პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 თებერვალი 2021 11:40

საქართველოს პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა.

სხდომა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გახსნა და საზოგადოებას პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე მიულოცა. მისი თქმით, ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის ფონზე, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.

„ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის, თავდადებული ბრძოლებისა და ქვემეხების სროლის ფონზე მიიღო ქვეყნის პირველი კონსტიტუცია, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ იურიდიულ დოკუმენტად მიიჩნეოდა და ევროპის სამართლებრივ სივრცეში წარუშლელი კვალი დატოვა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია სწორედ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება.

„ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქცია ქართული კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს. იგი ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების დაცვას უზენაეს ღირებულებად აცხადებს, ხოლო ეროვნულ დამოუკიდებლობას − უმთავრეს მიზნად.

მჯერა, ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანისთვის ვემზადებით, საქართველოს კონსტიტუცია კვლავ დააკავშირებს ჩვენი ქვეყნის წარსულსა და მომავალს“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პირველი კონსტიტუცია იქცა იმის სიმბოლოდ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო და ის იყო ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია ევროპის კონტინენტზე. მისივე თქმით, სწორედ პირველ კონსტიტუციაში ასახული ფასეულობები შემოინახა ჩვენმა ისტორიულმა მეხსიერებამ და ისინი ვერ წაშალა საბჭოთა ოკუპაციის ხანგრძლივმა წნეხმა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საპატრიარქოსა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ასევე, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები ესწრებოდნენ.

„მართალია, პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციამ ვერ დაიცვა დამოუკიდებლობა, თუმცა მომავალ თაობებს გადასცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის სამართლებრივი საყრდენი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი 1921 წლის კონსტიტუციის 95 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 თებერვალი 2016 10:35

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება  თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა გახსნეს და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს. მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის  თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი და ლევილის „ქართული კერის“ მმართველი ირენ ციციშვილი.

გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს 1921 წლის კონსტიტუციის 95 წლის იუბილე მიულოცა და საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა :

„95 წლის წინ, ჩვენი წინაპრები აქ, ამ დარბაზში, სახელმწიფოს მმართველობის, ერისა და ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს პრინციპს ქმნიდნენ და ადგენდნენ. ეს არის დაწერილი პრინციპი – კონსტიტუცია.  მაშინ, როდესაც ჩვენი წინაპრები საქართველოს კონსტიტუციას ადგენდნენ, რომელზეც ბატონი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოგვახსენებდა, ერთერთს ყველაზე პროგრესულს და ევროპულს მაშინ - კონსტიტუციას, რომლის შინაარსში პრინციპული და დომინანტურია ადამიანის უფლებები, არის ხელისუფლების დაყოფა, არის უმცირესობების უფლებები, როდესაც ისინი ამ კონსტიტუციას წერდნენ აქვე, გვერდით, შულავერში, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ და ემზადებოდნენ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო დაენგრიათ და გაენადგურებინათ. მაშინ მოტივაცია ძალიან ნათელი იყო – საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, უნიკალური, ძალიან სპეციფიკური კულტურით, თავისი ღრმა ისტორიული წარსულით, რომ უნდა გამხდარიყო ევროპული ოჯახის წევრი.  იყო სხვა ტენდენცია, რომ ეს ყველაფერი გადახარშულიყო ერთიან, დიდ პროლეტარიატის ცეცხლში და დაგვეკარგა ჩვენი იდენტობა, ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი სახელწიფოებრიობა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდა და ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა ისე, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით.

რა თქმა უნდა, როდესაც ხელახლა ქართული სახელმწიფო გახდა დამოუკიდებელი  და, როდესაც 1995 წელს ჩვენ ხელახლა მივიღეთ კონსტიტუცია, ჩვენ ამ მოტივაციით, ჩვენი წარსულისა და ტრადიციის გაგრძელებით, მივიღეთ ახალი უზენაესი კანონი, რადგან ეს არის ჩვენი ტრადიცია და ეს არის ჩვენი წარსული.

ჩვენი წარსულია საქართველოს დამოუკიდებლობა და ის მომენტი, როცა ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ევროპული კულტურის სახელმწიფო ვართ. ჩვენი წარსულია სულხან-საბა, ჩვენი წარსულია დავით აღმაშენებელი, ვაჟა-ფშაველა და ილია ჭავჭავაძე. მოვუწოდებ ყველას, რომ ძალიან ფართოდ გაახილონ თვალები და თვალი ამ წარსულს გაუსწორონ. მზერა გაუსწორონ წარსულს, რომელიც ნათლად არის ორიენტირებული ევროპაზე, ევროპულ ღირებულებებზე და თუკი საუბარია ქართული ტრადიციებისა და ქართველობის დაცვაზე, სწორედ აქ დაიცვან საქართველო – დაიცვან ქართული ტრადიცია, როგორც 1921 წლის კონსტიტუცია, დაიცვან ქართული ტრადიცია, როგორც ილია ჭავჭავაძის სწრაფვა ევროპისაკენ, დაიცვან ქართული ტრადიცია, როგორც სულხან საბას დიპლომატია, თუ ვინმეს სურს საქართველოს დაცვა.

დღეს ჩვენ აქ ვდგავართ და ვზეიმობთ ჩვენს წარსულს, ასევე ვზეიმობთ ჩვენს მომავალს, რომლის ერთი იოტითაც შეცვლა შეუძლებელია და, რომელიც ძალიან ნათლად არის ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე, უმცირესობების უფლებებზე, საკონსტიტუციო პროცესზე, ხელისუფლების დანაწილებაზე და სამართლებრივ სახელმწიფოზე,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

1921 წლის კონსტიტუციის 95 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური