თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში გაიმართა კონკურსის ,,ჩინური ენის ხიდი’’ შესარჩევი ტური

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017 18:34

წელს, 9 ივნისს, აღინიშნა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ოცდახუთი წლის იუბილე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ოცდახუთი წლის განმავლობაში ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს შორის აქტიურად მიმდინარეობდა კულტურული და საგანმანათლებლო ინფორმაციისა თუ ღირებულებების მიმოცვლა. ქართველებისა და ჩინელების ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს ქვეყანაში ტარდება არაერთი ღონისძიება, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ,,ჩინური ენის ხიდი.’’
15 ივნისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა კონკურსის ,,ჩინური ენის ხიდი’’ შესარჩევი ტური სკოლის მოსწავლეებს შორის. პირველ ადგილზე გავიდა ლუკა ბუხრაშვილი, ხოლო მეორე ადგილზე - ალექსანდრე ქაჩიბაია და ანასტასია ჯღარკავა. ლუკა და ალექსანდრე ამა წლის ოქტომბერში გაემგზავრებიან ჩინეთში ჩინური ენის ხიდის ფინალურ კონკურსზე. ნანა ბოჭორიშვილი და მარიამ კალანდია კი გაემგზავრებიან ჩინური ენის ხიდის კონკურსზე დამკვირვებლებად. 
კონკურსის ორგანიზებაში მონაწილეობას იღებდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი. ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე წარსდგა ცამეტი ნიჭიერი, მრავალფეროვანი შესაძლებლობების მქონე მონაწილე, რომელთაც სხვადასხვა მეთოდით გამოხატეს საერთო სულისკვეთება: ჩინეთის სიყვარული. 
კონკურსის პირველ ნაწილში სკოლის მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარი თვალით დანახული ჩინეთის შესახებ. თანამედროვე ეპოქაში, ალბათ, ყველა ადამიანი ფლობს გარკვეულ ინტელექტუალურ ცოდნას ჩინეთის შესახებ, თუმცა, განსაკუთრებით საინტერესო იყო ის, თუ როგორ აღიქვამდნენ თხუთმეტი-თვრამეტი წლის ბავშვები უდიდესი ისტორიისა და მდიდარი კულტურის მქონე ქვეყანას. მათ მსმენლებს გაუზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები და ემოციები, წარადგინეს ცამეტი პატარა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინეს ჩინეთი და რა მოგონებები თუ იმედები აკავშირებთ მასთან. მოხსენების დასრულების შემდეგ მონაწილეებმა უპასუხეს ჟიურის მიერ დასმულ შეკითხვებს და ნათლად დაადასტურეს, რომ საკუთარ გამოსვლაში წარმოდგენილი გრძნობებისა და ამბიციების მიღმა დგას მათი შრომისმოყვარეობა, მათი ცოდნა ჩინეთის შესახებ. 
შეუძლებელია სწავლობდე ჩინურ ენას და არ იყო მოხიბლული მათი კულტურული მემკვიდრეობით. ჩინეთის თითოეული ასპექტი, ეკონომიკური თუ პოლიტიკური სფერო, მჭიდროდ არის დაკავშირებული მის მრავალფეროვან ხელოვნებასთან. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ კონკურსის მეორე ნაწილი სწორედ კულტურულ ნომრებს დაეთმო. მონაწილეებმა სიმღერით, ხატვით, დაკვრით, საბრძოლო ხელოვნებითა და თეატრალური დადგმებით აჩვენეს, რომ ენის შესწავლის გარდა, ისინი ეცნობიან იმ სულიერ ფასეულობებსაც, რომელთა წიაღშიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და დღემდე ვითარდება ჩინური ენა. 
კონკურსის დასკვნით ნაწილში, მანამ, სანამ საქართველოსა და ჩინეთის წარმომადგენლები ერთობლივად ითვლიდნენ მონაწილეების ქულებს, ჟიურის წევრებმა შეაფასეს განვლილი დღე. მათ სიხარულით აღნიშნეს, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო მეტად იზრდება ჩინური ენის დონე ქართველ მოსწავლეებს შორის. ასევე, ყურადღება გაამახვილეს გარკვეულ შენიშვნებზეც, რაც სკოლის მოსწავლეებს საკუთარი უნარების გაუმჯობესებასა და ოცნებებისკენ წინსვლაში დაეხმარება. მათ ზუსტად იციან, თუ რა სურთ, რა მიზნებს უნდა ესწრაფვოდნენ და რამდენად ძვირფასი გამოცდილებაა მათთვის ,,ჩინური ენის ხიდი.’’ ოთხი მოსწავლისთვის 2017 წლის კონკურსი ჯერ არ დასრულებულა და ოქტომბერში ისინი გაემგზავრებიან ჩინეთში, სადაც ორი მათგანი მონაწილეობას მიიღებს ,,ჩინური ენის ხიდის’’ ფინალურ კონკურსში, ხოლო დანარჩენი ორი მოსწავლე ათ დღეს გაატარებს საზაფხულო სკოლაში და დაესწრება ფინალურ ტურს. მათ წინ ელით დაუვიწყარი მოგონებები, ახალი მეგობრები და, რაც მთავარია, მნიშვნელოვანი გამოცდილება. ქართველ კონკურსანტებს ვუსურვებთ წარმატებას და საკუთარი სამშობლოს ღირსეულად წარდგენას ჩინეთის დიდ სცენაზე.

მოგვასმენინეთ თქვენი რეპორტაჟები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 08 აპრილი 2017 09:32

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ღია მედია ჰაბის პროექტმა გამოაცხადა კონკურსი საინფორმაციო პროდუქციის მხარდასაჭერად. ეს პროექტი საშუალებას მისცემს სატელევიზიო და ონლაინ-ვიდეო ჟურნალისტებს ევროპულ სამეზობლოში შექმნან ევროკავშირთან დაკავშირებული რეპორტაჟები. კონკურსი ღიაა მედია-პროფესიონალებისთვის საქართველოდან და მოლდოვადან, და ის რამდენიმე თვეში სხვა ქვეყნებსაც მოიცავს. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 5 მაისი.
წარმატებული აპლიკანტები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას და პრაქტიკულ რეკომენდაციებს აუდიო-ვიზუალური ინფორმაციის, ვიდეო-ახალი ამბების, გადაცემების და ონლაინ პორტფოლიოს შესაქმნელად, ასევე ინფორმაციის შინაარსის გავრცელებისთვის. თხრობა ორიენტირებული უნდა იყოს შემდეგ საკითხებზე: უვიზო მიმოსვლა და ქვეყანაში ხელმეორედ შესვლის წესები, მიგრანტები და ლტოლვილები, მოსახლეობის გადაადგილება, განსახლება და/ან სახელმწიფო საზღვრები, და უნდა ასახავდეს ამ საკითხების ზეგავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე თვითმხილველთა ჩვენებების შეკრების და განვითარებული მოვლენების აღწერის საშუალებით.
ამ პროგრამის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევროპული სამეზობლოს მოქმედებების და ზეგავლენის შესახებ, ასევე საშინაო და ადგილობრივი ინტერესების განმტკიცება ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებში.

წყარო: http://www.euneighbours.eu

ხელოვანთა მობილობის ხელშეწყობის კონკურსი

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 27 იანვარი 2017 12:27

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს„ხელოვანთა მობილობის ხელშეწყობის კონკურსს“ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოღვაწე ხელოვნების წარმომადგენელთათვის (შემოქმედებითი ჯგუფები, ინდივიდუალური შემსრულებლები, მხატვრები და სხვა)  საქართველოს  და  საერთაშორისო  ფესტივალებში, კონკურსებში,  გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშესაწყობად. 

კონკურსის მიზანია: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა - ხელოვანთა საქართველოსა და საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოღვაწე ხელოვნების წარმომადგენელთა შემოქმედებითი ზრდისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ხელოვნების წარმომადგენელთა შორის ადგილობრივი და საერთაშორისო  შემოქმედებითი კონტაქტების დამყარება/განვითარების ხელშეწყობა;

სამინისტროში განაცხადების მიღება იწარმოებს წელიწადში 8-ჯერ 2017 წლის საკონკურსო ბიუჯეტის ამოწურვამდე შემდეგი განრიგით:

I ეტაპი: 1 -10 თებერვალი (09 საათიდან - 17 საათამდე)

II ეტაპი: 1 -10 მარტი  (09 საათიდან - 17 საათამდე)

III ეტაპი: 3 – 10 აპრილი (09 საათიდან - 17 საათამდე)

IV ეტაპი: 1 - 10 მაისი   (09 საათიდან - 17 საათამდე)

V ეტაპი: 1 – 12 ივნისი (09 საათიდან - 17 საათამდე)

VI ეტაპი: 3 – 10 ივლისი   (09 საათიდან - 17 საათამდე)

VII ეტაპი: 1 – 11 სექტემბერი  (09 საათიდან - 17 საათამდე)

VIII ეტაპი: 2 – 10 ოქტომბერი (09 საათიდან - 17 საათამდე)

განაცხადი   წარმოდგენილი   უნდა   იყოს   იმგვარად,   რომ   განაცხადების მიღების დასრულების თარიღიდან წარმოდგენილი მობილობის/ღონისძიების განხორციელების დაწყებამდე პერიოდი შეადგენდეს არანაკლებ 35 დღეს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელს ეცნობება განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

ხელოვანთა მობილობის ხელშეწყობის კონკურსის 2017 წლის ბიუჯეტი განისაზღვრება  94 500 ლარით, კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი  თანხა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 10 500 ლარს.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები და საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ სამინისტროში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა N4; 
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამინისტროს კულტურის დეპარტამენტს.
ელ-ფოსტა:JLIB_HTML_CLOAKING
ტელ:422245382

კონკურსი საუკეთესო კონცეფციის შექმნაში

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 11:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, კონკურსი „კრეათონი“ განახორციელა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები 12 საათის განმავლობაში ერთმანეთს საუკეთესო კონცეფციის შექმნაში ეჯიბრებოდნენ.

კრეათონი არის მარათონის ტიპის ღონისძიება, სადაც მონაწილეები მოკლე დროში ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მუშაობენ კონკრეტული დავალების კრეატიულად შესრულებასა და ახალ იდეებზე.

კრეათონი მოიცავდა სამ მიმართულებას:

• ლოგოს დიზაინი (გრაფიკულად აწყობილი);

• საიტის კონცეფცია (ვიზუალური დიზაინი);

• მოკლემეტრაჟიანი ვიდეოს იდეა/კონცეფცია.

თემატიკა 100-მდე მონაწილეს უშუალოდ კრეათონის დაწყებისას განესაზღვრათ, გუნდის წევრთა რაოდენობა სამ ადამიანს არ აღემატებოდა.

12 საათიანი მუშაობის შედეგები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის წევრები იყვნენ: რუსუდან ფეტვიაშვილი, დავით ბირმანი, გიორგი მიქაია, ნიკა გვენცაძე, GITA, თემურ გოგოლაძე, დავით ქელეხსაშვილი, მარიამ ბექაური, გიორგი თავაძე, Microsoft.

თითოეული მიმართულებით გამოვლინდა გამარჯვებულები, რომელთაც ფულადი ჯილდო 1500 ლარის ოდენობით გადაეცა. გამარჯვებული კანდიდატებია: ლოგოს დიზაინის მიმართულება: გიორგი და ნინო ცუცქირიძეები, საიტის კონცეფციის მიმართულება, ჯგუფი Elliot Webber (გიორგი ბერეჩიკიძე, თორნიკე ხოტივარი, მართა ღუდუშაური), ვიდეო კონცეფციის მიმართულება ჯგუფი Partner (სალომე კოკაია, დევი ციხისელი, თამაზ ჯობავა).

კონკურსი "კრეათონი"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 18:03

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით აცხადებს „კრეათონს“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები 12 საათის განმავლობაში ერთმანეთს შეეჯიბრებიან საუკეთესო კონცეფციის შექმნაში.

 
კრეათონი მოიცავს სამ მიმართულებას: 

· ლოგოს დიზაინი (გრაფიკულად აწყობილი);

· საიტის კონცეფცია (ვიზუალური დიზაინი);

· მოკლემეტრაჟიანი ვიდეოს იდეა/კონცეფცია.

 
თემატიკა მონაწილეებს განესაზღვრებათ უშუალოდ კრეათონის დაწყებისას.

კრეათონი არის „მარათონის“ ტიპის ღონისძიება, სადაც მონაწილეები მოკლე დროში ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მუშაობენ კონკრეტული დავალების კრეატიულად შესრულებასა და ახალ იდეებზე.

გუნდის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამ ადამიანს.

12 საათიანი მუშაობის შედეგს აფასებს კომპეტენტური ჟიური. თითოეული მიმართულებით გამოვლინდება გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა ფულადი ჯილდო 1500 ლარის ოდენობით.

კრეათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, მოსწავლეებს და ყველა დაინტერესებულ პირს. მუშაობა შესაძლებელია ერთდროულად ერთ ან რამდენიმე მიმართულებაზე, რომელიც აუცილებელია მოინიშნოს რეგისტრაციისას. 

კრეათონის მსვლელობისას უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეთა კვება.

მონაწილეობას მიიღებს დარეგისტრირებული პირველი 100 ადამიანი, მსურველთა რეგისტრაციის ვადები: 5.12.2016-09.12.2016-ის ჩათვლით.

სარეგისტრაციო ფორმა: http://mes.gov.ge/register

მონაწილეობა უფასოა.

 

კონკურსი ვენეციის ბიენალეზე წარსადგენი პროექტის შესარჩევად

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 14:56

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს, ვენეციის ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის შესარჩევად.

ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა - ვენეციის ბიენალე 2017 წლის 13 მაისიდან 26 ნოემბრამდე იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება. წლევანდელი გამოფენის მთავარი თემაა "VIVA ARTE VIVA"; კურატორი - ქრისტინ მეისელი.

"VIVA ARTE VIVA" კონცეფცია აერთიანებს ყველა თაობისა და წარმოშობის ხელოვანს. გამოფენა მიზნად ისახავს წარმოაჩინოს ექსტრავერტირებული მიმართულებების, ცნობადი ადგილების და ყველაზე უცნობი განზომილებების გამოცდილება, რაც ნეო-ჰუმანიზმისაკენ მიმავალ გზებს გვიჩვენებს.

"Viva Arte Viva" ორიენტირებულია ახალგაზრდა ხელოვანების აღმოჩენაზე, რაც პოზიტიური და პერსპექტიული ენერგიის დანერგვას გულისხმობს. ამავე დროს, მიზნად ისახავს ხელახლა აღმოაჩინოს ისინი, ვინც ნაადრევად გარდაიცვალა ან ისინი, ვინც მათი ნამუშევრების მნიშვნელობისდა მიუხედავად, საზოგადოებისათვის უცნობი დარჩა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროპას, მის აღმოსავლეთ საზღვრებსა და რუსეთს.

საქართველოს ეროვნული პავილიონისთვის განკუთვნილია 115 კვ.მ. ფართობის სივრცე Artiglierie-ს შენობაში, არსენალეს ტერიტორიაზე. გამარჯვებული პროექტისთვის განკუთვნილი თანხა შეადგენს 160 000 ლარს. 

კონკურსზე განაცხადების მიღება 2016 წლის 7 ნოემბრიდან 15 დეკემბრის 17:00 საათამდე იწარმოებს. საკონკურსო კომისია გამარჯვებულ და სარეზერვო პროექტებს მაქსიმუმ, 10 სამუშაო დღის ვადაში გამოავლენს.
განაცხადები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING

ვენეციის ბიენალეზე წარსადგენი პროექტის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება ღია კონსულტაციები 2016 წლის 22 ნოემბერს, 29 ნოემბერს და 6 დეკემბერს, 14:00 საათიდან - 16:00 საათამდე.

იხილეთ:

საკონკურსო პირობები და შერჩევის წესი ქართულ ენაზე

საკონკურსო პირობები და შერჩევის წესი ინგლისურ ენაზე

კონცეფცია ქართულ ენაზე


კონცეფცია ინგლისურ ენაზე

კონკურსი შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ლოგოს შექმნაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 10:00

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს და პროფესიონალ დიზაინერებს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში უმასპინძლა. სტუდენტების ცენტრში სტუმრობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ახლადგახსნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ლოგოს შექმნაზე გამოცხადებულ კონკურსს უკავშირდებოდა.

მინისტრის მოადგილემ სტუმრებს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა, მისი შექმნის მიზანი და დანიშნულება გააცნო და ცენტრის ფუნქციონალურ მოვალეობებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ესაუბრა. შალვა ხუციშვილმა დიზაინერებს ლოგოს კონკურსზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, როგორც სტუდენტს ისე პროფესიონალ დიზაინერს. კონკურსანტებს ლოგოს შესაქმნელად სამი კვირა აქვთ. გამარჯვებული ვადის ამოწურვიდან ერთ კვირაში, სპეციალური ჟიურის მიერ გამოვლინდება. საუკეთესო ლოგოს ავტორი პრიზად 3 000 ლარს მიიღებს.

კონკურსი „მე – ომბუდსმენი 2016“ დაიწყო!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 11 ოქტომბერი 2016 12:17

კონკურსი „მე – ომბუდსმენი“ მეშვიდედ დაიწყო. კონკურსი ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით.

კონკურსი უნიკალურ შანსს აძლევს 13-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს გაეცნონ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საფუძვლებს და სახალხო დამცველის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის საქმიანობას.

კონკურსი შედგება სამი რაუნდისგან. პირველი და მეორე ტურები ტარდება ინტერნეტის საშუალებით, სახალხო დამცველის ვებ-გვერდის www.ombudsman.ge ქვედა მენიუში იხილეთ თავი მე–ომბუდსმენი, ხოლო მესამე, ფინალური რაუნდი გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველის თბილისის და რეგიონალურ ოფისებში.

პირველი რაუნდის ფარგლებში, 2-2 მოსწავლისაგან შემდგარმა გუნდმა არა უგვიანეს 2016 წლის 24 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე უნდა უპასუხოს 30 ტესტურ კითხვას; მეორე რაუნდში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს გუნდი, რომელიც მინიმუმ 20 კითხვაზე გასცემს სწორ პასუხს.

მეორე რაუნდის მონაწილე გუნდებმა შედარებით რთულ 30 ტესტურ კითხვას 14 ნოემბრამდე უნდა გასცენ პასუხი. მესამე რაუნდში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ტესტური კითხვების პასუხებით ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე 10 გუნდი. ფინალში გუნდებმა უნდა მოამზადონ წერილობითი დასკვნა სამოდელო ამოცანაზე, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებებს.

მესამე, ფინალური რაუნდი გაიმართება 24 ნოემბერს. ფინალისტები გამოცხადდებიან დათქმულ დროს და ადგილას (ამის შესახებ მოხდება ფინალში მონაწილე გუნდების წინასწარ ინფორმირება).

კონკურსში მონაწილე გუნდებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური, რომელიც საბოლოოდ გამოავლენს 3 გამარჯვებულ გუნდს.

ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი კულტურა სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად წინაპირობას წარმოადგენს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ორგანიზებული კონკურსი ამ კულტურის გავრცელების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. საყოველთაო მიზნის მისაღწევად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ადამიანის უფლებების სფეროში ცნობიერების ამაღლება, რასაც შედეგად ქვეყანაში კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა უფრო ეფექტური რეალიზება მოყვება. 

მე ომბუდსმენი

რა არის მე–ომბუდსმენი

მე ომბუდსმენი 2016 – კონკურსის წესები

მომხმარებლის სახელმძღვანელო

კონკურსის „ნაბიჯი ევროპისკენ“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 20 ივლისი 2016 13:36

ევროპის კვირეულის ფარგლებში, ვიდეო სიუჟეტების კონკურსი „ნაბიჯი ევროპისკენ“. კონკურსის მიზანი იყო მოზარდებს გაეაზრებინათ ევროპული  ინტეგრაციის მნიშვნელობა ქართულ თანამედროვე სივრცეში; გაეანალიზებინათ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის როლი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში; გამოეხატათ საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება ევროპული ფასეულობებისადმი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილმა კომისიამ 25 ვიდეო სიუჟეტი განიხილა, რომელთაგან  8 საუკეთესო ვიდეორგოლი შეირჩა.

საკონკურსო პირობების მიხედვით I, II, III ადგილებზე გასული რგოლების ავტორი/ავტორთა ჯგუფი დაჯილდოვდნენ კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით. დანარჩენი 5 ვიდეორგოლის ავტორს/ავტორებს (სულ 9 მოსწავლე) გადაეცათ წამახალისებელი სიგელები.

ამავე დღეს დაჯილდოვდნენ სლოგანების, სასკოლო წარმოდგენების/ფლეშმობებისა  და კონცეფციების კონკურსის „ნაბიჯი თანადგომისკენ“ გამარჯვებულები. კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებს გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება ძალადობის ნებისმიერი ტიპის მიმართ; დაფიქრებულიყვნენ იმ ადამიანებზე, რომელთა უფლებები შეზღუდული იყო ან დღესაც იზღუდება. ადამიანებზე, რომელთაც უწევთ დამცირების, ტკივილის, ძალადობისა და შეურაცხყოფის ატანა, ვინაიდან არ აქვთ თანატოლების, ახლობლების, საზოგადოების მხარდაჭერა და სხვ.

კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 40 ესე, 12 ფლეშმობი და 20 კონცეფცია, მათგან სამინისტროში შექმნილმა კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები.  I, II, III ადგილებზე გასული სკოლები და მოსწავლეები ასევე დაჯილდოვდნენ კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერით და დიპლომებით.

“ჩინური ენის ხიდის” კონკურსის II ტურის შედეგებით ქართველი სტუდენტი 30 საუკეთესოთა შორისაა

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 16 ივლისი 2016 14:17

რიგით XV საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის “ჩინური ენის ხიდის”მეორე ტურის შედეგებით, თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების სტუდენტი, მარიამ ბერძენიშვილი 30 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა, მეორე ტური ითვალისწინებდა ჩინეთის კულტურის შესახებ სწრაფ რეჟიმში კითხვა-პასუხს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი ყოველწლიურია და ტარდება კონფუცის ინსტიტუტის სათაო ოფისის და ჩინური ენის სამთავრობო კომიტეტის ორგანიზებით. კონკურსში მონაწილეობენ სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც მაღალ დონეზე ფლობენ ჩინურ ენას. “ჩინური ენის ხიდი” შუქდება ჩინეთის ტელევიზიის მეშვეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც ასობით მილიონი მაყურებელი ჰყავს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური