საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო სამუშაოების შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 20 აპრილი 2020 12:47

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ  ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესს. საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას უკვე მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვა.

კორონავირუსის პანდემიისა პირობებში, მით უფრო, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია გამიზნულად ცდილობს ადგილზე ვითარების ესკალაციას და უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებას. აღნიშნული ნაბიჯებით რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმი გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს კონფლიქტით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მწვავე ჰუმანიტარული შედეგები. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გადასასვლელების დაკეტვას და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას უკვე ემსხვერპლა ცხინვალის რეგიონში მცხოვრები არაერთი ადამიანი, რომელთაც აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით არ მიეცათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა. 

განსაკუთრებით შემაშფოთებელია მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს გაუმკლავდეს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელებას. მსგავს კრიტიკულ ვითარებაში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელთაც ისედაც ზეწოლისა და დისკრიმინაციის პირობებში უხდებათ ყოფნა. 

საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების ვითარების გაუმჯობესების მიზნით. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიმყოფებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რათა შესაძლებელი გახდეს საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის შეჩერება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.

"საჭიროა დიალოგი საზოგადოებაში, დიალოგი პოლიტიკურ ძალებს შორის და დიალოგი კონფლიქტში მონაწილე ყველა შესაბამის მხარეს შორის"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 10 დეკემბერი 2019 12:59

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მერვე ყოველწლიურ სესიაზე, რომელიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხზე მსჯელობს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო მიზნის მიღწევის გზებსა და საზოგადოების პოლარიზაციის დაძლევის მიმართულებებზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა. "ვთხოვ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას შემოგვიერთდეს ჩვენს მიმართვაში, რათა 1 თვის წინ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. რუსეთის ოკუპაციის დასაძლევად უნდა შევიმუშავოთ ეფექტური გზები”, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციის საბოლოო მიზანს მივაღწიოთ, ახლებური გზები უნდა გამოვნახოთ და ამისათვის ახალი ინსტრუმენტები გვჭირდება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავს აღნიშნავს, რომელიც თანამშრომლობის ძალიან წარმატებულ ფორმატს წარმოადგენს.

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლონელ და შვედ პარტნიორებს ამ ინიციატივისათვის, რომელმაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა ევროკავშირთან. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ინსტიტუციურ სიახლოვეს, აქ საუბარია კულტურისა და საზოგადოების სიახლოვეზე. ამან განამტკიცა ჩვენი დემოკრატიული განვითარება. დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავიზო რეჟიმი, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება, საშუალება გვაქვს ევროკავშირთან ერთად მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები და უფრო დიდი საზოგადოებისა და დიდი ოჯახის წევრად ვგრძნობთ თავს. ჩვენ გვესმის, რომ გვაქვს ერთნაირი მისწრაფებები, საზიარო ღირებულებები და სოლიდარობა, ამასთან, ვგრძნობთ სრულ პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა, ვპასუხობთ უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით არსებულ სირთულეებს. მეტი დემოკრატიის, მეტი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის კონსოლიდაცია. უფრო საიმედო და ნათელი მომავალის მისაღწევად, ეს ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს და განმტკიცდეს, რათა გადავლახოთ უფრო პრობლემური ეტაპები, სხვადასხვა იურიდიულ, თუ ეკონომიკურ სფეროებში. 
 
ჩვენ არ უნდა ვიცადოთ კიდევ შემდეგი ათი წელი. მე ასე არ ვფიქრობ, ასეთია ჩემი პირადი რწმენა და ინტუიცია. ევროკავშირში ინტეგრაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად, კრეატიულად უნდა ვიაზროვნოთ, რაღაც ახლებური, არაორდინალური გზები გამოვნახოთ, ამისათვის ახალი ინსტრუმენტები და ახალი ტიპის ძალისხმევა გვჭირდება. სხვა ალტერნატივა საქართველოს, მის ხელისუფლებასა და მის მოქალაქეებს არ გააჩნიათ. ჩვენი მიზანი ახალი კონსტიტუციისთვის ახალი პირობების და ახალი ჩარჩოს შექმნაა. მე ამ დოკუმენტის - კონსტიტუციის გარანტორი და დამცველი ვარ. ჩვენი კონსტიტუცია ევროსკეპტიკური ტალღის მიმართ მდგრადია და იმედი მაქვს, მომავალშიც ასეთად დარჩება. საქართველო აღიარებს ევროკავშირთან საზიარო ღირებულებებს - კულტურულ ფასეულობებსა და მომავალის ხედვებს. რა თქმა უნდა, ევროკავშირთან დაკავშირებით არსებობს სირთულეები და გამოწვევები, რომლებიც შიდა და გარე ფაქტორებითაა განპირობებული. ევროკავშირსაც თავისი სირთულეები აქვს - შიდა და გარე კრიზისები. რაღა თქმა უნდა, ჩვენ ვიზიარებთ ამ სირთულეებს, მათ შორის პოლარიზაცია, რომლებიც ბევრი ქვეყნისათვის საერთოა და არც საქართველოა აქ გამონაკლისი. 
 
ქვეყანაში პოლარიზებულია საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და მედია. მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გავხდი ვცდილობ ეს პოლარიზაცია დავძლიოთ და გადავლახოთ. პოლარიზებული საზოგადოება ვერ გადალახავს სირთულეებს. გაყოფილი საზოგადოება ვერ დაძლევს ეგზისტენციალურ პრობლემებს, მით უმეტეს, როდესაც იგი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ის ვერ დაძლევს ამ ოკუპაციის პრობლემას და ვერ მიიღებს პარტნიორების სრულ მხარდაჭერას. გაყოფილი საზოგადოება ვერ იპოვის პოლიტიკურ გამოსავალს; ვერ ჩაერთვება პოლიტიკურ დიალოგში, დიალოგი კი აუცილებელია: პოლიტიკურ ძალებს, ყველა შესაბამის აქტორსა და დაინტერესებულ პირს შორის; არსებული მოლაპარაკებების ფორმატები სხვა პოლიტიკურ დონეზე უნდა ავიდეს, ამას ალტერნატივა არ აქვს. ჰუმანიტარულ საქმეებზეც კი, პროფესიული ვალდებულების შესრულებისას, 1 თვის წინ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მაგალითზე ვხედავთ, რომ ვერც ჟენევის და ვერც სხვა ფორმატები გამოსავალს ვერ პოულობს და თავს ვერ ართმევს ამ პრობლემას ბიუროკრატიულ დონეზე. ექიმები პოლიტიკური საზღვრების გარეშე უნდა იყვნენ. პარტნიორობა ევროკავშირის პოლიტიკური მოთამაშეების ჩართულობით პოლიტიკური გამოსავლის მოძებნას გულისხმობს. არ უნდა მოხდეს არსებული პრობლემების ესკალაცია. 
 
სტაბილურობა აუცილებელია როგორც საქართველოსათვის, ასევე რეგიონისა და ევროპისთვისაც. არავის ინტერესებში შედის ესკალაცია, განსაცდელით სავსე სამყაროში. რუსეთის ოკუპაციის დასაძლევად ყველამ ერთად უნდა შევიმუშავოთ უფრო ეფექტიანი გზები და საშუალებები. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისათვისაც უნდა ვუზრუნველვყოთ ოთხი ძირითადი უფლების განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის. ვერ დავასრულებ ამ სიტყვას იმის გარეშე, რომ არ გთხოვოთ თქვენც, რადგან ეს არის თხოვნა, რომლითაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართავ. დღეს, 9 დეკემბერს, ერთი თვე გავიდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შემდეგ. მინდა თხოვნით მოგმართოთ ასამბლეას, რომ შემოგვიერთდეთ ამ ჩვენს მიმართვაში, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. იმედი მაქვს, აქ ყველა შეუერთდება და გაიზიარებს ამ მიმართვას. დღეს ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება ამ ადამიანის გათავისუფლებაა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჩეხეთის რესპუბლიკა მზადაა დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 06 აგვისტო 2018 16:49

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ფიციალური  განცხადება გამოაქვეყნა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, რამაც საფრთხე შეუქმნა რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ჩეხეთის საგარეო უწყება მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას „როგორც კონფლიქტის ხანგრძლივი და სამართლიანი მოგვარების ერთადერთ გზას, საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით“.

„ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა დაღუპულის, განსაკუთრებით, სამოქალაქო პირების ხსოვნას. ასევე ვიხსენებთ ყველა დევნილსა და იძულებით გადაადგილებულ პირს. ამასთან, გვსურს დავადასტუროთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა მზადაა დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმაში“ - ნათქვამია ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

გაერო-ს გენერალური მდივნის სამშვიდობო მიმართვა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 01 იანვარი 2017 15:06

გთავაზობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალი, რიგით მეცხრე გენერალური მდივნის ანტონიო გუტერესის მიმართვას, რომელიც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა დღეს გაავრცელა.
ნიუ იორკი 2017 წლის 1 იანვარი - "ჩემს პირველ სამუშაო დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის რანგში ერთი საკითხი განსაკუთრებულად მიმძიმებს გულს.
როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ კონფლიქტის ქარცეცხლში მყოფ მილიონობით ადამიანს, რომელთაც ომებმა, რასაც ბოლო არ უჩანს, უდიდესი ტანჯვა მიაყენეს?
სამოქალაქო პირები სასიკვდილო ძალას ეწირებიან. ქალებს, ბავშვებსა და კაცებს ხოცავენ და ასახიჩრებენ, დევნიან საკუთარი სახლებიდან სარჩო-საბადებლის გარეშე. საავადმყოფოები და ჰუმანიტარული ავტოკოლონებიც თავდასხმის სამიზნეებია.
ამ ომებში არავინ იგებს; ყველა წაგებულია. ტრილიონობით დოლარი იხარჯება საზოგადოებებისა და ეკონომიკის გასანადგურებლად, უნდობლობისა და შიში დასათესად, რომელიც შეიძლება რამდენიმე თაობა გაგრძელდეს. მთელ რეგიონებში დესტაბილიზაციაა და გლობალური ტერორიზმის ახალი საფრთხე ყველა ჩვენგანს ემუქრება.
ამ ახალი წლის დღეს, მე გთხოვთ ყველას, შემომიერთდეთ ერთი საერთო საახალწლო გადაწყვეტილების მიღებაში:
მოდით გადავწყვიტოთ, რომ მშვიდობა უპირველესია.
მოდით, 2017 წელს ყველამ - მოქალაქეებმა, მთავრობებმა, ლიდერებმა - ვეცადოთ დავძლიოთ ჩვენი განსხვავებები.
მშვიდობა უნდა იყოს ჩვენი მიზანი და ჩვენი მეგზური ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სოლიდარობისა და თანაგრძნობიდან - დიალოგისა და პოლიტიკური განსხვავებულობის პატივისცემამდე... ბრძოლის ველზე ცეცხლის შეწყვეტიდან - მოლაპარაკების მაგიდასთან პოლიტიკური კომპრომისების მიღწევამდე.
ყველაფერი, რასაც ჩვენ ვესწრაფვით კაცობრიობისთვის - ღირსება და იმედი, პროგრესი და კეთილდღეობა - დამოკიდებულია მშვიდობაზე.
მაგრამ მშვიდობა ჩვენზეა დამოკიდებული.
მოგიწოდებთ ყველას, შემომიერთდეთ მშვიდობის მისაღწევად დღეს და ამიერიდან ყოველ დღე.
მოდით, 2017 წელი იყოს მშვიდობის წელი.
გმადლობთ".

ყარაბაღში ვითარება კვლავ დაძაბულია

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 04 აპრილი 2016 10:20

 ვითარება კვლავ დაძაბულია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. აზერბაიჯანის მთავრობაში აცხადებენ, რომ ისინი კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებებს ცალმხრივად წყვეტენ. 
 გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში დაიღუპა 18 სომეხი და 12 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი.

2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 08 აგვისტო 2015 12:11

რუსეთ-საქართველოს ომი — ასევე ცნობილია როგორც 2008 წლის აგვისტოსშეიარაღებული კონფლიქტი ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ რუსეთის ფედერაციას შორის.

8 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე საქართველოს ხელისუფლებამ ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტებს შორის, ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ. მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და დესანტი გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართულმა შენაერთებმა დატოვეს ცხინვალის რეგიონი. შედეგად რუსეთის რეგულარული ჯარების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები ფოთი, გორი და სხვა რაიონები.

ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. რუსეთმა დაასრულა გასვლა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან 8 ოქტომბერს, თუმცა 2009 წლის მდგომარეობით რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები რჩება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა).რამდენიმე ინციდენტი ორივე კონფლიქტურ ზონაში კვლავაც ხდებოდა ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ. 2009 წლის მდგომარეობით ომში მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობა კვლავაც უკიდურესად დაძაბულია.

პრობლემის სამშვიდობო გადაწყვეტისკენ თითქმის ერთხმად მოწოდებისა და ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტის თავიდან არიდების გარდა, საერთაშორისო რეაქცია, რომელსაც ევროკავშირი და აშშ დომინირებდა, ხაზგასმით უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველომ მიიღო კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რომლითაც განსაზღვრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი და იქ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი დაადგინა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური