შსს-მ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ”კოკაინის”, ”ჰეროინის” და ”სუბუტექსის” გავრცელება აღკვეთა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 21 თებერვალი 2019 13:54

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას. გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პოლიციის მიერ ბოლო პერიოდში აღკვეთილი, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონო შემოტანის, შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქობულეთში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღო.

სამართალდამცველებმა 1978 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ა.ჯ. და 1994 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე - ნ.კ. დააკავეს, რომლებსაც დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ, თურქეთის მოქალაქის პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ნარკოტიკი ბრაზილიიდან ნ.კ.-ს სახელზე ამანათით გამოიგზავნა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.ვ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალების 274 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გარდა ამისა, პოლიციამ, საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობით, თბილისში დააკავა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები - წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი 2 პირი - დ.კ. და ზ.შ., რომლებმაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება იტალიიდან საქართველოში, საფოსტო გზავნილის სახით გამოგზავნეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, იტალიაში ველოსიპედი შეიძინეს, მასში სპეციალურად მოწყობილ სამალავში ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ მოათავსეს და ფოსტის მეშვეობით საქართველოში გამოგზავნეს. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის - დ.კ.-ს დაკავებისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ფოსტიდან ახლად გამოტანილი ველოსიპედი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 268 აბი და 10 ნატეხი იყო მოთავსებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, ასევე, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვისთვის კიდევ ერთი პირი დააკავა. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსთავში დაკავებულია 1996 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე - გ.ჯ. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 48 შეკვრად დაფასოებული და ასევე, დასაფასოებლად გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ე.წ. კოკაინის საქმეზე პროკურატურის განცხადება ვრცელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 მარტი 2016 18:46

ალეკო ელისაშვილის საქმის გამოძიება დასრულლდა. - პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით კორუფციის ფაქტი არ დასტურდება.

უწყებამ ე.წ. კოკაინის საქმეზე განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა, რომელსაც "ნიუსდეი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ე.წ. ,,კოკაინის საქმეზე“ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ ფაქტზე, რაც ჩატარებული გამოძიებით არ იქნა დადასტურებული. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზეგავლენით ვაჭრობის ნიშნებით გამოძიება 2015 წლის 8 დეკემბერს დაიწყო  საქართველოს სსკ-ის 3391-ე მუხლის მეორე ნაწილით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, რომლის თანახმადაც, შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, მას მობილურ ტელეფონზე სისტემატიურად უკავშირდებოდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, უგზავნიდნენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, გამოხატავდნენ არაჯანსაღ დაინტერესებას და მისგან მოითხოვდნენ ე.წ. „კოკაინის საქმეზე’’ მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხის დადებითად გადაწყვეტას. შემდგომში, საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ალექსანდრე ელისაშვილმა დააკონკრეტა, რომ ეს პოლიტიკოსები არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - მანანა კობახიძე და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია. ამასთან, ალექსანდრე ელისაშვილი მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში საუბრობდა ერთ-ერთი თანამდებობის პირის შესახებაც, რომლისგანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ იმავე პოლიტიკოსებს მსჯავრდებულთა შეწყალების სანაცვლოდ წინასწარ ქრთამის სახით მიღებული ჰქონდათ 200 000 აშშ დოლარი, ხოლო საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საერთო ჯამში მიიღებდნენ მილიონ-ნახევარ აშშ დოლარს. მისივე განცხადებით, იგი გამოძიებას დაუსახელებდა ამ თანამდებობის პირის ვინაობას. 
მედია საშუალებებში გაკეთებული მისი ასეთი განცხადებების შემდეგ, გამოძიებას ჰქონდა მოლოდინი, რომ ალექსანდრე ელისაშვილი სრულად ითანამშრომლებდა და ხელს შეუწყობდა საქმის გამოძიებას, მაგრამ საგამოძიებო ორგანოში მისი ოთხჯერ დაკითხვის მიუხედავად, მან კორუფციული ფაქტის შესახებ არსებული ინფორმაციის წყაროს დასახელებაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ ხსენებული ინფორმაცია მიღებული ჰქონდა როგორც ჟურნალისტს, რაც მას ათავისუფლებდა ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან, შესაბამისად მან გამოძიებას არ გაუმხილა იმ თანამდებობის პირის ვინაობა, რომელმაც მისი გადმოცემით იცოდა ხსენებული კორუფციული გარიგების შესახებ. (იხ. ა.ელისაშვილის ჩვენება №1; იხ. ა.ელისაშვილის ჩვენება №2; იხ. ა.ელისაშვილის ჩვენება №3; იხ. ა.ელისაშვილის ჩვენება №4; იხ.ზ.ქორიძის ჩვენება №1; იხ. ზ.ქორიძის ჩვენება №2).
საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარების და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ დასახელებული ფაქტების გადამოწმების მიზნით, გამოძიება  ინტენსიურ რეჟიმში წარიმართა, ჩატარდა ასზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მოწმის სახით დაიკითხა 47 პირი, მათ შორის დაიკითხნენ  შეწყალების საკითხთა კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, კომისიის წევრი ეკა გიგაური, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი იქნა მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეები და მასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა  ე.წ. „კოკაინის“ საქმეზე მსჯავრდებულებთან ვიზიტორების შესახებ ინფორმაცია, დათვალიერდა მედია საშუალებებში გავრცელებული სიუჟეტები და ჩატარდა სხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები. ასევე გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა ე.წ. „კოკაინის საქმეზე“ მსჯავრდებული პირები, მათი ოჯახის წევრები, ადვოკატები, პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - მანანა კობახიძე და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია. დასახელებულმა პირებმა მათ მიერ მიცემულ ჩვენებებში კატეგორიულად უარყვეს რაიმე სახის კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის ფაქტი. (იხ. ე.ბესელიას დაკითხვის ოქმიიხ. მ.კობახიძის დაკითხვის ოქმიიხ. ჟ.მ.-ს დაკითხვის ოქმიიხ. ე.მ.-ს დაკითხვის ოქმიიხ. ა.ზ.-ს დაკითხვის ოქმი).
გარდა ამისა, ალექსანდრე ელისაშვილმა გამოძიებას წარმოუდგინა მობილური ტელეფონი, რომელშიც მისი მტკიცებით ინახებოდა პოლიტიკოსებისგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები. 
ალექსანდრე ელისაშვილის მონაწილეობით მოხდა მისი მობილური ტელეფონის დათვალიერება, სადაც არ აღმოჩნდა მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას კუთვნილი ტელეფონის სააბონენტო ნომრიდან განხორციელებული ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რასთან დაკავშირებითაც მან განმარტა, რომ მანანა კობახიძის და ეკა ბესელიას მოკლე ტექსტური შეტყობინებები ელექტრონული ან არაელექტრონული ფორმით ცალკე არ შეუნახავს, რამაც წარმოშვა მობილური ტელეფონის მეხსიერებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებების აღდგენის მიზნით ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა.(იხ. მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი). 
ამ მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა კომპიუტერული ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონის მეხსიერებაში არ დაფიქსირდა ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის სატელეფონო ნომრებთან განხორციელებული ზარები და მიმოწერა. 
ექსპერტიზით ასევე დადგინდა, რომ წარმოდგენილ მობილურ ტელეფონს არ გააჩნია მოკლე ტექსტური შეტყობინებების ავტომატურ რეჟიმში წაშლის ფუნქცია. გამოკვლევის მომენტისთვის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა 1596 მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელსაც ტელეფონის შიდა მეხსიერებიდან დაკავებული ჰქონდა 7,5 მეგაბაიტი, ხოლო გამოკვლევის მომენტისთვის ტელეფონის შიდა მეხსიერებიდან თავისუფალი იყო 131 მეგაბაიტი, რაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესანახად. აქედან გამომდინარე, ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ წარმოდგენილ მობილურ ტელეფონში რომელიმე მოკლე ტექსტური შეტყობინების არარსებობა შესაძლებელია  გამოწვეული იყოს მხოლოდ მომხმარებლის მიერ  მისი მექანიკური წაშლით.  რაც შეეხება წაშლილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების აღდგენას, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელთ არსებული ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით, გამოსაკვლევი ტელეფონის მეხსიერებიდან ინფორმაციის აღდგენა ვერ განხორციელდა. 
აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტიზის ბიურომ დახმარებისთვის მიმართა მობილური ტელეფონებიდან წაშლილი ინფრომაციის აღმდგენი მოწყობილობების მწარმოებელ მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ შვედურ კომპანია ,,MSAB“-ს (კომპანია დაფუძნებულია 1984 წელს; ოფიციალური ვებ-გვერდი www.msab.com), თუმცა თავად მწარმოებელ კომპანიასაც კი არ აღმოაჩნდა გამოსაკვლევად წარმოდგენილი მოდელის მობილური ტელეფონიდან წაშლილი ინფრომაციის აღდგენისთვის საჭირო მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფა. (იხ. კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა N1; იხ. ექსპერტ გ.შარაბიძის დაკითხვის ოქმი).
გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, კომპიუტერული ექსპერტიზა ასევე ჩატარებული იქნა შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სადაც ასევე ვერ მოხერხდა მობილური ტელეფონის მეხსიერებიდან წაშლილი ინფორმაციის აღდგენა, ამ მოდელის ტელეფონისთვის განკუთვნილი სათანადო პროგრამულ-ტექნიკური საშუალებების არარსებობის გამო. (იხ. კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა N2
იმის გათვალისწინებით, რომ ალექსანდრე ელისაშვილის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონიდან ვერ განხორციელდა წაშლილი ინფორმაციის აღდგენა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მანანა კობახიძის თანხმობით ჩატარდა 2013-2014 წლებში მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის კომპიუტერული ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, მობილური ტელეფონის მეხსიერებაში არ ფიქსირდება ალექსანდრე ელისაშვილის სააბონენტო ნომერთან განხორციელებული სატელეფონო ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები. რაც შეეხება წაშლილ სატელეფონო ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, მობილური ტელეფონის მეხსიერებიდან ვერ იქნა აღდგენილი ალექსანდრე ელისაშვილის სააბონენტო ნომერთან სატელეფონო კავშირის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით. (იხ. კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა N3). ასევე, ალექსანდრე ელისაშვილის მონაწილეობით დათვალიერდა, მის მიერვე წარმოდგენილი საკუთარი სააბონენტო ნომრის სატელეფონო ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ნუსხა. დათვალიერებით დადგინდა, რომ ა. ელისაშვილის თავმჯდომარეობით ჩატარებული შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომების წინ მისი მობილური ტელეფონის ნომერზე საერთოდ არ ფიქსირდება ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის სატელეფონო ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები.    
ნუსხის მიხედვით, ალექსანდრე ელისაშვილის სააბონენტო ნომერზე მანანა კობახიძის მოკლე ტექსტური შეტყობინება ფიქსირდება მხოლოდ 2014 წლის 30 აპრილს, მაშინ, როდესაც 2014 წლის 28 აპრილიდან ალექსანდრე ელისაშვილს შეწყვეტილი ჰქონდა შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, ხოლო მისი კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების შესახებ ბოლო განკარგულება გამოცემული იყო 2014 წლის 17 აპრილს. (იხ. სატელეფონო ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ნუსხის დათვალიერების ოქმი; იხ. პრეზიდენტის ბრძანებულება).
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საჯარო განცხადებების გაკეთებამდე ალექსანდრე ელისაშვილმა 2014-2015 წლებში 12-ჯერ მიმართა წერილობით საქართველოს მთავარ პროკურატურას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა არცერთხელ არ შეუტყობინებია ინფორმაცია მასზე განხორციელებული ზეწოლისა და შეწყალების საკითხებთან დაკავშირებული კორუფციული გარიგებების შესახებ. 
ამრიგად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა ე.წ. „კოკაინის საქმეზე’’ მსჯავრდებულ პირებსა და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ დასახელებულ პოლიტიკოსებს შორის შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით კორუფციული გარიგების ფაქტი, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე შეწყვიტა გამოძიება."

ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების ინტერესებს ორი ახალი ადვოკატი დაიცავს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 12:17

ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების ინტერესებს ალეკო ელისაშვილის დახმარებით ორი ახალი ადვოკატი დაიცავს. ამის შესახებ  ამ საქმეში მსჯავრდებულის ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განაცხადა. ნიკოლაძის თქმით 

 ანასტასია ზაუტაშვილს ალეკო ელისაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში გამართულ შეხვედრაზე დაპირდა, რომ მსჯავრდებულების განცხადების საფუძველზე დაწყებული საქმეების გამოძიებაში დაეხმარებოდა. 

"შეხვედრა შედგა საპატიმრო პირობებში. ამ შეხვედრაზე ბატონმა ელისაშვილმა როდესაც მოისმინა ქალბატონი ანასტასიასგან საქმეების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, გამოთქვა სურვილი დახმარებოდა ამ თუ იმ ფორმით, რომ მიღწეულიყო შედეგი. ეს დახმარება იმაში აისახა, რომ მისი ნდობით აღჭურვილი ადვოკატები ჩაერთვენენ ამ საქმეში და ერთობლივი კოორდინაციით გავაგრძელებთ მსჯავრდებულების ინტერესების დაცვას", - განაცხადა ნიკოლაძემ. 

მისივე თქმით, ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები  სხეულის თვითდაზიანებებით იმუქრებიან თუ მათი ცემა-წამებისა და სხვა მიმართულებებით დაწყებული გამოძიება ეფექტურად არ წარიმართება და დამნაშავეები არ დაისჯებიან. 


"აღძრულია 4 სისხლის სამართლის საქმე – პატიმართა ცემა-წამების, მოწმეთა ცემა-წამების, თანხების მითვისების და სხვა ფაქტებზე. დღემდე განვლილმა პერიოდმა ცხადყო, რომ არც ერთ საქმეზე პროკურატურა არ აპირებს არანაირი შედეგის დაყენებას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეფექტური საგამოძიებო მოქმედებებიც არ მიმდინარეობს. მე დამიკავშირდნენ მსჯავრდებულები და მითხრეს, რომ ისინი აპირებენ მიმართონ პროტესტის უკიდურეს ზომას – სხეულის დაზიანებას. თუ პროკურატურა აღნიშნულ პირებს არ ცნობს დაზარალებულებად, თუ პროკურატურა არ მოგვცემს საშუალებას გვქონდეს წვდომა საქმის მასალებზე, თუ პროკურატურა დამნაშავეებს არ მისცემს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მსჯავრდებულები აპირებენ მიმართონ პროტესტის ამ უკიდურეს ზომას", - განაცხადა ნიკოლაძემ. 

ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი ელისაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 იანვარი 2016 17:45

ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი მედიაში გავრცელებულ  ინფორმაციას ეხმაურება, როგორც ნიკოლაძე ამბობს, ალეკო ელისაშვილი ნაციონალურ მოძრაობის ინტერესებით მოქმედებს და ამით ცდილობს არსებული ვითარების გადაფარვას.

მირიან ნიკოლაძის განცხადებით ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის ფულის აღების თაობაზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, სწორედ ამის გამო მედიაში არარეალური ინფორმაცია ვრცელდება. ნიკოლაძე ინფორმაციის გამავრცელებლების დადგენას ითხოვს.

„ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლავთ მოცემულ შემთხვევაში ალეკო ელისაშვილი და ეს არის საერთო ხელწერა. ჩანაწერის გავრცელებას აქვს ძალიან კონკრეტული მიზანი. აღმოჩნდა, რომ ელისაშვილმა ვერც მესიჯები წარადგინა, სავარაუდოდ თავისივე წაშლილები. ელისაშვილმა ვერ დაუსახელა ლეგენდარული და მისტიური მოწმე გამოძიებას და შესაბამისად ვერანაირი მტკიცებულება ვერ მიაწოდა პროკურატურას. ახლა ეს უნდა გადაიფაროს რაღაცით,“ - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, რომ ქართული გაზეთის დღევანდელი მასალის თანახმად ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილის შვილი, ლაშა ორბელაძე, რომელიც ამჟამად ბელორუსში იმყოფება, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის ქრთამის გადახდას ადასტურებს და ასევე მიუთითებს თანხის დაახლოებით ოდენობას. სტატიაში ნათქვამია, რომ არსებობს მიმოწერის ამსახველი ფოტო მასალაც, რომელიც გაზეთს ლაშა ორბელაძესთან პირად ურთიერთობაში მყოფმა პირმა გადასცა.

პირადად,ლაშა ორბელიძე ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს,რომ მიმოწერა, რომლითაც თითქოს მტკიცდება უმრავლესობის დეპუტატების მიერ ფულის აღების ფაქტი მას არ ეკუთვნის და ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძესთან ფულზე საუბარი არასდროს ქონია. 

ბრიტანეთის სანაპიროსთან გემში 2 ტონაზე მეტი კოკაინი აღმოაჩინეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 11:32

კოკაინის დიდი პარტია დააკავეს ბრიტანეთის სანაპიროსთან. სპეცოპერაცია საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველებმა ერთობლივად ჩაატარეს. 2 ათას 400 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ღირებულება 50 მილიონი ევროა, გემზე იპოვეს.

ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი ფრეგატი Carib Palm კოლუმბიიდან პოლონეთის ქალაქ გდანსკში მიცურავდა. ის ლა მანშის სრუტეში გააჩერეს და მულონის პორტში გადაიყვანეს.

ეკიპაჟის 12-ვე დაკავებულ წევრს საფრანგეთში გაასამართლებენ. ქართველების გარდა, მათ შორის თურქეთის და უკრაინის მოქალაქეებიც არიან.

კახი მამულაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 12:40

ნარკოდანაშაულში ბრალდებულის, კახი მამულაშვილის („მამულიჩას“) სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს 15:00 საათზეა ჩანიშნული.

კახი მამულაშვილის ადვოკატის გიორგი ბეგიაშვილის განცხადებით, ბრალდებული თბილისში არ იმყოფება და პროცესზე ვერ გამოცხადდება, რის გამოც, ადვოკატის თქმით, სავარაუდოდ, პროცესი გადაიდება.

მამულაშვილი 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მიმდინარე წლის 9 სექტემბერს გაათავისუფლეს.

ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა სასამართლოში 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მისი ახლობლები და მეგობრები მე-12 დარბაზთან პროცესის დაწყებას თითქმის ერთი საათი ელოდებოდნენ.

ცოტა ხანში, პროკურორი მოსამართლის თანაშემწესთან მივიდა, რის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან თანაშემწე გავიდა და განმარტება არ გაუკეთებია, როდის დაიწყებოდა პროცესი.

მოგვიანებით გაირკვა, რომ კახი მამულაშვილი მეორე სართულზე, მე-18 დარბაზიდან ისე გაათავისუფლეს, რომ მედიის არც ერთ წარმომადგენელს მის პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა.

მამულაშვილის გათავისუფლების შესახებ ჟურნალისტებმა მას შემდეგ გაიგეს, რაც „მამულიჩამ“ სასამართლოს შენობა დატოვა.

კახი მამულაშვილი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 18 ივლისს დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0,2048 გრ.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტიც დაუდგინდა.

შსს-მ 187 აბი „ექსტაზი“ და კოკაინი ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2015 11:47

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში მცხოვრები, 1987 წელს დაბადებული ნათია შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 187 აბი „ექსტაზი“ და 0,04218 გრ კოკაინი ამოიღეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, 166 აბი 7,2303 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს, ხოლო 21 აბი 0,10489 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ამფეტამინს და 0,0524 გრ მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური