კონკურსი სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 15:51

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევად დღეიდან კონკურსი ცხადდება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 30 წლიდან 65 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას; ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისური ან ფრანგული); ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და აქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება; საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს  კანონმდებლობას.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან უნდა იყოს კომპეტენტური და აღიარებული სამართალმცოდნე; უნდა ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება და მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია. საბუთებისა და განაცხადების მიღება 2016 წლის 6 თებერვლამდე გაგრძელდება.

შემოსული განაცხადებიდან სამ კანდიდატურას სპეციალური სამთავრობო კომისია შეარჩევს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში იქნებიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. მოსამართლეობის მსურველები ჩააბარებენ გამოცდას უცხო ენაში, რის შემდეგაც გასაუბრება გაიმართება. კომისია კონკურსის მონაწილეთაგან სამ კანდიდატს შეარჩევს, რომელთაგან ერთი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. სამკაციანი სია საქართველოს მთავრობას 2016 წლის 15 აპრილამდე წარედგინება; მთავრობის მიერ დამტკიცების შემდეგ კი კანდიდატურები ევროპის საბჭოს მრჩეველთა საკონსულტაციო კოლეგიას 2016 წლის 26 მაისამდე წარედგინება.

ასამბლეა ახალ მოსამართლეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს. საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს უფლებამოსილების 9-წლიანი ვადა 2017 წლის 1-ლ იანვარს გასდის.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საკონკურსო განაცხადის შევსება და დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მოიძიონ ვებგვერდებზე:www.hr.gov.ge და www.jobs.ge
 

კონკურსი აბიტურიენტებისთის და სტუდენტებისთვის

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 17:38

საქართველოს უნივერსიტეტი ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით აცხადებს  კონკურსს  Human Rights.
კონკურსის პირობები:
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ესსე ქვემოთ მოცემული 2 საკონკურსო თემიდან ერთერთ თემაზე:
1)      ადამიანის უფლებები - თანდაყოლილი თუ სახელმწიფოსგან მინიჭებული?
2)      ადამიანის უფლებები და განვითარება
კრიტერიუმები:
    ესსე უნდა მოიცავდეს არაუმეტეს 3 გვერდს (Sylfaen შრიფტი, 12);
    ტექსტი განთავსებული უნდა იყოს A4 ფორმატში;
    ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული;
    ნაშრომი უნდა იყოს გამართული სტილისტურად და გრამატიკულად.
საუკეთესო ესსეს ავტორს  3 კატეგორიაში გამოავლენს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორებისგან შემდგარი ჟიური.  პირველი 3 ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება.  ასევე, თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერთფიკატი.
ნამუშევრები მიიღება 2015 წლის 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: https://www.ug.edu.ge/registration_m
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:  სტუდენტებსა და აბიტურიენტებს მთელი საქართველოს მაშტაბით.

ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალის რესპუბლიკური ტურის გამარჯვებული ლიზა ჩიჩუა გახდა

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 11:49

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში,  ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალის რესპუბლიკური ტური გაიმართა. კონკურსი   ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებების ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა. რესპუბლიკურ ტურში მონაწილეობა  ქალაქ თბილისის მუსიკალური სკოლის მოსწავლე ვოკალისტებმა მიიღეს, რომლებმაც ჟიურის წინაშე ქართულ ენოვანი სიმღერითა და ეროვნული სამოსით წარსდგნენ.
ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები. ასევე საერთაშორისო ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელები სტამბულიდან და რუმინეთიდან. წელს გამართულ კონკურსში ჟიურის რჩეული ლიზა ჩუჩუა გახდა, რომელსაც საშუალება მიეცა ასპარეზობა ფინალური ეტაპისთვის განაგრძოს. გამარჯვებულს ორგანიზატორებისაგან დაწესებული სამახსოვრო საჩუქარი და დიპლომი გადაეცა.
გასულ წელს რუმინეთში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე   დემირელის სკოლის მოსწავლე ირინა ხეჩანოვმა  პირველი ადგილი აიღო. მან ასევე მონაწილეობა მიიღო პროექტის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა კონცერტსა და ფესტივალში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალის ცენტრი მდებარეობს ქალაქ სტამბულში, სადაც თავს იყრის მსოფლიოს 170 ქვეყნის ათასობით წარმომადგენელი. „ჩაღლარის„  სასწავლო დაწესებულებები ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. 2016 წლის მაისში ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალი მე-14-ედ  ჩატარდება. შესარჩევ ტურში გამარჯვებული ქართველო კონკურსანტი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონკურსის ფინალში. გარდა ამისა, ენისა და კულტურის ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შეირჩევა 5 ვოკალისტი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ მუსიკალურ ტურნეში, რომელიც 23 ქვეყანას მოიცავს.
ენისა და კულტურის XIII საერთაშორისო ფესტივალი რუმინეთში ჩატარდა. აღნიშნული ფესტივალის დახურვის ცერემონიალი შედგა გერმანიის ქალაქ დორტმუნდის ვესტფალიის დარბაზში. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში კი გალა-კონცერტი გაიმართა. ბრიუსელში ფესტივალის პროგრამა ევროკავშირის პარლამენტის პატრონაჟის ქვეშ იმართება.
დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ იხილეთ პროექტის ოფიციალურ გვერდზე: www.intflc.org

„ლიბერთი ბანკმა“ პედაგოგები დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 16:06

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია გაიმართა.
აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციის ფარგლებში „ლიბერთი ბანკის“ დირექტორმა არმენ მატევოსიანმა  Gift card-ით დაასაჩუქრა კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები, რომლებმაც საგანმანათლებლო სფეროში ინოვაციების შესახებ საუკეთესო ნაშრომები წარმოადგინეს.
„ლიბერთი ბანკთან“ ერთად წლევანდელი კონფერენციის პარტნიორები „ინტელი“, „მაიკროსოფტი“, „ესაბი“ გახლდათ და 250 პედაგოგმა, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტმა და ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა.

„მის საქართველო-2015“-ის გამარჯვებული ნუკა ყარალაშვილი გახდა

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 16:44

გუშინ გვიან ღამით ბათუმის მუსიკალურ ცენტრში დასრულდა სილამაზის კონკურსის ფინალური ეტაპი. სილამაზის კონკურის „მის საქართველო-2015“-ის გამარჯვებული 24 წლის ნუკა ყარალაშვილი გახდა. 179 სანტიმეტრის სიმაღლის გოგონა თბილისიდანაა.

„მის საქართველოს" თქმით, იგი საერთოდ არ ოცნებობდა მოდელობაზე, თუმცა ამ საქმეს ხელი სერიოზულად 15-16 წლის ასაკიდან მიჰყო. "სწორედ აქედან დაიწყო ჩემი კარიერა. ძალიან ბევრი ქართველი დიზაინერი მომწონს, გამოვყოფდი ავთანდილს, თამუნა ინგოროყვას და გიორგი შაგაშვილს. ასევე ატელიე კიკალას, რომელიც წელს პირველად იკო კვირეულზე. უცხოელებიდან კი თანამშრომლობას ივ სევ ლორენთან და ქლოესთან ვისურვებდი. მოდელისთვის მნიშვნელოვანია იყოს ფორმაში და იყოს კომუნიკაბელური, დამწყებ მოდელებსაც იგივეს ვურჩევდი იყვნენ ბუნებრივები", – აღნიშნა ნუკა ყარალაშვილმა.

„იმიჯ-ცენტრის“ მოდელი ნუკა ყარალაშვილი მოდის სფეროში16 წლიდანაა ჩართული და როგორც თავად ამბობს, მოდელისთვის მთავარი კომუნიკაბელურობა და ბუნებრივობაა. მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი. როგორც ცნობილია, ნუკა მილანში სააგანტო THE ONE MODELS-სთან თანამშრომლობდა. მონაწილეობდა რომის მოდის კვირეულზე, ასევე დონა კარას  „ქლოეს“ და „ჯასთ კავალის“ შოურუმებზე.

„მის საქართველო 2015“-ის ტიტულის მფლობელი ნუკა ყარალაშვილი საქართველოს სილამაზის საერთაშორისო კონკურსებზე – „მის მსოფლიო“, „მის სამყარო“ და „მის ინტერკონტინენტალზე“ წარადგენს. კონკურსის ტოპ ხუთეული ასევე გაემგზავრება მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო სილამაზის კონკურსებზე.

“მის საქართველო 2015″-ის ორგანიზატორია სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრი“, რომელიც ამ კონკურსს 1996 წლიდან ატარებს. გასულ წელს საქართველოს ლამაზმანი ანა ზუბაშვილი გახდა.

შეგახსენებთ, რომ “I ვიცე მის საქართველო 2015” გახდა ვიქტორია კოჩეროვა, 20 წლის, თბილისიდან

“II ვიცე მის საქართველო 2015” - ანი ხარაზიშვილი, 22 წლის, თბილისიდან

“ვიცე მის საქართველო 2015” - მარიტა გოგოძე, 19 წლის, რუსთავიდან

“ვიცე მის საქართველო 2015”  - ქეთი შეყელაშვილი, 21 წლის, ქარელიდან

ნომინაციების მფლობელები გახდნენ:

“მის    მეგობრობა”  -  მაკუნა ამაშუკელი

“მის ტალანტი” - ელენა ტიტოვა

 “მის ფოტოგენურობა” - გრეტა შერგელაშვილი                                           

“მის ტელეგენურობ” - მარიამ შერაზადიშვილი

“ტოპ მოდელი” -  ნუკა ყარალაშვილი

 “მის ელეგანტურობა”   - მარიამ გუჩუა

 “მის გრაცი” -  თუთა საღარეიშვილი

 “მის ფიტნესი” - ანუკა სიხარულიძე

 “მის მომხიბვლელობა”  - ნანა დეისაძე

 “მის ექსტრავაგანტულობა” -  სალომე გიგაური

 “მის შარმი” - მარიანა მაქაძე

 “მის ინტელექტი” - ნინო ოკუჯავა

სარეკლამო კომპანია მაქსპრომის რჩეული - ნინა არჯევანიძე

კომპანია  Jungle Fever  Georgia-ს რჩეული -  ანი ხარაზიშვილი                     

ენერგეტიკული სასმელი “შარკის” რჩეული - მარიამ გუჩუა

“მის საქართველო 2015”-ს  გადაეცემა მთავარი პრიზი, საოცნებო ავტომობილი MINI COOPER COUPE, რომელიც დააწესა კომპანიამ  “ომეგა მოტორსი”.

 

თბილისი პროექტით „თბილისი - მომავლის ქალაქი“ კონკურსის „5th Ljubljana Future of Cities 2015“-ის ნომინანტი გახდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 15:27

თბილისი პროექტით „თბილისი - მომავლის ქალაქი“კონკურსის  „5th  Ljubljana Future of Cities 2015“-ის ნომინანტი გახდა. ლუბლიანაში გამართულ კონკურსში პროექტი „ტექნოლოგიური გავითარების ფონდმა“ წარადგინა.

კონკურსის ფარგლებში განხილული იქნა „ჭკვიანი ქალაქების“ პროექტები, გამოწვევები და მათი განვითარების სტანდარტები.  

„სმარტ სითი“ კონცეფციის ფარგლებში ფორუმზე საკუთარი პროექტი რამდენიმე ქალაქმა წარადგინა, თუმცა მათგან ნომინანტი მხოლოდ ხუთი გახდა, მათ შორის თბილისი - პროექტით: „თბილისი - მომავლის ქალაქი“. „ტექნოლოგიური გავითარების ფონდის“ მიერ წარდგენილმა პროექტმა ფორუმის მონაწილეებს შორის მოწონება დაიმსახურა, გაუსწრო ლონდონს, ლუბლიანას და მეორე ადგილი მოიპოვა ანკარის შემდეგ.  

პროექტის წარმატებიდან გამომდინარე თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ასევე „World Council of City Data"-ს (WCCD) პრეზიდენტმა პატრიცია მაკკორნიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ მზად არიან დაეხმარონ თბილისს „ჭკვიანი ქალაქის“ სტატუსის მოპოვებაში. 

WCCD ერთადერთ ორგანიზაციას წარმოადგენს მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია ქალაქებზე გასცეს სმარტ სითის შესაბამისობის ISO 37120 სერთიფიკატი.

კონკურსი სტუდენტებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 15:08

საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაცხადა კონკურსი თემაზე – „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა როლი, კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენაში“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. კონკურსის ორგანიზატორია „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერება იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადასაჭრელად პროექტი“, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ.

თემის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2500 სიტყვას. კონკურსის სამ გამარჯვებულს გამოავლენს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალური კომისია. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და პლანშეტური კომპიუტერებით. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ნაშრომის ელექტრონული ვერსია ელ–ფოსტაზე: JLIB_HTML_CLOAKING ან ნაბეჭდი ვერსია მისამართზე: თბილისი, რამიშვილის #6, სახალხო დამცველის ოფისი.

მოწოდებულ მასალას აუცილებლად თან უნდა ახლდეს ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. კონკურსის მონაწილეებმა ნაშრომები უნდა წარმოადგინონ 2015 წლის 22 ნოემბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ტელ.: +995(32) 2234499 / 2913814 / 577 79 99 95

ელ–ფოსტა: JLIB_HTML_CLOAKING

კონკურსი ორიგინალურ სლოგანზე

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2015 11:59

10-17 ნოემბერს დაგეგმილ „მეცნიერების კვირეულთან“ დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ორიგინალურ სლოგანზე კონკურსს აცხადებს, რომლის გამარჯვებულიც სამინისტროს მიერ ფულადი პრიზით, 500 ლარით დაჯილდოვდება.

სლოგანი უნდა იყოს ქართულ ენაზე და არ აღემატებოდეს ხუთ სიტყვას. ამასთან, სხარტი, მარტივი და ახალგაზრდებზე ორიენტირებული. მისი შინაარსი მოიცავდეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციას.
სლოგანის შეფასების კრიტერიუმებია: თემასთან შესაბამისობა, აზრის ლაკონურად და ორიგინალურად გადმოცემის უნარი და ტექსტის გრამატიკული და შინაარსობრივი სისწორე (პლაგიატის შემთხვევაში სლოგანი არ განიხილება). რაც შეეხება კონკურსის ვადას, ამისთვის განკუთვლი იქნება კონკურსის გამოქვეყნებიდან 4 სამუშაო დღე.

„მეცნიერების კვირეულის“ ფარგლებში სხვადასხვა გამოფენები და კონფერენციები მოეწყობა. კვირეულის მიზანს ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესება, მეცნიერების პრესტიჟის გაზრდა და მისი პოპულარიზაცია წარმოადგენს.

საკონკურსო სლოგანი უნდა გაააგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: JLIB_HTML_CLOAKING . ელექტრონულ ფოსტაში სრულად უნდა იყოს მითითებული გამომგზავნის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეიქათონი ჩატარდება

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 04 სექტემბერი 2015 15:36

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „რობოტიკის კლუბის“ წარმომადგენელმა გიორგი უსანეთაშვილმა გაიმარჯვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსში, რის შედეგადაც სექტემბრის თვეში შავი ზღვის უნივერსიტეტში ჩატარდება მეიქათონი (Make-a-thon).
3 ოქტომბრიდან 18  ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდება მეიქათონი (Make-a-thon).
Make-a-thon არის კონკურსი, სადაც იდეები იქცევიან პროტოტიპებად. შემოქმედი (MAKERS) და საინტერესო იდეების მქონე ადამიანები, ასევე პროგრამისტები (HACKERS) და მეწარმეები იკრიბებიან და მუშაობენ დასმულ საკითხზე ჯგუფურად, უწყვეტ დროში. ორ დღეში გუნდებმა უნდა წარადგინონ ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღებული პროდუქტი.
მეიქათონის მიზანია თავი მოუყაროს განათლებულ და ნიჭიერ სპეცილისტებს, რათა მათ გადაჭრან სოფლის მეუნრნეობასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს იქნება: მორწყვის, სეტყვისგან დაცვის, მოხვნის, დათესვის, მოსავლის აღების, ენერგო მომარაგების, შხამ-ქიმიკატებით შეწამვლის და სხვა მსგავსი სირთულეების იოლად გადასაჭრელად. ამ კონკურსზე მონაწილეებს ექნებათ ტექნიკური მხარდაჭერა, იმისათვის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეები გადაწყვიტონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ისე, რომ მოსავლის მოყვანის ხარჯები შემცირებული იქნას და მოსავალი დავიცვათ შემთხვევითი განადგურებისაგან.
კონკურსი გათვლილია 16-60 წლამდე ადამიანებისთვის, რომლებსაც საშუალო დონეზე გააჩნიათ ელექტრო სქემებისა და ავტომატიზირებული სისტემების შესახებ ცოდნა.
სავალდებულოა არ არის მონაწილეები ერკვეოდნენ სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებში მათ უნდა იცოდნენ: (თანამედროვე ელექტრო მოწყობილობები) ან (ჰიდრავლიკური და მექანიკური ავტომატიზირების საშვალებები).
სულ დაკომპლექტდება 10 ჯგუფი ლოტოტრონის პრინციპით.
3-4 ოქტომბერს, პროგრამის პირველივე დღეებში, მონაწილეებს შეხვდებათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სპეციალურად იქნება მოწვეული კონკურსზე. ექსპერტები მონაწილეებს მისცემენ რჩევებს და დაეხმარებიან მიზნების სწორად დასახვაში.
4-დან 8 ოქტომბრის ჩათვლით მეიქათონის მონაწილეები იდეების განვითარებაზე და საჭირო მასალების სიის შედგენაზე იმუშავებენ.
12-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით ორგანიზატორები კონკურსანტებს პროტოტიპების შექმნისთვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფენ.
17-18 ოქტომბერს გაიმართება გუნდებში ერთობლივი მუშაობის პროცესი და შექმნიან პროდუქტს/პროტოტიპს, რომელსაც წარუდგენენ ჟიურის, რომლებიც სპეციალურად იქნებიან მოწვეულნი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან. კონკურსის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი და გაიმართება დაჯილდოვების ცერემონია. Make-a-thon-ის გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საჩურად გადასცემს CY3210PsocEval1 და CY8CKIT-059 PSOC 5LP Prototyping Kit-ის მოწყობილობებს.
მეიქათონის კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე:
http://cte.ibsu.edu.ge/robot/index.php/registration
რეგისტრაცია მიმდინარეობს 30 სექტემბრის ჩათვლით.

გვერდი 5/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური