აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი: საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი ტარდება

გამოქვეყნებულია კულტურა
ოთხშაბათი, 23 მაისი 2018 20:10

სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თუ როგორ ემზადებიან საქართველოში დაგეგმილი საერთაშორისო ფესტივალისთვის

ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Discover Silk Road Star — „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი" 25 აგვისტო –1 სექტემბრის პერიოდში გაიმართება, რომელშიც 14 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსზე გამოვლენ ახალგაზრდა შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და დიდი აბრეშუმის გზის მარშრუტის სხვა სახელმწიფოებიდან.

ღონისძიების პარტნიორი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო  Sputnik–ი იქნება.   „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში ღონისძიების ქართველი ორგანიზატორებისა და ყაზახეთის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანისა და ტაჯიკეთის წარმომადგენელი კონკურსანტების მონაწილეობით ვიდეოხიდი გაიმართა.

 „მალე ჩვენ ფესტივალ  „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავის“ ფარგლებში შევხვდებით. ის 25 აგვისტოს აიღებს სტარტს და ჩვენ ყველა ბათუმში შევიკრიბებით. მადლობა თქვენ საქართველოსადმი თბილი დამოკიდებულებისთვის. მე ყველას გგულშემატკივრობთ, არ შემიძლია რომელიმე მონაწილის გამოყოფა. თითოეულ თქვენგანს მთელი გულით დაგიჭერთ მხარს“, – განაცხადა ღონისძიების ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ნინო შალამბერიძემ.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი 26 აგვისტოს გაიმართება, რა დროსაც მონაწილეები მსოფლიო ჰიტებს შეასრულებენ. კონკურსის მომდევნო ეტაპზე – 28 აგვისტოს, კონკურსანტები საკუთარი ქვეყნის პოპულარულ სიმღერებს შეასრულებენ. მაყურებელს ყველაზე საინტერესო ბოლო ეტაპზე ელოდება, როდესაც ახალგაზრდა მომღერლები კომპოზიციებს ქართულ ენაზე შეასრულებენ. როგორც ვიდეოხიდის დროს თავად მონაწილეებმა აღნიშნეს, მათთვის ყველაზე ამაღელვებელი ბოლო ეტაპია.

ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელი ცნობილი ქართველი რეჟისორი ლაშა ონიანია, რომელიც ვიდეოხიდში იღებდა მონაწილეობას. 

„ჩემთვის ძალზე საინტერესო იქნება თქვენთან მუშაობა და მოუთმენლად ველოდები ფესტივალს. ბათუმში არამარტო ქართველი მაყურებელი, არამედ ტურისტებიც შეიკრიბებიან. ამ ღონისძიებით ჩვენ გვსურს ყველას დავუმტკიცოთ, რომ საქართველოში შეუძლიათ საერთაშორისო მასშტაბის სიმღერის კონკურსების ჩატარება“, – აღნიშნა ონიანმა.

მისი სიტყვებით, მსგავსი ღონისძიებების გამართვა გარკვეულ საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. ფესტივალი „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“ სხვებისგან იმით იქნება გამორჩეული, რომ მისი ორგანიზებით მსოფლიო მასშტაბის გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდია დაკავებული.

ფესტივალზე აზერბაიჯანს ახალგაზრდა ემილია იაკუბოვა წარადგენს, ყირგიზეთს აბაი სერიკოვი, ტაჯიკეთს დანიელ  რუსტამოვი და ყაზახეთს – რუსტემ ჟუგუნუსოვი.

„მე ძალიან  მინდა მალე ვნახო  საქართველოს ღირსშესანიშნაობები და გავიცნო პროექტის სხვა მონაწილეები. ამ დროისთვის გულმოდგინედ ვემზადები ფესტივალისთვის. მე უკვე შევარჩიე ორი სიმღერა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გადავწყვიტე, პროექტში რომელი სიმღერით გამოვალ. ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა იაკუბოვამ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსზე თუ ვინ წარადგენს საქართველოს, ჯერჯერობით, უცნობია. ასევე არ არის ცნობილი თურქეთისა და ჩინეთის წარმომადგენლების ვინაობა.

 „მონაწილის ვინაობა, რომელიც საქართველოს სახელით გამოვა, ჯერჯერობით, არ გარკვეულა. ჩვენ გვინდა, რომ ის მოსახლეობამ შეარჩიოს სახალხო ხმის მიცემის გზით. თვის ბოლოსთვის ჩვენს საიტზე ხუთი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი და ნებისმიერს შეუძლია საკუთარ ფავორიტს დაუჭიროს მხარი, გამარჯვებული კონკურსზე გავა“, – განაცხადა შალამბერიძემ.

„სიმღერის კონკურსის გამართვასთან ერთად ჩვენ გვინდა მონაწილეებს საქართველო გავაცნოთ – მოვუთხროთ ჩვენი კულტურის შესახებ, დავათვალიერებინოთ ულამაზესი კუთხეები. ამიტომ ჩვენ ექსკურსიები გვაქვს დაგეგმილი“, – აღნიშნა ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა ავთანდილ გვასალიამ.

ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ფესტივალი ყოველწლიური გახდება და მომავალში არამარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ჩატარდება.

„წელს ფესტივალში 14 ქვეყანა მონაწილეობს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს მონაწილეების რიცხვი ოცს მიაღწევს“, – აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა თამარ აფციაურმა.

ფესტივალი „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“ ბათუმის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

„რუსი რეპორტიორები“ თბილისში: რეალური ჟურნალისტიკის სკოლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 მაისი 2018 15:43

ქართველმა და რუსმა მედიამენეჯერებმა მონაწილეობა მიიღეს მრგვალ მაგიდაში თემაზე „ჟურნალისტიკის ხვალინდელი დღე: ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომელიც „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.
რუსი ჟურნალისტები ჩამოვიდნენ თბილისში, რათა ქართველ კოლეგებს ჟურნალისტიკის განვითარებაზე და გამოწვევებზე ესაუბრონ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საგანმანათლებლო პროექტი „რეალური ჟურნალისტიკის სკოლა“, რომელსაც საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით არაკომერციული ორგანიზაცია „რუსი რეპორტიორები“ ახორციელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ შეხვედრის საინფორმაციო პარტნიორი გახდა.
„რაც უფრო მეტად პროფესიონალია ჟურნალისტი, მით უფრო კარგად ესმის ერთმანეთის ქვეყნებს, სახელმწიფოებს, ადამიანებს. ჩვენი მიზანია ასევე რუსული ენის მხარდაჭერა“, — „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსი რეპორტიორების“ თავმჯდომარემ დმიტრი მიხაილინმა.
პროექტი „რეალური ჟურნალისტიკის სკოლა“ ორ ეტაპს მოიცავს. ამჟამად რუსი მედიამენეჯერები პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჟურნალისტებს ხვდებიან და განიხილავენ საკითხებს, რომელიც რუსულენოვან ჟურნალისტიკას უკავშირდება.
გარდა მისა, გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებში 2018 წლის 1 სექტემბრამდე ჟურნალისტებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი — გაგზავნონ საკუთარი ნამუშევრები. საუკეთესო მასალების ავტორებს პროექტის მეორე ეტაპზე მოსკოვში მოიწვევენ, სადაც ისინი წამყვან რუს ჟურნალისტებს შეხვდებიან.
ფონდი „რუსკი მირი“ დაასახელებს საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს, რომლებსაც პრიზის სახით რუსეთის ნებისმიერ წერტილში მოგზაურობა ერგებათ. დანიშნულების ადგილს გამარჯვებული თავად აირჩევს.
ჟურნალისტების ნამუშევარი უნდა შეიცავდეს მოთხრობას გამოჩენილ ადამიანზე, რომელიც თავის ირგვლივ სამყაროს ცვლის. ჟურნალ „რუსკი რეპორტიორის“ მთავარი რედაქტორის, ვიტალი ლეიბინის თქმით, არ არის სავალდებულო, რომ მოთხრობის გმირი ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყოს. ფორმატსაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა — მიიღება სტატიები, ფოტორეპორტაჟები, ვიდეოსიუჟეტები.
„ეს შეიძლება იყოს რიგითი მოქალაქე — ქუჩის მოვაჭრე, ექიმი, სტუდენტი ან პენსიონერი. ის უნდა გამოირჩეოდეს რაღაც განსაკუთრებული საქმეებით, რითაც ის სამყაროს უკეთესისკენ შეცვლას ცდილობს. უნდა იყოს ნამდვილი დრამატული ისტორია, და არა ფორმალური, შაბლონური მოთხრობა“, — აღნიშნა ლეიბინმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის აუდიტორიამ მეზობლების ცხოვრების შესახებ უბრალო ადამიანების დრამატული ისტორიებიდან შეიტყოს.
განხილვის ერთ-ერთი თემა იყო რუსულ-ქართული ურთიერთობები. გამოითქვა სხვადასხვა თვალსაზრისი, მათ შორის მწვავე პოლიტიკურ თემებზე.
„სიტუაციის გათვალისწინებით, პოლიტიკური დისკუსიას ვერ აცდები. მე იმის მომხრე ვარ, რომ მტკივნეული საკითხები ყოველთვის განიხილებოდეს. ასე ყალიბდება ასე თუ ისე ობიექტური თვალსაზრისი. ამიტომ ასეთი შეხვედრები ყოველთვის სასარგებლოა“, — უამბო „Sputnik-საქართველოს“ გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა.
ასეთი დიალოგის მნიშვნელობაზე რუსული მხარის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს.
„ასეთი პირდაპირი და ღია საუბრის ფაქტი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. აქ არ არის რაიმე მკვეთრად დაფიქსირებული პოლიტიკური ფორმატი, რაიმე დღის წესრიგი ან აშკარა პოლიტიკური ამოცანა, რომელიც რომელიმე მხარის წინაშე დგას. ჩვენ ვაცნობიერებდით, რომ რუსული და ქართული კულტურები იმდენად არის შერწყმული ერთმანეთთან, რომ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც არ ძალუძს ამ ყველაფრის წაშლა“, — განაცხადა რეჟისორმა ედუარდ ბოიაკოვმა.

მედიაკონფერენცია - MEDIA CONVENTION Berlin და Re:publica 2018

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 10 მაისი 2018 10:26

2-დან 4 მაისის ჩათვლით გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის პროექტის OPEN Media Hub-ის ფარგლებში ჩატარდა მედიაკონფერენცია Re:publica 2018. კონფერენციაში მონაწილე ჟურნალისტებს (საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან და მაროკოდან) Thomson Media-ს ბერლინის ოფისმა უმასპინძლა. ბერლინის მედიაკონფერენცია (MEDIA CONVENTION Berlin) სხვადასხვა ქვეყნების საინფორმაციო საშუალებების რედაქტორების მონაწილეობით უკვე მეხუთედ გაიმართა და მან ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონგრესის სახელი დაიმკვიდრა. 2018 წლის მედიაკონფერენცია ციფრული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს და უდიდეს ფესტივალს Re:publica 2018 დაუკავშირეს და იგი ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 9 ათასმა ადამიანმა მსოფლიოს 71 ქვეყნიდან. გამომსვლელებს შორის იყვნენ 65 ქვეყნის წარმომადგენლები, მათგან 47% ქალები, და 800-ზე მეტი ჟურნალისტი.

ამ რამოდენიმე დღემ, რომელიც  ბერლინში გავატარე ჩემს კოლეგებთან ერთად, შესაძლებლობა მომცა შემეძინა ახალი გამოცდილება და უშუალოდ მოვლენათა ეპიცენტრიდან დამენახა დიდ პოლიტიკაში და მედიაში მიმდინარე პროცესები. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო ის ფაქტი, რომ შესაძლებლობა მქონდა პირადად შევხვედროდი და მესაუბრა ძალიან ბევრ საინტერესო და თავისი საქმის ნამდვილ პროფესიონალთან. რაღა თქმა უნდა მე მხედველობაში მაქვს შეხვედრები ჩემს კოლეგებთან, ასევე პროექტში მონაწილე ექსპერტებთან და იმ ხალხთან, რომლებიც ერთმანეთს  საინტერესო და თანამედროვე პროექტმა OPEN Media Hub-მა დააკავშირა. 

ღონისძიების პირველ დღეს Thomson Media-ს ბერლინის ოფისში ჟურნალისტებისთვის გაიმართა ბრიფინგი, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტი გაე დეგენი და უფროსი ექსპერტი მედიისა და გამოცდილების გაზიარების დარგში პეტკო გეორგიევი უძღვებოდნენ. მათ მონაწილეებს გააცნეს მედიასფეროში მიმდინარე სიახლეები და ისაუბრეს გერმანული წამყვანი მედიაშაუალებების მუშაობის სტილზე და სარეკლამო ბაზრის თავისებურებებზე.

გარდა ამისა OPEN Media Hub-ის გუნდმა ჟურნალისტებს გააცნო მედიაპროფესიონალებისთვის ახალი შესაძლებლობები: გრანტების მეორე კონკურსი  #Being20 (http://bit.ly/2HbVYPp და მომავალი კონკურსი სომხეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქების თაობაზე. მომდევნო დღეები ჟურნალისტებმა ფესტივალ Re:publica 2018-ის საგამოფენო ცენტრში გაატარეს, სადაც პარალელურად იმართებოდა საჯარო ლექციები მასმედიის სფეროში არსებულ სიახლეებსა და მიღწევებზე.    

Re:publica არის შეხვედრის ადგილი მოყვარულთათვის და პროფესიონალებისათვის გლობალური ვებ-საზოგადოების, მეცნიერების, პოლიტიკისა და კულტურისა და გამოცდილების გაზიარება ციფრულ სფეროში. Re:publica 2018 ასევე არის ყველაზე დიდი ციფრული პლატფორმა ევროპაში.

Re:publica 2018-ის ლოზუნგი გახლდათ "POWEROFPEOPLE", რომლის ძირითადი ასპექტები იყო პრესის თავისუფრლება და ადამიანის უფლებათა დაცვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ორგანიზაციებსა და პროექტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ძალადობას, სიძულვილს და უსამართლობას თანამედროვე საზოგადოებაში. კონფერენციის მონაწილეებმა გააშუქეს ევროპული ციფრული საზოგადოების თემები სხვადასხვა თვალსაზრისით, ინდივიდუალურ ქვეყნებსა და ტენდენციებზე დაყრდნობით.

Re:publica 2018-ის საგამოფენო ცენტრში საერთაშორისო და გერმანულმა წამყვანმა საინფორმაციო საშუალებებმა (ARD, ZDF) წარმოადგინეს ციფრულ სფეროში დანერგილი სიახლეები და თანამედროვე ტექნოლოგიები. მათი მიღწევები აშკარად მიუთითებდა იმ ტენდეციებზე, რომლებიც ფართოდ არის წარმოდგენილი სოციალურ ქსელებში, მედიასა თუ ინტერნეტ-სივრცეში.

შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ქვეყნების წამყვანი მედიასაშუალებების მიღწევები თვალსაჩინო და სამაგალითოა. პრესის თავისუფლება სათანადო დონეზეა დაცული და მას საფრთხე არ ემუქრება. ამ ფონზე ნათლად სჩანს ის განსხვავება, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს (საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა და აზერბაიჯანი) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. თუმცა მათი გამოცდილების გაზიარება და მათ მიერ განვლილი გზის სწორად აღქმა, შეგვაძლებინებს,  ჩვენს ქვეყნებში განვითარების იმ დონეს მივაღწიოთ, როგორიც ამჟამად არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. 

ავთანდილ ოთინაშვილი

თბილისი-ბერლინი-თბილისი

„SPUTNIK-საქართველო" კონკურსის WORLD RISING STARS ლაურეატი გახდა მოდის გაშუქებაში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 29 იანვარი 2018 16:45

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველომ" საერთაშორისო კონკურსზე World Rising Stars, მოდის ინდუსტრიისა და სილამაზის კონკურსების გაშუქებისთვის, რომლებშიც საქართველო მონაწილეობს, ჯილდო მიიღო. დაჯილდოების ცერემონია 28 იანვარს თბილისში, სასტუმრო Courtyard Marriott-ში გაიმართა.

ღონისძიება International Beauty Talent and Fashion Awards World Rising Stars საქართველოში 2018 წლის 24-29 იანვარს პირველად გაიმართა და შეკრიბა სილამაზისა და მოდელების კონკურსების გამარჯვებულები მალტიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ვიეტნამიდან, თათრეთის რესპუბლიკიდან, ტაჯიკეთიდან, ესტონეთიდან, ალბანეთიდან, მაკედონიიდან, რუმინეთიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან. ორგანიზატორებმა ფინალურ გალა-კონცერტზე, საქართველოში ფეშენ-ინდუსტრიის გაშუქებისთვის, მასმედიის წარმომადგენლებს სიგელები და პრიზები გადასცეს.

პროექტSputnik-საქართველოს" ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: „საქართველოში მოდის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება: ქართველი დიზაინერები მთელი მსოფლიოს მაყურებელს იპყრობენ, მოდელები მოდის საუკეთესო სახლების პოდიუმებზე ბრწყინავენ და იმარჯვებენ სილამაზის კონკურსებზე. ფეშენ-თემატიკა „Sputnik-საქართველოს" მკითხველისთვის საინტერესოა, ამიტომ ჩვენ, მულტიმედიური შესაძლებლობების გამოყენებით, გავაგრძელებთ საუბარს მოდის ყველაზე საინტერესო მოვლენებზე. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მუშაობა ასეთ მაღალ დონეზე დაფასდა".

კონკურს World Rising Stars-ის ორგანიზატორი, სამოდელოსააგენტო Katrini-ს დამფუძნებელი ეკატერინე მგალობლიშვილი: „ჩვენი ღონისძიებები მიმართულია არა მხოლოდ სილამაზისა და მოდელების კონკურსების ჩატარებისკენ, არამედ ისინი ასევე ემსახურება საქართველოს პოპულარიზებას მსოფლიოში. ამის მიღწევა მასმედიაში ხარისხიანი გაშუქების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. 2015 წლიდან დღემდე „Sputnik-საქართველო" მხარს უჭერს ჩვენს საერთაშორისო პროექტს. „Sputnik-საქართველომ" გააშუქა ჩვენი ყველა ღონისძიება კახეთში, ბათუმში, ქუთაისში, თბილისში. სააგენტოს ჟურნალისტები ჩამოდიოდნენ ქვეყნის ყველა კუთხეში და გვეხმარებოდნენ, რომ მოგვეთხრო ჩვენს პროექტებზე, წარმატებულ მოდელებზე, მათ გამარჯვებებსა და მიღწევებზე. ისინი აშუქებდნენ ჩვენს ყოველ ნაბიჯს, ყველა ჩვენს ტურს. მადლობელი ვარ საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველოსი" და ყველა ჟურნალისტის, რომელიც ჩვენთან მუშაობს".

Sputnik-საქართველომ" (sputnik-georgia.com) ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტ-რადიოს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის ვიდეო კონკურსს აცხადებს

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018 10:26

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მე-10, მე-11, მე-12 კლასელებისთვის ვიდეო კონკურსს აცხადებს.

თუ ხარ კრეატიული, გაქვს საინტერესო იდეები და გგონია, რომ შენ სკოლაში ისეთი ამბები ხდება, რომ სხვებსაც გსურს გაუზიარო; ამასთან, ფულად პრიზსა და 50%-იან საგრანტო ვაუჩერზეც არ იტყოდი უარს. მიიღე მონაწილეობა იბსუს ახალ ვიდეო კონკურსში. ჩვენ საინტერესო ნამუშევრების მოლოდინი გვაქვს.

კონკურსში მონაწილეობის წესები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეგიძლია, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, – თანასკოლელებისგან დაკომპლექტებული გუნდით (მაქსიმუმ 5 მოსწავლე).

აირჩიე შემოთავაზებული თემიდან ერთ-ერთი, რომელიც შენი სკოლის საუკეთესო მხარეს წარმოაჩენს, გადაიღე (მობილურით, სამოყვარულო ან პროფესიონალური კამერით) მაქსიმუმ 3-დან 4 წუთამდე ვიდეო შემდეგ საკითხებზე:

ჩემი სკოლის ერთი დღე

ღია გაკვეთილი სკოლაში

თანასწორობა/ტოლერანტობა ჩემს სკოლაში

ინკლუზიური განათლება ჩემს სკოლაში

ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემს სკოლაში

თავისუფალი თემა

გადაღებული ვიდეო ატვირთე youtube – ის არხზე გამოგვიგზავნე ბმული მითითებულ გრაფაში.


პრიზები

პირველი ადგილი – 1000 ლარი

მეორე ადგილი – 700 ლარი

მესამე ადგილი – 500 ლარი

გუნდის ლიდერები,ასევე, დასაჩუქრდებიან ბიბლუსის 100 ლარიანი ვაუჩერებით.

ვიდეოს ატვირთვის ბოლო ვადა (დედლაინი) – 16 მარტი, 18:00 სთ.

სარეგისტრაციო ბმული: https://abiturienti.ibsu.edu.ge/registration/

კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია

გამოქვეყნებულია კულტურა
კვირა, 10 დეკემბერი 2017 15:30

დღეს კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია, სადაც გამოვლინდა ფესტივალის გამარჯვებული ფილმები.

საერთაშორისო კონკურს აფასებდა ჟიური ხუთი წევრის შემადგენლობით. ჟიურის თავმჯდომარედ მოწვეული იყო ბრიტანელი რეჟისორი უბერტო პაზოლინი. ჟიურის დანარჩენი წევრები იყვნენ: ამერიკელი კინოკრიტიკოსი, სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი მარინა აჟაჟა, სერბი რეჟისორი სრჯან დრაგოევიჩი, ფრანგი მსახიობი სტეფან რიდო და ქართველი ლიტერატურათმცოდნე და მსახიობი ლაშა ბაქრაძე.

საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები არიან:

"ოქროს პრომეთე" (საუკეთესო ფილმი) - "ყორნები" (შვედეთი, 2017), რეჟისორი: იენს ასური.

"ვერცხლის პრომეთე" (საუკეთესო რეჟისურა) - "არშიყი" (დანია, შვედეთი, საფრანგეთი, 2017), რეჟისორი: მილად ალამი.

ჟიურის სპეციალური პრიზი - განსაკუთრებული აღნიშვნა გადასცა ანა ურუშაძეს ფილმისთვის "საშიში დედა" (საქართველო, ესტონეთი, 2017) და მათან იაირის ფილმისთვის "ხარაჩოები" (ისრაელი, პოლონეთი, 2017).


რაც შეეხება სექციას "ქართული პანორამა", აქ წარმოდგენილი იყო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს ჟიურის წევრებმა: გერმანელმა კინომცოდნეებმა ერიკა და ულრიხ გრეგორებმა და ბრიტანელმა კინოკრიტიკოსმა კარმენ გრეიმ.

"ქართული პანორამის" გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი - "საშიში დედა", რეჟისორი ანა ურუშაძე (საქართველო, ესტონეთი, 2017).

საუკეთესო დოკუმენტური ქართული ფილმი - "მზის ქალაქი", რეჟისორი რატი ონელი (საქართველო/აშშ/ყატარი/ნიდერლანდები, 2017).

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი - "ანა", რეჟისორი მარგო ზუბაშვილი (საქართველო, 2017).

ჟიურის სპეციალური პრიზი - "თევზაობა", რეჟისორი თორნიკე ბზიავა (საქართველო/საფრანგეთი, 2017).


ამას გარდა, წელს პირველად "ევროკავშირმა საქართველოსთვის" დააწესა სპეციალური პრიზი, რომელიც გადაეცა ადამიანის უფლებებზე გადაღებულ საუკეთესო ფილმს საერთაშორისო საკონკურსო პროგრამიდან. მათი გამარჯვებული გახდა "არშიყი" (დანია, შვედეთი, საფრანგეთი, 2017), რეჟისორი: მილად ალამი.


ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ინდუსტრიული დღეები, რომელმაც დაინტერესებულ აუდიტორიას მრავალი საინტერესო მასტერკლასი, ვორქშოფი და პიჩინგი შესთავაზა.

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პიჩინგ ფორუმის გამარჯვებული გახდა - ელენე მიქაბერიძე და ალექსანდრე შერვაშიძის პროექტი "თავის-უფალი".

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პიჩინგ ფორუმის გამარჯვებული გახდა გიგიშა აბაშიძის და ლაშა ხალვაშის პროექტი "უხერხემლო".

პიჩინგ ფორუმის გამარჯვებულებისთვის პრიზი დააწესა "ქართული ფილმის განვითარების ფონდმა" და გამარჯვებულებს გადასცა ფულადი პრიზები 3000 ლარი (მოკლემეტრაჟიანი) და 5000 ლარი (სრულმეტრაჟიანი).

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა ზაზა ხალვაშის ქართული პრემიერით, ფილმით - "ნამე".

ფოტო: ნინო კანკავა

ონლაინ კონკურსის „ჩინეთის ექსპერტი 2017“ დაჯილდოების ცერემონიალი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 18 ნოემბერი 2017 17:01

"ჩინეთის ექსპერტი 2017"-ის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება19 ნოემბერს, თბილისში სასტუმრო “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი”. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი, ძი იენჩი და სხვა საპატიო სტუმრები. ღონისძიება საზეიმო ხასიათის იქნება და დამსწრე საზოგადოებას საინტერესო ნომრებს წარუდგენს.

“ჩინეთის ექსპერტი 2017" ონლაინ კონკურსში გამარჯვებულ საქართველოს მოქალაქეს საჩუქრად გადაეცემა ჩინეთში საგზური, რომლის ხარჯებიც მთლიანად იქნება დაფარული. ამასთან, ონლაინ კონკურსის მონაწილეთა პირველ ოცეულს ელის სასიამოვნო საჩუქრები.

ქართულ-ჩინურმა მედია პლატფორმამ „სინომედია“ 11 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა ონლაინ კონკურსი "ჩინეთის ექსპერტი 2017". კონკურსში მონაწილეობა მიიღო 18-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს 1000-მდე მოქალაქემ სხვადასხვა კუთხიდან. აღსანიშნავია, რომ კონკურსი იყო ქართულენოვანი და მონაწილეებს არ მოეთხოვებოდათ ჩინური ენის ცოდნა.

აღნიშნული კონკურსის ორგანიზებაში სინომედიასთან ერთად საქართველოს სინოლოგთა ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო. "ჩინეთის ექსპერტი 2017" მიეძღვნა საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს.

სინომედია არის პირველი საინფორმაციო სააგენტო საქართველოში, რომელიც თანამშრომლობს ჩინეთის წამყვან საინფორმაციო სააგენტოებთან და ორიენტირებულია უშუალოდ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაშუქებაზე, აშუქებს ორი ქვეყნის დიპლომატიურ, ეკონომიკურ, კულტურულსა და სხვა სახის ურთიერთობებს, ასევე ორი ქვეყნის შესახებ ინფორმაციას სამ ენაზე: ჩინურად საქართველოზე და ქართულად ჩინეთზე, ინგლისურ ენაზე კი ორივე ქვეყნის შესახებ. ამასთან, მედია პლატფორმის მიზანია ხალხთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბება და კულტურათა ურთიერთგაცვლა, მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში საქართველო აქტიურად არის ჩართული ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის მიერ წამოჭრილ მსოფლიო მასშტაბის პროექტში „სარტყელი და გზა“, იგივე „ახალი აბრეშუმის გზა - ეკონომიკური სარტყელი“.

 

მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში ახლა - გახდით ახალგაზრდა ევროპელი ელჩი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 01 სექტემბერი 2017 11:16

18-დან 25 წლამდე ახალგაზრდები ევროკავშირიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობიდან მიწვეულები არიან საკონკურსო განაცხადების შესატანად „ახალგაზრდა ევროპელი ელჩის“ პოზიციაზე. ინიციატივა, რომელსაც ახორციელებს „ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლების“ პროექტი, ორიენტირებულია აქტიურ და ენთუზიასტ ახალგაზრდებზე, რომლებმაც კარგად იციან ინგლისური ენა და არიან ევროკავშირის ან მისი ექვსი აღმოსავლეთი პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეები (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა).

განმცხადებლები დაინტერესებულები უნდა იყვნენ ევროკავშირის საქმიანობით და მათი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობით ევროკავშირთან. წარმატებული კანდიდატები ჩაერთვებიან ონლაინ და დიალოგით მართულ საქმიანობაში და წარმოადგენენ საკუთარი ქვეყნების ახალგაზრდობას. ისინი ერთმანეთ გაუზიარებენ გამოცდილებას და მოწინავე პრაქტიკას, განიხილავენ ახალგაზრდებისთვის სასიცოცხლო ინტერესების მქონე საკითხებს და ითანამშრომლებენ საკუთარი ქვეყნების და რეგიონების უკეთესი მომავლისთვის.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი. დამატებითი დეტალები კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმების და განაცხადების განხილვის პროცესის შესახებ იხილეთ აქ.

კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდა 2016 წლის სექტემბერში, რომლის განმავლობაში 800-ზე მეტი განაცხადიდან ახალგაზრდა ევროპელ ელჩებად 100 ახალგაზრდა იქნა შერჩეული. გასული წლის განმავლობაში ამ ახალგაზრდა ელჩებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს რიგ ღონისძიებებში, მათ შრის ევროსკოლის ორ გამოშვებაში აზერბაიჯანში, ვიზიტებში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სომხეთში და მოლდოვის რესპუბლიკაში, ასევე ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში, სადაც მათ ჰქონდათ ევროკავშირის მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

„ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივა წარმოადგენს „ახალგაზრდა ევროპელი მეზობლების“ ქსელის ნაწილს, რომელიც შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტით „ღია სამეზობლო - კომუნიკაცია პარტნიორობის გაძლიერებისთვის: კავშირი მოქალაქეებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“ („ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლები“).

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე:

http://www.euneighbours.eu/en/east/stay-informed/news/apply-now-become-young-european-ambassador
 

ლადო ასათიანის ძეგლის კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ესკიზები 10 დღის განმავლობაში მერიაში განთავსდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 აგვისტო 2017 10:50

ქალაქ თბილისში, პოეტ ლადო ასათიანის ძეგლის განსათავსებლად ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევი კონკურსი მიმდინარე წლის 23 მაისს გამოცხადდა. წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ იქნა 2 საკონკურსო წინადადება.

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ესკიზები, საზოგადოებრივი განხილვის მიზნით, დღეიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში საჯაროდ განთავსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, მეორე სართულზე, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, დაათვალიეროს კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ესკიზები და დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება წარმოდგენილი ესკიზების თაობაზე. 

სტუდენტური საერთაშორისო კონკურსის ,,ჩინური ენის ხიდი’’ რიგით მერვე შესარჩევი ტური

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017 18:40

15 ივნისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა სტუდენტური საერთაშორისო კონკურსის ,,ჩინური ენის ხიდი’’ რიგით მერვე შესარჩევი ტური, პირველ ადგილზე გავიდა თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ნატალია ხარაბაძე, რომელიც გაემგზავრება ჩინეთში ფინალურ კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად, ხოლო მეორე ადგილზე გავიდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ჩახაია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თამარ ქვლივიძე. მარიამ ჩახაია გაემგზავრება ჩინური ენის ხიდის საზაფხულო ბანაკში დამკვირვებლად. მესამე ადგილზე გავიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ სონიშვილი.
კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი. მათი ინიციატივით, შეიცვალა შესარჩევი ტურის ფორმატი და, ფინალური კონკურსის მსგავსად, რომელიც ტარდება ჩინეთში, ჩინურ ენაზე მოხსენებას, კითხვა-პასუხსა და კულტურულ პროგრამას დაემატა ახალი, წერითი ნაწილი. ეს არის სასიხარულო ცვლილება, რადგან, ამიერიდან, მონაწილეები უფრო მრავალმხრივ შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას და უკეთ იქნებიან მომზადებულნი დასკვნითი კონკურსისათვის. 
ჩინური ენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია იეროგლიფური დამწერლობა. შესარჩევი ტურის პირველ ნაწილში სტუდენტებმა დაწერეს თემა ჩინურ ენაზე. მანამ, სანამ ჟიურის წევრები და დამსწრე საზოგადოება დიდ ეკრანზე პირდაპირ ეთერში აკვირდებოდა წერის პროცესს, თავისუფალი უნივერსიტეტის ორმა ქართველმა კურსდამთავრებულმა წარადგინა პრეზენტაცია ,,ჩინური ენის ხიდის’’ ფინალური კონკურსისა და საზაფხულო ბანაკის შესახებ. მათ უკვე წარმატებულად იასპარეზეს ჩინეთში და, შესაბამისად, განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ თავგადასავლების შესახებ ისტორიების მოსმენა, რაც წინ ელით შესარჩევ ტურში გამარჯვებულ კონკურსანტებს. 
მეორე ნაწილში სტუდენტებმა წარადგინეს მოხსენება ჩინურ ენაზე და უპასუხეს ჟიურის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს ჩინეთის შესახებ. თუ სკოლის მოსწავლეები უფრო მეტად საუბრობდნენ მოლოდინებზე და საკუთარ წარმოსახვაში არსებულ ჩინეთზე, ამ შემთხვევაში, სტუდენტებმა მსმენლებს გაუზიარეს თავად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვრებიდან დანახული ქვეყანა და შთაბეჭდილებები რეალური გამოცდილებიდან. აუდიტორიამ მათთან ერთად იმოგზაურა პეკინში, ხანჭოუში, დალაშქრა ჩინეთის დიდი კედელი, დააგემოვნა ჩინური კერძები და მაქსიმალურად შეიგრძნო ის ემოციები, რომელთა გადმოცემაც სცადეს სიტყვებით კონკურსის მონაწილეებმა. დასახული მიზნის მიღწევა არასდროს არის მარტივი პროცესი და, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, სტუდენტებმა ისაუბრეს დაბრკოლებებსა და მათი გადალახვის გზებზეც. როგორც აღმოჩნდა, მათ საკუთარი ძალისხმევითა და სხვა ადამიანების მხარდაჭერით შეძლეს სირთულეებთან გამკლავება და დაამტკიცეს, რომ შეუძლებელია იმ პიროვნების დამარცხება, რომელსაც აქვს ოცნება. 
კონკურსის შემდეგი ნაწილი დაეთმო კულტურულ ნომრებს და საქართველოს პატარა სცენაზე აუდიტორიამ იხილა უზარმაზარი სულიერი ღირებულებებისა და ტრადიციების მქონე ჩინეთის მცირე ნაწილი. სიმღერით, მუსიკალური აკომპანემენტით, ჩინური და ქართული ცეკვის შერწყმითა და იუმორისტული მონოლოგით წარსდგნენ კონკურსანტები ჟიურისა და მსმენლების წინაშე. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ხელოვნება არის საერთაშორისო ენა და მისთვის არ არსებობს გეოგრაფიული თუ პოლიტიკური საზღვრები.
როგორც საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ყოველ წელს უფრო და უფრო მეტად იზრდება ქართველი სტუდენტების ჩინური ენის დონე. ეს სასიხარულო ტენდენციაა და, იმედი გვაქვს, მომავალშიც მსგავსი მიმართულებით განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება 2017 წლის ,,ჩინური ენის ხიდის’’ კონკურსს, შესარჩევ ტურში გამარჯვებული კონკურსანტი ზაფხულში მონაწილეობას მიიღებს ჩინეთში ,,ჩინური ენის ხიდის’’ ფინალურ კონკურსში, ხოლო მეორე ადგილის მფლობელი ათი დღით გაემგზავრება საზაფხულო ბანაკში და დაესწრება დასკვნით ტურს. წარმატებებს ვუსურვებთ მათ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური