კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია

გამოქვეყნებულია კულტურა
კვირა, 10 დეკემბერი 2017 15:30

დღეს კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია, სადაც გამოვლინდა ფესტივალის გამარჯვებული ფილმები.

საერთაშორისო კონკურს აფასებდა ჟიური ხუთი წევრის შემადგენლობით. ჟიურის თავმჯდომარედ მოწვეული იყო ბრიტანელი რეჟისორი უბერტო პაზოლინი. ჟიურის დანარჩენი წევრები იყვნენ: ამერიკელი კინოკრიტიკოსი, სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი მარინა აჟაჟა, სერბი რეჟისორი სრჯან დრაგოევიჩი, ფრანგი მსახიობი სტეფან რიდო და ქართველი ლიტერატურათმცოდნე და მსახიობი ლაშა ბაქრაძე.

საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები არიან:

"ოქროს პრომეთე" (საუკეთესო ფილმი) - "ყორნები" (შვედეთი, 2017), რეჟისორი: იენს ასური.

"ვერცხლის პრომეთე" (საუკეთესო რეჟისურა) - "არშიყი" (დანია, შვედეთი, საფრანგეთი, 2017), რეჟისორი: მილად ალამი.

ჟიურის სპეციალური პრიზი - განსაკუთრებული აღნიშვნა გადასცა ანა ურუშაძეს ფილმისთვის "საშიში დედა" (საქართველო, ესტონეთი, 2017) და მათან იაირის ფილმისთვის "ხარაჩოები" (ისრაელი, პოლონეთი, 2017).


რაც შეეხება სექციას "ქართული პანორამა", აქ წარმოდგენილი იყო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს ჟიურის წევრებმა: გერმანელმა კინომცოდნეებმა ერიკა და ულრიხ გრეგორებმა და ბრიტანელმა კინოკრიტიკოსმა კარმენ გრეიმ.

"ქართული პანორამის" გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი - "საშიში დედა", რეჟისორი ანა ურუშაძე (საქართველო, ესტონეთი, 2017).

საუკეთესო დოკუმენტური ქართული ფილმი - "მზის ქალაქი", რეჟისორი რატი ონელი (საქართველო/აშშ/ყატარი/ნიდერლანდები, 2017).

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი - "ანა", რეჟისორი მარგო ზუბაშვილი (საქართველო, 2017).

ჟიურის სპეციალური პრიზი - "თევზაობა", რეჟისორი თორნიკე ბზიავა (საქართველო/საფრანგეთი, 2017).


ამას გარდა, წელს პირველად "ევროკავშირმა საქართველოსთვის" დააწესა სპეციალური პრიზი, რომელიც გადაეცა ადამიანის უფლებებზე გადაღებულ საუკეთესო ფილმს საერთაშორისო საკონკურსო პროგრამიდან. მათი გამარჯვებული გახდა "არშიყი" (დანია, შვედეთი, საფრანგეთი, 2017), რეჟისორი: მილად ალამი.


ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ინდუსტრიული დღეები, რომელმაც დაინტერესებულ აუდიტორიას მრავალი საინტერესო მასტერკლასი, ვორქშოფი და პიჩინგი შესთავაზა.

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პიჩინგ ფორუმის გამარჯვებული გახდა - ელენე მიქაბერიძე და ალექსანდრე შერვაშიძის პროექტი "თავის-უფალი".

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პიჩინგ ფორუმის გამარჯვებული გახდა გიგიშა აბაშიძის და ლაშა ხალვაშის პროექტი "უხერხემლო".

პიჩინგ ფორუმის გამარჯვებულებისთვის პრიზი დააწესა "ქართული ფილმის განვითარების ფონდმა" და გამარჯვებულებს გადასცა ფულადი პრიზები 3000 ლარი (მოკლემეტრაჟიანი) და 5000 ლარი (სრულმეტრაჟიანი).

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა ზაზა ხალვაშის ქართული პრემიერით, ფილმით - "ნამე".

ფოტო: ნინო კანკავა

თბილისი მშვიდობის თემაზე შექმნილ ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 12:03

21 მაისს კინოთეატრი ,,ამირანი’’ მშვიდობის თემაზე მიძღვნილ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივლის ფარგლებში, კინოხელოვნებს საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან მიეცემათ შესაძლებლობა წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები. ფესტივალი სამხრეთ კორეული სამშვიდობო ორგანიზაცია – HWPL-ის ეგიდით ტარდება.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივლის საორგანიაციო ჯგუფის ხელმძღვანელის მარიამ ბოლქვაძის განცხადებით, ,,მთავარია საზოგადოებამ დაინახოს თუ რას ნიშნავს და როგორ ესმით სიტყვა – მშვიდობა.  ხელოვნებას შესწევს ძალა ჩაუყაროს საფუძველი მშვიდობიან დიალოგს და დაანახოს ხალხს თუ რაოდენ მარტივია, სურვილის შემთხვევაში, მწვავე საკითხების გადაჭრაც კი. ჩვენ კი გვჯერავს რომ საქართველოში და არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, აუცილებელია მსგავსი კულტურული ღონისძიების რეგულარულად გამართვა“, - დასძინა მარიამ ბოლქვაძემ.
ფილმების მიღება უკვე დაწყებულია და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კონკურსანტებმა მშვიდობის თემაზე 3-დან 5 წუთამდე ხანგრძლივობის საავტორო ნამუშევარი აპრილის ბოლომდე უნდა წარადგინონ. გამარჯვებული კი სამ ნომინაციაში გამოვლინდება – საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო რეჟისორი. საპრიზო ადგილზე გასულ გამარჯვებულებს  ფულადი პრემია, ფესტივლის სიმბოლოები და სხვა მრავალი პრიზი გადაეცემათ.
ფესტივალისთვის შესარჩევ გამარჯვებულ ფილმებს ცნობილი ხელოვანებით დაკომპლექტებული ჟიური შეარჩევს.
არასამთავრობო ორგანიზაცია HWPL მთელი მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობისათვის, ყველა ეროვნების ადამიანებს, სხვადასხვა ერების ლიდერებსა და რელიგიურ წარმომადგენლებს აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანია - კონფლიქტებისა და ომის აღმოფხვრა იარაღის გარეშე. ამ მისიის გასავრცელებლად წელს სექტმბერში, სეულში, სამხრეთ კორეის დედაქალაქში, გაიმართა მსოფლიო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა 64 ქვეყნის 300-მდე ლიდერმა მიიღო. დღეისათვის ორგანიზაციის წევრები გახლავთ 30 000 ახალგაზრდა მსოფლიოს 130 ქვყნიდან.

9-18 მარტს საქართველოში ევროკავშირის კინოფესტივალი გაიმართება

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 08 მარტი 2016 14:23

9 მარტს, ოთხშაბათს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროკავშირის წევრი ქვეყნები გახსნიან ევროკავშირის 2016 წლის კინოფესტივალს „გარდამტეხი მომენტები“. 9-18 მარტამდე, 10 დღის განმავლობაში გაიმართება ძველი და ახალი ფილმების ჩვენება საქართველოს 5 ქალაქში. წლევანდელი კინოფესტივალი მოიცავს თბილისს, ქუთაისს, რუსთავს, ბოლნისსა და მესტიას.
კინოფესტივალისთვის „გარდამტეხი მომენტები“ ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა შეარჩიეს სხვადასხვა დროს გადაღებული 17 ფილმი. არჩევანი გათვლილია ყველანაირი გემოვნების მაყურებელზე და ამოცანად აქვს, წარმოუდგინოს ქართულ აუდიტორიას ევროპული კინოს ისტორიული მრავალფეროვნება და თანამედროვე ტენდენციები.
კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართება ოთხშაბათს, 9 მარტს, 19 საათზე. მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ.36, კინოთეატრი „ამირანი“.
კინოფესტივალს „გარდამტეხი მომენტები“ გახსნიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და ბელგიის სამეფოს ელჩი კარინ პეტი. ღონისძიების დასრულების შემდეგ, მედიისა და სტუმრებისთვის გაიმართება საზეიმო მიღება.
ფილმების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ  www.eufilm.ge

"დამიბრუნე ჩემი სიყვარული"-სერიალის გმირი,მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო საქართველოს ეწვევა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 12:58

სტანისლავ ბონდარენკო ქართველმა მაყურებელმა რუსული სერიალიდან „დამიბრუნე ჩემი სიყვარული“ გაიცნო. სერიალი წარმატებული გამოდგა და ქართველმა მაყურებელმაც აიტაცა, „ვლადის“ პერსონაჟმა კი ქართველი გოგონებისა და ქალების გული მალევე დაიპყრო. რუსეთში მოღვაწე, უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო საქართველოში ჩამოდის. ქართველი ქალების გულთამპყრობელი თბილისს 9 მარტს ეწვევა. მისი ვიზიტი ქველმოქმედებას უკავშირდება. ყველაფერი კი ასე დაიწყო. ორმა გოგონამ, ელენე თარგამაძემ და ნათია ქარდავამ სოციალური ქსელიდან შეიტყვეს, რომ 17 წლის მიხეილ სხვიტარიძეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და დახმარება ესაჭიროებოდა. გოგონებმა არჩევანი სტანისლავ ბონდარენკოზე გააკეთეს და მას დაუკავშირდნენ.მსახიობს შეთავაზეს ახალგაზრდა ბიჭის დასახმარებლად თბილისში ჩამოსულიყო. სტანისლავმა კი სიამოვნებით მიიღო წინადადება და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დათანხმდა წინადადებას. 

“კინო სკოლაში”დასკვნითი ღონისძიება ფილარმონიაში გაიმართა

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 11:13

პროექტის – „კინო სკოლაში” სეზონის დახურვა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დასკვნითი ღონისძიებით აღინიშნა. სეზონის დახურვას საქართველოს ყველა რეგიონიდან 2000-მდე კინოსკოლელი დაესწრო. ღონისძიება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 6 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართა.
„კინო სკოლაში” ეროვნული კინოცენტრის პროექტია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კინოჩვენებებისა და დისკუსიების გარდა, პროექტის ფარგლებში კინოსკოლელების მიერ 150 კინოპოსტერი შეიქმნა. საუკეთესო 10 ნამუშევარი პროფესიონალების მიერ გამოვლინდა. გამარჯვებული „კინოსკოლელები“ საქართველოს 10 რეგიონიდან მათივე რეგიონების წარმომადგენლებმა სამახსოვრო საჩუქრებით ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე დააჯილდოვეს. პროექტში მონაწილე სკოლებს კი სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. ღონიძიებაზე ასევე შედგა „კინოსკოლელების“ მიერ გადაღებული სასწავლო ფილმებისა და ქართველი პროფესიონალი რეჟისორების – დათა ფირცხალავას, ტატო კოტეტიშილის, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება.
პროექტი „კინო სკოლაში” 2014 წელს დაიწყო და თავდაპირველად საქართველოს 5 რეგიონის 40 სკოლა მოიცვა. ამჟამინდელი მონაცემებით კიპროექტში ჩართულია საქართველოს ყველა რეგიონი, 207 სკოლა, 120 სოფელი, მათ შორის საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლები. ისეთები როგორიცაა: შუაფხო, ღები, განმუხური, კოკი, რუხი, პანკისის ხეობა, ერგნეთი, კნოლევი… „კინო სკოლაში” ახალ სეზონს 2016 წლის მარტში დაიწყებს.

თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბერს გაიხსნება

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 13:18

 30 ნოემბერს 19:30 საათზე კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი ლევან თუთბერიძის “მოირას” პრემიერით გაიხსნება. ფილმი ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებ ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. ციხიდან გამოსული მამუკა ცდილობს ოჯახის სიღარიბისგან დაიხსნას. მისი დედა საზღვარგარეთ მუშაობს. მამა ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. უმუშევარ ძმას კი კრიმინალებთან აქვს კავშირები. მამუკა ნასესხები ფულით ყიდულობს პატარა სათევზაო გემს. თუმცა ბედი შეუბრალებელი აღმოჩნდება.
ფესტივალის გახსნას, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია,პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და თბილისში კინოფესტივალზე მოწვეული უცხოელი კინემატოგრაფები დაესწრებიან.
თბილისის მ-16 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ქალთა უფლებებისა და გენდერული დემოკრატიის განვითარებას ეძღვნება. “ქალთახედვა “ სექციის ფარგლებში მოეწყობა ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება.  ქალი რეჟისორების ნამუშევრები ფესტივალის წლევანდელი გამოშვების სხვა სექციების ფოკუსშიც იქნება. ფესტივალის წლევანდელი რჩეული ფერიც იასამნისფერია, რაც ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო კამპანიის სიმბოლოა.კინოჩვენებების გარდა, მოეწყობა დისკუსიები ადგილობრივი და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან მოწვეული მომხსენებლების მონაწილეობით ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და ქალის, როგორც საზოგადოებრივად აქტიური ფიგურის საკითხის გარშემო.
თბილისის კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობს ევროპელი კინორეჟისორების 9  სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ან მეორე მხატვრული ფილმი. ტრადიციულად საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისურა  ვერცხლის პრომეთეებით დაჯილდოვდებიან.
საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს. ჟიურის თავმჯდომარე ბრიტანელი რეჟისორი მარტა ფაენსია. მხატვრული ფილმის “ონეგინის” რეჟისორი, რომელშიც მთავარ როლებს ლივ ტაილერი და რეჟისორის ძმა რალფ ფაინსი ასრულებენ.
წელს მესამედ გაიმართება ეროვნულ კონკურსი, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში ტარდება, და მასში წინა წლებისგან გნსხვავებით სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები მიიღებენ მონაწილეობს. შესაბამისად  გამარჯვებულები 3 ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ჟიურის წევრები: კინომცოდნე და კრიტიკოსი ულრიხ გრეგორი, კინომცოდნე ერიკა გრეგორი და კინოკრიტიკოსი ხოსეინ ეიდიზადე.
თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალს 5 დეკემბერს დიტო ცინცაძის ფილმი “ბედნიერების ღმერთი” დახურავს.  ფესტივალის მხარდამჭერები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.ფესტივალის გენერალური სპონსორი - აჭარანეტი.

საერთაშორისო კინოფესტივალი „ჯიფონი საქართველო“ გაიხსნა

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 16:51

16 ოქტომბერს,  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საერთაშორისო კინოფესტივალი „ჯიფონი საქართველო“ გაიხსნა. ფესტივალი ოფიციალურად გახსნეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ და „ჯიფონის“ წარმომადგენელმა საქართველოში მარკო ჩეზარომ. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ იტალიის ელჩი საქართველოში - ანტონიო ენრიკო ბარტოლი და ფესტივალის უცხოელი წარმომადგენლები.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 16-19 ოქტომბერს, თბილისი პირველად მასპინძლობს, საერთაშორისო კინოფესტივალს „ჯიფონი საქართველო“. ფესტივალში მონაწილეობს 13-დან 18 წლამდე ასაკის 500-მდე ახალგაზრდა საქართველოდან, იტალიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ხორვატიიდან. თბილისს ასევე ეწვევიან მოზარდები საქართველოს საზღვრისპირა რეგიონიდან - პანკისის ხეობიდან და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან - ნიქოზიდან და ერგნეთიდან.
4 დღის განმავლობაში ბავშვებისთვის მოეწყობა კინოჩვენებები და გაიმართება დისკუსიები ინგლისურ ენაზე. ახალგაზრდები ფილმის შესახებ იმსჯელებენ და საკუთარ აზრს გაუზიარებენ ერთმანეთს.
 საერთაშორისო ფესტივალის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ანსამბლ „სუხიშვილების“ მასტერკლასი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრის წარმოდგენა, ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?“ და სხვა. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გაეცნონ კომპიუტერული თამაშებისა და ფოტოგრაფიის შექმნის ისტორიას, ასევე მონაწილეობა მიიღონ ხატვის, ანიმაციისა და კადრირების  ვორკშოპებში.
ფესტივალის ფარგლებში მოწვეული სტუმრები  წაიკითხავენ ლექციებს სხვადასხვა თემაზე -ლევან ბერძენიშვილი ისაუბრებს კინოსა და ლიტერატურაზე, მიშა მდინარაძე - კინომუსიკაზე, რატი ამაღლობელი - პოეზიაზე, ზაზა აბაშიძე ისტორიის ცნობილ და უცნობ პირებზე, ხოლო გურამ წიბახაშვილი ახალგაზრდებს ფოტოხელოვნებას გააცნობს.
 ფესტივალის სპეციალური სტუმრები იქნებიან ოსკარზე ნომინირებული რეჟისორი ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი, კახი კავსაძე, ნინო კასრაძე და სხვა ცნობილი ქართველი მსახიობები

ვენეციის კინოფესტივლის საუკეთესო ფილმი „Desde alla“ გახდა

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ორშაბათი, 14 სექტემბერი 2015 14:57

ვენეციაში დასრულდა რიგით 72-ე ვენეციის კინოფესტივალი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.
72-ე ვენეციის კინოფესტივლის საუკეთესო ფილმად ჟიურის მიერ დასახელდა ვენესუელელი რეჟისორის ლორენცო ბიგასას მიერ გადაღებული ფილმი „Desde alla“.
„ვერცხლის ლომი“ საუკეთესო რეჟისურისათვის გადაეცა არგენტინელ პაბლო ტრალეროს ფილმს „კლანი“. ხოლო ფესტივლის სპეციალური გრან-პრი წილად ხვდა ჩარლი კაუფმანისა და დიუკ ჯონსონის ფილმს „ანომალიზმი“.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური