დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 08:54

დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 8:00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი.

დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად თერჯოლისა და სამტრედიის 6 საარჩევნო უბანზე საკრებულოების  შუალედური არჩევნები იმართება. მონაწილეობას იღებს 8 კანდიდატი.

ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამასთან, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, დარიგდა ამომრჩევლის ბარათი, რომელიც ამომრჩეველს შეახსენებს მათი საარჩევნო უბნის ადგიმლდებაროებასა და მათ რიგითობას ამომრჩეველთა სიაში. საარჩევნო უბანზე მისვლისას ბარათის თან არ ქონა არ იწვევს ხმის მიცემის უფლების დაკარგვას.

პრეზიდენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არცერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში. აღსანიშნავია, რომ ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია და საჯაროდ გამოკრულია ბიულეტენის შევსების წესი.

ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს გაიგოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც ის ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. აღნიშნულ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; ასევე, მუშაობს ონლაინ ჩათი. ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს, შესაძლებლობა აქვთ ჟესტურ ენაზე, ვიდეო ზარის საშუალებით მიიღონ სასურველი ინფორმაცია, ხოლო სომხურ და აზერბაიჯანულენოვან ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის მომსახურებით მათთვის გასაგებ ენებზე.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 22 904 წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 032 დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1163 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედია ორგანიზაციის 1 957 ჟურნალისტი. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.

შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 3 დამკვირვებელი, მედია ორგანიზაციებს 3 წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს - 1 წარმომადგენელი.

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით,  დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

დღეს, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ. დღის განმავლობაში გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები. ჩვენ ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ინფორმაცია კენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეო გადაღების წესების შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018 19:09

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიის წარმომადგენლებს კენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეო გადაღების წესების შესახებ ინფორმაცია გააცნო. 

„28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრირებული  სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს შევახსენებთ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების წესებს. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს  საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე შეუძლიათ კენჭისყრის შენობაში აწარმოონ ფოტო-ვიდეო გადაღება. თუმცა  აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ან ამომრჩეველთა სამაგიდო სიის, ასევე ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტო-ვიდეო გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ გადაიღონ კენჭისყრის პროცესი იმგვარად, რომ სტაციონარული ვიდეოგადამღები აპარატი დადგმული იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ადგილზე, რომელიც ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ შესაძლებელი იყოს საარჩევნო ყუთის გადაღება.

ამასთან, ერთი და იგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს უფლება აქვთ ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ფოტო-ვიდეო გადაღება ერთხელ, გადაადგილების შეუზღუდავად, აწარმოონ არაუმეტეს 10 წუთისა. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ.  თუ მედიის წარმომადგენლებს ექნებათ სურვილი აწარმოონ გადაღება 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, ამ შემთხვევაში ვალდებულნი არიან დაიკავონ კენჭისყრის შენობაში სპეციალურად გამოყოფილი ადგილი.

„ასევე შეგახსენებთ, რომ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტისა თუ მედიის წარმომადგენლებს, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლიათ კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეშლის გარეშე დააკვირდნენ ნებისმიერ პროცედურას; მათ შორის,  დამკვირვებლებსა და წარმომადგენლებს უფლება აქვთ დააკვირდნენ ამომრჩეველთა სამაგიდო სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციის, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემისა და მათი დამოწმების პროცესს.

ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საარჩევნო კოდექსში მიმდინარე წლის ივლისში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, დაუშვებელია   სამაგიდო სიის და მისი ასლის გატანა, მისი ფოტო-ვიდეო გადაღება, ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის მონაცემების დამუშავება (მათ შორის შეგროვება, ჩაწერა, შენახვა), გამოყენება, გამჟღავნება, გადაცემა ან/და გავრცელება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

ინფორმაცია ავღანეთის მე-2 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018 16:06

დღეს ავღანეთის 2 საარჩევნო უბანზე - (N1 ბაგრამის საარჩევნო უბანი - „ბაგრამის საავიაციო ბაზა” და N2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი - „ბაზა მარმალი”) გაიმართა კენჭისყრის პროცედურა. არჩევნებში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეები. საერთო ჯამში ორივე სამხედრო ბაზაზე რეგისტრირებულია 875 ამომრჩეველი.

აღსანიშნავია, რომ დღეს განხორციელდა მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურა. პროცესის დასრულების შემდეგ საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის კონვერტები სადაც მოთავსებულია ბიულეტენები, ილუქება და  შედეგების დათვლა მოხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ავღანეთის საარჩევნო უბნებზე კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.

22 ოქტომბრის განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 23 ოქტომბერი 2016 10:09

ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 22 ოქტომბრის განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები გააცნო.

მარნეულის №48 საარჩვენო უბნის წინასწარი მონაცემებით, კანდიდატებს შორის მიღებული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ / ისრაფილ ბაირამოვი - 3 ხმა

3. “ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ / ვეფხია გურგენიშვილი - 2 ხმა

5. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /აკმამედ იმამკულიევი - 381 ხმა

7. “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ / ელდარ მუსტაფაევი - 4 ხმა

8. “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ / ალი ისაევი - 7 ხმა

17. “საქართველო“ / ომარ წამალაიძე 1- ხმა

23. “ჩვენები - სახალხო პარტია“ / თეონა ქავთარია - 0 ხმა

41. “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ / თამაზ ნავერიანი - 313 ხმა

№48-ე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, №36-ე მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე შემდეგი 2 კანდიდატია:

№5 აკმამედ იმამკულიევი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 10 026 ხმა (48,11%)

№41 თამაზ ნავერიანი ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 9 051 ხმა (43.43%)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით, სამივე საარჩევნო უბნის შედეგები შემდეგია:

1. „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ / ბესიკ თოდუა – 8 ხმა (0,56%)

5. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ / სანდრა ელისაბედ რულოვსი – 438 ხმა (30,50%)

7. “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ / ჯონდი ზარანდია - 5 ხმა (0,35%)

8. “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ / ირაკლი ჩანგელია - 2 ხმა (0,14%)

28. “ზვიადის გზა - უფლის სახელით“ / რამაზ ჩაჩიბაია - 2 ხმა (0,14%)

41. “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ / ედიშერ თოლორაია - 981 ხმა (68,31%)

სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების გათვალისწინებით წინასწარი მონაცემების მიხედვით, №66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე შემდეგი 2 კანდიდატია:

№5 სანდრა ელისაბედ რულოვსი / ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 10 692 ხმა (44.8%)

№41 ედიშერ თოლორაია / ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” - 11 607 ხმა (48.63%)

შესაბამისად, განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, ორივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება არჩევნების მეორე ტურები.

რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის შედეგებს, წინასწარი მონაცემებით კანდიდატებს შორის მიღებული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

5. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ / ბესიკი გაბუნია - 439 ხმა (30,79%)

6. “უსუფაშვილი რესპუბლიკელები“ / ირაკლი ქოჩუა - 10 ხმა (0,70%)

8. “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ / გურგენ სართანია - 23 ხმა (1,61%)

41. “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ / ლაშა გოგია - 954 ხმა (66,90%)

სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების გათვალისწინებით წინასწარი მონაცემების მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანიდიდატია:

№5 ბესიკი გაბუნია / ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 14 360 ხმა, (44. 82%)

№41 ლაშა გოგია / ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” 14 152 ხმა, (44.17%)

შესაბამისად, წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით გაიმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც.

როგორც ანა მიქელაძემ ცესკოში 02:00 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ცენტრალური საარჩვენო კომისია მეორე ტურების თარიღზე იმსჯელებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ტურები 48 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დანიშნულია 30 ოქტომბერს, სავარაუდოდ, მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებშიც მეორე ტურების თარიღი 30 ოქტომბრით განისაზღვრება.

შეგახსენებთ, რომ ყველა საუბნო საარჩევნო ოქმი ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარეებისთვის ცესკოს ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური