კოვიდ-19-ით უფრო მეტად D ვიტამინის ნაკლებ მქონენი ინფიცირდებიან
კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების დაახლოებით 80%-ში D ვიტამინის უკმარისობა გამოვლინდა. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" წერს.
მათი ინფორმაციით, ესპანეთში ჩატარებულმა კვლევამ, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდა ჟურნალში "Journal of Clinical Endocrinology & Metabolism", კიდევ ერთხელ გამოავლინა კავშირი D ვიტამინის უკმარისობასა და კოვიდ-19-ს შორის. დაფიქსირდა, რომ კვლევის ფარგლებში გამოვლენილი 216 კოვიდ-19 პაციენტის 80 პროცენტი, D ვიტამინის ნაკლებობას განიცდიდა და ეს უფრო მეტად გამოხატული იყო მამაკაცებში.
ამ კვლევითი ჯგუფის წევრის, კანდაბრიას უნივერსიტეტის დოქტორის, ხოს ჰერნანდესის განცხადებით, ”კოვიდ-19 პაციენტებს, რომლებსაც სისხლში D ვიტამინის ნაკლებობა აქვთ, უნდა ვურჩიოთ ვიტამინი D მიიღონ, რადგან იგი, სასარგებლო გავლენას მოახდენს როგორც კუნთებზე, ასევე ძვლებზე და იმუნურ სისტემაზე“. როგორც ამბობენ, D ვიტამინი ხელს უწყობს იმუნურ სისტემას იმ ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა გაციება და გრიპი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არსებობს ძლიერი კავშირი D ვიტამინის უკმარისობასა და კოვიდ-19–ით გარდაცვლილთა შორის.