"მოხდება კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის გაწვევა"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 02 ნოემბერი 2018 14:17

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდმა შეასრულა პირობა, რომ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსის საფუძველზე იქნებოდა მიღებული. 

„მინდა მადლობა გადავუხადო უწმინდესს, წმინდა სინოდის წევრებს, მეუფეებს შეხვედრისთვის, თბილი მიღებისთვის, დალოცვისთვის. ჩვენ გვქონდა საუბარი მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც არის, რა თქმა უნდა, საინტერესო ეკლესიისთვის. მთავარი საკითხი იყო, რა თქმა უნდა, კანონპრპოექტი, რომელიც ეხება კანაფის კულტივაციას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდში. გვქონდა მსჯელობა, ასევე, უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ჩვენ აქ მივიღეთ გადაწყვეტილება, გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოხდება კანონპროექტის გაწვევა. როგორც მოგეხსენებათ, იყო განსხვავებული პოზიციები გუნდის შიგნით. ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, მიღებული იქნებოდა ფართო კონსენსუსის საფუძველზე. იქნებოდა ეს გადაწყვეტილება მიღებული ეკლესიასთან შეთანხმებით საზოგადოების ფართო კონსენსუსით. ეს პირობა ჩვენ შევასრულეთ. საუბარი იყო აქ ვადებზე, თუმცა გუშინ, განსაკუთრებით ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა პრინციპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, არ იყო მიზანშეწონილი ამ გადაწყვეტილების მიღების გადავადება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ახლავე ეს გადაწყვეტილება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ასევე, გათვალისწინებულ იქნა სხვა კონფესიების წარმომადგენელთა და ზოგადად, საზოგადოების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის უახლოეს სხდომაზე გაფორმდება.

„ჩვენ გავითვალისწინეთ ეკლესიის პოზიცია. ასევე, გავითვალისწინეთ, აღვნიშნავ, სხვა კონფესიების წარმომადგენლების პოზიცია და რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ, ზოგადად, საზოგადოების განწყობა ამ საკითხთან, კანონპროექტთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც გაფორმდება მთავრობის შესაბამის, უახლოეს სხდომაზე. დღეს ეს ტექნიკურად ვერ მოესწრება, თუმცა მომდევნო კვირაში ეს გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე - უკავშირდება თუ არა კანონპროექტის გაწვევა საპრეზიდენტო არჩევნებს, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ფართო კონსენსუსის საფუძველზე მიღების პირობა მმართველმა გუნდმა თავიდანვე დადო.

მისივე თქმით, „არჩევნებმაც გვაჩვენა დამატებით ის განწყობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ესეც გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.”

„ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული ფართო კონსენსუსის საფუძველზე. არჩევნებსაც უკავშირდება, შემიძლია გითხრათ. კერძოდ, გუშინ, როდესაც საუბრობდა ქალბატონი სალომე მის პოზიციასთან დაკავშირებით, მან, მათ შორის, თავისი პოზიცია დაასაბუთა იმ შეხვედრებით, რომელსაც ის ატარებდა რეგიონებში თუ ქალაქებში საარჩევნო პროცესში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ არჩევნებმაც გვაჩვენა დამატებით ის განწყობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ესეც გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ის, რაც არაერთხელ დაგვიმტკიცებია, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. ამას დავაკონკრეტებ. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება, რა თქმა უნდა, საზოგადოების განწყობას, საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება არის ჩვენი პასუხისმგებლობით აღსავსე და ამან განაპირობა საბოლოოდ ამ გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

გენდერული თანასწორობის საბჭომ სამუშაო შეხვედრაზე გენდერული კვოტირების საკითხზე იმსჯელა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017 10:52

გენდერული თანასწორობის საბჭომ სამუშაო შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტზე იმსჯელა, რომელიც გენდერული კვოტირების საკითხს შეეხება.

კანონპროექტის თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს დაევალებათ დაიცვან სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე წარადგინონ განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას დაუბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას. გარდა ამისა, პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი.

კანონპროექტის მიღების მიზანია, პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირების დროებითი ნორმის შემოტანის გზით, წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული ბალანსის გაუმჯობესება. კანონპროექტის ავტორია ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი (Task force).

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და გენდერული თანასწორობის საბჭოსწევრმა, ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, კანონპროექტი შემოსულია 37 ათასი ადამიანის ხელმოწერით, პროცედურები გავლილია და კანონპროექტი კომიტეტებს განსახილველად გადაეცა.

მისი განმარტებით, შემოთავაზებული ცვლილება მიმართულია შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის. 
„დიდი ხანია გენდერულ თანასწორობაზე და ქალთა მონაწილეობის გააქტიურებაზე სამუშაოები ტარდება და ასეთი კანონპროექტები სხვადასხვა ფორმით პარლამენტში იხილებოდა.

ეს შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში დაიგეგმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამ კანონპროექტის განხილვისას წამყვან კომიტეტად განისაზღვრა და ჩვენ ვგეგმავთ, რომ სამუშაო პროცესი, პირველ რიგში, ჩვენს კოლეგებთან დავიწყოთ. თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ამ იდეას მხარს უჭერს. შემოთავაზებული ცვლილება არ ეხება ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზეც პარტიებმა პოლიტიკური ნება გამოიჩინონ და მეტი ქალი კანდიდატი წარმოადგინონ საარჩევნო სიებში“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო წილოსანი და ენძელა მაჭავარიანი. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES Georgia), ქალთა პოლიტიკური გაძლიერების რესურსების ცენტრი, გენდერული თანასწორობის ქსელი, ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის, „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი და „ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება“.

პრეზიდენტმა ვეტო ერთდროულად ორ კანონპროექტს დაადო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 20 ივლისი 2017 18:34

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობის კანონში და ასევე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ პროექტებს ვედო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს გადაუგზავნა.

 ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა:

"თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება უაღრესად დასანანია, იმიტომ რომ ამ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქების სტატუსი მიენიჭა 2014 წელს, ქართული ოცნების რეფორმის ფარგლებში. ამ პროცესის უკან შეტრიალება არის აბსოლუტურად არამოტივირებული და მიუღებელია. როდესაც შვიდ ქალაქს ერთმევა თვითმმართველობის სტატუსი ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებას და გაძლიერებას ქვეყანაში. თვითმმართველობა უზრუნველყოფს მთავრობის ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს მთავრი შემკვეთის, ამომრჩევლის მიმართ," - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებსაც. მარგველაშვილის თქმით, აღნიშნული სახით კანონის მიღება ასუსტებს ცესკოს მიმართ ნდობის ხარისხს

"ცვლილებები ერთის მხრიც თვითმმართველობის მნიშვნელობას აკნინებს და მეორეს მხრივ ასუსტებს ცესკოს - საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ხარისხს. პოლტიკური პლურალიზმი კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს საარჩევნო სტრუქტურებში"- განაცხადა მარგველაშვილმა.

ორივე კანონზე ვეტოს დადების თხოვნით, საქართველოს პრეზიდენტს ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, შემდგომ კი ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართეს.

შესაძლოა "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 13:08
საქართველოს სახალხო დამცველმა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ცვლილებების შეტანის წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს. სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა წარმოდგენილი კანონის პროექტის მნიშვნელობა; ამასთან, მიმოიხილა ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გაშვილებისა და მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების გაუმჯობესების მიზნით კანონპროექტში შესატანი ცვლილებები. წინადადების თანახმად, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს ადგილობრივი გაშვილების მარეგულირებელ შემდეგ საკანონმდებლო ნორმებში: შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვის მონაწილეობა, შვილად აყვანის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და აზრის გათვალისწინების ვალდებულება პასუხისმგებელი სუბიექტებისათვის; შვილად ამყვანსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის თავსებადობის დადგენის გაუმჯობესებული მექანიზმის შემოღება; უპირატესი შვილად აყვანის უფლების მქონე პირთა შორის რიგითობის წესის დადგენა; ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის მიმართება შვილად აყვანის რიგითობასთან; ბავშვის მშვილებლისაგან განცალკევების წესის დადგენა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239–ე მუხლთან კანონპროექტის შესაბამისობაში მოყვანა. მომეტებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საერთაშორისო გაშვილების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ხარვეზებზე. ამ კუთხით აღსანიშნავია შემდეგი მიმართულებები: ჰააგის კონვენციის პრინციპის შესაბამისად, ეროვნული გაშვილების სისტემაში საერთაშორისო გაშვილების წესის მოქცევა; საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვისა და უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების/მშვილებლის თავსებადობის კრიტერიუმების დადგენა; საქართველოს სახელმწიფოს მიერ საზღვარგარეთ გაშვილების საქმეებზე მონიტორინგის სამართლებრივი მექანიზმების დაზუსტება. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, უნდა გადაიხედოს, ასევე, მინდობით აღზრდის ქვეპროგრამას დაქვემდებარებულ პირთა განსაზღვრის წესი. კერძოდ, უნდა შეიცვალოს კანონპროექტის 70–ე მუხლი პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ბავშვი, რომლის მშობელიც მხარდაჭერის მიმღები პირია და სასამართლოს მიერ მშობლის უფლებამოსილების ნაწილში მხარდამჭერად დანიშნული ჰყავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, ექვემდებარება მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართვას. აღნიშნული საფუძვლით ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანა და მისი სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსება არ შეესაბამება გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის მოთხოვნებს და უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერვენცია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში ზრუნვისა და აღზრდის მიზნით. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ზემოაღნიშნული წინადადების გათვალისწინებით, გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის სტანდარტების შესაბამისად განახორციელოს საჭირო ცვლილებები „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტში და ბავშვის საუკეთესო ინტერესების საფუძველზე განსაზღვროს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცესის მომწესრიგებელი ნორმების ნორმატიული შინაარსი.

მოსმენების კანონპროექტში ცვლილებები შევიდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 16:22

პრემიერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ახალი სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას აღარ წარუდგენს. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები შევიდა. მმართველმა გუნდმა გარკვეული შენიშვნები გაითვალისწინა, რაც იმას გულისხმობს, რომ ახალი სააგენტოს ხელმძღვანელს პრემიერი კომისიის წარდგინებით დანიშნავს. ამასთან, კომისიას ვინ წარუდგენს კანდიდატებს, ეს საკითხი ღიად რჩება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ საკითხზე კონსულტაცია გაიმართება და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღეს. გარდა ამისა, სუსი-ს უფროსი აღარ დანიშნავს სააგენტოს უფროსის მოადგილეებს და არც დებულებას დაამტკიცებს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავდენენ .  

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად სუს-ის დაქვემდებარებაში "ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" იქმნება. უწყების ტექნიკურ აღჭურვაზე და შენობა-პერსონალის შენახვაზე 2018 წელს 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა განხილვა გრძელდება

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 12:50

ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელეს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს პარლამენტმა მუშაობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენით განხილვით უნდა დაიწყოს. მისი თქმით, ასევე წარმოდგენილია ალტერნატიული წინადადებები საპარლამენტო უმცირესობის მიერ და აღნიშნული პაკეტი ალტერნატიულ წინადადებებთან ერთად განიხილება.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საპარლამენტო უმცირესობიდან სერგი კაპანაძემ კანონპროექტთა ამ პაკეტის განხილვის გადადება ითხოვა. მისი თქმით, კანონპროექტების მიმართ ბევრი შენიშვნაა და კარგი იქნება თუ კონსულტაციები გაგრძელდება და კანონპროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე შემდეგ სასესიო კვირას მოხდება. მისი თქმით, ეს კანონპროექტთა პაკეტის კონსტრუქციულ რეჟიმში, საკონსტიტუციო ვადებში მიღებასაც შეუწყობს ხელს. 
„მე მქონდა კონსულტაციები იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელობასთან და მათი პოზიცია იყო, რაც გავიზიარეთ ჩვენც, რომ გავაგრძელოთ ამ კანონპროექტების პაკეტის განხილვა პირველ რიგში იმ ვადებიდან გამომდინარე, რომელიც თქვენც ახსენეთ. ჩვენ ვართ შეზღუდული ვადებით, მარტის ბოლომდე უნდა მივიღოთ სამი მოსმენით კანონპროექტთა პაკეტი. ასევე გასათვალისწინებელია კანონის მიღების შემდეგ გასავლელი შესაძლო პროცედურები. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა დღეს კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვის გაგრძელება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სხდომის დღის წესრიგში ასევე დარჩა ყველა ის საკითხი, რომლის განხილვაც მიმდინარე სასესიო კვირას იგეგმებოდა.
ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განსახილველად წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა, ასევე განიხილა საორგანიზაციო საკითხები, რომელთაგან ზოგიერთი ცნობად მიიღო, ზოგიერთი კი შემდგომი განხილვისთვის შესაბამის კომიტეტებს გადაეცა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ზაზა ხუციშვილის ინფორმაციით, კომიტეტში შემოსული იყო სამი საკანონმდებლო წინადადება დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების ჭრასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რის გამოც კომიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც კანონში შესატან ცვლილებათა შეჯერებულ ვარიანტზე ავტორებთან ერთად მუშაობს. 
ბიუროს სხდომის დამთავრებისთანავე, კანონმდებლებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ახალი კანონპროექტი

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 17:13

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილიადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ ახალი კანონპროექტისპრეზენტაციას დაესწრო
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქოინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გახსნა და მოწვეულ სტუმრებსკანონპროექტის პრეზენტაცია წარუდგინა 
პრეზენტაციის თანახმადკანონი ყველა ხუთი წლის ბავშვის სკოლისთვის მზაობისგასაუმჯობესებლად მოსამზადებელ წელიწადსბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისმექანიზმების შექმნას და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში განათლების,ჰიგიენისა და სანიტარიისასევე კვებისა და ფიზიკური გარემოს ეროვნული სტანდარტებისშემუშავებას ითვალისწინებს
გიორგი ალიბეგაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით იმართა და კანონპროექტისგანხორციელების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობისმნიშვნელობაზე ისაუბრა.
აღნიშნული კანონპროექტის ძირითადი პრინციპების განხორციელება ცენტრალური დამუნიციპალური ხელისუფლებების ერთობლივ ძალისხმევას და მათ შორის მჭიდროკოორდინაციას გულისხმობს. აქედან გამომდინარეთბილისის საკრებულო მზადაა თავისიწვლილი შეიტანოს ქვეყნისთვის ამ მართლაც  მნიშვნელოვან საქმეში,-აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ. 
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით  ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავათბილისის მერმა დავით ნარმანია და გაეროს ბავშვთა ფონდისწარმომადგენელმა საქარველოში საშა გრაუმანმა მიმართეს.
კონფერენციას, რომელიც სასტუმროში „თბილისი მარიოტიგაიმართასაქართველოსპარლამენტისსამინისტროებისდიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობოორგანიზაციების წარმომადგენლები,  ასევე დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

"ოჯახი და ქორწინება არის ერთობა ქალსა და მამაკაცს შორის"-თეა წულუკიანი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 მარტი 2016 16:59

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ქორწინებასთან დაკავშირებით მმართველი კოალიციის პოლიტსაბჭოს ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.  

წულუკიანის განცხადებით  ,ის ემხრობა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას და დასძინა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,რათა ეს ინიციატივა კანონად იქცეს.

"ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ვერც ევროპა, ვერც დასავლეთი, ვერც ასოცირების ხელშეკრულება, ვერც რომელიმე საერთაშორისო სასამართლო, ვერ დაგვავალდებულებს, რომ დავაქორწინოთ ერთსქესიანი პირები. საერთაშორისო ვალდებულება არ გვაქვს და ვერ გვექნება. სტრასბურგის სასამართლოც კი ამბობს, რომ ეს ისეთი თემებია, რომელიც საზოგადოების შიგნით უნდა გადაწყდეს ყველა ქვეყანაში. დღეს ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ერთსქესიანი პირები უნდა ქორწინდებოდნენ. მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ და ამ აზრს ვიზიარებ, რომ ოჯახი და ქორწინება არის ერთობა ქალსა და მამაკაცს შორის და ვფიქრობ, რომ ეს უნდა ჩაიწეროს საქართველოს კონსტიტუციაში, რადგან სამოქალაქო კოდექსის ის ფორმა, რომლითაც იუსტიციის სახლებში წყვილებს ვაქორწინებთ, კიდევ უფრო გამყარდეს. გამყარდეს იმ ქვეყანაში, რომელიც დგას ამ ტრადიციულ ღირებულებებზე. შესაბამისად, ამ ინიციატივას და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ და ჩემს როლს შევასრულებ იმისთვის, რომ ეს იქცეს კანონად," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია 2017 წლის იანვრიდან აიკრძალება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 მარტი 2016 11:21

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა  2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. 

აღნიშნული ცვლილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტში შევიდა. 

ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის და ის მიზნად ავტოპარკის განახლებას ისახავს. კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილეს. 

სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მესამე სექტორში შემოთავაზებულ კონკრეტულ ნორმებზე კრიტიკული მოსაზრებები აქვთ. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებს გააგრძელებს, რის საფუძველზეც კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი შემუშავდება.  

საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს პარლამენტში იუსტიციის მინისტრის მოადგილე წარადგენს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 13:44

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე წარადგენს. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საქმეების ელექტრონულად განაწილების წესი სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი იქნება.

ცვლილებები უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეთა მოადგილეების თანამდებობების გაუქმებას ითვალისწინებს. ახლებურად ყალიბდება სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეთა გამწესების პრინციპიც

საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ ახალი რეფორმა, რომელიც საერთო სასამართლოებში უნდა დაიწყოს, კორუფციის წყარო იქნება.

 

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური