საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 21 მაისი 2020 12:51

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების ფონზე, რომელმაც განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში იწყებს საგრანტო პროექტს, რომლის მიზანია საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის ადგილზე ქმედითი დახმარების გაწევა. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა.
 
პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით, დაფინანსდება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი  ის პროექტები, რომლებიც კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის შემდგომ პერიოდში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებასა და აგრეთვე, მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული.
 
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.
 
პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ 2020 წლის 31 დეკემბრამდე ცხოვრების უფლება. საგრანტო განაცხადების წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING
 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მითითებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულები COVID-19 პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნებისა და დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მათთვის ადგილზე დახმარების გაწევის მიზნით, მუშაობის  24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები.  
სახელმწიფო საგრანტო პროგრამას - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს.
 
საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს: ტელ.: (+995 32) 2945000 (შიდა - 3108), მობ.: +995 551 080 060.

განმცხადებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტებია:
 
- დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება (იხ. დანართი N 2);
- ფოტოსურათი;
- CV ქართულ ენაზე;
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
- საზღვარგარეთ ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბინადრობის/ცხოვრების ნებართვა, ნებისმიერი კატეგორიის ვიზა 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედების ვადით);
- ხარჯთაღრიცხვის შევსებული ფორმა (იხ. დანართი 3).
 
საგრანტო წინადადება უნდა მოიცავდეს:
 
- ინფორმაციას თუ როგორ, რა მეთოდებით და საშუალებით უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას;
- გრანტის ოდენობას, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს/მომსახურების შესრულებას;
- დეტალურად გაწერილ პროექტის ბიუჯეტს;
- შესრულების ვადას;
- მოსალოდნელ შედეგს.
 

დანართი N1 – პროგრამის შესახებ;
დანართი N2 - საგრანტო განაცხადის ფორმა;
დანართი N3 - ხარჯთაღრცხვის ფორმა;

ევროკავშირი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად აცხადებს კონკურსს ჟურნალისტიკაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 მაისი 2020 13:19
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომლის წლევანდელი თემა არის „ჟურნალისტიკა შიშისა და მიკერძოების გარეშე,“ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განცხადება გააკეთა:

,,დღეს, Covid-19-თან “ომის“ უპრეცედენტო პირობებში, ვირუსზე სწრაფად დეზინფორმაცია და ყალბი ამბები ვრცელდება, ამიტომ, წლევანდელი 3 მაისის - პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღნიშვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დღეს, ჟურნალისტები, პროდიუსერები, მკვლევარები, ფოტოგრაფები და მედიის სხვა პროფესიონალები ბრძოლის წინა ხაზზე არიან და გვაწვდიან ინფორმაციას იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დამოკიდებულნი მათ საქმიანობაზე. მჯერა, რომ ყურადღებით გააგრელებენ საქმიანობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მათ. თავისუფალ და ღია საზოგადოებაში მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მიმდინარე წლის თემა - ,,ჟურნალისტიკა შიშისა და მიკერძოების გარეშე“, კარგად ასახავს ჟურნალისტიკის ძირითად პრინციპებს. იმ პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზეწოლის, ცილისწამებისა თუ საქმიანობაში ჩარევის პირობებში, რომელსაც თავისუფალი მედია განიცდის მთელს მსოფლიოში, ევროკავშირი არის და იქნება თავისუფალი მედიის მოკავშირე,  დამცველი და  მხარდამჭერი.”

ტრადიციისამებრ, კარლ ჰარცელმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით და გამოაცხადა კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2020 წლის პრიზის მოსაპოვებლად:

„დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, გვსურს გამოვაცხადოთ მეცხრე კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მოსაპოვებლად. მისი მიზანია ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება, წახალისება და შესაბამისი დაფასება. გასულ წელს მერგო პატივი, დამეჯილდოვებინა არაჩვეულებრივი ჟურნალისტური ნაშრომები. ვიმედოვნებ და მჯერა, რომ კონკურსის წლევანდელი მონაწილეები შარშანდელ მიღწევებს კიდევ უფრო გააუმჯობესებენ“.
 
სამშვიდობო ჟურნალისტიკაში  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) სპეციალური პრიზის დაწესებასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა განაცხადა:

„ნდობის აღდგენის პოტენციალი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ინფორმაციას აწვდის მედია საზოგადოებას. ჩვენ,  დიდი სიფრთხილითა და პროფესიონალიზმით ვეძებთ მომზადებულ მასალებს, რომლებიც გვიყვება როგორც კონფლიქტურ სიტუაციებზე, ასევე კონფლიქტებით დაზარალებულ ადამიანებზე“.

ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის შესახებ
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში, რომელიც  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2012 წელს დააარსა, ხელს უწყობს ქართულ მედიაში პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას.  ნდობისა და მშვიდობის აღდგენაში გაწეული წვლილისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გასცემს კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნაშრომისთვის დაწესებულ სპეციალურ პრიზს.

კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს და ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში წელს  7 კატეგორიაში გაიცემა:
  • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო  მედიაში;
  • ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
  • კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში).
ინფორმაცია საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის წესების შესახებ იხილეთ:  https://www.euprizejournalism.ge/ge/rules

პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 1500 ევროს ოდენობით.

სამშვიდობო ჟურნალისტიკაში  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი გაივლის 30-დღიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ლონდონის ოფისში.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 დეკემბერი.

განაცხადის ფორმა, ნამუშევრების წარდგენის წესები და ბოლო ვადები იხ.: www.euprizejournalism.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში:  თამარ მიქაძე,  ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, JLIB_HTML_CLOAKING

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში: ნინო გეზმავა, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR), JLIB_HTML_CLOAKING

 
***
 
მედიის თავისუფლების მსოფლიო დღე დაწესდა 1993 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა ორგანიზაციის (UNESCO) 1991 წლის გენერალური კონფერენციის ოცდამეექვსე სესიაზე მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე. ეს იყო პასუხი აფრიკელი ჟურნალისტების მოწოდებაზე, რომლებმაც 1991 წელს მედია პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის შესახებ უმნიშვნელოვანესი „ვინდჰუკის დეკლარაცია“ მიიღეს. მედიის თავისუფლების მსოფლიო დღე არის საზოგადოებისათვის პრესის თავისუფლების უზრუნველყოფის ვალდებულებების შესრულების გახსენებისა და ჟურნალისტებისათვის პრესის თავისუფლებასა და პროფესიულ ეთიკაზე დაფიქრების დღე; ეს არის იმ მედიის მხარდაჭერის დღე, რომელსაც თავისუფლების შეზღუდვა ან მოსპობა ემუქრება; ეს არის იმ ჟურნალისტების ხსოვნის დღე, რომლებიც უტყუარი და მნიშვნელოვანი ამბების გაშუქების დროს დაიღუპნენ.
 
2020 წლის 3 მაისის თემაა „ჟურნალისტიკა შიშისა და მიკერძოების გარეშე“. მისი მიზანია, ზომების მიღება მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. მედიის თავისუფლების მსოფლიო დღის 2020 წლის თემა მოუწოდებს ყველას, მათ შორის ხელისუფლებას, ჟურნალისტებს და მედია საშუალებებს, სასამართლო და საკანონმდებლო სექტორს, ინტერნეტ ბიზნესებს, სამოქალაქო საზოგადოებას, სამეცნიერო სექტორს და ახალგაზრდებს, მიიღონ ყველა ზომა მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და გასაძლიერებლად. წლევანდელი თემა ძალიან დროული შეხსენებაა იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის არსებობა  მედიის თავისუფლებისათვის, განსაკუთრებით დეზინფორმაციისა და მედიაზე კონტროლის ძველი და ახალი ფორმების არსებობის  ეპოქაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ჟურნალისტიკის გადამწყვეტ როლს საზოგადოებისთვის სანდო ინფორმაცის, მრავალმხრივი და განსხვავებული მოსაზრებებისა და ხედვების მიწოდების თვალსაზრისით. 
 
დამატებითი ვიდეო და ფოტო მასალა
https://wetransfer.com/downloads/5f9c039cef10bebe56ef0a7ea811e62d20200501183209/7363a1d2bb22138b998f99566e4d420420200501183222/e12408
https://we.tl/t-Y3Kok2kQF5

გამოცხადდა კონკურსი აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში სწავლის დასაფინანსებლად

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 16 იანვარი 2020 14:26

საერთაშორისო პროგრამის „სწავლა საზღვარგარეთ“ ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ ქართველმა ახალგაზრდებმა. კერძოდ, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც ბოლო სამი წელია რეგისტრირებულნი არიან აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე და ზოგადი ან უმაღლესი განათლების დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგად და უმაღლეს სასწავლებლებში.

საგრანტო  კონკურსში   მონაწილეობის  უფლება  აქვს:

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეს, რომელსაც სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განთავსებულ ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; 
  • პირს,  რომელიც  ჩარიცხულია/ჩაირიცხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, შვეიცარიისა და ნორვეგიის 
    • მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
    • მესამე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე
    • პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამაზე 

2020 წელს კონკურსის წესით შერჩეული აპლიკანტები მიიღებენ 15 000 ლარს გრანტის სახით  ერთი სემესტრის ხარჯის გაწევის მიზნით. ერთ სტუდენტს შესაბამის სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურზე შეიძლება დაუფინანსდეს არაუმეტეს 6 სემესტრი.

განმცხადებელს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი ტიპის ხარჯები:

  • სწავლის საფასური
  • ცხოვრების ხარჯი (ბინა, კომუნალური, კვება)
  • ტრანსპორტი
  • სამედიცინო დაზღვევა
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სილაბუსით განსაზღვრული სასწავლო რესურსების შეძენა
  • ვიზის და ვიზასთან დაკავშირებული ხარჯები
  • სხვა ხარჯები, რომლის მიზნობრიობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო

გამარჯვებულ სტუდენტს აუნაზღაურდება მხოლოდ ის ხარჯები, რომელთა დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია იძლევა ხარჯების გამწევი პირის იდენტიფიცირების  საშუალებას. 2020 წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია 15 სტუდენტის დაფინანსება.

პროგრამის ანგარიში

სწავლა საზღვარგარეთ  პროგრამის  დასაფინანსებლად 2014 წლიდან დღემდე სულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოიყო  2 637 500 ლარი. 2020 წელს პროგრამის ბიუჯეტი  800 000 ლარია. 

სწავლა საზღვარგარეთ პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე დაფინანსდა 60 სტუდენტი. ამათგან, 35 სტუნდენტი უკვე კურსდამთავრებულია, ხოლო 25 სტუდნეტს 2020 წელს პროგრამით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში,  გაუგრძელდება დაფინანსება. 

სამინისტროში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

განცხადება   (ელექტრონული აპლიკაციის ნაწილია)

ელექტრონული აპლიკაციის ფორმა

ბრძანება/დებულება

პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2020 წლის 20 იანვრიდან 27 მარტის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.

ტელ:  577 12 65 05, JLIB_HTML_CLOAKING - ლიკა გოგიტიძე

 

კონფუცის ინსტიტუტის სიტყვით გამოსვლის კონკურსი

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 07 მაისი 2019 17:06

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით კამპუსში გაიმართა ჩინურ ენაზე სიტყვით გამოსვლის კონკურსი თემაზე "მე და ჩინეთი". საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ჩინური ენით დაინტერესებულმა 15-მდე სტუდენტმა ჟიურისა და მაყურებელს გაუზიარა თავისი დამოკიდებულება ჩინეთისადმი. ძლიერი კონკურენციის პირობებში გამარჯვება მოიპოვა თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მეორე კურსის სტუდენტმა რატი მდივანმა. მონაწილეები და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ორენოვანი სერტიფიკატებითა და პრიზებით. თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი ჩინეთითა და ჩინური ენით დაინტერესებულ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ხშირად აძლევს სხვადასხვა სახის კონკურსში მონაწილეობისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობას. მომავალშიც იგეგმება არაერთი საინტერესო ღონისძიების ჩატარება.

ფრანკოფონიის კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 21 მარტი 2019 15:10

ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში, ფრანკოფონია 2019-ის კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ, ბელგიისა და მოლდოვას ელჩებმა საქართველოსა და აზერბაიჯანში ბერტ შჰოფსიმ და გეორგე ლეუკამ, შვეიცარიის საელჩოს პირველმა მრჩეველმა ალვარო ბორგიმ დააჯილდოვეს.

ფრანკოფონია 2019-ის ფარგლებში, საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა საქართველოს სკოლების მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის რამდენიმე ფრანგულენოვანი კონკურსი ჩაატარა, კერძოდ: კალიგრამების შექმნა ფრანკოფონიის 10 სიტყვიდან ერთის გამოყენებით; ვიდეორგოლის შექმნა ფრანკოფონიის 10 სიტყვიდან ერთის გამოყენებით; სლამის (მუსიკალური ტექსტი) შექმნა ფრანკოფონიის 10 სიტყვიდან მინიმუმ ხუთის გამოყენებით; მჭერმეტყველების კონკურსი სტუდენტებისთვის. ასევე ჩატარდა კონკურსი ფრანგული ენის პედაგოგთა შორის, რომლის გამარჯვებულებიც ორკვირიან პედაგოგიურ სტაჟირებას საფრანგეთში, კერძოდ ნიცაში გაივლიან.

მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს ენერგოეფექტურობის კონკურსში და მოიგეთ პრიზი!

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 13 მარტი 2019 15:39

დღეს იწყება მედია-კონკურსი სოციალურ ქსელებში: Facebook, Instagram და Vkontakte; კონკურსის მთავარი პრიზია ვირტუალური რეალობის შლემი გამარჯვებული პოსტისთვის!

კონკურსი გრძელდება 25 მარტამდე და წარმოადგენს ინიციატივის #EU4Energy პროექტს „ბებო“, რომელიც აზიარებს სასარგებლო რჩევებს და რეკომენდაციებს ენერგოეფექტურობის გაზრდის საშუალებით ენერგიის და თანხის დაზოგვის თაობაზე.

მონაწილეებს სთხოვენ დაპოსტონ ენერგოეფექტურობის საკუთარი რჩევები და რეკომენდაციები „ბებოს“ თითოეული რჩევის ქვეშ კომენტარების ნაწილში. ეს შეიძლება იყოს სკოლაში, სამსახურში ან სახლში ნასწავლი, წიგნში წაკითხული, ან მეგობრისგან ან მშობლებისგან მიღებული რჩევები. შეიძლება დაპოსტოთ ნებისმიერი რეკომენდაცია ან რჩევა, რომელიც უჩვენებს, თუ როგორ მოვიხმაროთ ნაკლები ენერგია.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა; სულ გაიცემა ათი პრიზი, ხოლო პირველი პრიზია ვირტუალური რეალობის შლემი.

ეს #EU4Energy კონკურსი ორგანიზებულია EU4Energy საკომუნიკაციო პროექტის მიერ და მას აფინანსებს ევროკავშირი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://bit.ly/2Ep9yyF

“ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის” - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი კონკურსს აცხადებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 01 თებერვალი 2019 12:33
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს კონკურსს - „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“. კონკურსის შედეგად გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების განათლებას, პროფესიულ განვითარებას და წინსვლას.
გენდერული უთანასწორობა მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამდენად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის გენდერული საკითხები ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა კი მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
პროფესიასა და კარიერაში ქალების განვითარების ხელშეწყობის კონკურსი წელს მეოთხედ ტარდება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია კერძო სექტორში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც ამკვიდრებენ ქალების პროფესიული განვითარების და წინსვლის საორგანიზაციო კულტურას და უზრუნველყოფენ თავიანთ კომპანიებში თანასწორ გარემოს, თანაბარ წვდომას რესურსებსა და შესაძლებლობებზე.
„კონკურსის მიზანი გახლავთ იმ ბიზნესების და კომპანიების ხელშეწყობა, რომლებიც ნერგავენ ქალთა გაძლიერების, სწავლების, განათლების და პროფესიული განვითარების პრინციპებს. ეს კონკურსი ეხმიანება გაეროს ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპებს, რომელიც გახლავთ მოძრაობა და მასში უკვე გაწევრიანებულია ათასობით კომპანია მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ქართული კომპანიებიც. 
მოხარულები ვართ, რომ გვაქვს საშუალება, გამოვავლინოთ ბიზნესებში დანერგილი პრაქტიკის ის საუკეთესო მაგალითები, რომელიც ხელს უწყობს ქალების განვითარებას, გაძლიერებას, მათ სწავლებას, განათლების მიღებას. დამოუკიდებელი ჟიური ყოველ წელს განიხილავს შემოსულ აპლიკაციებს. 
საქართველოში მოღვაწე ყველა ბიზნესს აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ კონკურსში. კონკურსი დასრულდება 15 თებერვალს, ხოლო გამარჯვებულთა დაჯილდოების გალა ცერემონია ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნება. დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ვებ-გვერდზე იხილოთ,“- აღნიშნავს მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი.,. 
წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აღნიშნულ კონკურსს ბიზნეს ლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ ერთად ატარებს, რათა უზრუნველყოს მისი მდგრადობა და გაგრძელება მომავალში.
საკონკურსო მოთხოვნები ითვალისწინებს თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნას, ქალების მონაწილეობის ხელშეწყობას სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით საქმიანობაში, მათი მოტივაციის ამაღლებასა და მუდმივი პროფესიული ზრდის უზრუნველყოფას. 
„მოხარული ვართ, რომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ წამოწყებული უნიკალური კონკურსის მემკვიდრეები ვიქნებით. წელს, პირველად ვართ თანაორგანიზატორები ამ კონკურსის და შემდგომ, რა თქმა უნდა, დაჯილდოების. მომავალი წლიდან კი ვეცდებით დამოუკიდებლად განვახორციელოთ ეს კონკურსი. 
როცა ვსაუბრობთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, რასაც რეალურად ჩვენი ფედერაცია ემსახურება, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეალობაში არსებობენ ბიზნეს კომპანიები , რომლებიც ამ მიმართულებით ზრუნავენ, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა და კონკურსი მათ გამოვლენას ემსახურება ,“- აღნიშნავს თეა გოგუაძე, ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი.
წინა წლების კონკურსებში გამარჯვებული კომპანიები არიან: თიბისი ბანკი, ბრითიშ პეტროლეუმი საქართველო, ლივინგსტონი, ასოციაცია „ქართული ღვინო“, დიო, შავი ზღვის უნივერსიტეტი და ჯეოსელი, აჭარა ჯგუფი, ჯიპისი ჰოლდინგი, პროფესიული სწავლებისა და ტრენინგის ცენტრი ქუთაისში.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული კომპანიების უმრავლესობამ, კონკურსის დასრულების შემდეგ არ შეწყვიტა გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა და არ შეცვალა განვითარების კურსი. კომპანიების აღმასრულებელმა დირექტორებმა ხელი მოაწერეს ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპების „მხარდამჭერ განცხადებას“, რომლიც თანახმად მათ საჯაროდ აიღეს ვალდებულება საკუთარ კომპანიებში ისეთი პოლიტიკის შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს გენდერულ თანასწორობას. ამ განცხადების ხელმოწერით ბიზნეს ლიდერები საჯაროდ გამოთქვამენ მზადყოფნას ჩაერთონ ქალთა უფლებების გაფართოების საქმეში და უზრუნველყონ ის ყველა დონეზე. ქალებისა და კაცების მიმართ თანასწორი დამოკიდებულება წარმოადგენს არა მხოლოდ სწორი პოზიციას, არამედ მრავალფეროვანი გარემო სასარგებლოა თავად ბიზნესისთვის.
ქალების სრულფასოვანი და სრულუფლებიანი ჩართვა სამუშაო პროცესებში შესაძლებელს ხდის მდგრადი განვითარებისა და კორპორატიული პასუხისმგებლობის განხორციელებას. ქალთა უფლებების გაფართოების შვიდ საფეხურიანი პროგრამა ეხმარება კომპანიებს გეგმების რეალიზებაში, ბიზნესისა და საზოგადოების გაჯანსაღებაში და თანასწორობის მიღწევაში.

მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა შეავსონ საკონკურსო განაცხადი, რომელშიც საკუთარი საქმიანობისა და გამოცდილების მაგალითზე წარმოაჩენენ თუ როგორ არის შესაძლებელი რეალურად შეუწყონ ხელი ქალების განათლებას, სწავლებასა და პროფესიულ განვითარებას.
საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 თებერვალი. 

ფოტოკონკურსი „მრავალფეროვანი ჩინეთი“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019 10:52

ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის საელჩო საქართველოში და მულტიმედია ჯგუფი 4U წარმოგიდგენთ ფოტოკონკურსს თემაზე „მრავალფეროვანი ჩინეთი“.

"მრავალფეროვანი ჩინეთი" ეს არის საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მცდელობა.

მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა პროფესიონალი ან მოყვარული ფოტოგრაფი, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ჩინეთში გადაღებული ფოტოები ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაღებული ნამუშევრები ჩინეთის შესახებ.

კონკურსი შედგება 5 კატეგორიისაგან და მას პროფესიონალი ფოტოგრაფები, ცნობადი პერსონები და ჩინეთის სახალწლო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ძი იანჩი შეაფასებენ. 

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან Huawei-ს ფირმის მობილური ტელეფონებით და აქსესუარებით. 

საუკეთესო ფოტოს ავტორს გადაეცემა მთავარი პრიზი - 2 ბილეთი ჩინეთში, ულამაზეს ქალაქ ხანჭოუში.

კონკურსის ვადები: 

პირველი ეტაპი: 25.01.2019 - 15.02.2019. ნამუშევრების მიღება.

მეორე ეტაპი: 15.02.2019 - 18.02.2019. ჟიურის წევრების მიერ საუკეთესო ნამუშევრების შერჩევა.

მესამე ეტაპი: 19.02.2019. კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონიალი.

ფოტოკონკურსის დეტალურად გასაცნობათ, ეწვიეთ ვებგვერდს.

კონკურსი ორგანიზებულია „4U მულტიმედია ჯგუფის“ მიერ და ტარდება „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს“ ინიციატივით.

 

4U წარმოადგენს უნიკალურ მულტიმედია ჯგუფს, რომელიც აერთიანებს რადიოებს JAKO FM, LIFE FM, „შოკოლადიდა ქმნის საინტერესო და აქტუალურ კონტენტს პლატფორმისთვის 4U.ge.

PSP-მ საახალწლო ნახატების კონკურსი „ბედნიერი ახალი წელი“ გამოცხადა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 23 ოქტომბერი 2018 10:51

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პსპ-მ საახალწლო ნახატების კონკურსი გამოაცხადა. მომხმარებლების ჩართულობისა და წახალისებისთვის პსპ არა ერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებს. თითქმის მუდმივად მიმდინარეობს საბავშვო ფოტოების კონკურსი რომლის გამარჯვებულიც ერთი თვით პსპ-ს ბავშვთა თვის აქციების სახე ხდება და საჩუქრები გადაეცემა.

„ბედნიერი ახალი წელი“ - არის კონკურსი, რომელშც ოჯახის სახვადასხვა ასაკის წევრები ბავშვებთან ერთად საახალწლო თემატიკაზე ნახატებს ქმნიან და პსპ-ში აგზავნიან.

„თუ გინდათ თქვენი ოჯახის მიერ შესრულებული ნახატი სრულიად საქართველომ იხილოს და თქვენი ქალაქის  სხვადასხვა უბანში პსპ აფთიაქის ვიტრინებზე იხილოთ, შექმენით ოჯახური ნახატი თქვენს პატარებთან ერთად, გამოგვიგზავნეთ ფოსტაზე: JLIB_HTML_CLOAKING 5 ნოემბრის ჩათვლით და დაელოდეთ ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას. სათაურის ველში მიუთითეთ „ბედნიერი 2019“. ნახატი სასურველია იყოს  შავ-თეთრი, მარტივი, კონტურული, ფანქრით ან კალმით შესრულებული. საუკეთესო ნამუშევრების ელემენტებით PSP-ს აფთიაქების ვიტრინები გაფორმდება და ავტორები დასაჩუქრდებიან,“ - აცხადებენ პსპ-ში.

ჰიგიენისა და კოსმეტიკის პროდუქციის ფართო არჩევანი, პროფესიონალი ფარმაცევტები და კონსულტანტები, მოხმარებელზე ორიენტირებული „უფრო მეტი ვიდრე აფთიაქი“ - ეს პსპ-ს აფთიაქია. 220 პპს აფთიაქი საქართველოს ყველა კუთხესა და დედაქალაქის ყველა უბანში მომსახლეობას მხოლოდ გარანტირებული ხარისხის 60000-ზე მეტი სახეობის პროდუქციას სთავაზობს.

ცნობილია, ვინ წარადგენს საქართველოს „ჩინური ენის ხიდის“ საერთაშორისო კონკურსზე

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018 09:45

5 ივნისს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა უმასპინძლა „ჩინური ენის ხიდის“ საერთაშირისო სტუდენტური კონკურსის შესარჩევ ეტაპს. კონკურსი შედგებოდა 4 ეტაპისაგან: ჩინეთის შესახებ ესეს წერა, სიტყვით გამოსვლა, კითხვებზე პასუხი და კულტურული ნომერი. მონაწილე სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი დავალებებს. 5 ქართველი და ჩინური მხარის წევრისგან შემდგარი ჟიურიმ შეაფასა მონაწილეები და ამოირჩია გამარჯვებული.

პირველი ადგილი დაიკავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტმა ვახტანგ ქაჩიბაიამ. იგი ზაფხულში გაემგზავრება ჩინეთში, სადაც საქართველოს სახელით 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად მიიღებს მონაწილეობას რიგით მე-17 საერთაშორისო „ჩინური ენის ხიდის“ კონკურსში. „ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა ამ კონკურსში გამომეცადა ჩემი თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში დაგროვილი ცოდნა“, - აღნიშნა პირველი ადგილის მფლობელმა ვახტანგ ქაჩიბაიამ. სხვა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ „ჩინური ენის ხიდის“ კონკურსი მათთვის დიდი გამოცდილება იყო და მომავალში უფრო მეტს იშრომებენ ჩინურის საფუძვლიანად შესასწავლად.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ქალბატონი წუო ხონგპო და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი ბატონი ვახტანგ ლეჟავა. ქალბატონმა წუო ხონგპომ სიტყვით მიმართვისას მონაწილეებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი მომავალშიც განაგრძობს საზოგადოებისათვის ჩინეთის გაცნობაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას.

ბატონმა ვახტანგ ლეჟავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თავისუფალი უნივერისტეტის კონფუცის ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩინეთის კულტურის პოპულარიზაციაში. ამასთან მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. „ჩინური ენის ხიდის“ შესარჩევი კონკურსი ჩატარდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და თავისუფალი უნივერისტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით.

გვერდი 1/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური