“ჩინური ენის ხიდის” გამარჯვებული ცნობილია

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019 10:08

დღეს, 12 ივნისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში სტუდენტური „ჩინური ენის ხიდის“ შესარჩევი კონკურსი გაიმართა.

კონკურსში მონაწილეობდა 6 სტუდენტი, რომლებიც პირველ ნაწილში საზოგადოების წინაშე ჩინურ ენაზე სიტყვით წარსდგნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოავლინეს ცოდნა ჩინეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ, მეორე ნაწილში კი წარადგინეს მხატვრული ნომრები.

“ჩინური ენის ხიდის” გამარჯვებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ლილიკო მოწონელიძე გახდა, ის გაემგზავრება ჩინეთში ფინალურ კონკურსზე და წარადგენს საქართველოს.

მეორე ადგილი თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, მარიამ ფაცურიამ დაიკავა, რომელიც გაემგზავრება გულშემატკივართა 2 კვირიან ბანაკში ჩინეთში და დაესწრება ფინალურ კონკურსს.

მესამე ადგილის მფლობელი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, შოთა გაფრინდაშვილი გახდა.

კონკურსის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის იეროგლიფების კონკურსისა და სასკოლო ოლიმპიადის „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. იეროგლიფების კონკურსის პირველი ადგილი თბილისი ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ანი მაჩაიძემ მოიპოვა.

კონკურსს ესწრებოდნენ ჩინეთის საელჩოს მრჩეველი წუო ხუნგპო და სხვა წარმომადგენლები.

შეგახსენებთ რომ “ჩინური ენის ხიდი” საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის ჩინური ენისა და კულტურის მცოდნე საუკეთესო სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. ფინალი იმართება ჩინეთში, სადაც საუკეთესო მონაწილეებიდან მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან თბილისის თავისუფალი უნივერისტეტის კონფუცის ინსტიტუტი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

 

 

კონფუცის ინსტიტუტის სიტყვით გამოსვლის კონკურსი

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 07 მაისი 2019 17:06

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით კამპუსში გაიმართა ჩინურ ენაზე სიტყვით გამოსვლის კონკურსი თემაზე "მე და ჩინეთი". საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ჩინური ენით დაინტერესებულმა 15-მდე სტუდენტმა ჟიურისა და მაყურებელს გაუზიარა თავისი დამოკიდებულება ჩინეთისადმი. ძლიერი კონკურენციის პირობებში გამარჯვება მოიპოვა თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მეორე კურსის სტუდენტმა რატი მდივანმა. მონაწილეები და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ორენოვანი სერტიფიკატებითა და პრიზებით. თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი ჩინეთითა და ჩინური ენით დაინტერესებულ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ხშირად აძლევს სხვადასხვა სახის კონკურსში მონაწილეობისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობას. მომავალშიც იგეგმება არაერთი საინტერესო ღონისძიების ჩატარება.

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში გაიმართა კონკურსის ,,ჩინური ენის ხიდი’’ შესარჩევი ტური

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017 18:34

წელს, 9 ივნისს, აღინიშნა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ოცდახუთი წლის იუბილე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ოცდახუთი წლის განმავლობაში ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს შორის აქტიურად მიმდინარეობდა კულტურული და საგანმანათლებლო ინფორმაციისა თუ ღირებულებების მიმოცვლა. ქართველებისა და ჩინელების ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს ქვეყანაში ტარდება არაერთი ღონისძიება, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ,,ჩინური ენის ხიდი.’’
15 ივნისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა კონკურსის ,,ჩინური ენის ხიდი’’ შესარჩევი ტური სკოლის მოსწავლეებს შორის. პირველ ადგილზე გავიდა ლუკა ბუხრაშვილი, ხოლო მეორე ადგილზე - ალექსანდრე ქაჩიბაია და ანასტასია ჯღარკავა. ლუკა და ალექსანდრე ამა წლის ოქტომბერში გაემგზავრებიან ჩინეთში ჩინური ენის ხიდის ფინალურ კონკურსზე. ნანა ბოჭორიშვილი და მარიამ კალანდია კი გაემგზავრებიან ჩინური ენის ხიდის კონკურსზე დამკვირვებლებად. 
კონკურსის ორგანიზებაში მონაწილეობას იღებდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი. ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე წარსდგა ცამეტი ნიჭიერი, მრავალფეროვანი შესაძლებლობების მქონე მონაწილე, რომელთაც სხვადასხვა მეთოდით გამოხატეს საერთო სულისკვეთება: ჩინეთის სიყვარული. 
კონკურსის პირველ ნაწილში სკოლის მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარი თვალით დანახული ჩინეთის შესახებ. თანამედროვე ეპოქაში, ალბათ, ყველა ადამიანი ფლობს გარკვეულ ინტელექტუალურ ცოდნას ჩინეთის შესახებ, თუმცა, განსაკუთრებით საინტერესო იყო ის, თუ როგორ აღიქვამდნენ თხუთმეტი-თვრამეტი წლის ბავშვები უდიდესი ისტორიისა და მდიდარი კულტურის მქონე ქვეყანას. მათ მსმენლებს გაუზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები და ემოციები, წარადგინეს ცამეტი პატარა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინეს ჩინეთი და რა მოგონებები თუ იმედები აკავშირებთ მასთან. მოხსენების დასრულების შემდეგ მონაწილეებმა უპასუხეს ჟიურის მიერ დასმულ შეკითხვებს და ნათლად დაადასტურეს, რომ საკუთარ გამოსვლაში წარმოდგენილი გრძნობებისა და ამბიციების მიღმა დგას მათი შრომისმოყვარეობა, მათი ცოდნა ჩინეთის შესახებ. 
შეუძლებელია სწავლობდე ჩინურ ენას და არ იყო მოხიბლული მათი კულტურული მემკვიდრეობით. ჩინეთის თითოეული ასპექტი, ეკონომიკური თუ პოლიტიკური სფერო, მჭიდროდ არის დაკავშირებული მის მრავალფეროვან ხელოვნებასთან. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ კონკურსის მეორე ნაწილი სწორედ კულტურულ ნომრებს დაეთმო. მონაწილეებმა სიმღერით, ხატვით, დაკვრით, საბრძოლო ხელოვნებითა და თეატრალური დადგმებით აჩვენეს, რომ ენის შესწავლის გარდა, ისინი ეცნობიან იმ სულიერ ფასეულობებსაც, რომელთა წიაღშიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და დღემდე ვითარდება ჩინური ენა. 
კონკურსის დასკვნით ნაწილში, მანამ, სანამ საქართველოსა და ჩინეთის წარმომადგენლები ერთობლივად ითვლიდნენ მონაწილეების ქულებს, ჟიურის წევრებმა შეაფასეს განვლილი დღე. მათ სიხარულით აღნიშნეს, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო მეტად იზრდება ჩინური ენის დონე ქართველ მოსწავლეებს შორის. ასევე, ყურადღება გაამახვილეს გარკვეულ შენიშვნებზეც, რაც სკოლის მოსწავლეებს საკუთარი უნარების გაუმჯობესებასა და ოცნებებისკენ წინსვლაში დაეხმარება. მათ ზუსტად იციან, თუ რა სურთ, რა მიზნებს უნდა ესწრაფვოდნენ და რამდენად ძვირფასი გამოცდილებაა მათთვის ,,ჩინური ენის ხიდი.’’ ოთხი მოსწავლისთვის 2017 წლის კონკურსი ჯერ არ დასრულებულა და ოქტომბერში ისინი გაემგზავრებიან ჩინეთში, სადაც ორი მათგანი მონაწილეობას მიიღებს ,,ჩინური ენის ხიდის’’ ფინალურ კონკურსში, ხოლო დანარჩენი ორი მოსწავლე ათ დღეს გაატარებს საზაფხულო სკოლაში და დაესწრება ფინალურ ტურს. მათ წინ ელით დაუვიწყარი მოგონებები, ახალი მეგობრები და, რაც მთავარია, მნიშვნელოვანი გამოცდილება. ქართველ კონკურსანტებს ვუსურვებთ წარმატებას და საკუთარი სამშობლოს ღირსეულად წარდგენას ჩინეთის დიდ სცენაზე.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩინური კუთხე და სინოლოგ მარინე ჯიბლაძის ფონდი გახსნა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 24 მარტი 2017 19:37

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს ჩინური კუთხე და სინოლოგ მარინე ჯიბლაძის ფონდი გაიხსნა. ღონისძიება ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნა.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, იმიტომ რომ გაიხსნა ჩინური ლიტერატურის კუთხე. „ვფიქრობ ამ ტიპის კულტურის და ამ მასშტაბის ტრადიციების მქონე ქვეყნის ლიტერატურის კუთხე აუცილებლად უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომელსაც ასევე აქვს სერიოზული პრეტენზია კულტურაზე“, - აღნიშნა კეკელიძემ.

მისივე თქმით, ამ ღონისძიების საპასუხოდ მიღწეულია შეთანხმება, რომ შესაბამისად ქართული ლიტერატურის კუთხე გაიხსნება პეკინში - ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  ჩინური კუთხის გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ჩინეთის ელჩმა საქართველოში ძი იენჩიმ. “დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია ჩინეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობებში, მე ვიმედოვნებ, რომ ჩინური ლიტერატურის კუთხე კიდევ გაფართოვდება. ამ ორ ქვეყანას ხომ უძველესი ენები და კულტურა გააჩნია და მათი შერწყმით დიდი სინათლე წარმოიქმნება”, - მიმართა მან შეკრებილებს.

მისივე განცხადებით, საქართველო ჩინეთთან შედარებით პატარა ქვეყანაა, მაგრამ „მისი უძველესი ისტორიითა და კულტურით ჩინეთი და საქართველო თანაბარი ქვეყნებია”, - დასძინა ჩინელმა დიპლომატმა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩინეთის, ჩინურ ენის და კულტურის შესახებ დაცული მასალა წარმოდგენილია ქართულ, ჩინურ, ინგლისურ და სხვა ენებზე. ჩინეთის საელჩომ ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად 300-მდე წიგნი გადასცა და სამომავლოდ ჩინური ლიტერატურის კუთხის გაფართოებაც იგეგმება.

ღონისძიების მთავარი ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ჩინეთის სახალხო რესპუბიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს სინოლოგთა ასოციაცია. თანაორგანიზატორები - თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, საინფორმაციო სააგენტო „სინომედია” და ჩინური რესტორნების ქსელი „სიანგანი & პიკასო”.

 

თბილისში ჩატარდა მეორე სიმპოზიუმი "საქართველო და ერთი სარტყელი, ერთი გზა"

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 25 იანვარი 2017 06:33

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში 24 იანვარს ჩატარდა მეორე სიმპოზიუმი "საქართველო და ერთი სარტყელი, ერთი გზა".
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა: საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მხარდაჭერა და გაღრმავება. სიმპოზიუმზე განიხილეს ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ტენდენციები, გამოცდილების გაცვლა; ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გეგმა; „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ახალი სტრატეგიული გეგმის ქვეშ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და სხვა აქტუალური საკითხები.
სიმპოზიუმს დაესწრო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ძი იენჩი. ასევე მასში მონაწილეობდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის ექსპერტები ეკონომიკის დარგში, ს.ს. საპარტნიორო ფონდი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა, საქართველოში მოღვაწე მსხვილი ჩინური კორპორაციები, ჩინელი და ქართველი ექსპერტები ეკონომიკის დარგში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები.
სპეციალური მოწვევით სიმპოზიუმს დაესწრო ლანჭოუს უნივერსიტეტის პროფესორი ვანგ სიაოვენი, რომელიც 24 იანვარს 17:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში წაიკითხა საჯარო ლექციას თემაზე „ერთი სარტყელი, ერთი გზა“.
სიმპოზიუმის ორგანიზატორია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი.

"ერთი სარტყელი-ერთი გზა", - ვანგ სიაოვენის საჯარო ლექცია

გამოქვეყნებულია განათლება
კვირა, 22 იანვარი 2017 18:07

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მოწვევით, სამშაბათს, 24 იანვარს 17:00 საათზე, ლანჭოუს უნივერსიტეტის - პროფესორი ვანგ სიაოვენი, წაიკითხავს ლექციას: "ერთი სარტყელი, ერთი გზა", ანუ, ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი.
ვანგ სიაოვენის კველვის სფეროა: რეგიონული ეკონომიკა, ფინანსები, საერთაშორისო ეკონომიკა, სავაჭრო, სამრეწველო და სასოფლო ეკონომიკა. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.
ლექციაზე განხილული იქნება:
აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის დაფარვის გეოგრაფიული ზონა;
აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის აშენების სტრატეგიული მნიშვნელობა;
აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის საფუძველზე დამყარებული სავაჭრო თანამშრომლობა საქართველოს მაგალითზე;
აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის საფუძველზე დამყარებული ინდუსტრიული თანამშრომლობა;
რჩევები, თუ როგორ გავამყაროთ ვაჭრობა და ინდუსტრიული თანამშრომლობა “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის” საფუძველზე.

სამუშაო ენა: ინგლისური
დასწრება თავისუფალია.

“ჩინური ენის ხიდის” კონკურსის II ტურის შედეგებით ქართველი სტუდენტი 30 საუკეთესოთა შორისაა

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 16 ივლისი 2016 14:17

რიგით XV საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის “ჩინური ენის ხიდის”მეორე ტურის შედეგებით, თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების სტუდენტი, მარიამ ბერძენიშვილი 30 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა, მეორე ტური ითვალისწინებდა ჩინეთის კულტურის შესახებ სწრაფ რეჟიმში კითხვა-პასუხს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი ყოველწლიურია და ტარდება კონფუცის ინსტიტუტის სათაო ოფისის და ჩინური ენის სამთავრობო კომიტეტის ორგანიზებით. კონკურსში მონაწილეობენ სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც მაღალ დონეზე ფლობენ ჩინურ ენას. “ჩინური ენის ხიდი” შუქდება ჩინეთის ტელევიზიის მეშვეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც ასობით მილიონი მაყურებელი ჰყავს.

მარინე ჯიბლაძე "ჩინური ენის ხიდის" ჟიურიში

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 17:42

ივლისში, ჩინეთში, კონფუცის ინსტიტუტის სათაო ოფისის და ჩინური ენის სამთავრობო კომიტეტის ორგანიზებით გაიმართება XV საერთაშორისო სტუდენტური კონკურსი "ჩინური ენის ხიდი" - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს შორის.

კონკურსის ჟიურის ერთ-ერთ წევრად უკვე ზედიზედ მეოთხედ მიწვეულია თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინეთმცოდნეობის პროფესორი და კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი, მარინე ჯიბლაძე.

კონკურსი ტრადიციულია და ყოველწლიურად იმართება, შუქდება ჩინეთის ტელევიზიის მეშვეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასობით მილიონი მაყურებელი ჰყავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მარინე ჯიბლაძესთან ერთად ჟიურიში არიან ცნობილი ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV-ის  ტელეწამყვანები და ცნობილ ჩინელი მსახიობები.

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში საქართველოსა და ჩინეთის სავარო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმი გაიმართა

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 13:18

თბილისში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმი ჩატარდა.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდი“-ს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს სოფლის მეურნეობის, საქართველს სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო პალატის მრჩეველმა, საქართველოში მოღვაწე ჩინური კორპორაციების ხელმძღვანელებმა, თავისუფალი უნივერსიტეტის ექსპერტებმა ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში, მათ შორის თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა, ბატონმა ვახტანგ ლეჟავამ.
ფორუმის მიზანი იყო: საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მხარდაჭერა და გაღრმავება. მონაწილეებმა დისკუსიის დროს განიხილეს შემდეგი საკითხები: ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ტენდენცია, გამოცდილების გაცვლა; ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გეგმა; "დიდი აბრეშუმის გზა", "ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ახალი სტრატეგიული პროექტის ფონზე ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. ფორუმის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, მოლოდინები და რეკომენდაციები. დისკუსიების შედეგები შემაჯამებელ შეხვედრაზე გააცნეს დამსწრე აუდიტრიას,  მოგვიანებით შედეგების შეჯამება გადაიგზავნება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში საქართველოში და საქართველოს საელჩოში ჩინეთში, ასევე ყველა მონაწილეს და სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო და კერძო უწყებაში.
ფორუმს ასევე ესწრებოდა ჩინეთის სიამენის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი, ბატონი ლიაო შაოლიაენი.

ფორუმის დასასრულს თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტმა სტუმრებთან ერთად დაარსების 5 წლისთავი საზეიმოდ აღნიშნა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი

ანა გოგუაძე

 

სალომე მამალაძის ლექცია "ჩინეთის საგარეო პოლიტიკური კურსი - უკანასკნელი ტენდენციები"

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 28 ნოემბერი 2015 12:15

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ინიციატივით, ლექცია "ჩინეთის საგარეო პოლიტიკური კურსი - უკანასკნელი ტენდენციები" წაიკითხა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების კურსდამთავრებულმა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, სალომე მამალაძემ.
სალომე მამალაძემ გაგვაცნო, თუ როგორია მზარდი გავლენის მქონე ჩინეთის საგარეო პოლიტიკური კურსი და პრინციპები; რა ტენდენციები და მოლოდინები არსებობს ამ მიმართულებით; როგორია შეფასებები; ასევე, როგორია საქართველოს ადგილი ჩინეთის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებაში.
როგორც ს. მამალაძემ აღნიშნა, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ღრმა და სერიოზული შესწავლის საგანი გახდა. მსოფლიოს მნიშვნელოვან აქტორ სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო ნამდვილად არის თანამედროვე ჩინეთი.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური