ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველო-რუსეთის დავასთან დაკავშირებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე იმსჯელეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 იანვარი 2021 11:22

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ასამბლეის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხზე იმსჯელეს.

აღნიშნულ თემაზე დელეგატებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახაბერ კუჭავამ და დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

ქართველმა პარლამენტარებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-რუსეთის დავასა და სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე.

„საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ყველა ძალისხმევისა, რათა სრულყოფილად და ეფექტურად აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები - ორივე სახელმწიფოთაშორისი გადაწყვეტილების აღსრულება ევროსაბჭოს თითოეული წევრის საერთო პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დეპუტატის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მმართველი პარტია მოვიდა, საჩივრების რაოდენობა რვაჯერ არის შემცირებული.

„სტატისტიკური მონაცემები ნათლად ცხადყოფს, რომ მოქალაქეთა უფლებების დაცვის ხარისხი და ადგილობრივი ინსტიტუტებისა და მართლმსაჯულების მიმართ ნდობა გაიზარდა ეროვნულ დონეზე, რამაც საქართველო ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაახლოვა.

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ღირებულებებზე დაყრდნობილი, ევროპული ინტეგრაციის არჩევანთან დაკავშირებული პროგრესისთვის მუშაობას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მკაფიოდ განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ 2024 წელს საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის განაცხადს გააკეთებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა.

მისივე თქმით, მიმდინარე თვის დასაწყისში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომელიც ახალარჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებული პირველი რეზოლუციაა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, დოკუმენტში წარმოდგენილია ახალი პუნქტი რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო დავებთან დაკავშირებით ძალისხმევის კიდევ უფრო მეტად გააქტიურების შესახებ, რაც, დეპუტატის განცხადებით, არის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ორი სახელმწიფოთაშორისი დავა მოიგო: დეპორტაციის საქმე და საქმე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება და რომელიც, მისი შეფასებით, ჭეშმარიტად ისტორიული გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის.

„ორივე სახელმწიფოთაშორისი გადაწყვეტილების აღსრულება ევროსაბჭოს თითოეული წევრის საერთო პასუხისმგებლობაა.

საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ყველა ძალისხმევისა, რათა სრულყოფილად და ეფექტურად აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

საქართველო ეყრდნობა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერას სახელმწიფოთაშორისი დავების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების საქმეში“, - მიმართა ასამბლეის წევრებს მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას განცხადებით, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძველია.

„საქართველოს მიერ შეტანილი საჩივრების წარმატებული გადაწყვეტა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის ყველაზე ეფექტური საშუალებაა და ემსახურება ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით, ევროპული წესრიგის კონსოლიდაციას“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არის ისტორიული გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევები ადასტურებს, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ქართველთა ეთნიკური წმენდა განახორციელა და რომ საქართველო და ქართველი ხალხი 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა.

„ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებამ საოკუპაციო ძალა, რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.

საქართველომ სასამართლოს წარუდგინა, დაახლოებით, 700 უტყუარი მტკიცებულება და განაცხადა, რომ რუსეთმა კონვენცია უხეშად დაარღვია.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, დარღვევა მუხლისა, რომელიც უკავშირდებოდა წამების აკრძალვას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და ვალდებულება, ეთანამშრომლა სასამართლოსთან.

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა „ეფექტურ კონტროლს“ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთსა და „ბუფერულ ზონაში“. ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის წარმომადგენლობა და რუსეთზე დამოკიდებულება ადასტურებს, რომ რუსეთი ინარჩუნებს „ეფექტურ კონტროლს“ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოვლენები, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოჰყვა, რუსეთის იურისდიქციაში შედის.

აღნიშნული გადაწყვეტილება არის ისტორიული, რომლის თანახმადაც, რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მთელი რიგი მუხლები დაარღვია. ეს დარღვევები ადასტურებს, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ქართველთა ეთნიკური წმენდა განახორციელა. საქართველო და ქართველი ხალხი 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა ისიც, რომ სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების გამოტანა დაემთხვა ევროპარლამენტის ანგარიშს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, რომელშიც ევროპარლამენტარებმა გამოხატეს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის სამხედრო ძალები კვლავ ახორციელებენ უკრაინისა და საქართველოს დიდი ნაწილის ოკუპაციას და რომ რუსეთი აგრძელებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას.

„ხვალ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს დააყენებს. რუსეთის დელეგაციის წევრები განაცხადებენ, რომ ისინი იმსახურებენ ამ ასამბლეის წევრები იყონ, მაგრამ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ისინი პატივს სცემენ ამ ან ნებისმიერ სხვა ევროპულ ინსტიტუტს?!

განცხადებები, რომელიც გუშინ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მათი ქვეყნის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გააკეთა, არის ნათელი დემონსტრირება იმ უპატივცემულო დამოკიდებულებისა, რომელსაც ისინი კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ იჩენენ“, - მიმართა ასამბლეის წევრებს კახაბერ კუჭავამ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური