საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი რუსეთის ფედერაციის განცხადებაზე ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 მაისი 2020 16:02

26 მაისს, როდესაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო იღებდა მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების მილოცვებს, გავრცელდა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ინფორმაციის დეპარტამენტის მორიგი ცრუ ბრალდებები საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

ხსენებული დეზინფორმაცია განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ პირობებში, როდესაც ცენტრის საქმიანობა მიჩნეულ იქნა ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად საქართველოს მთავრობის წარმატებულ ბრძოლაში ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ და ცენტრის ფუნქციონირება ძალზე პოზიტიურად ფასდება საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

საქართველოს შესაბამისი უწყებების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განმარტებები ცენტრის სტატუსსა და ფუნქციონირების დეტალებზე, თუმცა რუსეთის გამუდმებული პროვოკაციები გვაიძულებს კვლავ შევეხოთ ამ საკითხს, რითაც პირველ რიგში გვსურს მივიპყროთ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება რუსეთის უხეში მცდელობების მიმართ დააკნინონ წარმატებული ინსტიტუციის როლი საქართველოს და რეგიონალური უსაფრთხოების საქმეში.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიული ერთეული. ობიექტმა ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს და იგი არის დაავადებათა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ცენტრს.

ობიექტის მშენებლობა დაიწყო 2004 წელს, აშშ-საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულებისა და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, საფუძველზე.

ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. სტრუქტურულად, ლუგარის ცენტრი წარმოადგენს დავადებათა ცენტრის ქვედანაყოფს და შედის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუციებში.
ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიებს,  რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით.

ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას), გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში. 

ლუგარის ცენტრის ლაბორატორიული შესაძლებლობებით ასევე სარგებლობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია (LMA) და ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი. დამატებით, ცენტრის შესაძლებლობებს ფართოდ იყენებენ სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის მეზობელი სახელმწიფოების შესაბამისი უნივერსიტეტების მაგისტრანტები და დოქტორანტები სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიზნით.

ამდენად, ცენტრის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ კვლევას თუ საქმიანობას ახორციელებენ შესაბამისი ექსპერტები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური უწყებების კოორდინაციით. ცენტრის ამოცანების დასახვაში, ამერიკელ პარტნიორებს არანაირი როლი და ფუნქცია არ გააჩნიათ, მით უმეტეს მათ არ აქვთ რამე სახის დამოუკიდებელი კვლევის ჩატარების საშუალება.

საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად. მე-7 გადასახედი კონფერენციის ფარგლებში წევრ-სახელმწიფოების მიერ შემუშავდა გამჭვირვალობისა და ნდობის ამაღლების მექანიზმი, რომელიც გვევლინება ტრანსპარენტულობის ერთდადერთ  ინსტრუმენტად.
სწორედ ამ მექანიზმის ფარგლებში და რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველომ უმასპინძლა საერთაშორისო ვარჯიშს მოცემულ ობიექტზე 2018 წლის 14-15 ნოემბერს. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საქართველოსა და გერმანული მხარეების ორგანიზებით და მასში მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოებისა და ბიო-ექსპერტებმა 20-მდე ქვეყნიდან. საგულისხმოა, რომ მონაწილეობაზე შეთავაზება მიეწოდა ასევე რუსეთის მხარეს, თუმცა მიღებულ იქნა კატეგორიული უარი რუსი ექსპერტების ჩართულობაზე, რაც ნათლად ცხადყოფს რუსეთის მოჩვენებით დაინტერესებას ლაბორატორიის ფუნქციონირებით.
იმავე წლის 4-7 დეკემბერს, გაერო-ს ჟენევის ოფისში გაიმართა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც ლუგარის სახელობის ცენტრის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნამ სრული მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.

ამის სანაცვლოდ, რუსეთის საგარეო უწყება ეჭვის ქვეშ აყენებს წამყვანი ექსპერტების დასკვნებს, ცენტრის მონახულების შემდეგ და, რაც უფრო შემაშფოთებელია ცრუ ბრალდებები ეფუძნება გაუგებარი „ექსპერტების“ დეზინფორმაციას, რაც აქტიურად ვრცელდება მხოლოდ რუსეთის მედიის საშუალებებით და ნათლად ისახება მათი არგუმენტაციისა თუ საფუძველის არაკომპეტენტურობა და აგრესიულობა.
რაც შეეხება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარის დებულებას რუსეთის ფედერაციის ექსპერტების მიერ ლუგარის სახელობის ცენტრის მონახულების თაობაზე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხიმგებელი წევრი, მზად არის მომავალში და მზად იყო წინა წლებშიც მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ დაშვება შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად. ამის შესაძლებლობა იყო 2018 წელს, თუმცა საკითხის განმეორებითი ინიცირების შემთხვევაში, საქართველო მზადაა განიხილოს შესაბამისი ვარჯიშის/ვიზიტის მოდალობები კონვენციის წევრ-ქვეყნებთან ერთად.

რუსეთის უხეში და აგრესიული დეზინფორმაციის ფონზე, რომელთა ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს დააკნინოს ლუგარის ცენტრის ფუნქციონირება და მის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული კვლევები, საქართველო ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეებს, მოწოდებით შეაფასონ რუსეთის ოფიციალური უწყების აგრესიული განცხადებები საქართველოს მიმართ, დაგმონ აშკარა დეზინფორმაცია და არ დაუშვან რეგიონში სამაგალითო ინსტიტუტის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვის ქვეშ დაყენება. ამ მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არანაირი ორმხრივი იურიდიული ვალდებულება ამ საკითხზე არ გააჩნია, საქართველო, გამოთქვამს მზადყოფნას უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის რუსი ექსპერტების მონაწილეობით.

პრემიერ-მინისტრის კომენტარი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 22 აგვისტო 2017 11:30

ამ ეტაპზე უკეთესი ვითარებაა, მონიშნულია ჩასაქრობი ზონები, მუშაობს 3 ვერტმფრენი, თურქეთიდან გზაშია კიდევ 2 ვერტმფრენი, სამწუხაროდ, დილით ძლიერი ქარის გამო, ვერ ჩამოფრინდნენ თუმცა, დაახლოებით ორ საათში ისინიც ჩაერთვებიან და ვფიქრობ, ღამისთვის გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნება. ამ ეტაპზე მუშაობს ცოცხალი ძალა, მეხანძრე-მაშველები, ადგილობრივი მაშველები მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან, ტექნიკა არის მობილიზებული ხელოვნური წყალსაცავების გასაკეთებლად და რაც საჭიროა, ყველაფერი კეთდება. 
ყველაზე მძიმე ვითარება გვაქვს ერთ კერაზე, რომელზეც მიმართულია მთელი ძალა, ხდება ტუმბოებით წყლის ატანა, ეკიპაჟები იმუშავებენ ზედა მხრიდან და ვფიქრობთ, ჩავაქრობთ ხანძარს.
ხანძრის გავრცელების საფრთხე რა თქმა უნდა არსებობს თუ ქედი არ ჩავაქრეთ, ქედის ჩაქრობის შემდეგ მწვავე ფაზა გადაივლის.

დამკვირვებლების კომენტარი არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 15:07

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ კომენტარს აკეთებენ. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ არჩევნების დღე არ არის გადამწყვეტი, არამედ ზოგადად, პროცესზე დაკვირვება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი2" წერს.

„პოლიტიკური პარტიებისთვის უნდა იყოს თავისუფალი კამპანიის ჩატარების საშუალება, არჩევანის და მედიაგარემოს თავისუფლება. საარჩევნო პროცესი ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს, რაც მთავარია, როგორც პირველი ტურის დროს, ისე გადატვირთული არ არის საარჩევნო უბანი, რის გამოც დათვლის პროცესი მაშინ შეფერხებებით მიმდინარეობდა,“- განაცხადა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტის და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ კელთჩევსკიმ.

NDI-ის ანგარიშში მეორე ტურის საბოლოო შეფასება მოხვდება, რომელსაც ორგანიზაცია მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს.

„ჩვენ 10 დღის წინ პირველი ტურის შეფასება მოვახდინეთ და პოლიტიკურ სუბიექტებს მოვუწოდეთ, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან, რათა ამომრჩეველს მშვიდ ვითარებაში ხმის მიცემის საშუალება მიეცეს. ასევე ცესკოს მუშაობაში ადმინისტრაციული ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა,“- განაცხადა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა ტორნტონმა.

ღარიბაშვილის კომენტარი ფედერიკა მოგერინის ვიზიტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 10:01

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში ნათლად ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი.
"ეს არის ფედერიკა მოგერინის პირველი ოფიციალური ვიზიტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ის ფაქტი, რომ დღეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში იმყოფება, ნათლად ადასტურებს ევროკაშირის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ევროპული არჩევანისადმი და ასახავს იმ უნიკალურ ურთიერთობას, რაც უკვე გვაქვს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის სახით", - განაცხადა გუშინ ღარიბაშვილმა. 
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფედერიკა მოგერინის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში და აღნიშნა, რომ საკმაოდ ღია, მეგობრული და ამავე დროს საქმიანი შეხვედრა ჰქონდათ.
"ვისაუბრეთ თითქმის ყველა აქტუალურ საკითხზე, რომელიც არის დღის წესრიგში. ჩვენი ძირითადი გზავნილი არის შემდეგი - ევროკავშირის აქტიური ჩართულობა არის გადამწყვეტი საქაერთველოსთვის, როგორც ევროპული დემოკრატიული სტაბილური სახელმწიფოს წარმატებისთვის და მე მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი მოგერინისგან მივიღეთ დასტური მზაობაზე, რომ უფრო მეტი ინტენსიურობით გაგრძელდება მუშაობა საქართველო-ევროკავშირის შორის", - განაცხადა პრემიერმა. 
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 16 ნოემბერს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართება, სადაც უმაღლეს დონეზე შეჯამდება საქართველოს მიერ მიღებული პროგრესი.
"ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს მართლაც წარმატების მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში. ამ კუთხით ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივის ფარგლებში დიფერენცირებული, უფრო ძლიერი და მტკიცე ურთიერთობების განვითარებასს ჩვენს სხვა პარტნიორებთან ერთად. ამის დასტურად ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ 26 ნოემბერს თბილისში ვუმასპინძლოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ დიალოგს, რაც ხელს შეუწყობს ინიციატივის, როგორც საერთო პოლიტიკური ჩარჩოს შემდგომ გაძლიერებას. ჩვენი მხრივ მე მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მტკიცე ევროპული არჩევანი, ეს არის არჩევანი ჩვენი ხალხის, რომელაც ალტერნატივა არ აქვს. ეს არის არჩევანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქცევს ნამდვილ, ევროპულ, დემოკკრატიულ სახელმწიფოდ. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება არის ჩემი მთავრობის უმთავრესი ამოცანა და ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საქართველოს ევროპულ მომავალში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ჩვენ ქინძის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ-პრემიერის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 18:49

პრემიერი ბოლო დღეებში გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება, სადაც ექსპრეზიდენტის, ნიკა გვარამიას და სოფო ნიჟარაძის სატელეფონო საუბარია ასახული.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს.

„გავრცელდა აუდიო ჩანაწერები ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორის, რომელიც საკუთარ თავს ქინძს ეძახის. ეს სასაცილოა. ჩვენ ქინძის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დღეს სახელმწიფო იმაზე ძლიერი, ვიდრე სამი წლის წინ. დღეს დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, სადაც კაონის უზენაესობა იქნება ყოველთვის დაცული. არც ერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა, ვეც ქინძი და ვერც სხვა მოქალაქე“, - ამბობს ღარიბაშვილი.

დეპუტატები კოლეგის წინააღმდეგ: შეძრწუნებულები ვართ გოგი თოფაძის კომენტარების გამო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 16:53

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე კოლეგის გოგი თოფაძის კომენტარებს სტალინთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან, რომელსაც "ნიუსდეი" უცვლელად გთავაზობთ.

"შეძრწუნებულები ვართ საქართველოს პარლამენტის წევრის, გოგი თოფაძის, მიერ ახლახან გაკეთებული კომენტარების გამო, იოსებ სტალინთან დაკავშირებით, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტისა და ჩვენი პოლიტიკური პარტიების - "ქართული ოცნების", "რესპუბლიკელებისა" და "თავისუფალი დემოკრატების" - ერთმნიშვნელოვან პოზიციას.

კიდევ ერთხელ მოვიხმობთ საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც პარლამენტის პარლამენტმა მიიღო 2013 წლის 25 დეკემბერს, 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ, და რომლის ძალითაც იზღუდება ტოტალიტარიზმის სიმბოლიკის საჯარო ადგილებში გამოტანა. ამ სიმბოლიკას განეკუთვნება ასევე ყოფილი საბჭოთა დიქტატორის - იოსებ სტალინის სურათები.

რა თქმა უნდა, რომ ბატონ თოფაძეს უფლება აქვს საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ ამ მოსაზრებების ან წინადადებების რეალიზება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან.

საქართველომ და მისი მოსახლეობამ მასობრივი დანაკარგი და ტანჯვა განიცადა სტალინის დიქტატურის წლებში და ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ იმ უამრავ ნათესავსა და მეგობარს, რომლებმაც თავი შესწირეს ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და დაიღუპნენ იმ საზარელი პერიოდის რეპრესიებსა და გულაგებში.

ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს ტრაგიკული პერიოდი, და ამ საზარელ დანაშაულთა ჩამდენ პირთა განდიდება უნდა იყოს და იქნება კიდეც აღკვეთილი".-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში

გაეროს ელჩი "რუსთავი 2"-ზე პირველ კომენტარს აკეთებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 12:15

გაეროს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი პირველ კომენტარს აკეთებს რუსთავი 2-ის საქმის ირგვლივ. დიპლომატის თქმით, ის ყურადღებით და გარკვეული შეშფოთებით აკვირდება პროცესებს.

"დიდი ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს. ეს საკითხი ფართოდ განიხილება. ჩვენ დაველოდებით შედეგს და უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ამ ვითარებას," - განაცხადა ნილს სკოტმა. 

გიგი უგულავას პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2015 23:22

საქართველოს არ სჭირდება ბიძინა ივანიშვილი, ვინაიდან ჩვენს ქვეყანას სულ სხვა გზა აქვს წინ გასავლელი, - განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, მას შემდეგ, რაც მან საქალაქო სასამართლოს შენობა დატოვა.
მისივე თქმით, პატიმრობაში ყოფნა მისთვის დროის ფუჭად დაკარგვა არ ყოფილა, პირიქით ეს დრო მას დაეხმარა ხელახლა აღმოეჩინა ღირსეული ადამიანები.
"მე ბედნიერი ვარ, რომ უამრავი ახალი ადამიანი აღმოვაჩინე და დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ რაც საქართველო დაბრკოლებებს გადალახავს იგი სამშვიდობოს გავა!", - დასძინა უგულავამ.

ქალაქის ყოფილმა მერმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება და ყველა პოლიტპატიმარს არ გაათავისუფლებს იგი საკადრის პასუხს მიიღებს. ამ ხელისუფლების დამარცხება კი, მისი თქმით, კანონიერი არჩევნების გზით არის შესაძლებელი.
"არც შევცვლით საარჩევნო სისტემას. ისევ იმ სისტემით საიკადრის პასუხს გავცემთ დღევანდელ ხელისუფლებას, რაც ჩვენ გამარჯვებას მოგვიტანს", - ხაზი გაუსვა გიგი უგულავამ.

ქალაქის ყოფილ მერს საქალაქო სასამართლოსთან თანამოაზრეების დიდი ჯგუფი დახვდა.

"მიშა, მოქალაქეობა, ნაცების წასვლა/გადასვლა და ოდესა"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 02 ივნისი 2015 15:05

პარტია "საქართველოს გზის" თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პოსტს ავრცელებს, თემაზე:

"მიშა, მოქალაქეობა, ნაცების წასვლა/გადასვლა და ოდესა"

"ძალიან არ მსიამოვნებს მიშაზე წერა.... და მართლაც დიდი ხანია არც მიხსენებია, ვცდილობ მისი სურათები ნაკლებად გავაზიარო და მის ყოველი ნაბიჯი არ გავაკომენტარო.
მაგრამ ჩემდაუნებურად ეხლა მიხდება ამ ბოლო ეპიზოდებზე კომენტარის გაკეთება რამეთუ ვგრძნობ რომ, კიდევ ერთხელ შესაძლოა მის გამო, ხელი შეეშალოს კარგ და აუცილებელ ქართულ საქმეს.
ჯერ იმით დავიწყოთ რომ მიშას ქმედებებიდან არა მგონია რომ ყველაზე "სამარცხვინო" ან "მიუღებელი" იყოს მისგან მოქალაქეობის დატოვება: ჯერ ერთი რომ თვითონ არ ტოვებს მოქალაქეობას, არსებული კანონი (რომლის შეცვლას ვითხოვთ ამდენი ხანია --- სხვა მიზეზების გამო) ასე მოითხოვს როგორც შედეგი მის მიერ მიღებული უკრაინულ მოქალაქეობისა.
ჩემის აზრით ბევრად უფრო შეურაცხყოფელი იყო პრეზიდენტობის ინსტიტუტისთვის მის მიერ სხვა ქვეყნის პრეზიდენტის მრჩევლის ადგილის დაკავება (ამისგამო და იმიტომ რომ არ შეიძლება შენი ქვეყნის ინსტიტუტები დააკნეინო, უარი ვთქვი არა ერთხელ შემოთავაზებულ საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში ელჩის რანგით თუნდაც პრესტიჟუ ქვეყანაში დაბრუნებაზე, რამეთუ საქართველოს მინისტრი არ უნდა დავიდეს სხვა ქვეყნის ელჩობაზე, და არც პრეზიდენტი სხვა ქვეყნის მრჩევლობაზე ან გუბერნატორობაზე) ... მაგრამ ეს, ჩემის აზრით, ეკუთვნის უფრო "შეცდომის" ან კიდევ სწორი ეთიკურ სკალის უქონოლობის და პიროვნულ ნორმების არღვევის კატეგორიებს, რომლებზედაც როგორც გემოვნებაზე არ დაობენ! ბევრად უფრო მიუღებელი იყო მისი საქციელი ქვეყნის და მის მოსახლეობის მიმარ, რისთვის ჯერ პასუხი არ უგია - ომის დროს და ომის შემდეგ - რომ ამაზე არ ატყდეს ასეთი აჟიოტაჟი. მიშა უნდა დაისაჯოს დანაშაულების გამო და არა მასგან მოვითხოვოთ უცებ "ჩერჩილობა" ან "რუზველტობა" !
მე უფრო მაღელვებს ამ შემთხვევაში არა მიშასგან - ან უფრო სწორედ იუსუტიციის მინისტრის მიერ - მოქალაქეობის ჩამორთმევა, ვიდრე ის თუ რა გავლენას იქონიებს ეს ფაქტი ჩვენს მიერ წამოწყებულ და ჯერ შუაგზაზე გაჩერებულ მოქალაქეობის არ ჩამორთმევის საკითხის გადაწყვეტაზე. მე უფრო მადარდებს ემიგრანტების ბედი და მათთვის უკანა გზის არ გადაჭრა, ვიდრე მიშას ჩამოერთმევა თუ არა მოქალაქეობა როცა მის მიმართ სასამართლოს ჯერ თავისი სათქმელი არ უთქვამს.
სამაგიეროდ მაოცებს საჯარო რეაქციები ხელისუფლების ზოგიერთი პირის, კერძოდ თეა წლუკიანი მართლაც უფრო დ აუფრო მაკვირვებს , რას ნიშნავს "როცა მოგვინდება" და "დამოკლესის მახვილიო მის თავზე ეკიდოს"? კანონი ან არსებობს ან არა ? და სხვათაშორის კანონი არ მოითხოვს პრეზიდენტისგან "ჩამორთმევის გადაწყვეტილებას" (პრეზიდენტის გადაწყვეტილება საჭიროა დღევანდელ კანონმდებლობით მხოლოდ მინიჭებისთვის, მაგრამ არა იმ ავტომატურ ჩამორთმევისთვის რომელიც თან ახლავს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას!) ... ანუ იუსტიციის მინისტრისთვის უცნობია საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობა და ამავდრმოულად ის უყურებს კანონს როგორც დასჯის ინსტრუმენტს ( თავზე ეკიდოს და ვნახოთ როდის ვიხმაროთ) და არა როგორც ყველასთვის ერთს და ყველაზე ერთნაირად გავრცელებულ ნორმას! ისიც არ იცის ან ყოველშმეთხვევაში არ გვეუბნება მიშაზე ვრცელდება თუ არა ის საპირისპირო კანონი ანუ მოქალაქეობის არ ჩამორთმევის როცა ადამიანი ან ბრალდებულია და ან განაჩენის ქვეშ! იმყოფება!
მოკლედ მიშას მიხედონ სასამართლოთი.... და მას არ გადააყოლონ კანონის შეცვლა რომელიც ბედს გადუწყვიტას უამრავ ემიგრანტს და რომელიც აუცილებელია კონფლიკტურ რეგიონებში პასპორტიზაციის პოლიტიკის დასამარცხებლად!
ორი სიტყვა ნაცების წასვლაზე თუ გადაბარგებაზე : რამდენი ხანია ნაციონალური მოძრაობა მისასგან და ბედისგან მიტოვებული იშლება... ეს დაშლა და მისი ნამდვილი ძალის გამოჩენა ხელოვნურად შეჩერებული იქნა დღევანდელ ხელისუფლების მიერ როცა მან ეს ძალა "გახადა", "დატოვა" როგორც ერთადერთი ოპოზიცია და მას მონოპოლია ოპოზიციონერობის გადასცა ხელში. ამის მიზეზიც გასაგები იყო - დისკრედიტირებული ოპოზიცია, რომელსაც არც ნდობა და არც ხალხში გავლება აღარ გააჩნია ყველაზე კომფორტაბილური ოპოზიცია გახლავთ ხელისუფლებისთვის რომელიც თავის ქმედებებში დარწმუნებული ვერაა... რეს უკვე თუმცა კერ კიდევ დისკრედიტირებული, ხელისუფლების უნიათობით ცოტა არ იყოს გამაგრდა ოპოზიცია ... ნაცების დაბრუნების შანსი ქვეყანაში არ არსებობს რეალურად, მაგრამ თუ ახალი სახეები, მიშასგან ჩამოშორებულნი, ვითომც და ნაკლებად "პასუხისმგებლები" წინა რეჟიმის დანაშაულებებზე შეიკრიბება შესაძლოა რომ მათ მოახერხონ ბარიერის გადალახვა და ამდენად სამომავლოდ ნაციონალური პარტიის კონსერვაცია! ეს განახლება , ახალ სამოსსში გარდაქმნა არის ცნობილი ხერხი თავის დროზე კომუნისტურ პარტიების მიერ გამოყენებული და არა ახალი... რამდენად დამაჯერებლები იქნებიან ესენი ძნელი სათქმელია ...ე ს იფრო პიროვნულ გადარჩენის და საპარლამენტო სკამის გადარჩენის მცდელობას ჰგავს და დიდ საფღთხეს არ წარლოადგენს რამეთუ მეხსიერება კიდევ გააჩნია ქართულ სახოგადოებას... ანუ დიდ დროს და მჯელობას ამ გადარბენებს ნუ დავუთმობთ!
რაც ეხება ოდესას, შესაძლოა დიდი საფრთხე იყოს ჩამარხული... რომელიც უფრო უნდა აღლევებდეს უკრაინელებს ვიდრე ცვენ... მაგრამ როგორც უკრაინის მეგობარი და მისი დამოუკიდებლობის გულშემატკივარი, ნადმვილად არ ვანდობდი ამ ქალაქის ბედს იმ პიროვენბას რომელმაც შეძლო ამდენი საქართველოს ტერიორიის დაუკარგა და რუსეთისთვის გადაცემა !
ვუსურვოთ ოდესას რომ მიშა მალე კიდევ სხვა ადგილას გადაიყვანონ... დროულად.... შეიძლება ბოლოს და ბოლოს ჩვენთან და თავის ქვეყნის სასამრთლოს წინაშე წარდგეს ..... როგორც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს !", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური