ე.წ. კოკაინის საქმეზე პროკურატურის განცხადება ვრცელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 მარტი 2016 18:46

ალეკო ელისაშვილის საქმის გამოძიება დასრულლდა. - პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით კორუფციის ფაქტი არ დასტურდება.

უწყებამ ე.წ. კოკაინის საქმეზე განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა, რომელსაც "ნიუსდეი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ე.წ. ,,კოკაინის საქმეზე“ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ ფაქტზე, რაც ჩატარებული გამოძიებით არ იქნა დადასტურებული. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზეგავლენით ვაჭრობის ნიშნებით გამოძიება 2015 წლის 8 დეკემბერს დაიწყო  საქართველოს სსკ-ის 3391-ე მუხლის მეორე ნაწილით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, რომლის თანახმადაც, შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, მას მობილურ ტელეფონზე სისტემატიურად უკავშირდებოდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, უგზავნიდნენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, გამოხატავდნენ არაჯანსაღ დაინტერესებას და მისგან მოითხოვდნენ ე.წ. „კოკაინის საქმეზე’’ მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხის დადებითად გადაწყვეტას. შემდგომში, საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ალექსანდრე ელისაშვილმა დააკონკრეტა, რომ ეს პოლიტიკოსები არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - მანანა კობახიძე და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია. ამასთან, ალექსანდრე ელისაშვილი მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში საუბრობდა ერთ-ერთი თანამდებობის პირის შესახებაც, რომლისგანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ იმავე პოლიტიკოსებს მსჯავრდებულთა შეწყალების სანაცვლოდ წინასწარ ქრთამის სახით მიღებული ჰქონდათ 200 000 აშშ დოლარი, ხოლო საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საერთო ჯამში მიიღებდნენ მილიონ-ნახევარ აშშ დოლარს. მისივე განცხადებით, იგი გამოძიებას დაუსახელებდა ამ თანამდებობის პირის ვინაობას. 
მედია საშუალებებში გაკეთებული მისი ასეთი განცხადებების შემდეგ, გამოძიებას ჰქონდა მოლოდინი, რომ ალექსანდრე ელისაშვილი სრულად ითანამშრომლებდა და ხელს შეუწყობდა საქმის გამოძიებას, მაგრამ საგამოძიებო ორგანოში მისი ოთხჯერ დაკითხვის მიუხედავად, მან კორუფციული ფაქტის შესახებ არსებული ინფორმაციის წყაროს დასახელებაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ ხსენებული ინფორმაცია მიღებული ჰქონდა როგორც ჟურნალისტს, რაც მას ათავისუფლებდა ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან, შესაბამისად მან გამოძიებას არ გაუმხილა იმ თანამდებობის პირის ვინაობა, რომელმაც მისი გადმოცემით იცოდა ხსენებული კორუფციული გარიგების შესახებ. (იხ. ა.ელისაშვილის ჩვენება №1; იხ. ა.ელისაშვილის ჩვენება №2; იხ. ა.ელისაშვილის ჩვენება №3; იხ. ა.ელისაშვილის ჩვენება №4; იხ.ზ.ქორიძის ჩვენება №1; იხ. ზ.ქორიძის ჩვენება №2).
საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარების და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ დასახელებული ფაქტების გადამოწმების მიზნით, გამოძიება  ინტენსიურ რეჟიმში წარიმართა, ჩატარდა ასზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მოწმის სახით დაიკითხა 47 პირი, მათ შორის დაიკითხნენ  შეწყალების საკითხთა კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, კომისიის წევრი ეკა გიგაური, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი იქნა მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეები და მასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა  ე.წ. „კოკაინის“ საქმეზე მსჯავრდებულებთან ვიზიტორების შესახებ ინფორმაცია, დათვალიერდა მედია საშუალებებში გავრცელებული სიუჟეტები და ჩატარდა სხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები. ასევე გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა ე.წ. „კოკაინის საქმეზე“ მსჯავრდებული პირები, მათი ოჯახის წევრები, ადვოკატები, პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - მანანა კობახიძე და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია. დასახელებულმა პირებმა მათ მიერ მიცემულ ჩვენებებში კატეგორიულად უარყვეს რაიმე სახის კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის ფაქტი. (იხ. ე.ბესელიას დაკითხვის ოქმიიხ. მ.კობახიძის დაკითხვის ოქმიიხ. ჟ.მ.-ს დაკითხვის ოქმიიხ. ე.მ.-ს დაკითხვის ოქმიიხ. ა.ზ.-ს დაკითხვის ოქმი).
გარდა ამისა, ალექსანდრე ელისაშვილმა გამოძიებას წარმოუდგინა მობილური ტელეფონი, რომელშიც მისი მტკიცებით ინახებოდა პოლიტიკოსებისგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები. 
ალექსანდრე ელისაშვილის მონაწილეობით მოხდა მისი მობილური ტელეფონის დათვალიერება, სადაც არ აღმოჩნდა მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას კუთვნილი ტელეფონის სააბონენტო ნომრიდან განხორციელებული ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რასთან დაკავშირებითაც მან განმარტა, რომ მანანა კობახიძის და ეკა ბესელიას მოკლე ტექსტური შეტყობინებები ელექტრონული ან არაელექტრონული ფორმით ცალკე არ შეუნახავს, რამაც წარმოშვა მობილური ტელეფონის მეხსიერებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებების აღდგენის მიზნით ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა.(იხ. მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი). 
ამ მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა კომპიუტერული ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონის მეხსიერებაში არ დაფიქსირდა ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის სატელეფონო ნომრებთან განხორციელებული ზარები და მიმოწერა. 
ექსპერტიზით ასევე დადგინდა, რომ წარმოდგენილ მობილურ ტელეფონს არ გააჩნია მოკლე ტექსტური შეტყობინებების ავტომატურ რეჟიმში წაშლის ფუნქცია. გამოკვლევის მომენტისთვის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა 1596 მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელსაც ტელეფონის შიდა მეხსიერებიდან დაკავებული ჰქონდა 7,5 მეგაბაიტი, ხოლო გამოკვლევის მომენტისთვის ტელეფონის შიდა მეხსიერებიდან თავისუფალი იყო 131 მეგაბაიტი, რაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესანახად. აქედან გამომდინარე, ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ წარმოდგენილ მობილურ ტელეფონში რომელიმე მოკლე ტექსტური შეტყობინების არარსებობა შესაძლებელია  გამოწვეული იყოს მხოლოდ მომხმარებლის მიერ  მისი მექანიკური წაშლით.  რაც შეეხება წაშლილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების აღდგენას, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელთ არსებული ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით, გამოსაკვლევი ტელეფონის მეხსიერებიდან ინფორმაციის აღდგენა ვერ განხორციელდა. 
აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტიზის ბიურომ დახმარებისთვის მიმართა მობილური ტელეფონებიდან წაშლილი ინფრომაციის აღმდგენი მოწყობილობების მწარმოებელ მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ შვედურ კომპანია ,,MSAB“-ს (კომპანია დაფუძნებულია 1984 წელს; ოფიციალური ვებ-გვერდი www.msab.com), თუმცა თავად მწარმოებელ კომპანიასაც კი არ აღმოაჩნდა გამოსაკვლევად წარმოდგენილი მოდელის მობილური ტელეფონიდან წაშლილი ინფრომაციის აღდგენისთვის საჭირო მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფა. (იხ. კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა N1; იხ. ექსპერტ გ.შარაბიძის დაკითხვის ოქმი).
გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, კომპიუტერული ექსპერტიზა ასევე ჩატარებული იქნა შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სადაც ასევე ვერ მოხერხდა მობილური ტელეფონის მეხსიერებიდან წაშლილი ინფორმაციის აღდგენა, ამ მოდელის ტელეფონისთვის განკუთვნილი სათანადო პროგრამულ-ტექნიკური საშუალებების არარსებობის გამო. (იხ. კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა N2
იმის გათვალისწინებით, რომ ალექსანდრე ელისაშვილის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონიდან ვერ განხორციელდა წაშლილი ინფორმაციის აღდგენა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მანანა კობახიძის თანხმობით ჩატარდა 2013-2014 წლებში მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის კომპიუტერული ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, მობილური ტელეფონის მეხსიერებაში არ ფიქსირდება ალექსანდრე ელისაშვილის სააბონენტო ნომერთან განხორციელებული სატელეფონო ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები. რაც შეეხება წაშლილ სატელეფონო ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, მობილური ტელეფონის მეხსიერებიდან ვერ იქნა აღდგენილი ალექსანდრე ელისაშვილის სააბონენტო ნომერთან სატელეფონო კავშირის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით. (იხ. კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა N3). ასევე, ალექსანდრე ელისაშვილის მონაწილეობით დათვალიერდა, მის მიერვე წარმოდგენილი საკუთარი სააბონენტო ნომრის სატელეფონო ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ნუსხა. დათვალიერებით დადგინდა, რომ ა. ელისაშვილის თავმჯდომარეობით ჩატარებული შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომების წინ მისი მობილური ტელეფონის ნომერზე საერთოდ არ ფიქსირდება ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის სატელეფონო ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები.    
ნუსხის მიხედვით, ალექსანდრე ელისაშვილის სააბონენტო ნომერზე მანანა კობახიძის მოკლე ტექსტური შეტყობინება ფიქსირდება მხოლოდ 2014 წლის 30 აპრილს, მაშინ, როდესაც 2014 წლის 28 აპრილიდან ალექსანდრე ელისაშვილს შეწყვეტილი ჰქონდა შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, ხოლო მისი კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების შესახებ ბოლო განკარგულება გამოცემული იყო 2014 წლის 17 აპრილს. (იხ. სატელეფონო ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ნუსხის დათვალიერების ოქმი; იხ. პრეზიდენტის ბრძანებულება).
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საჯარო განცხადებების გაკეთებამდე ალექსანდრე ელისაშვილმა 2014-2015 წლებში 12-ჯერ მიმართა წერილობით საქართველოს მთავარ პროკურატურას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა არცერთხელ არ შეუტყობინებია ინფორმაცია მასზე განხორციელებული ზეწოლისა და შეწყალების საკითხებთან დაკავშირებული კორუფციული გარიგებების შესახებ. 
ამრიგად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა ე.წ. „კოკაინის საქმეზე’’ მსჯავრდებულ პირებსა და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ დასახელებულ პოლიტიკოსებს შორის შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით კორუფციული გარიგების ფაქტი, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე შეწყვიტა გამოძიება."

ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებულების ყოფილი ადვოკატი დაკითხეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 10:55

კობა კობახიძე ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებულების ყოფილი ადვოკატი პროკურატურამ დაკითხა. დაკითხვა 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

როგორც მან უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, გამოძიებას ინფორმაცია  იმ მუქარის შესახებ მიაწოდა, რომელიც მის  მიმართ ხორციელდება. ასევე პროკურატურას სატელეფონო და აუდიოჩანაწერი გადასცა, რომელიც, მისი თქმით, მანანა და თედო კობახიძეების, ასევე მათი სიძის ლევან ონიანის მიმართ მის ბრალდებებს ადასტურებს.   

კობა კობახიძის თქმით, ჩანაწერებში საუბარია ე.წ. კოკაინის საქმეზე. მისი ინფორმაციით,  აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით,  თანხებზე შეთანხმება ანასტასია ზაუტაშვილის დედასთან ხდებოდა. 

მანანა კობახიძე კობა კობახიძეზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 13:47
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ კობა კობახიძეზე ისაუბრა . მისი თქმით, ხშირად ხდება, როდესაც ადამიანები ცდილობენ საერთო გვარით მანიპულირებას. "არანაირი ნათესაური კავშირი ჩემსა და კობა კობახიძეს შორის არ არის. არის გვარი, რომელიც გვაერთიანებს. ალბათ ყველას გვყავს გვარში ადამიანები, რომლებიც შეიძლება მთლად ღირსეულები არ იყვნენ. ეს არ არის ჩვენი არჩევანი. ეს ადამიანი "ქართულ ოცნებაში" მუშაობდა, შემდეგ გაუჩნდა სურვილი და ამბიცია, რომ რაღაც თანამდებობაზე დანიშნულიყო - ეს იყო პროკურორის პოზიცია თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია, ის კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, აქტიურის იყო კომიტეტის სხდომებზე და რაღაც სკანდალივითაც მოაწყო. მას ჰქონდა პრეტენზია, რომ უნდა ყოფილიყო მაინცდამაინც ამ თანამდებობაზე. იმის გამო, რომ "ქართულმა ოცნებამ" ასეთი თანამდებობა ვერ შესთავაზა, არის განაწყენებული. იმის გამო, რომ რაღაც სამსახური ვერ მიიღო იმ პოლიტიკური აქტიურობის და საადვოკატო საქმიანობის გამო, რომელსაც "ქართულ ოცნებასთან" ახორციელდებდა 2012 წელს, არის ნაწყენი. 2012 წლის შემდეგ აქტიურად იყენებს პირადად ჩემს გვარსა და სახელს თავის კლიენტებთან ურთიერთობაში იმისთვის, რომ სარფიანად გაყიდოს თავისი საადვოკატო მომსახურება. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ და მოატყუებულები არიან", - განაცხადა მანანა კობახიძემ. ვიცე-სპიკერი მოუწოდებს პროკურატურას, შეისწავლოს კობა კობახიძის ქმედებები. "თუ ის თავის კლიენტებს სთავაზობდა გარკვეული სახის მომსახურებას და ამ დროს იყენებდა ჩემს სახელსა და გვარს, რომ რაღაც იურიდიული შედეგი დადგებოდა თითქოსდა ჩემი დახმარებით, შეწყალებულები იქნებოდნენ ეს თუ სხვა პირები, ეს ადამიანები არიან მსხვერპლნი და ალბათ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, იყენებდა თუ არა აქტიურად კობა კობახიძე ჩემს პოზიციას, ჩემს მდგომარეობას მის ე.წ. საადვოკატო საქმიანობაში, იყო თუ არა ბოროტად გამოყენებული ჩვენი საერთო გვარი", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

ე.წ კოკაინის საქმის ახალი სკანდალი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 11:18

ე.წ. კოკაინის საქმეში ბრალდებულების ყოფილი ადვოკატი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო უწყება მის მიერ შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებს. 

კობა კობახიძე თედო და მანანა კობახიძეების ნათესავს, ლევან ონიანს მის მიმართ მუქარაში ადანაშაულებს. 

ადვოკატის განცხადებით, ონიანის მიერ გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები სამართალდამცველებს წარუდგინა და სამმართველოში განცხადებაც დაწერა. 

გარდა ამისა, კობახიძე ონიანის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პროკურატურამ საქმის წარმოება მანანა კობახიძის ძმის, თედო კობახიძის გავლენით შეაჩერა. 

რაც შეეხება თავად თედო კობახიძეს, ის ადვოკატის ბრალდებებს არ პასუხობს.

"კოკაინის საქმე" და კობახიძეები

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2016 14:43

ვიცე სპიკერის მანან კობახიძის ძმა, თბილისის საკრებულოს წევრი ედო კობახიძე მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.
"სიცრუეც არ არის, ეს კიდევ სხვა რაღაცაა, ეს არის არასერიოზული კაცის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც არ ვიცი რას ემსახურება და ვისგან მოდის ეს დაკვეთები. რატომ დასჭირდა კობა კობახიძეს კობახიძეების გამოყენება და ვინ გამოიყენა კობახიძე კობახიძეების წინააღმდეგ, არ ვიცი. ალბათ ამ ოჯახსაც დიდად ვერ წაადგა, თუმცა რეკომენდაცია გავუწიე, რომ კობა კობახიძე ყოფილიყო მათი ადვოკატი. სამწუხაროდ, შევცდი. ეგეც არაფერია, ხდება და ეს ოჯახი ალბათ ამ შეცდომას როგორღაც გადააგორებს", - განაცხადა თედო კობახიძემ ადვოკათ კობა კობახიძის ბრალდების საპასუხოთ  ადვოკატმა კობა კობახიძემ, გადაცემა "არჩევანში" ე.წ. კოკაინის საქმეზე ისაუბრა, თუ როგორ გახდა ის ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი თედო და მანანა კობახიძის შუამდგომლობით. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მანანა და თედო კობახიძეების მითითებით, მან ანასტასია ზაუტაშვილსა და ამ საქმეზე სხვა ბრალდებულებს თითოს 75 ათასი ევრო მოსთხოვა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური