ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი თავმჯდომარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 10 დეკემბერი 2019 10:46

2019 წლის 9-12 დეკემბერს ჟენევაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის რიგით 33-ე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება. კონფერენციას, რომელსაც ოთხ წელიწადში ერთხელ ჟენევა მასპინძლობს, წელს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე წაუძღვება.

კონფერენციაზე საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის  192- ქვეყნის წარმომადგენელი,  ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნები, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია, იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით,   აგრეთვე მთავარი ჰუმანიტარული პარტნიორები გლობალური მნიშვნელობის ჰუმანიტარული საკითხების განხილვასთან ერთად, ერთობლივ ვალდებულებებს იღებენ, რათა ადამიანების ცხოვრება უკეთესი გახადონ.

,,იმოქმედე დღეს, შექმენი ხვალ’’ ეს გახლავთ კონფერენციის ლოზუნგი, რომლის მიზანია შეიარაღებული კონფლიქტების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების, მათ შორის კლიმატური ცვლილებების შედეგად დაზარალებული საზოგადოების მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე, განხილვა იმ არსებული და მომავალი გამოწვევებისა, რასაც ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან.

მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაში,  საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნულ საზოგადოებებთან ერთად, ქვეყნის მეთაურები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, გავლენიანი ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელია, რომელიც 192 ქვეყნის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებას აერთიანებს. ოცკაციანი მმართველი საბჭოს წევრი კი  საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე გახლავთ.

ბუქარესტში გაიმართა სამშვიდობო კონფერენცია - თემაზე „კულტურული დიპლომატიის როლი "გაყინულ" კონფლიქტებთან მიმართებაში“

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 06 აპრილი 2019 20:55

2019წლის 1-2 აპრილს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია - თემაზე „კულტურული დიპლომატიის როლი გაყინულ კონფლიქტებთან მიმართებაში“. კონფერენციაზე განიხილეს მსოფლიოში მშვიდობის დამყარების ხელშეწყობისათვის საჭირო და აუცილებელი საკითხები. იმსჯელეს იმ აქტუალურ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს შეუწყობს მშვიდობის განმტკიცებას. საუბარი ასევე შეეხო მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, ომების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, სამხრეთ და ჩრდიოლოეთ კორეის გაერთიანებას.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ კორეული საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაცია HWPL, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ემილ კონსტანტინესკუ და ლევანტეს კულტურისა და ცივილიზაციის კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ემილ კონსტანტინესკუ, რომელმაც თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ კულტურულმა დიპლომატიამ შესაძლებელია აღადგინოს ნდობა და შექმნას პლატფორმა საერთაშორისო დიალოგის წარმოებისათვის.  „ასეთი კულტურული დიალოგი საჭიროებს ურთიერთობების ცვალებადობას. ეს აუცილებელია, ვინაიდან სრულიად უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და იგი უნდა გახდეს პროფესიული, თანასწორუფლებიანი და მეგობრული“, - აღნიშნა მან. 

რაღა თქმა უნდა განსაკუთრებით საინტერესო და საყურადღებო იყო ერთ-ერთი ორგანიზატორის, კორეული საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციის HWPL-ის პრეზიდენტის მან ჰი ლი-ს გამოსვლა, რომელიც საყოველთაო აღტკინების, ოვაციების და აპლოდისმენტების ფონზე მიმდინარეობდა. „ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად და მჯერავს, რომ ჩვენი თაობა აუცილებლად მოესწრება ამას“, - განაცხადა მან ჰი ლიმ. მისივე თქმით, არავის არ უნდა ომი, ყველა მომხრეა მშვიდობის და ჩვენი ვალია ყველა მათგანის ეს ნება გავაერთიანოთ და მსოფლიოს ლიდერების ყურამდე მივიტანოთ, რათა მათ ყური დაუგდონ ჩვენი პლანეტის მოსახლეობის ურყევ ნებას. „რატომ არ უნდა გაერთიანდეს კორეა. რატომ არ უნდა აღასრულონ ხელოვნურად ორად გაყოფილი მოსახლეობის სურვილი და მისცენ ხალხს ერთად მშვიდობიანად ცხოვრების საშუალება. ეს ქვეყანა მათი საკუთრება არ არის. იგი ხალხს ეკუთვნის, რომლებსაც მშვიდობიანად ცხოვრება უნდა“, - დაამატა კორეული საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციის HWPL-ის პრეზიდენტმა.

როგორც მან ასევე აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო აქცია, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს მოსახლეობამ საკუთარ პრეზიდენტებს გაუგზავნეს ბარათები, სადაც ისინი წერენ, რომ მათი ვალია ჩაერთონ სამშვიდობო პროცესში და ერთიანი ძალისხმევით მიაღწიონ ყველასთვის სანუკვარ მიზანს - დამყარდეს დედამიწაზე მშვიდობა. „ჩვენ ყველას გვსურს გაერთიანება ერთი სლოგანის გარშემო - შეწყდეს ომები და დაისადგუროს მშვიდობამ ყველგან. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა დავდგეთ“. თუკი თითოეული ჩვენთაგანი ძალისხმევას არ დაიშურებს, თუკი გავერთიანდებით სამშვიდობო ორგანიზაცია – HWPL-ის სამშვიდობო ინიციატივის გარშემო, რომელიც ამბობს - „ჩვენ ვართ ერთი ოჯახი მშვიდობისათვის - ჩვენ ვართ HWPL“, აუცილებლად მივაღწევთ სანუკვარ მიზანს და შევძლებთ ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, რომელსაც არასოდეს ეცოდინება თუ რა არის ის საშინელება, რომელის სახელწოდებაა - ომი. ჩვენ ერთნი ვართ - ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და სამშვიდობო მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია“, - დასძინა მან ჰი ლიმ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ, რომელმაც ფართოდ ისაუბრა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსებულ „გაყინულ“ კონფლიქტებზე. „სამწუხაროდ გვიწევს იმის თქმა, რომ თავის დროზე „ნატო“-ს საქართველოსთვის „მაპი“ რომ მიეცა არ იქნებოდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი და არც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება განხორციელდებოდა“, - განაცხადა ვ. იუშჩენკომ. მისივე თქმით, ზუსტად იმის გამო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სათანადოდ არ დაეხმარა საქართველოს, რუსეთმა თავი გამარჯვებულად იგრძნო და მომდევნო უგუნური ნაბიჯი გადადგა, რასაც ყირიმის ოკუპაცია მოჰყვა. „საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება, რათა შეაჩერონ რუსეთის გამოხტომები, რომელსაც ომი, ნგრევა და არარსებული რესპუბლიკების აღიარება მოსდევს. ჩვენ, ჩვენი მხრიდან ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ და ერთიანი ძალებით ვიმოქმედოთ ომების თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის დასამყარებლად“, - განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა. 

კონფერენციის მსვლელობისას საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის 4 მარტს, HWPL-ის მიერ სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოამზადებულ დეკლარაციას „მშვიდობასა და ომების შეწყვეტის“ თაობაზე (DPCW). დეკლარაციის გამოცხადების შემდეგ, მთელს მსოფლიოში დაიწყო კამპანია „ დავაკანონოთ მშვიდობა“. 2016 წლიდან მოყოლებული დღემდე აღნიშნულ დეკლარაციას, მსოფლიოს 167 ქვეყნის 535 493 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ  მედია-პლატფორმა „სამშვიდობო ინიციატივა“ (PI) მონაწილე ჟურნალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. „სამშვიდობო ინიციატივა“ განკუთვნილია ჟურნალისტებისთვის მსოფლიოს გარშემო, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობის შესახებ ახალი ამბების გავრცელება და პრესის თავისუფლების დაცვის მიზნით, მშვიდობიანი ჟურნალისტიკის გავრცელების ხელშეწყობა. PI- თან თანამშრომლობის შექმნის მიზნით, 13 ქვეყნის 13 მედია-საშუალების წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციის HWPL- თან ერთად გაეროს ECOSOC- ის ფარგლებში.

კონფერენციის მონაწილეების აზრით აღნიშნულმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და აღნიშნეს, რომ თუკი ანალოგიური კონფერენციები გაგრძელდება, გაიზრდება მოსახლეობის ინფორმირებულობა და ყველა ერთად, ერთ მუშტად შეკრულნი მიაღწევენ სანუკვარ მიზანს - მშვიდობის დამარება მთელს მსოფლიოში.

ავთანდილ ოთინაშვილი

ქართულ-სომხური მედია-დიალოგი: „სამშვიდობო ჟურნალისტიკა და კონფლიქტების თავიდან აცილება“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 ნოემბერი 2018 09:25

გასულ კვირას ერევანში გაიმართა ქართველი და სომეხი ჟურნალისტების მორიგი შეხვედრა, რომლის მთავარ თემას წარმოადგენდა „სამშვიდობო ჟურნალისტიკა და კონფლიქტების თავიდან აცილება სამხრეთ კავკასიაში“. შეხვედრის ორგანიზატორები არიან: კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი (ICCN), გლობალური პარტნიორობა საბრძოლო კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად (GPPAC - სამხრეთ კავკასიაში) და ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხეთის კომიტეტი (HCA-სომხეთი). აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა პროექტის - „ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაცია სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.

ორმხრივ შეხვედრაში მონაწილე ჟურნალისტებმა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში განიხილეს სომხეთსა და საქართველოში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია. გაცვალეს ინფორმაციები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილ წვლილზე კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმის თაობაზე. ასევე მოისმინეს ინფორმაცია სამხრეთკავკასიელი ქალ მედიატორთა ქსელის დაარსების შესახებ და გაეცნენ ინფორმაციას მათთვის ახალი ონ-ლაინ კონტენტების www.peaceportal.org და www.peacetraining.eu მუშაობის თაობაზე. რომლებიც მოწოდებულნი არიან ხელი შეუწყონ სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას. 

ქართულ-სომხური მედია-დიალოგის ორგანიზატორის, საერთაშორისო ორგანიზაცია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის (ICCN) კავკასიური პროგრამის კოორდინატორის ზაალ ანჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონის ჟურნალისტების გამოცდილება კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმის ამოქმედების თვალსაზრისით. „ამისათვის ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ რას წარმოადგენს კონფლიქტი და რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მათგანმა კონფლიქტების პრევენციის თვალსაზრისით“, - ხაზი გაუსვა ზაალ ანჯაფარიძემ.

ერევნის შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს მომხსენებლების მანე პაპიანის (სომხეთი), მამუკა ყუფარაძის (საქართველო), აკობ კარაპეტიანის (სომხეთი), ზვიად ავალიანის (საქართველო), გევორგ ტოსუნიანისა (სომხეთი) და მზევინარ ხუციშვილის (საქართველო) ძალიან საინტერესო გამოსვლები, რომლებიც შეეხებოდა სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებს და მათი დაძლევის მექანიზმებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო საშუალებებში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. „ძალიან კარგია, რომ რეგიონის ჟურნალისტებს შორის ხდება გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს შორის საერთო აზრის ფორმირება, თუ როგორ შეგვიძლია არაკონფრონტაციული და სამშვიდობო რეპორტჟებით ხელი შევუწყოთ კონფლიქტების მოგვარებასა და პრევენციას“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე. 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეები გაეცნენ ქართული და სომხური მხარის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ჩანაწერებს  და საკუთარი ხედვები წარმოადგინეს მათ გარშემო. აღნიშნული ჩანაწერები შეასრულეს ქართველმა და სომეხმა კომპეტენტურმა ექსპერტებმა. ნაშრომებში წარმოდგენილია ის ხედვები, რომლებიც ეხება ეკონომიკურ ნიადაგაზე ამოცენებულ კონფლიქტების შესაძლო პრევენციას, იქიდან გამომდინარე რომ საქართველო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA)ნაწილია, ხოლო სომხეთი კი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის. მედიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს და კონკრეტული გზები დასახეს, თუ როგორ უნდა მიიტანონ საინფორმაციო საშუალებებმა მკითხველის, მაყურებლის და მსმენელის ყურამდე, ის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები, რომელთა მოგვარებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და რომლებიც ხელს შეუწყობენ კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ავთანდილ ოთინაშვილი

კონფლიქტების პრევენციის გზების ძიებაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 30 ოქტომბერი 2017 11:16

28-29 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“ ქართული და სომხური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენელთა შორის მორიგი დიალოგი შედგა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების პრევენციის საკითხებს მიეძღვნა. მხარეებმა განიხილეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის ასპექტები კონფლიქტების თავიდან აცილების კუთხით იმ პირობებში, როდესაც კავკასიის რეგიონში ორი ურთიერთსაპირისპირო და კონკურენტი ეკონომიკური კავშირები ამოქმედდა – ერთის მხრივ, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, ხოლო მეორეს მხრივ კი, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით. პირველი კავშირის წევრი სომხეთია, ხოლო მეორე ხელშეკრულების – საქართველო.
2014 წლიდან, ისედაც არასტაბილურ და გაყინული კონფლიქტებით გაჯერებულ რეგიონში ეკონომიკური კავშირებისა და ეკონომიკური გავლენების ახალმა გადანაწილებამ, ორი კონკურენტი ეკონომიკური სისტემების წევრ სახელმწიფოებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემების წყება შეიძლება წარმოქმნას, რომლებიც შემდგომში შესაძლოა კონფლიქტებად ტრანსფორმირდეს. სწორედ ამ სცენარის პრევენციაში სამოქალაქო სექტორის როლზე მსჯელობდნენ პროექტის მონაწილეები. ამ პროცესში ქართული და სომხური სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ უკვე შემუშავდა პოლიტიკის 5 დოკუმენტი, რომელიც ეხება ორი კონკურენტი ეკონომიკური გაერთიანების პირობებში კონფლიქტების თავიდან აცილების ინსტრუმენტებს.
აღნიშნულ შეხვედრაზე სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ქართული და სომხური მხარეების მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები იქნა განხილული და 2 ქვეყნის მთავრობების მიმართ რეკომენდაციები იქნა შემუშავებული.
რეკომენდაციებს შორის არის საქართველოსა და სომხეთს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და უთანხმოებების პრევენციის მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა; სამოქალაქო სექტორისა და მედიის ერთობლივი მუშაობა ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების მიწოდებისა და ადვოკატირების ეფექტური არხის შესაქმნელად; სამოქალაქო დიალოგში აზერბაიჯანული მხარის ჩართვა; საერთაშორისო დონორთა მეტი ძალისხმევა სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ძალაუფლებების და გავლენების გადანაწილეობის ახალ გარემოში კონფლიქტების პრევენციის მიზნით; სამოქალაქო სექტორის და სამშვიდობო ჟურნალისტიკის მეტი ხელშეწყობა, მათ შორის დიალოგის გაფართოების, მათი უნარ–ჩვევების და ცოდნის გაზრდის კუთხით.

აღინიშნა, რომ კავკასიაში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის თანაარსებობა და კონკურენცია შეიცავს როგორც გამოწვევებს, ისე შესაძლებლობებსაც, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ ორივე მხარის ეკონომიკურ და ბიზნეს სტრუქტურებს.
პროექტი უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და მის ფარგლებში უკვე მოეწყო სამოქალაქო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტების შეხვედრა
პროექტს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს საერთაშორისო ქსელი - გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციისათვის (Global Partnership for Prevention of Armed Conflicts www.gppac.net) და GPPAC -ს წევრი საქართველოში კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი. სომხეთში პროექტის პარტნიორია ჰელსინკის სომხეთის კომიტეტი. მომავალ წელს იგეგემება პროექტის გეოგრაფიული არეალის გაფართოება.

"სტარვიზიის" ექსკლუზიური ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 მაისი 2015 13:27

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი გადაცემაში "აქტუალური თემა". 

ექსკლუზიური ინტერვიუ სახელმწიფო მინისტრთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 მაისი 2015 20:43

„სტარვიზიის“ ექსკლუზიური ინტერვიუ სახელმწიფო მინისტრთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილთან.

კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა: ხელისუფლებისა და საზოგადოების როლი და პასუხისმგებლობა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 25 აპრილი 2015 10:33

საქართველოს სახალხო დამცველის, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა და  დევნილთა ქსელ „სინერგიას“  ორგანიზებით გამართა შეხვედრა თემაზე - კონფლიქტების მოგვარების  პოლიტიკა: ხელისუფლებისა და საზოგადოების როლი და პასუხისმგებლობა. 

ღონისძიების გახსნაზე საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე; სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემების, განათლების, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, პატიმრებისა და  რესტიტუციის საკითხების გადასაჭრელად ქვეყანაში ერთიანი პოლიტიკის არსებობის ნაკლებობაზე. ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა და ხედვა სახელმწიფოსთვის დიდი გამოწვევაა და აუცილებელია ამ კუთხით გააქტიურება, რაც ხელისუფლებისა და საზოგადოების მეტ ჩართულობას გულისხმობს.

„საჭიროა ქვეყანაში არსებობდეს ერთიანი პოლიტიკა კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით. ის სპეციფიკა, რომელიც კონფლიქტური რეგიონებისთვის არის დამახასიათებელი, რიგ შემთხვევებში არ არის გათვალისწინებული. სწორედ ერთიანი მიდგომისა და ერთიანი ხედვის არ არსებობა წარმოადგენს პრობლემსა. მხოლოდ ერთი ან ორი სამინისტრო არ უნდა იყოს ჩართული აღნიშნულ პროცესებში და უნდა არსებობდეს  სახელმწიფოს ერთიანი, ზოგადი პოლიტიკა, სადაც ყველა სტრუქტურას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეეძლება იმ რეალობის გათვალისწინება, რომელიც კონფლიქტურ რეგიონებში არსებობს.“

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და თანასწორობის საკითებში ქეთევან ციხელაშვილი და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი.

ქსელი „სინერგიის“ წარმომადგენლებმა კონფლიქტურ რეგიონებში განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ კვლევა წარმოადგინეს, რომელშიც ზოგადი განთლების ხარისხი და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემები იყო მიმოხილული.

ღონისძიება საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური