ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018 18:08

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) წარმოგიდგენთ ინფორმაციას გარკვეული პროცედურებისა და ვადების შესახებ.

იმისათვის, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა, უნდა იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული.

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში და არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, უკვე შეუძლიათ მიმართონ საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov.ge  და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების სიის ცესკოსთვის გადაცემის ბოლო ვადა დაკავშირებულია არჩევნების მეორე ტურის თარიღთან და მას ცესკო განსაზღვრავს 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამების საფუძველზე.   აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიები არაუგვიანეს 8 ნოემბრისა შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქებში. შესაბამისად, ცესკო გეგმავს უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო პროცედურები და  ვადები.

ამასთან, ცესკო პირველი ტურის საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, ოფიციალურად, განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის თარიღს.

კენჭისყრის პროცესი დასრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 23:25

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.

„20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46.74%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში - 64.74 %, ხოლო ყველაზე დაბალი მარნეულში - 36.47%. რაც შეეხება თბილისს, საღამოს 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 45.4%-ს. ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემი რომ შევადაროთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების მონაცემს, 2013 წელს აქტივობამ 46.6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, დღეს, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი მუშაობს უწყვეტ რეჟიმში. მთელი დღის მანძილზე შემოვიდა 1 746 ზარი და 497 შეტყობინება ონლაინ ჩათის მეშვეობით. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა. მას შემდეგ რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, საარჩევნო უბანზე ყველა კანონით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, ისინი მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს ვადებში ატვირთავენ საარჩევნო მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე ეტაპობრივად განათავსებს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

„ამასთან, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით, რომელიც 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-გვერდზე, Youtube-სა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს მიერ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის შეთავაზებული ინიციატივით სარგებლობის სურვილი 4-მა ორგანიზაციამ გამოთქვა და მათი დამკვირვებლები, ცესკოს ოპერატორებთან ერთად, საუბნო შემაჯამებელი ოქმების მონაცემების შეყვანის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.

ანა მიქელაძემ მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია არსებული საჩივრების შესახებ. მისი თქმით, საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 364 საჩივარი. საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე იქნა აღმოფხვრილი. ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება და ასევე, ორ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების გაბათილება.

„აქვე, მაგალითისთვის გაგაცნობთ ინფორმაციას სხვადასხვა პროცედურული ხარვეზების შესახებ: მარნეულის №52-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა წარმომადგენლის მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის მცდელობა. კომისიის გადაწყვეტილებით, წარმომადგენელმა საარჩევნო უბანი დატოვა; ქუთაისის №49-ე, №110-ე და ბათუმის №6-ე საარჩევნო უბნებზე ასევე დაფიქსირდა კომისიის მუშაობაში ხელის შეშლის მცდელობა, თუმცა სიტყვიერი გაფრთხილებების შემდეგ, ინციდენტები აღმოიფხვრა; ახალქალაქის №49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ცდილობდა პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემას. კომისიამ არ მისცა მას ხმის მიცემის შესაძლებლობა; ნინოწმინდის №26-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელს არ უშვებდა საარჩევნო უბანზე, თითქოს დამკვირვებელს ჰქონდა ყალბი მოწმობა. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, დამკვირვებელმა შეძლო უბანზე შესვლა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულის №18-ე საარჩევნო უბანზე 4-მა ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ვადაგასული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით. ერთ შემთხვევაში, ამომრჩეველი მივიდა ვადაგასული პირადობის მოწმობით და ცდილობდა ხმის მიცემას. მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ ამომრჩეველს განემარტა, რომ ის ხმას ვერ მისცემდა აღნიშნული დოკუმენტით, ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს მოქალაქის პასპორტის საშუალებით. დანარჩენ 3 შემთხვევაში - ამომრჩევლებს ჰქონდათ უვადო პირადობის მოწმობები, შესაბამისად მათ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ავღანეთის 2 საარჩევნო უბნის ხმების დათვლის პროცედურა. შედეგები შემაჯამებელი ოქმების შედგენისთანავე ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ვებ-გვერდზე.

ბრიფინგის დასასრულს ანა მიქელაძემ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის.

22 ოქტომბრის განმეორებითი კენჭისყრა დასრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 21:54

22 ოქტომბრის განმეორებითი კენჭისყრის პროცესი დასრულდა. 20:00 სთ-ზე საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმის დათვლის პროცედურები დაიწყო. არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. 20:00 სთ-ის მდგომარეობით კენჭისყრაში მარნეულის მუნიციპალიტეტის №48-ე საარჩევნო უბანზე 766 ამომრჩეველი გამოცხადდა (53.3 %), ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამივე საარჩევნო უბანზე 1468 (51.6%) ამომრჩეველი მივიდა.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდგომ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ანა მიქელაძემ მედიას ამომრჩეველთა სტატისტიკა გენდერულ ჭრილშიც გააცნო. მარნეულში განმეორებით კენჭისყრაში 296-მა ქალმა და 470-მა მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება ზუგდიდს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 650-მა ქალმა და 818-მა მამაკაცმა.

„იქიდან გამომდინარე, რომ დღეს, მთელი დღის განმავლობაში ოთხივე საარჩევნო უბანზე და განსაკუთრებით, მარნეულის №48-ე საარჩევნო უბანზე, იმყოფებოდნენ დიდი რაოდენობით უფლებამოსილი პირები, მათ შორის, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციების დამკვირვებლები, ისე საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები, ჩვენ, კიდევ ერთხელ გვინდა ვთხოვოთ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას შექმნან ისეთი პირობები, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების თითოეულმა წევრმა შეძლოს შეუფერხებლად ხმის დათვლის პროცესის კანონშესაბამისად წარმართვა.

მას შემდეგ რაც საუბნო საარჩევნო კომისიები დაასრულებენ ხმის დათვლის პროცედურებს, საუბნო შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge,“ - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა მარნეულში - დაწერილია 8 საჩივარი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 16:38

7 საათია მარნეულში არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს. ყიზილაჯლოში, სადაც წესრიგის დასამყარებლად 8 ოქტომბერს სპეცდანიშნულების რაზმის ჩართვა გახდა საჭირო, ხმის მიცემის პროცესი ხმაურით დაიწყო, თუმცა ამ წუთებში მშვიდ გარემოში გრძელდება. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი2" იტყობინება.

უკვე ცნობილია აქტივობის პირველადი მონაცემებიც. არჩევნებზე 500-მდე ამომრჩეველია მისული, რაც 25 პროცენტს წარმოადგენს.

მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე პროცედურული დარღვევები იყო, ამ ეტაპისთვის მარნეულში 8 საჩივარია დაწერილი.

4 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 16:12

დღეს, 22 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით განმეორებითი კენჭისყრა 4 საარჩევნო უბანზე იმართება.

განმეორებითი კენჭისყრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ორ და სოფელ განმუხურის ერთ უბანზე (№66.67.38, №66.67.79 და №66.67.108), ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ერთ საარჩევნო უბანზე (№36.22.48) მიმდინარეობს. ზუგიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აღნიშნულ 3 საარჩევნო უბანზე, ასევე იმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა. (შესაბამისად, ამომრჩევლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზე მიიღებენ 2-2 ბიულეტენს, ხოლო მარნეულში - ერთს).

როგორც დღეს ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 8:00 სთ-დან გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.

მან ასევე აღნიშნა, რომ №48-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებიან დამკვირვებლები, მედიის და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები; შესაბამისად მუშაობს რამდენიმე ვიდეოკამერა; ანა მიქელაძემ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს მიმართა თხოვნით, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას შექმნან ისეთი პირობები, რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი საარჩევნო უფლების განხორციელება.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის №48-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 1 436 ამომრჩეველი, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამივე საარჩევნო უბანზე ჯამში 2 844 ამომრჩეველია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს 6 კანდიდატი, მარნეულის საარჩევნო ოლქში - 8 კანდიდატი, ხოლო გამგებლის არჩევნების განმეორებით კენჭისყრაში - 4 კანდიდატი.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ასევე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (cesko.ge). მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ და ასევე გაგაცნობთ მონაცემებს ამომრჩეველთა აქტივობის თაობაზე.

მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ, ვინაიდან თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კენჭისყრის პროცესი დასრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 23:23

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა განაცხადა, 20:00 სთ-ის მდგომარეობით კენჭისყრაში 1, 814, 276-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,63 %-ია.

დღეს, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი მუშაობს 24 საათის განმავლობაში. ამ დროისთვის, მთელი დღის მანძილზე შემოვიდა 2,337 ზარი და 187 შეტყობინება ონლაინ ჩატის მეშვეობით. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხება.

არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა; თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის დაფიქსირდა დაპირისპირების ცალკეული შემთხვევები. აღნიშნულის მიუხედავად, გარდა ერთეული შემთხვევებისა, ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა. შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

„შეგახსენებთ ინფორმაციას ინოვაციური საპილოტე პროექტის შესახებ, რომელსაც ცესკო ახორციელებს. დღეს, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების დათვლის პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით.

აქვე მოგაწოდებთ ინფორმაციას საჩივრების შესახებ. საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 110 საჩივარი. საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. ასევე, რამდენიმე საჩივარი შეეხება ხმის მიცემის პროცედურებს.

შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისია ოლქში შეტანილ საჩივრებს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

ამ წუთებში ცესკოს სხდომაზე მიმდინარეობს ავღანეთში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების დათვლის პროცესი. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის კენჭისყრის პროცესი 5 ოქტომბერს ბაგრამისა და მაზარი შარიფის საარჩევნო უბნებზე ჩატარდა. სხდომაზე ხმის დათვლის პროცედურების დასრულებისთანავე გაგაცნობთ ავღანეთში პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველოს განახლებულ მთავრობას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 09 მაისი 2015 02:03

საქართველოს პარლამენტში დღეს მიმდინარე ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა.

კენჭისყრის თანახმად, აღნიშნულ გადაწყვეტლებას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეგისტრაცია გაიარა 124-მა წევრმა.

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციამ.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური