მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას მსოფლიო ბანკის ჯგუფი დადებითად აფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 აპრილი 2016 13:22

მსოფლიო ბანკის ჯგუფი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას მიესალმება, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საუბრის ძირითადი თემა იყო საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის პარტნიორობა თანამშრომლობის სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროგრამაა.
მსოფლიო ბანკი პროგრამის იმპლემენტაციის პროცესს დადებითად აფასებს. შეხვედრას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ.

პრემიერმა დონორებს მთავრობის რეფორმების გეგმა გააცნო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 15:24

თბილისში დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით,  გაიხსნა. გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები და მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ამჟამად საქართველოში დონორი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული 400-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 6 მილიარდ ლარს აღემატება.

„საქართველოსთვის ფასდაუდებელია თქვენი მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენს ქვეყანას, დაუბრუნდეს დიდ ევროპულ ოჯახს, სადაც ადამიანის თავისუფლება, მისი უფლებები და კანონის უზენაესობა მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს; გახდეს მოწინავე ქვეყანა სიღარიბის გარეშე, სადაც თითოეულ მოქალაქეს ღირსეული ცხოვრების საშუალება მიეცემა ,“ – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტებია: ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის რეფორმები და სამუშაო ადგილების შექმნა; განათლების რეფორმა, რომელიც ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული; რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და მმართველობის რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებების ეფექტიანობას და მეტ გამჭვირვალობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საჯარო ადმინისტრირების რეფორმის შესახებ და აღნიშნა, რომ კიდევ უფრო ღია და ეფექტიანი მმართველობის მისაღწევად საჭიროა სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში სამთავრობო უწყებებს შორის მჭიდრო კოორდინაცია და მმართველობაში სამოქალაქო ჩართულობა.

გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეები ივნისში ბათუმში დაგეგმილ მერვე მინისტერიალის კონფერენციაზე მოიწვია.

ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიან პრიორიტეტებზე ისაუბრეს ასევე საქართველოს მთავრობის წევრებმა. სიტყვით გამოსვლების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმს საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

"აწარმოე საქართველოში" - პროგრამის ფარგლებში ახალი კომპონენტის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 14:23

სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის "აწარმოე საქართველოში" - პროგრამის ფარგლებში ახალი კომპონენტის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაცია ეკონომიკის მინისტრმა გამართა. ღონისძიებას გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. 

"საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები განხორციელდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 10:58

 "საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები განხორციელდება. ცვლილებები  პარლამენტში უკვე ინიცირებულია. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მომზადების საფუძველი მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაა, რომლითაც დადგინდა, რომ სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება ინფორმაცია საქართველოს დაზვერვის სამსახურის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის განაწილების, მომუშავეთა რიცხოვნობის, სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და ანგარიშების თაობაზე.დაზვერვის სამსახურში მომუშავეთა რიცხოვნობა, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის მიერ განისაზღვრება. "აღნიშნული ცვლილების შესაბამისად დაიშიფრება: სამსახურის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის განაწილება, მომუშავეთა რიცხოვნობა, სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და ანგარიშების თაობაზე ინფორმაცია, რაც გააადვილებს და დაცულს გახდის სამსახურის მუშაობის სპეციფიკას და მეთოდებს", - აღნიშნულია კანონპროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში. 

საქართველოს პრემიერი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 14 თებერვალი 2016 16:06

ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა მრჩეველმა ევროპის საკითხებში ჩარლზ კუპჩანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო. ხაზი გაესვა რეფორმირების პროცესში აშშ-ის დახმარების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს, მათ შორის კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ეკონომიკური თავისუფლების განვითარების თვალსაზრისით.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებს. მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკა.

“საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები”-ფორუმი პრემიერმა გახსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 12:39

საერთაშორისო ფორუმი – “საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები” მიმდინარეობს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
ფორუმი “ქორთიარდ მარიოტში” ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში იმართება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებიან.
სტუმრებს სიტყვით მიმართავენ: ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გერმანიის ელჩი საქართველოში ბეკინა კადენბახი და IDFI-ს დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.
როგორც გიორგი კლდიაშვილმა ჟურნალისტებს ფორუმის დაწყებამდე განუცხადა, ფორუმი ორდღიანია და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. კერძოდ, განსახილველ საკითხებს შორისაა: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება და საქართველოს დემოკრატიული განვითარება.
კლდიაშვილის განმარტებით, მომხსენებლები იმსჯელებენ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე, ევროპის ენერგოთანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე, ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე და ა. შ. სპეციალურად ფორუმისთვის საქართველოს უცხოელი ექსპერტებიც ეწვივნენ.

მთავრობაში საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაზე მსჯელობენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 11:10

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაზე მსჯელობს- "რა თქმა უნდა, ამაზე ვმსჯელობთ. საგადასახადო რეფორმის, ანუ ესტონურ მოდელზე გადასვლის ერთ-ერთი კომპონენტი საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაა და ეს აუცილებლად იქნება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ამ საგადასახადო რეფორმის, რაც თავის მხრივ, ლარის კურსზეც დადებით ეფექტს მოიტანს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. ლარზე დადებითი ზეგავლენის მოხდენის იმედი აქვს ეკონომიკის მინისტრსაც. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, საბიუჯეტო ხარჯების შემცირება ლარს დაეხმარება. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა დააანონსა არაერთი რეფორმა და, შესაბამისად, ამ რეფორმების გატარებას გარკვეული ცვლილებები სჭირდება.

გიორგი კვირიკაშვილი "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებას გეგმავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 18:33

პრემიერ-მინისტრი პარტია "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებას გეგმავს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხომ არ გეგმავს ის "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებას და გახდება თუ არა მისი ლიდერი. "შესვლას ვგეგმავ. ლიდერს უკვე ირჩევს ყრილობა და ვნახოთ", - განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს. 

გიორგი კვირიკაშვილი ლარის გაუფასურებაზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 15:17

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა პრემიერმინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა ის მიზეზები, რამაც ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოიწვია.

„დღეს რა დონის დევალვაციაც არის, ეს არის პირდაპირი ეფექტი, ჩვენ მეზობელ ქვეყნებში უკანასკნელ დღეებში მომხდარი დევალვაციის. ჩვენ ვართ ინტეგრირებული ამ ბაზარზე, გაქვს სავაჭრო კავშირები და შეუძლებელია ეს არ აისახოს საქართველოს სავალუტო კურსზე,“ - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი. 

მომავალ არჩევნებზე, ვერც ერთი სამინისტრო თავისი შეხედულებისამებრ ვერ შექმნის სპეცუბნებს-წულუკიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 13:29

მომავალ არჩევნებზე, ვერც ერთი სამინისტრო თავისი შეხედულებისამებრ ვერ შექმნის სპეცუბნებს-ამის შესახებ, არასაპარლამენტო ოპოზიციის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეეხება გარდაბანს, სადაც 28 იანვარს გამგებლის არჩევნები იმართება, წულუკიანის თქმით, ამ შემთხვევაში კანონის ძალაში შესვლა ვერ ესწრება.

„თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მომავალ არჩევნებზე შემოდგომაზე, ვერც ერთი სამინისტრო გაუმჭვირვალედ და თავისი შეხედულებისამებრ ვერ შექმნის სპეცუბნებს. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი, რომელსაც მხარი დაუჭირა ასევე თავდაცვის სამინისტრომ,-აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

13 არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას იუსტიციის მინისტრიც ესწრებოდა. არასაპარლამენტო ინტერპარტიული ჯგუფი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და სამხარეო პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს. მმართველი კოალიცია  კი, საარჩევნო სისტემის შეცვლას 2020 წლისთვის გეგმავს.

გვერდი 1/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური