„საქართველოში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი“ - ეკატერინე ტიკარაძე

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 12 იანვარი 2021 17:42
„საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი“ - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხს.
„ელჩთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო. ჩვენ კოვაქს პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი“ -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა, თავის მხრივ, საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.
„ძალიან სასარგებლო შეხვედრა გვქონდა, სადაც მივიღე განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გეგმების შესახებ პანდემიის მართვის კუთხით 2021 წელს. ახლა ყველა ელის მჭიდრო კოორდინაციას ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით .მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა, არამხოლოდ საქართველოსა და აშშ-ში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის რომ უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ეკონომიკის აღდგენა, თუ სკოლების გახსნა“ - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესწრებოდა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მიესალმება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 13 ნოემბერი 2020 12:08

ეს არის იდეალური შესაძლებლობა, აშშ-ს მთავრობის მიერ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდაჭერის გასამყარებლად

თბილისი, საქართველო, 2020 წლის 13 ნოემბერიანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) დღეს ავრცელებს განცხადებას, 17-18 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოში:

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) და მისი ინვესტორები მიესალმებიან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში და ელიან, რომ სახელმწიფო მდივანი და აშშ-ს ელჩი საქართველოში ლეკი დეგნანი გამოხატავენ საქართველოს მთავრობის წინაშე ანაკლიის პორტის პროექტისადმი მათ განგრძობად მხარდაჭერას.”

“სულ რაღაც შარშან (2019 წლის 11 ივნისს) სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გამოხატა ანაკლიის პორტის პროექტისადმი ძლიერი მხარდაჭერა, მაშინდელ საქართველოს პრემიერ მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის დროს, როდესაც მან განუცხადა პრესას:

მე გავუზიარე ჩვენი იმედი, რომ საქართველო დაასრულებს (ანაკლიის) პორტის პროექტს. ეს და სხა პროექტები გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და შეაკავებს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის მავნე ზეგავლენას საქართველოზე. ამ ვითომ მეგობრებს არ აქვთ გულში ჩადებული საქართველოს საუკეთესო ინტერესები.”

“სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დრო და მიზანი იწვევს საქართველოს მთავრობის მხრიდან, ანაკლიაში მსოფლიო დონის პორტის განვითარების ვითომ მხარდაჭერის გადახედვის საჭიროებას. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გამოხატა ეს მხარდაჭერა უშუალოდ სახელმწიფო მდივნის პომპეოს და აშშ-ს ელჩის დეგნანის წინაშე, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ანაკლიის მხარდაჭერა იყო ცარიელი სიტყვები.

“საქართველოს მთავრობის ორპირმა და უკანონო ქმედებებმა, ანაკლიის პორტის წინააღმდეგ, მიაყინა მნიშვნელოვანი ზიანი მის ამერიკელ, ევროპელ და ქართველ ინვესტორებს და სამწუხაროდ, მიგვიყვანა საერთაშორისო საარბიტრაჟო განხილვებამდე საქართველოს წინააღმდეგ, რაც ქმნის მნიშვნელოვან ფინანსურ რისკს სახელმწიფოსთვის და დააფრთხობს საქართველოში ინვესტიციით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორებს, მაშინ, როცა ეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება.

“ანაკლიის პროექტის მიღმა, ამჟამინდელი მთავრობის ბოლო ერთი წლის მოქმედებები ცალსახად ბადებს კითხვებს მის მზაობასთან დაკავშირებით, გაატაროს მნიშვნელოვანი სასამართლო და სამთავრობო რეფორმები, რაც მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების ზრდის და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის. 

“ჩვენ ვუსურვებთ სახელმწიფო მდივან პომპეოს წარმატებას საქართველოში მისი ვიზიტის და მთავრობასთან შეხვედრის განმავლობაში.”

 

დამატებითი დეტალები ანაკლიის პორტის პროექტისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://anakliadevelopment.com

“საარჩევნო ადმინისტრაციამ დიდი ძალისხმევა გასწია არჩევნების ორგანიზების კუთხით” - კელი დეგნანი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 31 ოქტომბერი 2020 11:41

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. თამარ ჟვანიამ ელჩს კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა რომ 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, მშვიდ გარემოში გაიხსნა. კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების ადმინისტრირებისა და ორგანიზების კუთხით დიდი ძალისხმევა გასწია და საარჩევნო ადმინისტრაციას წარმატებები უსურვა.

„ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის. საარჩევნო ადმინისტრაციამ გამორჩეულად დიდი ძალისხმევა გასწია არჩევნების ადმინისტრირების და ორგანიზების კუთხით. ვიმედოვნებ, ამომრჩეველი დააფასებს იმ მართლაც მნიშვნელოვან და კარგ სამუშაოს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ შეასრულა, განსაკუთრებით ამ პერიოდში, იმ გამოწვევების ფონზე, რასაც ქმნის პანდემია. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნების პროცესს, საელჩოდან გვყავს 75-ზე მეტი წარმომადგენელი, რომლებიც სხვადასხვა უბანზე დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს. მსურს აღვნიშნო, რომ ძალადობის  და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არ არის და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებს ყურადღებით დავაკვირდებით. გთხოვთ, ატარეთ ნიღბები, დაიცავით სოციალური დისტანცია და ყველას მოგიწოდებთ, მიხვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა“,-განაცხადა ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გაერთიანებული ძალების მხარდაჭერის ოპერაცია C-130 თვითმფრინავებით

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 04 სექტემბერი 2020 13:44

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ოფიციალურ გახსნამდე, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ქვედანაყოფებმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გამართეს. ამის შესახებ თავდაცვის უწყების ადმინისტრაცია იუწყება.

მათი ინფორმაციით, დესანტირების გადმოსხმის ოპერაციას ადგილზე დააკვირდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი როჯერ კლუტიე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი, ასევე სწავლების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. 

აშშ-ის ევროპული სარდლობისა და საჰაერო ძალების ევროპული სარდლობის 173-ე სადესანტო ბრიგადის, 91-ე საკავალერიო პოლკისა და I ესკადრონის ორი ასეულის ზომის ქვედანაყოფმა პირველად რეგიონში სწრაფი რეაგირების ძალების გადმოსროლის წვრთნა ჩაატარა.

დესანტირების გადმოსხმის ოპერაციის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქვეყნებს შორის არსებულ უნიკალურ ნდობაზე გაამახვილა. „მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ის შესანიშნავი პარტნიორობა, რომელიც ჩვენ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, სამხედროებთან ერთად გაგვაჩნია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გამოიცადა. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს უნიკალური ნდობა. წლევანდელი სწავლება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სწორედ ამ ურთიერთობას. ეს სწავლება ემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის უკვე არსებული სტრატეგიული ურთიერთობების გამყარებას, გაძლიერებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროებისთვის ეს სწავლება უნიკალური შესაძლებლობა თავსებადობის კიდევ უფრო გაზრდისთვის და კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ნატოს წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს მისწრაფებას გავხდეთ ევრო-ატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. 

საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და საჰაერო ძალების ევროპული სარდლობის ოთხი ერთეული C-130 ჰერკულესის ტიპის თვითმფრინავით განხორციელდა. C-130 თვითმფრინავები ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე რუმინეთიდან, მიჰაილ კოგელნიჩენუს საჰაერო ბაზიდან შავი ზღვის გავლით შემოვიდა. სცენარის მიხედვით, მედესანტეებმა სამხედრო აეროდრომის დაკავების ოპერაცია ჩაატარეს შემდგომში მომყოლი მოკავშირე მრავალეროვნული ძალების მიღებისა და მათ მიერ აეროდრომის დაკავების მიზნით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური