველოს წარმომადგენლებიც. კონფერენციის მასპინძელი იყო კორეის ჟურნალისტთა ასოციაცია. კონფერენციის ძირითად თემას წარმოადგენდა „პრესის როლი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების საკითხში და მშვიდობის შენარჩუნება მსოფლიოში“. ჟურნალისტთა კონფერენცია  მიზნად ასევე ისახავდა კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული შეიარაღების შეჩერებას და მშვიდობის განმტკიცებას. კონფერენციის ბოლო დღეს ჟურნალისტებმა მიიღეს ერთობლივი სამშვიდობო კომუნიკე, რომელიც მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას შეუერთდნენ დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კორეის ნახევარკუნძულზე უსაფრთხიებისა და მშვიდობის განმტკიცებისკენ.

კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტები გაემგზავრენ სეულის შემდეგ, სიდიდით მეორე ქალაქ ბუსანში, რომელსაც კორეის საზღვაო დედაქალაქსაც უწოდებენ. ბუსანში ასევე მდებარეობს უდიდესი საზღვაო პორტიც. კორეის ომის დროს სწორედ ბუსანის პორტი იყო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, საიდანც ხდებოდა კორეის არმიის და გაეროს დამხმარე ნაწილების სამხედრო ძალით, ტექნიკითა და იარაღით მომარაგება. 

2002 წელს ბუსანში ჩატარდა აზიური თამაშები და მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. 2005 წელს ბუსანი გახდა ATEC-ის ფორუმის დედაქალაქი. 2005 წლის 14 ნოემბერს ბუსანი, ულსანთან ერთად გამოცხადდა 2028 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების პრეტენდენტ ქალაქად.

კონფერენციაში მონაწილე ჟურნალისტებმა ბუსანში მოინახულეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) მრავალეროვანი კონტიგენტის  მემორიალურ სასაფლაო, სადაც განისვენებენ კორეის ომში დაღუპული სამხედრო პირები.

ეს არის გაეროს ერთად-ერთი სასაფლაო მსოფლიოში. მემორიალურ სასაფლაოზე დაკრძალულია დაახლოებით 2300 ჯარისკაცი და სხვა პირი, რომელიც მონაწილეობდა კორეის ომში. სასაფლაოს საერთო ფართობი 14 ჰექტარს აღემატება.

მემორიალური სასაფლაო გაეროს მიერ შეიქმნა 1951 წელს. 1955 წელს კოპრეის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება გამოეყო მიწა უვადო სარგებლობისთვის. 1955 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც გაერო მართავს აღნიშნულ სასფლაოს მუდმივად. 1959 წლის ნოემბერში სამხრეთ კორეა და გაერო შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოუვლიდნენ და გაეროს მემორიალურ სასაფლაოს ბუსანში. დღეისათვის მემორიალურ სასაფლაოს მართავს კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედის 11 ქვეყნის წარმომადგენელი. 

გაეროს გენერალური მდივნები არ სტუმრობდნენ სასაფლაოს, თუმცა 2011 წლის 30 ნოემბერს პან გი მუნი გახდა პირველი გაეროს გენერალური მდივანი, რომელმაც მოინახულა გაეროს მრავალეროვანი კონტიგენტის  მემორიალურ სასაფლაო ბუსანში.

სამუშაო ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა დაათვალიერეს მემორიალური სასაფლაოს ტერიტორია, მოინახულეს მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია კორეის ომის ამსახველი დოკუმენტური მასალა და ფოტო გალერეა. ამის შემდეგ ჟურნალისტებმა გვირგვინით შეამკეს გაეროს დაღუპული გმირების მემორიალური დაფა და წუთიერი დუმილით პატივი სცეს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას. 

კორეის ომის დროს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა აშშ, ავსტრალიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, კანადის, კოლუმბიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ტაილანდის, თურქეთის ფილიპინების, საფრანგეთის, ეთიოპიის და სამხრეთ აფრიკის შენაერთები. გარდა ამისა, სამხედრო-სამედიწინო ქვედანაყოფები გამოაგზავნეს ინდოეთმა, იტალიამ, ნორვეგიამ და შვეციამ. საერთო ჯამში კოალიციის სამხედრო შენაერთების რაოდენობა 900 ათასიდან 1,1 მლნ ადამიანს აღემატებოდა.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სწორედ გაეროს კოალიციის სამხედრო მოქმედებებში ჩართვამ სრული გარდატეხა შეიტანა ომის მსვლელობაში და საბოლოო ჯამში სამხრეთ კორეამ ამ სამხედრო დაპირისპირებაში წარმატებას მიაღწია.

ავთანდილ ოთინაშვილი

ბუსანი, კორეა

სეულში მუშაობა დაასრულა „ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენციამ“

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 12 მარტი 2018 07:09

კორეის დედაქალაქ სეულში 11 მარტს საზეიმოდ დაიხურა „ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენცია 2018“. კონფერენციის მასპინძელი იყო კორეის ჟურნალისტთა ასოციაცია. მასში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების 65-მა ჟურნალისტმა და გამომცემელმა, მსოფლიოს 46 ქვეყნიდან. მათ შორის იყვნენ საქართველოს წარმომადგენლებიც.

საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მთავარი თემა იყო პრესის განსაკუთრებული როლი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების საკითხში და მშვიდობის შენარჩუნება მთელს მსოფლიოში, ერთობლივი სამშვიდობო კომუნიკეს მიღებით დასრულდა. 

კორეის ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ჩჟუნ კიუ სონმა წაიკითხა დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ სამხრეთ კორეის ხელისუფლების მცდელობის - შეინარჩუნონ მშვიდობა კორეის ნახევარკუნძულზე, ნათელი მაგალითია პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშებზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ხოკეის ერთობლივი გუნდის გამოსვლა. ამავე დროს, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მაღალი დონის მოლაპარაკებების წარმოება აღნიშნულ სამშვიდობო პროცესს შეუქცევად ხასიათს სძენს. 

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ კონფერენციაში მონაწილე ჟურნალისტები სრულად იზიარებენ დეკლარაციას და ერთიანი ძალისხმევით შეეცდებიან ხელი შეუწყონ კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის განმტკიცებას. „ჩვენ ვიზიარებთ ამ დეკლარაციას და მხარს ვუჭერთ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მაღალი დონის მოლაპარაკებების მიმდინარეობას. ასევე მოვუწოდებთ მსოფლიოს ქვეყნებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, იაპონიას და რუსეთს შეუერთდნენ დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კორეის ნახევარკუნძულზე უსაფრთხიებისა და მშვიდობის განმტკიცებისკენ“, - ნათქვამია დეკლარაციაში. 

კონფერენციამ სტარტი აიღო 4 მარტს. ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეებმა მოინახულეს ქალაქები ბუსანი, ანდონგი, სეჟონგი, და კუნძული ჯეჯუ. კონფერენციის მონაწილე ჟურნალისტებმა დაათვალიერს  სეულის მეტროპოლიტენის ცენტრი, ესტუმრენ Daegu-ს შემოქმედებით ეკონომიკისა და ინოვაციების ცენტრს, Samsung-ის ინოვაციის მუზეუმს. ისინი ასევე იმყოფებოდნენ გაეროს მემორიალურ სასაფლაოზე ბუსანში, სადაც მათ პატივი მიაგეეს ომში დაღუპულების ხსოვნას. 

„ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენცია 2018“-ის მხარდამჭერი იყო კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო, კორეის კულტურის, სპორტის და ტურიზმის სამინისტროსტან ერთად.

„ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენციას“ კორეაში ტრადიციული ხასიათი აქვს და იგი ყოველწლიურად იმართება.

ავთანდილ ოთინაშვილი

სეული, კორეა

სეულში მუშაობა დაიწყო „ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენცია 2018“-მა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 05 მარტი 2018 21:05

 

კორეის დედაქალაქ სეულში 5 მარტს საზეიმოდ გაიხსნა „ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენცია 2018“. კონფერენციის ორგანიზატორია კორეის ჟურნალისტთა ასოციაცია. მასში მონაწილეობას ღებულობს  სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების 65 ჟურნალისტი და გამომცემელი, მსოფლიოს 46 ქვეყნიდან. მათ შორის არის საქართველოც.

კონფერენცია, რომლის თემაა „პრესის როლი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების საკითხში და მშვიდობა მთელს მსოფლიოში“ მიზნად ისახავს კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული შეიარაღების შესუსტებას და მშვიდობის განმტკიცებას.

კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა კორეის ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ჩჟუნ კიუ სონმა და კორეის კულტურის, სპორტის და ტურიზმის მინისტრმა ტო ჩონ ხვანმა. გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღების პრობლემამ აიძულა გაეძლიერებინა ნახევარკუნძულზე მშვიდობისადმი ლტოლვა. იმედი მაქვს კორეაში ვიზიტის განმავლობაში ჟურნალისტები შეიგრძნობენ ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, დავიცვათ და გავაძლიეროთ მშვიდობა კორეის ნახევარკუნძულზე, აღნიშნა ჩჟუნ კიუ სონმა. მისივე თქმით, კონფერენციის მსვლელობისას ჟურნალისტები მოინახულებენ კორეის ღირშესანიშნავობებს და გაიგებენ კორეის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ. 

კონფერენციის პირველივე დღეს მონაწილეები შეხვდნენ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრ ქალბატონ კან გიონ ხვას. მინისტრმა სტუმრებისათვის წვეულება გამართა, სადაც სიტყვით მიმართა მსოფლიო პრესის წარმომადგენლებს. თავის გამოსვლაში მან იმედი გამოთქვა, რომ „ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენცია 2018“ ნაყოფიერად ჩაივლის და ყველანი ერთად, ერთიანი ძალისხმევით საკუთარ წვლილს შეიტანენ კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის განმტკიცების საქმეში.

კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეები ეწვევიან ბუსანს და კუნძულ ჯეჯუს. კონფერენციის მონაწილე ჟურნალისტები მოინახულებენ  სეულის მეტროპოლიტენის ცენტრს, ეწვევიან Daegu-ს შემოქმედებითი ეკონომიკისა და ინოვაციების ცენტრს, Samsung-ის ინოვაციის მუზეუმს და მოინახულებენ გაეროს მემორიალურ სასაფლაოს ბუსანში, სადაც პატივს მიაგებენ დაღუპულების ხსოვნას.

„ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენცია 2018“ 11 მარტამდე გასტანს. კონფერენციის მხარდამჭერები არიან კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო, კორეის კულტურის, სპორტის და ტურიზმის სამინისტროსტან ერთად.

„ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენციას“ კორეაში ტრადიციული ხასიათი აქვს და იგი ყოველწლიურად ტარდება.

ავთანდილ ოთინაშვილი

სეული, კორეა

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018 15:00

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის Hanjin Travel-ის მიერ გაიმართა ერთობლივი ღონისძიება საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, რომელსაც ესწრებოდა ადგილობრივი 100-მდე ტურ-ოპერატორი.

ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად ისაუბრა საქართველოს კურორტების,ინფრასტრუქტურის, უსაფრთხო გარემოსა და საქართველოს,როგორც ახალი და სწრაფად განვითარებადი ტურისტული მიმართულების შესახებ.აღნიშნული ღონისძიება ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობის საქართველოს მიმართ ცნობადობის ამაღლებას და კორეელი ტურისტების რაოდენობის ზრდას.

აღსანიშნავია, რომ ტურისტულმა კომპანია Hanjin Travel-მა მიმდინარე წლის დასაწყისში კორეელი ტურისტებისთვის საქართველოს მიმართულებით ტურ-პაკეტების გაყიდვა დაიწყო.

 

მშვიდობის მომტანი ოლიმპიადა

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
პარასკევი, 09 თებერვალი 2018 10:54

9-25 თებერვლის ჩათვლით სამხრეთ კორეის საკურორტო ქალაქ პიონჩანგ ჩატარდება ზამთრის XXIII ოლიმპიურთამაშები. მასში მონაწილეობას მიიღებს 3000 სპორტსმენი - სპორტის 7 სახეობაში და 15 დისციპლინაში. ოლიმპიურ თამაშებში მსოფლიოს 93 ქვეყანა მონაწილეობს და მათ შორის არის საქართველოც. საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით უკვე პიონჩანგში იმყოფება.

პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშების ჩატარების წყალობით, სამხრეთ კორეა მეორე ქვეყანა გახდება იაპონიის შემდეგ, რომელიც უმასპინძლებს ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიადებს. როგორც ცნობილია ზაფხულის ოლიმპიადა სეულში ჯერ კიდევ 1988 წელს ჩატარდა. ამის შესახებ კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში კიმ ინ ჰანმა „ნიუსდეი საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიურთამაშები უდიდეს წვლილს შეიტანს სამხრეთ კორეის განვითარების საქმეში. ამავე დროს ეს ოლიმპიადა დიდ როლს ითამაშებს კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის შესუსტების საქმეშიც“, - აღნიშნა კიმ ინ ჰანმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ოლიმპიადაში  მონაწილეობას მიიღებს 3000 სპორტსმენი (სპორტის სახეობა – 7, დისციპლინა 15), მსოფლიოს 93 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც.

‘ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამ ოლიმპიურ თამაშებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გვერდით, საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიც მონაწილეობს და იმედი მაქვს, რომ მათი გამოსვლა პიონჩანგის ზამთრის  ოლიმპიურთამაშებზე წარმატებული იქნება“, - დაამატა კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა.

კიმ ინ ჰანის თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ოლიმპიადაზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საერთო გუნდი იქნება წარმოდგენილი. როგორც ცნობილია ჩრდილოეთ კორეელმა სპორტსმენებმა ვერ მოახერხეს ლიცენზიების მოპოვება და ამის გამო ვერ შეძლებდნენ პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას. „მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სამხრეთ კორეის ამ ინიციატივას ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება უყოყმანოდ დაეთანხმა და ოლიმპიურ თამაშების გახსნის ცერემონიალზე 9 თებერვალს, ისინი ერთობლივი დროშის ქვეშ იდგებიან, რომელზეც კორეის ნახევარკუნძულია გამოსახული“, - განაცხადა კორეელმა დიპლომატმა.

როგორც კიმ ინ ჰანმა აღნიშნა, ოლიმპიადის ჩასატარებლად კორეის ხელისუფლება საგულდაგულოდ მოემზადა. სტადიონების, საავტომობობილო-სარკინიგზო მაგისტრალების ასაშენებლად, ხელისუფლებამ 1,2 მილიარდი დოლარი გამოყო. ხოლო, სხვა ინფრასტრუქტურის განსავითარებლად კიდევ 300 მილიონი დოლარი დახარჯა. გარდა ამისა, დიდ წარმატებად ითვლება სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანა აეროპორტიდან ქვეყნის აღმოსავლეთისკენ, რაც შესაბამისად ხელს შეუწყობს ამ რეგიონის განვითარებას. „მთლიანობაში ოლიმპიადის ჩატარება ძალიან ძვირი ჯდება, მაგრამ სანუგეშოა ის ფაქტი, რომ რაც კეთდება ყველაფერი ეს კორეის შემდგომ განვითარებას მოხმარდება“, - დასძინა კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა.

ის რომ პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს, მეტყველებს ის ფაქტი, რომ ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი, იაპონიის პრემიერი სინძო აბე, გაეროს გენერალური მდვანი ანტონიო გუტერეაში და სხვა ქვეყნების მთავრობის მაღალი დონის პირები.

რაც შეეხება საქართველოს, - ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება 24 ადამიანი. მთ  შორის: ოლიმპიურ სოფელში იცხოვრებენ - იასონ აბრამაშვილი - სპორტსმენი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ნინო წიკლაური - სპორტსმენი (სამთო-სათხილამურო სპორტი), მორის ყვითელაშვილი - სპორტსმენი (ფიგურული ციგურაობა), გიორგი სოღოიანი - სპორტსმენი (საციგაო სპორტი).

ვალტერ ჰუბმანი - მწვრთნელი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ფრანჩესკო ზანკოლო - მწვრთნელი (სამთო-სათხილამურო სპორტი), დანილ გლეიხენგაუზი - მწვრთნელი (ფიგურული სრიალი), ფელიქს ქუმარიტაშვილი - მწვრთნელი (საციგაო), მამუკა ხაბარელი - მისიის ხელმძღვანელი და რუსუდან აფციაური - ადმინისტრაციული პერსონალი.

ოლიმპიური სოფლის გარეთ: ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი,ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი, მიხეილ გიორგაძე - კულტურის და სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძე - კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ელგუჯა ბერიშვილი - სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი, ოთარ ბერძენიშვილი - საქართველოს ელჩი სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, მარიამ გიორგობიანი - ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასკომის წევრი და ზურაბ კოსტავა - სათხილამურო სპორტის ფედერაციიის პრეზიდენტი.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ოლიმპიადის ჩატარებით ჩვენს წვლილს შევიტანთ კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის შესუსტების საქმეში და ერთად განვახორციელებთ სამშვიდობო ინიციატივებს, რათა ჩვენს ნახევარკუნძულზე ერთხელ და სამუდამოდ დაისადგუროს მშვიდობამ“, - დასძინა კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში.

ესაუბრა: ავთანდილ ოთინაშვილი

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური