თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 15 მარტი 2019 13:00

დღეს ისტორიული და მნიშვნელოვანი დღეა. ამიერიდან თბილისს აქვს ახალი გენგეგმა - ქალაქის განვითარების კონსტიტუცია. დღეს, საკრებულო ამ დოკუმენტის მიღებით უზრუნველყოფს დედაქალაქის სწორ და გრძელვადიან განვითარებას.

თბილისის მიწათმოწყობის გენერალურ გეგმაზე ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობდით - უშუალოდ ავტორები, დარგის სპეციალისტები, მუნიციპალური სამსახურები, საკრებულოს წევრები, რისთვისაც თითოეულ მათგანს მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

20-25 წლის განმავლობაში, ქალაქში უამრავი პრობლემა დაგროვდა: ქაოტური განაშენიანება, რთული ეკოლოგიური ვითარება, საცობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ა.შ. თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც ამ პრობლემების სათავეა, ქალაქის განვითარების სისტემური ხედვისა და ერთიანი გეგმის არარსებობა იყო. ჩვენმა გუნდმა მართვის პოლიტიკის ცვლილებებით და სწორი ორგანიზაციული რეფორმებით დაიწყო მუშაობა. გენგეგმის დამტკიცება კი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალაქის სწორად სამართავად.

რა თქმა უნდა, წლობით დაგროვილ ყველა შეცდომას ერთი ხელის მოსმით ვერ გამოვასწორებთ, თუმცა ეს არის ის ათვლის წერტილი, საიდანაც იწყება თბილისის განვითარების ახალი გზა. ჩვენ ამ გზას გავივლით ყველა საარჩევნო პირობის კომპლექსურად შესრულებით და მყარ საძირკველს ჩავუყრით დედაქალაქის ახალი ურბანული სახის შექმნას.

გავა დრო და თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი, რომელშიც მოგვარებული იქნება განაშენიანების, ეკოლოგიის, ტრანსპორტის საკითხები, იქნება მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას.

ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ, ყველას გვსურს, რომ თბილისი იყოს უკეთესი. ამისთვის ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ და არ დავიშურებთ მომავალშიც. ჩვენ   თბილისელებთან ერთად დავძლევთ ქალაქის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ჩვენი შვილები, მომავალი თაობები სიცოცხლით და სილამაზით სავსე ქალაქში იცხოვრებენ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას თბილისისთვის, თბილისელებისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერს შევცვლით და ჩვენი ქალაქისთვის უკეთეს მომავალს შევქმნით.

კახა კალაძე ნინო ქათამაძის საახალწლო კონცერტს დაესწრო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 იანვარი 2019 13:37

თბილისის მერიის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე საახალწლო ღონისძიებები ნინო ქათამაძის კონცერტით დასრულდა. ცნობილი ქართველი მომღერალი მსმენელის წინაშე საახალწლო პროგრამით წარდგა.

ჯადოსნურ სოფელში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გამართულ საახალწლო კონცერტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი წლის დადგომა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავრობა თბილისის განვითარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.

„ჩვენს მოსახლეობას ძველით ახალ წელს ვულოცავ. ნინო ქათამაძის კონცერტით დავასრულეთ საახალწლო ღონისძიებები. ხვალიდან კი რესპუბლიკის მოედანზე ჯადოსნური სოფლის და საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყება. ჩვენ, დედაქალაქის მთავრობა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის ემოციები და დადებითი მუხტი, რაც აქ, ამ დღეებში მიიღეს ადამიანებმა, მთელი წლის განმავლობაში გაჰყვეთ. ჩვენ გავაგრძელებთ იმ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას, რომელიც აქტუალურია ქალაქისთვის და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, უფრო მოწესრიგებული, მწვანე, კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და გამართული ინფრასტრუქტურის მქონე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე - არასწორი ინფორმაციაა, რომ დედაქალაქში ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 11:24

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა. 

„მინდა შევეხო „რუსთავი 2“-ზე გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფების გაძვირებას, რაც არის სრული სიცრუე. მინდა მივმართო მოსახლეობას, არ დაუჯეროს ამ ტელეკომპანიას, რომელიც ძირითადად სიცრუეზე დაფუძნებულ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას. გასაგებია, რომ ეს არხი არის პარტიული ტელევიზია, რომ მათი ლიდერების ტრიბუნაა, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროთ ერთმანეთი, მაგრამ რას გეგმავს თბილისის მერია, რა რეფორმა იქნება, რა სიახლე იქნება კარგი, ამას მოსახლეობას მიაწვდის მერიის სამსახურები, დედაქალაქის მთავრობა, პრესსამსახური და დედაქალაქის მერი. ასე რომ, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე - ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 მაისი 2018 12:09

ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძემ მერიაში აიყვანა მრჩევლები, რომელთა ანაზღაურება 4 000-5 600 ლარია, 60 ათასი დოლარი კი რეკლამაზე იხარჯება. 

კალაძის თქმით, ვინ იქნება მისი მრჩეველი, ამას თავად წყვეტს და არა საკონკურსო კომისია. 

„ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ. რაც შეეხება არჩევას, მრჩეველს მე ვწყვეტ ვინ იქნება და არა კონკურსი. ეს არის ჩემი პასუხი. როგორც იცით, ჩემი ანაზღაურება სხვა მიმართულებით მიდის. ამასთან, როდესაც მსჯელობა მიმდინარეობდა რომ მომხდარიყო ხელფასის და დანამატის გაერთიანება, რაც მოადგილეების შემთხვევაში მოხდა, ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ მერის ხელფასი დარჩენილიყო ის, რაც იყო, მე ამ თანხას არ ვიღებ “, - განაცხადა კალაძემ. 

რაც შეეხება „ფეისბუქ“ რეკლამაზე დახარჯულ თანხებს ,კალაძე აცხადებს, რომ „ალბათ, ამ თანხის დახარჯვის საჭიროება იყო“.

„მერიის გვერდზე დაიხარჯა და არა ჩემს პირად გვერდზე. ჩემს პირად გვერდზე თანხას მე ვხარჯავ, მერიის „ფეისბუქის“ გვერდზე კი, მერიის თანხები იხარჯება. ეს ნორმალურია, რადგან საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა კეთდება მერიაში, რა იგეგმება. ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული და ვალდებულებიც ვართ ინფორმაცია მივაწოდოთ დედაქალაქის მოსახლეობას",- განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე - ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობები შეჩერდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 მარტი 2018 12:02

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობები შეჩერდება- ამის შესახებ განცხადება, დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 

კახა კალაძის თქმით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ქაოტური მშენებლობები მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის. 

კალაძის განცხადებით, არეალის განსავითარებლად შემუშავდება გეგმა და მანამ სანამ გეგმა არ იქნება მზად, მშენებლობები შეჩერდება. 

თბილისის მერის განცხადებითვე, განაშენიანება შეწყდება და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დიღმის ჭალებშიც. 

კახა კალაძემ თბილისის გენგეგმას ხელი არ მოაწერა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 იანვარი 2018 14:54

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის გენგეგმასთან დაკავშრებით ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც აღნიშნა, რომ მან ხელი არ მოაწერა გენგეგმას.

„მოგეხსენებათ, თბილისის ურბანული განვითარება ჩვენი პროგრამული პრიორიტეტია, ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ შევიმუშავებდით თბილისის მიწათსარგებლობის ისეთ გენერალურ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის მდგრად და სტაბილურ განვითარებას.

თბილისის მიწათსარგებლობის ეფექტიანი გენერალური გეგმის შემუშავება დედაქალაქის სტრატეგიულად სწორი და პერსპექტიული განვითარებისათვის, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ურთულესი კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც შედგება არსებული მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტის შესწავლის, კვლევის გაანალიზებული მონაცემების გათვალისწინების და თანამედროვე გამოცდილებისა და მიდგომების გამოყენებით მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებებისაგან. ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა განაშენიანების გეგმაზომიერი და მდგრადი განვითარება, ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილური ზრდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პრობლემების გადაწყვეტა, ეკოლოგიური მდგომარეობის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, ისტორიული და კულტურულ-მატერიალური მემკვიდრეობის შენარჩუნება და მოვლა.

მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ გენგეგმის შესამუშავებლად არქიტექტურის სამსახურსა და „სითი ინსტიტუტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ორი წლის წინ იქნა გაფორმებული, გაწეულია მნიშვნელოვანი სამუშაოები, მისი ნაწილი რეალურად მისაღები და გამოსადეგია ქალაქის განვიტარებისათვის, თუმცა, დოკუმენტი ჯერკიდევ დაუსრულებელია და მთელი რიგი მიმართულებით საფუძვლიანი სამუშაოებია გასაწევი, რათა ამ სახით გენგეგმის მიღებამ მომავალში დამატებითი პრობლემები არ შეუქმნას ჩვენს ქალაქს.

კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით რამდენჯერმე ეცნობა ჩვენი პოზიცია, თუმცა სამწუხაროდ გენგეგმის მეექვსე დასკვნითი დოკუმენტი ჯერკიდევ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს.

ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ სწორედ დღეს გვეწურება ვადა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა თბილისის მერია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებულ გენერალურ გეგმას, მის დასკვნით დოკუმენტს, ვაცნობიერებთ რა გენგეგმის მაღალ მნიშვნელობას, ჩვენი ქალაქისთვის ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას დავუშვათ შეცდომა, წავიდეთ კომპრომისზე და მივიღოთ არასრულყოფილი დოკუმენტი.

ჩვენ ვითვალისწინებთ ფაქტობრივ მოცემულობას და იმ სამუშაოებს, რომელიც უკვე გასწია „სითი ინსტიტუტმა“ ამ პროცესში, პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის და ზოგადად ჩვენი ქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის მიღება და ამის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას საკუთარი რესურსების გათვალისწინებით დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა თუ როგორ და რა ვადებში შეძლებენ ამ დოკუმენტის სრულყოფას.

მერია და მერიის სამსახურები სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, ველოდებით მათ შემხვედრ წინადადებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლების კანდიდატები წარადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 15 ნოემბერი 2017 14:59

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლების კანდიდატები წარადგინა. საბურთალოს რაიონის გამგებლობის კანდიდატი - გაიოზ ვასაძე იქნება, მთაწმინდის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - დავით კირკიტაძე, კრწანისის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ლევან ჯაფარიძე, ვაკის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ნოდარ ტურძელაძე, დიდუბის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ირმა ზავრადაშვილი, ჩუღურეთის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ზურაბ ჩიკვილაძე, გლდანის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ბექა მიქაუტაძე, ნაძალადევის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - ირაკლი ხელაძე, ისნის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - კახა ლაბუჩიძე, სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - დავით კერესელიძე.

თბილისის მერის მიერ წარდგენილი კანდიდატურები საკრებულოს გადაეგზავნება. 

კახა კალაძე - ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი 2017 15:57

ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის უკვე მეორე გამოწვევას, დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. 

“ჩვენ დებატებში ვმონაწილეობთ, ამის პრობლემა “ქართულ ოცნებას” არ გააჩნია, ამის პრობლემა კახა კალაძეს არ გააჩნია. ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არ არის ჩემი მთავარი კონკურენტი - ჩემი მთავარი კონკურენტია ის პრობლემები, ის ტკივილი და წუხილი, რომელიც დღეს ქალაქს აწუხებს. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ვმართო ქალაქი და როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება - დებატები იქნება თუ სხვა მიმართულება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა”, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს ტელედებატებში კიდევ ერთხელ იწვევს. 

როგორც ელისაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, კალაძე თუ დათანხმდება ტელედებატებს, ის მზად არის ამის შემდეგ ”ქართული ოცნების” კანდიდატს ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთი ეთამაშოს. ვიდეომიმართვა სტადიონზეა ჩაწერილი, სადაც ელისაშვილი ფეხბურთის ბურთით თამაშობს.

გიორგი კვირიკაშვილი - აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახა კალაძეს კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017 12:13

ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახა კალაძეს კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს და ის აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ენერგეტიკის მინისტრის ამპლუაში დღეს კახა კალაძის ბოლო მთავრობის სხდომაა და მას მადლობა გადაუხადა.

„კახას მინისტრობის პერიოდში განხორციელდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი. უხეში დათვლით, ეს არის დაახლოებით, მილიარდ 200 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. 18 ჰიდრო, 2 თბო და ერთი ქარის ელექტროსადგური აშენდა. ჩაყრილია საფუძველი მზის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობაზე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე არჩევნებში გაიმარჯვებს.
„ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახა კალაძეს კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს და ის აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის. მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო ახალი სიმაღლეების ასაღებად“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ვიცე- პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატია.

რას სთხოვა კახა კალაძემ ზურაბ ადეიშვილს?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 03 ივლისი 2017 12:17

,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის შესახებ წერს ,,ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე.

,,პრეზიდენტობა მინდაო,-უთქვამს კახი კალაძეს 2006 წელს ზურა ადეიშვილისთვის.

ადეიშვილს თურმე დიდხანს ეგონა რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა უნდოდა

ანეკდოტი არ გეგონოთ,ნამდვილი ამბავია.

p.s.რეჟიმს რომ "ებრძოდა " იმ წლებში კარლოს პირადად მიქონდა კალაძის გაგზავნილი მაისურები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში,ნიკალაევიჩი (მიშა)მომიკითხეთო !

ბურატინოს ტყუილებისგან ცხვირი გაეზრდება” - წერს ელისო კილაძე.

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური