კენჭისყრის პროცესი დასრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 21 ნოემბერი 2020 21:46

კენჭისყრის პროცესი დასრულდა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას განუცხადა, კანონმდებლობის შესაბამისად, 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა.

„რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილ 80 სპეციალურ უბანს, 145-ვე გადასატანი საარჩევნო ყუთი 21:00 საათისთვის, დროულად დაბრუნდა სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებზე. არსებითი ხარვეზები არ გამოვლენილა და მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა“,-განაცხადა იოსელიანმა.

მისივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათის მდგომარეობით შეადგინა 26.29% - კენჭისყრაში 562 664-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში - 39.29 %, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ნაძალადევში, №7-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში - 20.04%.

დღის განმავლობაში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 12 საჩივარი. მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

„საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდგომ, საარჩევნო უბნებზე კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, ოქმები მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ უმოკლეს ვადებში ატვირთავენ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე ყველა სახის დოკუმენტაცია ილუქება და ამის შემდეგ უკვე შემაჯამებელი ოქმების დამოწმებული ასლები გადაეცემათ უფლებამოსილ პირებს.

როგორც უკვე გითხარით, ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე ეტაპობრივად განათავსებს სპეციალურ ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge

მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის“,- განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ბრიფინგის დასასრულს.

საქართველოში დღეს არჩევნების მეორე ტური იმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 21 ნოემბერი 2020 09:40

დღეს, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება და ასევე ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ტარდება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. კენჭისყრის პროცესის დაწყებისა და არჩევნების მიმდინარეობის შესახებ მედიას ინფორმაცია ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მიაწოდა.

„მოგეხსენებათ 08:00 საათზე იხსნება ყველა უბანი. ერთეული უბნების გახსნა ვერ მოხერხდა უამინდობის გამო. ხადას ხეობაში შედარებით გვიან გაიხსნა ერთი საარჩევნო  უბანი (11.28.33); რაც შეეხება შატილს, აქ ვერ იხსნება უბანი (11.28.34), ვინაიდან  უამინდობის გამო ვერტმფრენს ვერ გადაჰყავს კომისიის წევრები ადგილზე. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურზეც, იგივე მიზეზის გამო ვერ იხსნება სპეციალურად შექმნილი ერთი უბანი (11.29.10), სადაც 19 ამომრჩეველია და ასევე ერთ-ერთი  უბანი (11.29.12), სადაც 205 ამომრჩეველია. ეს ორი უბანი  შესაძლებელია მოგვიანებით გაიხსნას.  

გარდა ზემოაღნიშნულისა, 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. თითოეულ უბანზე დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, მათი კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბნის 145 გადასატანი საარჩევნო ყუთი დღის განმავლობაში მოემსახურება აღნიშნულ ამომრჩევლებს“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისივე თქმით, დღეს ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის გადაეცემათ ერთი ბიულეტენი, ქუთაისში კი, სადაც ასევე ტარდება მერის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მიიღებენ.

ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე უნდა იმყოფებოდეს პირბადით; მისი არქონის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას აღნიშნულით. ამომრჩეველს ორჯერ, მცირე დროით მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე გადაეცემა ინდივიდუალური მოხმარების კალმისტარი.

ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომია გამადიდებელი ლინზები, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები  ჩარჩო/ფორმა. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 659 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.

„აქვე, მინდა შევახსენო ამომრჩევლებს, რომ მათ საარჩევნო უბნის დეტალური მისამართის გასაგებად შეუძლიათ ისარგებლონ ცესკოს ვებგვერდით. აღნიშნულ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; ასევე, მუშაობს ონლაინ ჩათი. 

ჩვენ დღის განმავლობაში მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი, სადაც გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 12:00 საათის მდგომარეობით, პირველის ნახევარზე გაიმართება“,-აღნიშნა პრეს-სპიკერმა.

ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათის მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 31 ოქტომბერი 2020 17:07

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას15:00 საათის მდგომარეობითამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 36.45 %-ია, რაც რაოდენობრივად 1 279 947 ამომრჩეველია.

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში - 49.5%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა არის ქვემო ქართლის რეგიონში - 33.9%.

კენჭისყრის პროცესი გრძელდება და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს იაქტიურონ, ვინაიდან არჩევნების დასრულებამდე 4 საა დარჩა. ასევე, შეგახსენებთ, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი 311 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ემსახურება ამომრჩევლებს“, - განაცხადა ანა მიქელაძემ

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის არჩევნები, ასევე ტარდება საზღვარგარეთ 38 ქვეყანაში, 52 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ავღანეთის 2 საარჩევნო უბანზე.

რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 90 საჩივარი, რომლებიც ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს. მაგალითად, წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასწორი შევსება, სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესების დაღვევა და სხვა. თითოეულ საჩივარს შეისწავლიან საოლქო საარჩევნო კომისიები და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას“-განაცხადა პრეს-სპიკერმა.

ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 სთ-ის მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 18:36

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობისშესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, 17:00 სთ-ის მდგომარეობით  ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 38.16% (1 337 284 ამომრჩეველი).

„ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში - 53.6%, ხოლო ყველაზე დაბალი - მარნეულში -28.7%. რაც შეეხება თბილისს, 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 36.2%-ს. ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2013  წლის პრეზიდენტის არჩევნების მონაცემს,  აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 2013 წელს - 39.1 % იყო“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკოს პრეს-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ, 39 ქვეყანაში გაიხსნა ყველა, 55-ივე საარჩევნო უბანი და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. მისივე თქმით, დღეს, კენჭისყრის დასრულებისთანავე, 20:00 საათზე დაიწყება ავღანეთის 2 საარჩევნო უბნის ბიულეტენების დათვლა. ავღანეთის ორივე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი დაუყოვნებლივ აიტვირთება ცესკოს ვებგვერდზე.

„ასევე ვეხმაურებით საკონსულო რეგისტრაციების ცალკეულ ფაქტებზე გავრცელებულ ინფორმაციას და აღვნიშნავთ, რომ ცესკომ საზღვარგარეთ ამომრჩეველთა სიები შეადგინა როგორც საკონსულოებისგან, ისე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, საკონსულო რეგისტრაციებთან დაკავშირებული კითხვები ცდება ცესკოს კომპეტენციას“, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

საინფორმაციო ბრიფინგის ბოლოს, ანა მიქელაძემ მედიასთან აღნიშნა, რომ კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც საუბნო საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ხმის დათვლის პროცედურებს.

კენჭისყრის პროცესი დასრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 21 ოქტომბერი 2017 22:15

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში ამომრჩეველთა 45,65%-მა (1569992) მიიღო მონაწილეობა. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 43.4%. საღამოს 8:00 სთ-ზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.

როგორც ანა მიქელაძემ მედიას განუცხადა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 20:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა იყო 43.31%.

„დღეს, ცესკოს სატალეფონო-საინფორმაციო ცენტრი მუშაობს 24 საათის განმავლობაში. მთელი დღის განამვლოაბში, დილის 07:00 საათიდან საღამოს 8:00 საათამდე შემოვიდა 1 468 ზარი და 134 შეტყობინება ონლაინ ჩატის მეშვეობით. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.

არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება. რაც მთავარია ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა.

20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს; ისინი მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge. შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებმა უნდა დაითვალონ სამი სახის ბიულეტენები და შესაბამისად შეადგინონ 3 შემაჯამებელი ოქმი.შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა მოხდება ცესკოში არსებულ შედეგების შეჯამების ცენტრში, სადაც ოპერატორებს შემაჯამებელი ოქმების მონაცემები სპეციალურ პროგრამაში შეყავთ.

ამასთან, შეგახსენებთ ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების დათვლის პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით, რომელიც 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით არის შესაძლებელი ცესკოს ოფოციალურ ვებ-გვერდზე, facebook-გვერდზე და Youtube-ზე“ - განაცხადა ცესკოს პრეს სპიკერმა.

მან საზოგადოებას ასევე გააცნო ინფორმაცია საჩივრების შესახებ: საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 204 საჩივარი. (ყველაზე მეტი რაოდენობის საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში). საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა არის გარკვეული რაოდენობის  საჩივრები, რომელიც შეეხება პროცედურულ დარღვევებს, საჭიროებს შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას.

ანა მიქელაძემ მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია პროცედურული ხარვეზების შესახებ:  

ჭიათურის ოლქის N45-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ასეთი ფაქტი: გადასატანი ყუთის სიაში ფიქსირებული იყო 16 ამომრჩეველი. წილისყრით გამოვლენილი კომისიის ორმა წევრმა ყველა ამომრჩეველს მისცა ხმის მიცემის საშუალება, თუმცა, ამის შესახებ ხელმოწერები არ დაუფიქსირებიათ სიის შესაბამის გრაფაში. აღნიშნულის გამო ერთ-ერთმა დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.

მარნეულის 31-ე უბანზე შესულია 3 საჩივარი, ერთ-ერთი შეეხება შემდეგ საკითხს - მდივანი დროულად არ ატარებდა რეგისტრაციაში წარმომადგენლების შესვლა-გასვლას ჩანაწერთა წიგნში; მეორე საჩივარი მარკირების პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო მესამე საჩივარი - აღნიშნულ უბანზე ამომრჩევლების მხრიდან აგიტაციას, - რაც არ დასტურდება.

მარნეულის 51-ე უბანზე ერთი საჩივარი შეეხებოდა გადასატანი ყუთის ლუქის დაზიანებას, ეს ხარვეზი ადგილზევე აღმოიფხვრა.

74-ე უბანზე ამომრჩეველს რეგისტრატორმა პირადობა არ მოსთხოვა.

18-ე უბანზე ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა და ასევე ერთ-ერთ ამომრჩეველს ფარანი არ დაანათეს. ასევე არ დასტურდება ინფორმაცია ისნის მე-60 უბანზე ბიულეტენების გადამალვის შესახებ და საბურთალოს 86-ე უბანზე არ დაკარგულა ბიულეტენები.

 

ინფორმაცია კენჭისყრის პროცესის დასრულების და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 20:00 სთ მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 21:23

კენჭისყრის პროცესი დასრულდა, საარჩევნო უბნები 20:00 სთ-ზე დაიხურა და საუბნო საარჩევნო კომისიებში უკვე დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. ხმის მიცემის პროცესმა საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა.

20:00 სთ-ისთვის საგარეჯოში ამომრჩეველთა 34,43%-მა მიიღო მონაწილეობა, მარტვილში 40%-მა, დმანისში - 35%-მა, ვანში - 47,57%-მა, ხოლო ხობში - 54,14%-მა.

მას შემდეგ რაც ცესკო მიიღებს საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, დოკუმენტები დაუყოვნებლივ აიტვირთება კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე: results.cec.gov.ge.

20:30 სთ-ზე ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია საჩივრების შესახებ: „საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 16 საჩივარი შევიდა, აქედან მარტვილში - 12, ხოლო საგარეჯოში - 4.

მინდა ავღნიშნო, რომ ორივე ოლქში შეტანილი საჩივრები მხოლოდ უმნიშვნელო პროცედურულ ხარვეზებს ეხება და მათ უმრავლესობაზე საარჩევნო ადმინისტრაციამ დროულად მოახდინა რეაგირება. საოლქო საარჩევნო კომისიები ასევე იმსჯელებენ და თითოეულ საკითხზე შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ“, განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

ანა მიქელაძემ ასევე წარადგინა სტატისტიკა ცესკოს კონტაქტ ცენტრში შემოსული ზარების შესახებ, - დღეს სულ 27 ზარი განხორციელდა, რომლებიც ძირითადად პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას ეხებოდა.

ბრიფინგის ბოლოს ცესკოს სპიკერმა მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისთვის და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს საარჩევნო პროცესის წარმართვის ხელშეწყობისთვის.

წინასწარ შედეგებს ცესკო უახლოეს რამდენიმე საათში გაგაცნობთ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური